საჯარო დიალოგი მრგვალი მაგიდის ფორმატში

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 27 სექტემბერი 2016 22:28

მნიშვნელოვანია რომ ქართველი ინვესტორები ევროპულ სტანდარტებს გაეცნონ, შექმნან ქართული პროდუქტის ევროპულ ბაზარზე ექსპორტირების ახალი მარშრუტები; ქართველი ბიზნესმენების ჩართულობა აუცილებელია ადგილობრივი კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების პროცესში, ახალი კანონმდებლობისა და რეგულაციების მიღებისას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შედგა საჯარო დიალოგი ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შეთანხმების (DCFTA) შესახებ, რომელსაც ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები, ევროკავშირის დელეგაცია და საქართველოს მთავრობის წევრები დაესწრნენ. შეხვედრაზე ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის კონტექსტში, მცირე და საშუალო ბიზნესების საჭიროებებსა და მხარდაჭერის საკითხებზე იმსჯელეს.
მრგვალი მაგიდის ფორმატის დიალოგი მისასალმებელი სიტყვით გახსნეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა იანოშ ჰერმანმა.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ საჯარო დიალოგი ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შეთანხმების (DCFTA) შესახებ ხელს შეუწყობს კერძო სექტორის აქტიურ ჩართულობას ახალი მარეგულირებელი გარემოს შექმნის პროცესში, რათა მათი ინტერესები და საჭიროებები მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული.

„წარმატებით დასრულდა ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებული რეფორმების პირველი ეტაპი და დღეს მიმდინარეობს სახელისუფლებლო ინსტიტუტებს შორის 2017-2020 წლებისთვის ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებული რეფორმების ახალი დღის წესრიგის შეთანხმების პროცესი. ახალი დღის წესრიგი საკმაოდ ამომწურავი და ძალიან ამბიციურია. მოხარული ვარ, რომ საქართველოს ინსტიტუტები, რეგულაციები და სტანდარტები ევროპულ ნორმებთან დაახლოების პროცესშია. ეს, პირველ რიგში, სასარგებლოა საქართველოს მოქალაქეებისათვის და, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია ევროპული წესრიგის საქართველოში დამყარების მიზნით - რათა საქართველოს კანონმდებლობა და არსებული რეგულაციები დასავლელი ინვესტორებისათვის უფრო გასაგები გახდეს და გაუმჯობესდეს არსებული სტანდარტები, დამყარდეს კანონის უზენაესობის სტანდარტი ქვეყანაში, რაც საქართველოს ჭეშმარიტად ევროპულ ქვეყნად აქცევს. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება უმნიშვნელოვანეს მიღწევას წარმოადგენს საქართველოს ევროპეიზაციის თვალსაზრისით," - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, მნიშვნელოვანია კერძო სექტორთან საჯარო დიალოგის კიდევ უფრო გააქტიურება, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისა და ევროკავშირის ბაზარზე მათი კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესების მიზნით. მისივე თქმით, შექმნილია ინვესტორთა საბჭო, რომლის ფარგლებშიც აქტიურად განიხილება კანონმდებლობასა და რეგულაციებში დაგეგმილი ყველა ცვლილება. 
„ადგილობრივი ბიზნესასოციაციების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია და ამიტომ მინდა, მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს ამ პროცესში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის. ჩვენ უკვე შევქმენით ინვესტორთა საბჭო, რომელსაც პრემიერ-მინისტრი თავმჯდომარეობს და რომლის შემადგენლობაშიც ეკონომიკური პროფილის მინისტრები და დიდი ბიზნესასოციაციების ხელმძღვანელები და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების წევრები არიან წარმოდგენილნი. საბჭოში განხილული იქნება კანონმდებლობასა და რეგულაციებში მოსალოდნელი ყველა ცვლილება. ასე რომ, მიმაჩნია, მრავალპლატფორმიანი დიალოგის ფორმატი ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებს გაუმარტივებს გარდამავალ პროცესს," - განაცხადა პრემიერმა.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების ხელშემწყობი პროექტის მიხედვით, ხორციელდება მრგვალი მაგიდის შეხვედრების ციკლი, რომლის მიზანია - კერძო სექტორთან საჯარო დიალოგის ხელშეწყობა, რათა უზრუნველყოფილ იქნას მისი მაქსიმალური ჩართულობა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების პროცესში.
საქართველოს მთავრობის ურყევი გადაწყვეტილებაა ხელსაყრელი ბიზნესგარემოს უზრუნველყოფა და კერძო სექტორის მხარდაჭერა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის მოთხოვნებთან ადაპტაციის პროცესში.
პროექტის ფარგლებში, მსგავსი ფორმატის შეხვედრები ასევე გაიმართება რეგიონებში.

წაკითხულია 515 ჯერ

Related items

  • „უკრაინა და საქართველო - ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციის გზები“

    ბუდაპეშტში მოქმედ უკრაინის კულტურისა და დოკუმენტაციის ცენტრში, უნგრეთში საქართველოსა და უკრაინის საელჩოების ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე: "უკრაინა და საქართველო - ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციის გზები".

    მრგვალი მაგიდის მუშაობაში მონაწილება მიიღეს უნგრეთში საქართველოსა და უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩებმა  ზაალ გოგსაძემ და ლიუბოვ ნეპოპმა და უნგრეთისა და უკრაინის სამეცნიერო-ანალიტიკური ცენტრებიდან მოწვეულმა ექსპერტებმა კრისტიან იოიარტმა (სტრატეგიისა და თავდაცვის სწავლების ცენტრი-უნგრეთი),  სერგი გერასიმჩუკმა (საგარეო პოლიტიკის საბჭო „Ukrainian Prism”-უკრაინა) და მარინა ვოროტნიუკმა (ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის ევროპული სამეზობლო პოლიტიკის სწავლების ცენტრი - უკრაინა).

    საქართველოს მხრიდან შესაბამისი მოხსენება საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზაალ გოგსაძემ გააკეთა.
     ელჩმა ყურადღება გაამახვილა რუსეთის მხრიდან 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გამუდმებულ დარღვევებზე, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე მილიტარიზაციის პროცესზე, საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვასა და აფხზეთისა და ცხინვალის რეგიონების იზოლაციაზე.  ისაუბრა ქართული მოსახლეობის ეთნიკურ დისკრიმინაციასა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებულ ურთულეს მდგომარეობაზე. ხაზი გაუსვა ხალხთაშორისი კონტაქტების აღდგენისა და კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობის შემდგომი გააქტიურების მნიშვნელობას.
     
    უკრაინის ელჩის ლიუბოვ ნეპოპის განცხადებით, თავის დროზე საერთაშორისო თანამეგობრობამ ვერ მოახდინა სათანადო რეაგირება რუსეთის მხრიდან საქართველოს ოკუპაციაზე, რამაც საბოლოო ჯამში, უკრაინაზე თავდასხმა განაპირობა.
    ღონისძიებას ესწრებოდნენ უნგრეთის პოლიტიკური წრეების, სამეცნიერო-ანალიტიკური კვლევითი ცენტრების,   დიპლომატიური კორპუსისა და მას მედიის წარმომადგენლები.

  • ლევან იზორიამ შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერებაზე საფრანგეთის პარლამენტში ისაუბრა
    შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერება და უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე რეგიონში ნატოს ჩართულობის უფრო მაღალი ხარისხი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საფრანგეთის საკანონმდებლო ორგანოში გამართულ შეხვედრებზე განიხილა. ეროვნულ ასამბლეაში, ეროვნული თავდაცვისა და შეიარაღებული ძალების კომისიის პრეზიდენტთან ჟაკ ბრიდესთან და სენატში, საგარეო საქმეთა, თავდაცვის და შეიარაღებული ძალების კომიტეტის პრეზიდენტთან კრისტიან კამბონთან პოლიტიკური დიალოგი ლევან იზორიამ ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ფორმატების გაძლიერების თვალსაზრისით გამართა.
     
    „ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად გვექნება მნიშვნელოვანი დიალოგი, თუ როგორ უნდა გავაძლიეროთ შავი ზღვის რეგიონში ერთობლივად უსაფრთხოება და რა გავაკეთოთ მეტი იმისთვის, რომ ნატოს ჩართულობა იყოს უფრო მაღალი ჩვენი ქვეყნის და რეგიონის უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საფრანგეთის პარლამენტში გამართული შეხვედრების შემდეგ.
  • ქართულ-სომხური მედია-დიალოგი: „სამშვიდობო ჟურნალისტიკა და კონფლიქტების თავიდან აცილება“

    გასულ კვირას ერევანში გაიმართა ქართველი და სომეხი ჟურნალისტების მორიგი შეხვედრა, რომლის მთავარ თემას წარმოადგენდა „სამშვიდობო ჟურნალისტიკა და კონფლიქტების თავიდან აცილება სამხრეთ კავკასიაში“. შეხვედრის ორგანიზატორები არიან: კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრი (ICCN), გლობალური პარტნიორობა საბრძოლო კონფლიქტების თავიდან ასაცილებლად (GPPAC - სამხრეთ კავკასიაში) და ჰელსინკის სამოქალაქო ასამბლეის სომხეთის კომიტეტი (HCA-სომხეთი). აღნიშნული შეხვედრა ჩატარდა პროექტის - „ეკონომიკური კავშირების დივერსიფიკაცია სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში.

    ორმხრივ შეხვედრაში მონაწილე ჟურნალისტებმა წარმოდგენილი პროექტის ფარგლებში განიხილეს სომხეთსა და საქართველოში შექმნილი პოლიტიკური და ეკონომიკური სიტუაცია. გაცვალეს ინფორმაციები არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეტანილ წვლილზე კონფლიქტების თავიდან აცილების მექანიზმის თაობაზე. ასევე მოისმინეს ინფორმაცია სამხრეთკავკასიელი ქალ მედიატორთა ქსელის დაარსების შესახებ და გაეცნენ ინფორმაციას მათთვის ახალი ონ-ლაინ კონტენტების www.peaceportal.org და www.peacetraining.eu მუშაობის თაობაზე. რომლებიც მოწოდებულნი არიან ხელი შეუწყონ სამშვიდობო ჟურნალისტიკის განვითარებას და კონფლიქტების მშვიდობიანი გზებით მოგვარებას. 

    ქართულ-სომხური მედია-დიალოგის ორგანიზატორის, საერთაშორისო ორგანიზაცია კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრის (ICCN) კავკასიური პროგრამის კოორდინატორის ზაალ ანჯაფარიძის თქმით, მნიშვნელოვანია რეგიონის ჟურნალისტების გამოცდილება კონფლიქტების თავიდან აცილების მექანიზმის ამოქმედების თვალსაზრისით. „ამისათვის ჟურნალისტებმა უნდა იცოდნენ რას წარმოადგენს კონფლიქტი და რა უნდა გააკეთოს თითოეულმა მათგანმა კონფლიქტების პრევენციის თვალსაზრისით“, - ხაზი გაუსვა ზაალ ანჯაფარიძემ.

    ერევნის შეხვედრის მონაწილეებმა ასევე მოისმინეს მომხსენებლების მანე პაპიანის (სომხეთი), მამუკა ყუფარაძის (საქართველო), აკობ კარაპეტიანის (სომხეთი), ზვიად ავალიანის (საქართველო), გევორგ ტოსუნიანისა (სომხეთი) და მზევინარ ხუციშვილის (საქართველო) ძალიან საინტერესო გამოსვლები, რომლებიც შეეხებოდა სამხრეთ კავკასიაში არსებულ კონფლიქტებს და მათი დაძლევის მექანიზმებს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სამშვიდობო ჟურნალისტიკის განვითარებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს საინფორმაციო საშუალებებში დეზინფორმაციისა და პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლას. „ძალიან კარგია, რომ რეგიონის ჟურნალისტებს შორის ხდება გამოცდილების გაზიარება. მნიშვნელოვანია ჟურნალისტებს შორის საერთო აზრის ფორმირება, თუ როგორ შეგვიძლია არაკონფრონტაციული და სამშვიდობო რეპორტჟებით ხელი შევუწყოთ კონფლიქტების მოგვარებასა და პრევენციას“, - აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე. 

    შეხვედრის დასასრულს მონაწილეები გაეცნენ ქართული და სომხური მხარის მიერ მომზადებულ ანალიტიკურ ჩანაწერებს  და საკუთარი ხედვები წარმოადგინეს მათ გარშემო. აღნიშნული ჩანაწერები შეასრულეს ქართველმა და სომეხმა კომპეტენტურმა ექსპერტებმა. ნაშრომებში წარმოდგენილია ის ხედვები, რომლებიც ეხება ეკონომიკურ ნიადაგაზე ამოცენებულ კონფლიქტების შესაძლო პრევენციას, იქიდან გამომდინარე რომ საქართველო ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის სივრცის (DCFTA)ნაწილია, ხოლო სომხეთი კი ევრაზიული ეკონომიკური კავშირის. მედიის წარმომადგენლებმა იმსჯელეს და კონკრეტული გზები დასახეს, თუ როგორ უნდა მიიტანონ საინფორმაციო საშუალებებმა მკითხველის, მაყურებლის და მსმენელის ყურამდე, ის პოლიტიკური და ეკონომიკური პრობლემები, რომელთა მოგვარებაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნისთვის და რომლებიც ხელს შეუწყობენ კონფლიქტების მშვიდობიანი გზებით მოგვარებას სამხრეთ კავკასიის რეგიონში.

    ავთანდილ ოთინაშვილი

  • დავით ზალკალიანმა და ალან დანკანმა საქართველო-ბრიტანეთის "უორდროპის სტრატეგიული დიალოგის" მე-5 პლენარული სხდომა გახსნეს

    საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრს ევროპის და ამერიკის საკითხებში, სერ ალან დანკანს შეხვდა, რომელიც საქართველოს „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ მე-5 პლენარული სხდომის ფარგლებში ეწვია.

    დავით ზალკალიანმა ბრიტანეთის ხელისუფლებას და პირადად, სერ ალან დანკანს, მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ურყევი მხარდაჭერისთვის. 

    შეხვედრაზე განსაკუთრებულად აღინიშნა „კარგი მმართველობის ფონდის“ (GGF) ჩართულობის მნიშვნელობა საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებისა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში. 

    ალან დანკანმა კმაყოფილებით აღნიშნა დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის მზარდი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების დინამიკა და ხაზი გაუსვა დიდი ბრიტანეთის მხრიდან ამ მიმართულებით აქტიური მუშაობის გაგრძელების მზადყოფნას. 

    მხარეებმა აღნიშნეს, რომ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ Brexit-ის შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივებს და ოპტიმიზმით უყურებენ იმ შესაძლებლობებს, რომლებიც ორი ქვეყნის ურთიერთობებში წარმოიქმნება. 

    მინისტრებმა ისაუბრეს თავდაცვის სფეროში არსებულ თანამშრომლობაზე, რაც ორმხრივი ურთიერთობების ერთ-ერთი ფუნდამენტური მიმართულებაა. 

    სერ ალან დანკანმა აღნიშნა, რომ მისი ვიზიტი საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებს დაემთხვა და რომ დემოკრატიის განმტკიცების თვალსაზრისით ეს მნიშნელოვანი პროცესია. "უნდა აღინიშნოს, რომ არჩევნების პირველმა ტურმა მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში ჩაიარა, რაც თქვენი ქვეყნის დამსახურება და დიდი მიღწევაა" - განაცხადა დანკანმა. 

    შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე უსაფრთხოების და ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე. ხაზი გაუსვეს ადგილზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმების საჭიროებას, ისევე როგორც რუსეთის ფედერაციის მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების, პირველ რიგში, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრულად შესრულების აუცილებლობას. „გაერთიანებული სამეფო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და მის უსაფრთხოებას. შემაშფოთებელი და სრულიად მიუღებელია ბოლო დღეებში განახლებული  ქმედებები იმ გამყოფი ხაზის გასწვრივ, რომელიც აღნიშნავს რუსეთის არალეგალურ ყოფნას. ეს ქმედებები უნდა შეწყდეს. მოვუწოდებ რუსეთს, მოახდინოს მავთულხლართების დემონტაჟი“ - განაცხადა სერ ალან დანკანმა. 

    შეხვედრის დასრულების შემდგომ მინისტრებმა საქართველო-ბრიტანეთის „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ მე-5 პლენარული სხდომა გახსნეს, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს სამუშაო ჯგუფების შეხვედრები დიალოგის შემადგენელ 4 სეგმენტზე: პოლიტიკური, უსაფრთხოებისა და თავდაცვის, სავაჭრო-ეკონომიკური და ხალხთაშორისი ურთიერთობების მიმართულებით. 

    „უორდროპის სტრატეგიული დიალოგი“ ქართულ-ბრიტანული თანამშრომლობის საკითხთა ფართო სპექტრის განხილვას ემსახურება და თითქმის სრულად მოიცავს ორმხრივ სექტორულ თანამშრომლობას. 

    პლენარული სხდომის გახსნის შემდგომ, დავით ზალკალიანმა და ალან დანკანმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს მთავრობებს შორის კიბერ-უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ. „უორდროპის დიალოგის“ ფარგლებში ასევე ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკასა და ბრიტანეთის ბიბლიოთეკას შორის თანამშრომლობის შესახებ. 

    აღსანიშნავია, რომ 2019 წელს, UNESCO-ს მონაწილეობით, მარჯორი სკოტ უორდროპის დაბადებიდან 150 წელი აღინიშნება. საქართველოს ინიციატივა, რომელსაც მხარი გაერთიანებულმა სამეფომ დაუჭირა, ხაზს უსვამს ქალთა როლის მნიშვნელობას მშვიდობის კულტურასა და კულტურათაშორისი დიალოგის წარმართვაში.

  • კონფლიქტების პრევენციის გზების ძიებაში

    28-29 ოქტომბერს თბილისში, სასტუმრო „ვერე პალასში“ ქართული და სომხური სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენელთა შორის მორიგი დიალოგი შედგა, რომელიც სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტების პრევენციის საკითხებს მიეძღვნა. მხარეებმა განიხილეს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის ჩართულობის ასპექტები კონფლიქტების თავიდან აცილების კუთხით იმ პირობებში, როდესაც კავკასიის რეგიონში ორი ურთიერთსაპირისპირო და კონკურენტი ეკონომიკური კავშირები ამოქმედდა – ერთის მხრივ, ევრაზიული ეკონომიკური კავშირი, ხოლო მეორეს მხრივ კი, ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულება, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცით. პირველი კავშირის წევრი სომხეთია, ხოლო მეორე ხელშეკრულების – საქართველო.
    2014 წლიდან, ისედაც არასტაბილურ და გაყინული კონფლიქტებით გაჯერებულ რეგიონში ეკონომიკური კავშირებისა და ეკონომიკური გავლენების ახალმა გადანაწილებამ, ორი კონკურენტი ეკონომიკური სისტემების წევრ სახელმწიფოებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური პრობლემების წყება შეიძლება წარმოქმნას, რომლებიც შემდგომში შესაძლოა კონფლიქტებად ტრანსფორმირდეს. სწორედ ამ სცენარის პრევენციაში სამოქალაქო სექტორის როლზე მსჯელობდნენ პროექტის მონაწილეები. ამ პროცესში ქართული და სომხური სამოქალაქო ორგანიზაციების მიერ უკვე შემუშავდა პოლიტიკის 5 დოკუმენტი, რომელიც ეხება ორი კონკურენტი ეკონომიკური გაერთიანების პირობებში კონფლიქტების თავიდან აცილების ინსტრუმენტებს.
    აღნიშნულ შეხვედრაზე სწორედ ამ პროექტის ფარგლებში ქართული და სომხური მხარეების მიერ მომზადებული პოლიტიკის დოკუმენტები იქნა განხილული და 2 ქვეყნის მთავრობების მიმართ რეკომენდაციები იქნა შემუშავებული.
    რეკომენდაციებს შორის არის საქართველოსა და სომხეთს შორის ენერგეტიკული თანამშრომლობის გაუმჯობესებისა და უთანხმოებების პრევენციის მიზნით ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნა; სამოქალაქო სექტორისა და მედიის ერთობლივი მუშაობა ხელისუფლებისთვის რეკომენდაციების მიწოდებისა და ადვოკატირების ეფექტური არხის შესაქმნელად; სამოქალაქო დიალოგში აზერბაიჯანული მხარის ჩართვა; საერთაშორისო დონორთა მეტი ძალისხმევა სამხრეთ კავკასიაში ეკონომიკური ძალაუფლებების და გავლენების გადანაწილეობის ახალ გარემოში კონფლიქტების პრევენციის მიზნით; სამოქალაქო სექტორის და სამშვიდობო ჟურნალისტიკის მეტი ხელშეწყობა, მათ შორის დიალოგის გაფართოების, მათი უნარ–ჩვევების და ცოდნის გაზრდის კუთხით.

    აღინიშნა, რომ კავკასიაში ევრაზიული ეკონომიკური კავშირის და ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის თანაარსებობა და კონკურენცია შეიცავს როგორც გამოწვევებს, ისე შესაძლებლობებსაც, რომელთა გამოყენებაც შეუძლიათ ორივე მხარის ეკონომიკურ და ბიზნეს სტრუქტურებს.
    პროექტი უკვე ერთი წელია მიმდინარეობს და მის ფარგლებში უკვე მოეწყო სამოქალაქო ორგანიზაციების, ექსპერტებისა და მშვიდობის საკითხებზე მომუშავე ჟურნალისტების შეხვედრა
    პროექტს ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს საერთაშორისო ქსელი - გლობალური პარტნიორობა შეიარაღებული კონფლიქტების პრევენციისათვის (Global Partnership for Prevention of Armed Conflicts www.gppac.net) და GPPAC -ს წევრი საქართველოში კონფლიქტების და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრი. სომხეთში პროექტის პარტნიორია ჰელსინკის სომხეთის კომიტეტი. მომავალ წელს იგეგემება პროექტის გეოგრაფიული არეალის გაფართოება.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური