რომის პაპი საქართველოს პრეზიდენტს შეხვდება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 27 სექტემბერი 2016 15:33

რომის პაპი საქართველოს 30 სექტემბერს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში ის  საქართველოს პრეზიდენტსა და კათოლიკოს პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდება, - ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილის პრესსპიკერმა, ეკა მიშველაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„ვიზიტის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მთელი ვიზიტის განმავლობაში საქართველო ყველა მედიასაშუალების ინტერესისა და ყურადღების ცენტრში იქნება, რაც ჩვენი ქვეყნისთვის არის კიდევ ერთი შესაძლებლობა, მისი უნიკალური როლი წარმოაჩინოს, როგორც ქრისტიანული ცივილიზაციის ერთ-ერთი შემოქმედისა და განსხვავებულ ცივილიზაციათა დამაკავშირებელი სახელმწიფოსი,“- განაცხადა ეკა მიშველაძემ.

 

წაკითხულია 309 ჯერ

Related items

  • თურქეთში საქართველოს ელჩი ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შეხვდა

    თურქეთის შავიზღვისპირეთში მივლინების ფარგლებში, თურქეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ შეხვედრა გამართა უნიესა და ფაცას ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან და წევრებთან.

    შეხვედრებზე საუბარი შეეხო დიასპორასთან დაკავშირებით საქართველოს სახელწიფო პოლიტიკას. საქართველოს ელჩმა დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და წევრებს გააცნო დიასპორის სახელმწიფო სტრატეგია და ის ინიციატივები და სიახლეები, რაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ინერგება დიასპორასთან ეფექტური კომუნიკაციის მიზნით.

    ელჩმა ასევე ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის ურთიერთობების წარმატებაში ქართული დიასპორის დიდ როლს და აღნიშნა, რომ თურქეთის რესპუბლიკა არის საქართველოს მტკიცე მხარდამჭერი როგორც ორმხრივ, ასევე საერთაშორისო ფორმატებში.
    ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა საქართველოს ელჩს მიაწოდეს ინფორმაცია მათი საქმიანობისა და მათ მიერ განხორციელებული პროექტების თაობაზე. ასევე აღინიშნა, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს დიასპორასთან რეგულარულ კონტაქტებსა და შეხვედრებს.

    შეხვედრის დასასრულს, ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა მადლობა გადაუხადეს როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ასევე საქართველოს საელჩოს გამოჩენილი ყურადღებისთვის და გამოთქვეს მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი.

  • "2022 წლისთვის საქართველოს ექნება ყველაზე თანამედროვე ინფრასტრუქტურა"

    რეგიონული განვითარების გარეშე წარმოუდგენელია საქართველოში სიღარიბის დაძლევა, აქედან გამომდინარე, ჩვენ კიდევ უფრო ამბიციური ამოცანები უნდა დავსახოთ ამ მიმართულებაში და დარწმუნებული ვარ, წლის მეორე ნახევარი კიდევ უფრო წარმატებული იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისა და მთის ფონდების, განათლების ინფრასტრუქტურისა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამების ფარგლებში დაფინანსებული პროექტების შესრულების 6 თვის ანგარიშის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

    მთავრობის მეთაურის თქმით, 2019 წლისთვის ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება 20 პროცენტით გაიზარდა, რაც 2019 ყველაზე დიდი მაჩვენებელია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში.

    „ძლიერი რეგიონები ნიშნავს ძლიერ საქართველოს და შესაბამისად, რეგიონული განვითარება არის ჩვენი ხელისუფლების უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი. 6 თვის წინ, ჩვენ, ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად, წარმოგიდგინეთ ძალიან ამბიციური გეგმა, რომელიც გვაქვს 2019 წლისთვის.  კარგად გვესმოდა, რომ ამ მიზნის მიღწევა დაკავშირებული იქნებოდა ბევრ გამოწვევასთან. გასული წლის ზაფხულში, როდესაც პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარმადგინეს, რამდენიმე მიმართულებას გავუსვით ხაზი, სადაც მნიშვნელოვან ცვლილებებს ვგეგმავდით. პირველი იყო რეგიონული მმართველობის სტრუქტურა, რომელშიც გვქონდა ხარვეზები. იყო პრობლემები, რომელიც აისახებოდა განხორციელებული და გამოყოფილი ინვესტიციების აუთვისებლობაში. ჩვენ ძალიან ბევრი რამ შევცვალეთ. შევცვალეთ რეგიონული მართვის სტრუქტურა, ბევრი პროცედურა და დღეს უკვე გვაქვს მნიშვნელოვანი შედეგები", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

    პრემიერმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ქვეყნის ინფრასტრუქტურაში 200 მილიონი ლარით მეტი ინვესტიცია განახორციელა.

