აკაკი მინაშვილს და ნუგზარ წიკლაურს სუს-ში დაკითხვაზე ელოდებიან
„ნაციონალური მოძრაობის“ ორი წევრი აკაკი მინაშვილი და ნუგზარ წიკლაური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაკითხვაზე დაიბარა. ისინი კონტრდაზვერვის დეპარტამენტში დაკითხვაზე დღეს 18 საათზე არიან დაბარებულები, - ამის შესახებ დღეს სუს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
გტავაზობთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას:
"მედიით გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 315-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც გულისხმობს შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად.
მოხდება მედიით გავრცელებული ჩანაწერების წარმომავლობისა და ავთენტურობის დადგენა. აღნიშნული აუდიოჩანაწერებზე დაინიშნება ექსპერტიზა და მოხდება ხმების იდენტიფიცირება. ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, დაიკითხება ყველა ის პირი, რომელიც აღნიშნულ ჩანაწერებში ფიგურირებს. შესაბამისი უწყებები დაეგზავნათ აკაკი მინაშვილს და ნუგზარ წიკლაურს, ისინი კონტრდაზვერვის დეპარტამენტში დაკითხვაზე დღეს 18 საათზე არიან დაბარებულები.
სამართლებრივი დახმარების შესახებ შუამდგომლობები გაიგზავნება ყველა შესაბამის ქვეყანაში გამოძიების ინტერესების მიხედვით.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ დაუშვებს რაიმე სახის დესტაბილიზაციას ქვეყანაში და დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ყველა პირი კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება,"- აღნიშნეს სუს-ში.