    „რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 20 პროცენტით მეტი ბიუჯეტი მივეცით და 6 თვის მონაცემებით, ის 100 პროცენტით ასრულებს ამ დავალებას. რეგიონული განვითარება ჩვენთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მიმართულებაა. ჩვენთვის აუცილებელია, რომ საქართველოში მივაღწიოთ ინკლუზიურ ზრდას. ამის გაკეთება კი შესაძლებელია მხოლოდ რეგიონების თანაბარი განვითარებით", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

    პრემიერ-მინისტრმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილს და მის გუნდს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

    „ეროვნული მნიშვნელობის პროექტების გარდა რეგიონებში ჯერ კიდევ განსახორციელებელია ისეთი ტიპის პროექტები, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები მოქალაქეებისთვის. ეს არის ადგილობრივი მნიშვნელობის გზები, ინფრასტრუქტურული პროგრამები, რომელიც უკავშირდება წყლის მიწოდების სისტემებს, სპორტული და განათლების ინფრასტრუქტურის განვითარება და ა. შ. ამ მიმართულებითაც გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი. 2022 წლის ჩათვლით, საქართველოს ექნება ყველაზე თანამედროვე ინფრასტრუქტურა, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ ეკონომიკა, კიდევ უფრო მეტი მოქალაქე ჩავრთოთ ეკონომიკურ განვითარებაში და როგორც შედეგი, ერთობლივი ძალებით დავძლიოთ სიღარიბე", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

    პრეზენტაციაზე მიწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისა და მთის ფონდების, განათლების ინფრასტრუქტურისა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამების ფარგლებში დაფინანსებული პროექტების შესრულების 6 თვის ანგარიშის წარადგინა მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილმა.

    ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულები, ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციების და საექსპერტო წრეების წარმომადგენლები დაესწრნენ.

  • "პატრიოტიზმი ქვეყნის დისკრედიტაციასა და დესტაბილიზაციაზე არ გადის"

    საქართველოს პრეზიდენტმა ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.
     ,,როგორც საქართველოს პრეზიდენტი, როგორც ადამიანის უფლებების, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების გარანტი და დამცველი, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ თავისუფლება განუყოფელია პასუხისმგებლობისგან.

    ქვეყნის მიმართ პასუხისმგებლობა მოითხოვს, რომ გვერდზე გადავდოთ ემოციები, გვერდზე გადავდოთ პოლიტიკური გემოვნება; ვიფიქროთ და ვიზრუნოთ საზოგადოებრივ სიმშვიდესა და ქვეყნის სტაბილურობაზე. არ უნდა დავუშვათ, რომ რაღაც პროვოკაციებით გარკვეულმა ძალებმა სცადონ საქართველოს დისკრედიტაცია მის ფარგლებს გარეთ და დესტაბილიზაცია ქვეყანაში.

    მინდა ყველას - შიგნით და გარეთ - მოგიწოდოთ დეესკალაციისკენ. მივმართავ იმ ძალებს ქვეყანაში, ვინც ნებსით თუ უნებლიეთ ამ ქვეყნის სტაბილურობას, ესე იგი მის მთავარ მონაპოვარს, მის მთავარ ღირებულებას რეგიონალური და საერთაშორისო პარტნიორებისთვის, საკუთარი პოლიტიკური მიზნების გამო საფრთხის ქვეშ აყენებს. პატრიოტიზმი ქვეყნის დისკრედიტაციასა და დესტაბილიზაციაზე არ გადის. მივმართავ მათ, ვინც უპასუხისმგებლო ქმედებებითა თუ განცხადებებით პატრიოტიზმის დროშის ქვეშ, აზარალებს ჩვენს მოქალაქეებს და მათ ეკონომიკურ კეთილდღეობას აქ და ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

    პატრიოტიზმი სწორედ საკუთარ მოქალაქეებზე ზრუნვაა. მოვუწოდებ იმ ძალებსაც, რომლებსაც, ასევე, პატრიოტული ლოზუნგებით საზოგადოებაში დაძაბულობა და დაპირისპირება შეაქვთ. ყველას შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო პლატფორმა დიალოგისა და შეთანხმების, თქვენივე მოთხოვნების საფუძველზეა შექმნილი.პროპორციული სისტემა ყველას უხსნის საკუთარი ამბიციების კარს, ახალი საარჩევნო კოდექსი ამზადებს კიდევ უფრო სამართლიან არჩევნებს.
    ყველას მოგიწოდებთ, მშვიდობიანი არჩევნების გზით, თქვენი მოთხოვნები ხალხის არჩევანის წინაშე დააყენოთ და საზოგადოების პასუხს დაელოდოთ.


    ჩემი მხრიდან არაერთხელ მოგიწოდეთ შერიგებისკენ, ცოტა ხნის წინ ასევე შევთავაზე ყველა ძალას საპრეზიდენტო დიალოგის პლატფორმა. ეს შეთავაზება ძალაშია ყველასთვის, ვისაც ქვეყნის წინსვლა და სტაბილური მომავალი სურს. ასევე, ჩვენი ქვეყნის გარეთ მივმართავ რუსეთის ხელმძღვანელობას, არ აჰყვეს ესკალაციას. პარადოქსი იქნება, თუ მეზობელი ქვეყანა, მისივე დახასიათებით, „რადიკალური“ ძალებისგან წამოწყებულ პროვოცირებას უპასუხებს და ამით მათ დესტრუქციულ მიზნებს შეუწყობს ხელს.
    აქვე ხაზი უნდა გავუსვა იმასაც, რომ ჩვენი მშვიდობიანი პოლიტიკა არის ერთადერთი გზა ქვეყანაში და რეგიონში სტაბილურობის შესანარჩუნებლად.

    ივმართავ ჩვენს მოქალაქეებსრომლებიც ცხოვრობენ რუსეთში: მე თქვენი პრეზიდენტი ვარ და თქვენი კეთილდღეობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვიცი, რომ ხელისუფლება ცდილობს გააკეთოს ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეიძლება მოცემულ ვითარებაში, რათა გააგრძელოთ მშვიდად და სტაბილურად ცხოვრება. დაბოლოს, მივმართავ ჩვენს სტუმრებს: საქართველო ისტორიულად ტოლერანტობის სიმბოლოა და არ დავუშვებთ, რომ ეს ტრადიცია დაირღვეს. ქვეყნისათვის ყველაზე დაძაბულ პერიოდებშიც კი, არ მომხდარა არც ერთი ინციდენტი, რომელიც საფრთხეს შეუქმნიდა საქართველოში მცხოვრებ უცხოელ მოქალაქეებს და სტუმრებს. და ეს ასე გაგრძელდება“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

  • სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მოსახლეობას შვებულების საკუთარ სამშობლოში გატარებისაკენ მოუწოდებს

    საქართველოს პრეზიდენტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდმომარესა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან პირველი შეხვედრა გამართა.

    როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, აჭარის მთავრობასთან პირველი შეხვედრა ძალიან საინტერესო იყო სხვადასხვა მიმართულებით, როგორც რეგიონული განვითარებისა და რეგიონული საინვესტიციო პროექტების მიმართულებით, ასევე, ტურისტული სფეროს განვითარების კუთხითაც.

    ,,რეგიონში ძალიან ბევრი ახალი საინვესტიციო პროექტი მიმდინარეობს, მზარდი მაჩვენებელია ტურიზმის სფეროშიც, თუმცა დღეს ვიცით, რომ გარკვეული პრობლემებია ამ მიმართულებით. ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო იმის მოსმენა, რომ რეალურად, ტურისტების მზარდი ნაკადი არ შენელებულა, რაც ჩვენი ქვეყნისა და ამ რეგიონისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია.

    მინდა კიდევ ერთხელ ვისარგებლო ამ შემთხვევით და ყველას მოვუწოდო, რომ ამ წელს შვებულება საქართველოში გაატარონ. ამ განცხადებას კიდევ ერთხელ გავაკეთებ ძალიან მალე, მომავალ კვირას ბათუმის მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავს ეძღვნება და სადაც საქართველოს პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები იქნებიან. ეს კონფერენცია საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების ერთ-ერთი ეტაპი იქნება და ის, რომ ასეთი კონფერენცია ბათუმში ტარდება, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია", - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

  • "ქვეყანაში დემოკრატია არ იქნება ჟურნალისტების გარეშე და სახელმწიფო არ იქნება პოლიციის გარეშე, საზოგადოება არ იქნება თქვენ გარეშე!"

    ,,ქვეყანაში დემოკრატია არ იქნება ჟურნალისტების გარეშე და სახელმწიფო არ იქნება პოლიციის გარეშე, საზოგადოება არ იქნება თქვენ გარეშე“, - მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა ექიმებსა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს, რომლებიც  20 ივნისს, რუსთაველის გამზირზე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი  მაღალი პროფესიონალიზმისა და ღირსეული სამსახურისათვის დააჯილდოვა.
    ღირსების მედალი საქართველოს პრეზიდენტმა გადასცა: „რეგიონული ჰოსპიტალის“ ქირურგ - ოფთალმოლოგ რევაზ ომიაძეს, „ნიუ ჰოსპიტალსის“ქირურგ-ოფთალმოლოგ მარიამ გოლოვაჩოვას, თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორ მაკა გვარამიასა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორის მოადგილეს, სოლომონ როსტომაშვილს. 

    დედაქალაქის მერის სახელით, თბილისის ვიცემერმა ირაკლი ხმალაძემ  ,,მადლობის სიგელი" გადასცა ,,სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის" მთელ გუნდს სიცოცხლის გადარჩენაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.

    ,,დღეს განსაკუთრებული დღეა - მადლობის თქმის დღე! 20 ივნისს, რუსთაველის გამზირზე ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებმა, მთელი ღამის განმავლობაში, თავდაუზოგავად იშრომეს, ჩვენს მოქალაქეებს სამედიცინო დახმარება დროულად აღმოუჩინეს და შეძლეს მათი გადაყვანა სამედიცინო დაწესებულებებში. დიდი მადლობა  მინდა გადავუხადო მათ მთელი საზოგადოების სახელით“,  - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა. 
    პრეზიდენტის განცხადებით, სამწუხაროდ, რამდენიმე პაციენტის მდგომარეობა ძალიან მძიმე რჩება და ექიმები მათი გამოჯანმრთელებისათვის ყველაფერს აკეთებენ.

    პრეზიდენტის თქმით, ,,ნიუ ჰოსპიტალში“ ღამის განმავლობაში, სულ 24 პაციენტი შევიდა. მათ გადაუდებელი ოპარაცია ჩაუტარდათ და ოპერაციებმა წარმატებით ჩაიარა. 

    ,,6 პაციენტის შემთხვევაში, ოპერაცია წარმატებით დასრულდა და შეუნარჩუნდათ მხედველობა და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ამ ახალგაზრდების თვალები ჩვენი მომავლის თვალებია

    მინდა დაჯილდოებით გამოვყო ქირურგ - ოფთალმოლოგ მარიამ გოლოვაჩოვას ღვაწლი, რომელმაც 21 ივნისს დაბადების დღესთან დაკავშირებით მორიგეობა გადაცვალა და სწორედ იმ ღამეს მოუწია სამსახურებრივი მოვალეობის წარმატებით შესრულება. 

    ,,რეგიონულ ჰოსპიტალსაც“ მთელი ღამის განმავლობაში ურთულეს  პირობებში უწევდა მუშაობა და იქაც ტყვიით დაშავებულ 2 პაციენტს თვალზე ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა. 
    როცა ბელორუსიიდან დავრეკე პირადად, მითხრეს, რომ ვერ გადაარჩებოდა თვალი, მაგრამ სასწაულებიც ხდება და საბედნიეროდ, ორივე შემთხვევაში თვალის შენარჩუნება მოხერხდა, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ახალგაზრდა ქირურგ - ოფთალმოლოგს, რეზო ომიაძეს, რომელსაც გამოცდილება საზღვარგარეთ აქვს მიღებული და დაბრუნდა საქართველოში, ესეც ღირსშესანიშნავია. 

    სულ მუშაობდა 77 სასწრაფო დახმარების ბრიგადა.  მათ შეძლეს სხვადასხვა სიმძიმის პაციენტების სამედიცინო დაწესებულებებში დროულად გადაყვანა. 

    მაკა გვარამია, როგორც სასწრაფო დახმარების სამსახურის დირექტორი, იმ ღამეს დეკრეტული შვებულებიდან დაბრუნებული, სოლომონ როსტომაშვილი - მოვალეობის შემსრულებელი,  არიან ის ადამიანები, რომლებმაც ამ სამსახურის მობილიზაცია შეძლეს და ამ სამსახურმა ძალიან ეფექტურად იმუშავა. მინდა, რომ ყველას გადასცეთ მადლობა.

    ჩვენ ამოვირჩიეთ ეს 4 ადამიანი, შეუძლებელია ყველას დაჯილდოება, მაგრამ მათი ჯილდო თქვენი ჯილდოცაა, ეს ყველას ჯილდოა - სხვადასხვა საავადმყოფოებში მობილიზებული ექიმების.  ეს იყო არნახული ერთად ყოფნა. 
    ეს არის ის, რაც ჩვენი ქვეყნისათვის ძალიან მნიშვნელოვანია.

    არაერთი ტრაგიკული, მძიმე დღე, მძიმე ღამე და მძიმე პერიოდი გაუვლია ამ ქვეყანას -  მაგრამ ყოველთვის აღმოჩნდებოდა ხოლმე, იმ პერიოდში, მეორე მხარე, რომელიც იმედისა და გაძლიერების მომცემია და ეს მეორე მხარე, დღეს ხართ თქვენ, ყველა, ვინც ამ ქვეყნისა და მისი მომავლისათვის მზადაა იშრომოს და ბოლომდე დაიხარჯოს. ამისი მაგალითი ვნახეთ. მინდა ყველას მადლობა გადავუხადო“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

    საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა  მადლობა გადაუხადა ჟურნალისტებსა და პოლიციელებსაც, რომლებიც 20 ივნისის აქციაზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ.

    ,,ჟურნალისტებს შორისაც არიან დაზარალებულები. ისინი თავიანთ პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ. მინდა, მათ მიმართ თანადგომა გამოვხატო. 

    ასევე პოლიცილების მიმართ, რომლებიც იმ ღამეს არნახული ძალადობის ქვეშ იყვნენ და ძალიან დიდხანს გაუძლეს ამ ძალადობას. 

    არ შევეხები ძალის გადამეტების საკითხს. ამის შესახებ მიმდინარეობს გამოძიება. ეს გამოძიებისა და სასამართლოს საკითხია. ვინც დასასჯელია, უნდა დაისაჯოს.
    ეს არ უნდა გადავიდეს ყველა პოლიციელზე, რადგან ამ ქვეყანაში დემოკრატია არ იქნება თუ არა ჟურნალისტები,  სახელმწიფო არ იქნება, თუ არა სამართალდამცველები, საზოგადოება არ იქნება თქვენ გარეშე“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
    ექიმებმა პრეზიდენტს მადლობა გადაუხადეს სახელმწიფო ჯილდოსა და ნდობისათვის.
    ,, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ნდობისთვის. 
    ჩემთვის უდიდესი  პატივია ეს ჯილდო, მე უბრალოდ სამსახურეობრივ მოვალეობას ვასრულებდი, განსაკუთრებული არაფერი გამიკეთებია. 
    შემოსული იყო ორი უმძიმესი პაციენტი თვალის კაკლის დაზიანებით. საბედნიეროდ, მეც და პაციენტებსაც გაგვიმართლა, რომ მოვახერხე  თვალის მთლიანობის აღდგენა. 

    მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ოფთალმოლოგიურ ცენტრში ნინო ბერაძეს, რომელიც ძალიან დამეხმარა და მის გარეშე ეს არ მოხერხდებოდა,  ასევე მადლობა ჩემს კოლექტივს ოფთალმოლოგიურ ცენტრს ერთად დგომისა და მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა რეზო ომიაძემ.
     

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური