ორი კვირა გავშორებს ძალიან მნიშვნელოვან არჩევნებს - გიორგი კვირიკაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 24 სექტემბერი 2016 17:25

ორი კვირა გავშორებს ძალიან მნიშვნელოვან არჩევნებს, ამ არჩევნებმა უნდა გასცეს პასუხი  კითხვას „ქართული ოცნების“ მიერ ქვეყანაში მიღწეული ძალიან დიდი გარდატეხა იყო თუ არა მნიშვნელოვანი საქართველოს უახლეს ისტორიაში, არის თუ არა მნიშვნელოვანი, რომ დღეს გვაქვს ძალადობისგან თავისუფალი წინასაარჩევნო გარემო,  ერთმანეთს აღარ ვერჩით, არ არის დევნა არც ერთი ადამიანის, ვისაც საწინააღმდეგო აზრი აქვს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, გიორგი კვირიკაშვილმა გურჯაანში, ამომრჩევლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

„მოგესალმებით,  გურჯაანელებო დიდი სიყვარულით. მიხარია,  რომ  ამდენ მხარდამჭერს ვხედავ“,- მიმართა გიორგი კვირიკაშვილმა შეხვედრაზე შეკრებილ მოსახლეობას.

როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, ყველაფერი ეს ქართველმა ხალხმა დაიმსახურა, ეს არის ის, რაც მიღწეულია უდიდესი ძალისხმევის, გმირული ნაბიჯის შედეგად, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა გადადგა

„ხუთი წლის წინ, ზუსტად შემოდგომაზე,  ამ დროს, ქართველი ხალხის თავდადებამ მოიტანა ის შედეგი, რომ დღეს საქართველოში არის თვისობრივად განსხვავებული წინასაარჩევნო გარემო. ორი კვირა დარჩა არჩევნებამდე და მინდა, როგორც თქვენმა მეგობარმა გთხოვოთ,  ყველა თქვენგანს, არ ავყვეთ ნერვებს. ძალიან უნდათ ჩვენი მდგომარეობიდან გამოყვანა, ძალიან უნდათ, რომ დაემსგავსოს წინასაარჩევნო პროცესი  იმას, რაც იყო საქართველოში არაერთხელ, მათ შორის 2012- ში, მაგრამ ვერ მიღწევენ ამას. ქართველი ხალხი დღეს სულ სხვანაირად უყურებს პოლიტიკას, ქართველი ხალხის გემოვნება, მოთხოვნები პოლიტიკოსების მიმართ არის შეცვლილი. დღეს ადამიანებს არ მოსწონთ, თუ ვინ ვინ დაჩაგრა, ვინ ვის უფრო მეტი შეურაცხყოფა მიაყენა, ხალხს სიმშვიდე სჭირდება, ხალხს სჭირდება ხვალინდელ დღეზე,  შვილების, შვილიშვილების უკეთეს მომავალზე ფიქრი და ზრუნვა. ეს არის ყველაზე დიდი მონაპოვარი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მოიტანა. ეს არის ძალიან დიდი დამსახურება ქართველი ხალხის და, რა თქმა უნდა, ხელისუფლების“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, დიდი მონაპოვარია ისიც, ისეთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიც არის ჯანმრთელობის დაცვა, სოფლის მეურნეობა, რომელიც უმნიშვნელოვანესია საქართველოსთვის, მიექცა ყველაზე დიდი ყურადღება .

„ყველაზე დიდი რესურსი დაიხარჯა იმაში,  რომ ჩვენს თანამოქალაქეებს აღარ ქონდეთ საფიქრალი,  ბინა გასაყიდი,  დასაგირავებელი , როცა მათ ოპერაციის გაკეთება ჭირდებათ.  თავისუფლად შეიძლება, სახელმწიფო პროგრამების მეშვეობით წამოიწყო სასოფლო-სამეურნეო ბიზნესი და ოჯახი არჩინო. უამრავი პროგრამა არსებობს მცირემიწიან ფერმერთა დახმარებისთის - გრძელვადიანი შეღავათიანი კრედიტები, დანერგე მომავალი მრავალწლიანი კულტურების გასაშენებლად და ასე შემდეგ . ეს ძალიან დიდი მიღწევაა და ამაში დიდი რესურსი დაიხარჯა.  ჩვენი ბიუჯეტის თითქმის მესამედი იხარჯება მოქალაქეების ჯანდაცვაზე და სოციალურ მიმართულებებზე .

„ეს გავაკეთეთ იმიტომ, რომ სითბო გვეჩვენებინა ჩვენი ხალხისთვის. ეს იყო ყველაზე დიდი მოთხოვნა 2012 წელს ახალი მთავრობის მხრიდან . რა თქმა უნდა,  ჩვენ ვერ ვიქნებით კმაყოფილი იმით,  რაც ამ ოთხი წლის განმავლობაშია მიღწეული,  ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი, რომ ყველა ოჯახმა იგრძნოს ქვეყნის განვითარების პროცესი, კეთილდღეობა მივიდეს ყველა ოჯახში. სწორედ ამისთვის ჩვენ გვაქვს სრულიად ახალი,  ოთხ წელზე გათვლილი გეგმა,  რომელის დასრულებისას მივიღებთ თვისობრივად განვითარებული ქვეყანას, ხარისხობრივად განსხვავებული განათლების სისტემით, განახლებული და განსხვავებული ევროპული ხარისხის ინფრასტურქტურით და მმართველობითი სისტემით, რომელიც იქნება ადამიანზე კიდევ უფრო მეტად ორიენტირებული და, რომელიც კიდევ უფრო მეტ ყურადღებას დაუთმობს, თუ რა გვჭირდება ჩვენ რეგიონებში“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, სწორედ ამ ყველაფრისთვის გვჭირდება მშვიდობა, სტაბილურობა და არა მხოლოდ მშვიდობა, არამედ სიმშვიდე.

„არ შეიძლება,  საზოგადოება მუდმივად იყოს დაპირისპირების რეჟიმში. ჩვენ ვადევნებდეთ თვალ-ყურს, რომელმა პოლიტიკოსმა რომელი დაჩაგრა . ეს უნდა ჩაბარდეს წარსულს.  ნელ-ნელა მიდის ეს უკვე წარსულისკენ, მაგრამ  ერთეული ინციდენტები ხდება. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო მთლიანად გადაშლის თავისი ისტორიის ყველაზე უარყოფით გვერდს, რასაც ჰქვია სამოქალაქო დაპირისპირებები, კონფრონტაცია ადამიანებს შორის, გაერთიანდება ერთ მუშტად, შეკრებს ყველა იმ დადებით ენერგიას , რომელიც თითოეულ ჩვენგანში, აი,  აქ მდგომ ადამიანებში არსებობს და მიმართავს ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის მშენებლობისკენ. დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ასეთი პარლამენტი გვეყოლება ჩვენ 2016-დან 2020 წლამდე.  დარწმუნებული ვარ, რომ ადამიანი, რომელიც გურჯაანელების ინტერესს წარმოადგეს მომავალ პარლამენტში, იქნება სწორედ ასეთი კაცი - ეს არის დავით სონღულაშვილი. მივესალმოთ და აუცილებლად მხარი დავუჭიროთ მას, რათა ყველაფერი, რაზეც მე ვისაუბრე,  გახდეს რეალობა ქვეყანაში“,-განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომრემ.

მისივე თქმით, მთავრობას სჭირდება ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერა პარლამენტის მხრიდან და საკანონმდებლო ორგანაში აუცილებელია ისეთი კვალიფიციური ადამიანების მოსვლა, როგორიც დავით სონღულაშვილია.

„მე უკვე დავითს ვიცნობ 20 თუ არა, 17 წელი  ნამდვილად.  ის იყო ყოველთვის და დღესაც არის გამორჩეული, ნიჭიერი ახალგაზრდა კაცი, რომელმაც განათლება მიიღო, როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთის წამყვან უნივერსტეტებში. მას აქვს ძალიან კარგი გამოცდილება, მათ შორის კერძო სექტორშიც. დარწმუნებული, ვარ  თავის  გამოცდილებას და, რაც მთავარია,  უამრავ პოზიტიურ,  დადებით თვისებას მოახმარს თითოეული თქვენგანის ინტერესების საქართველოს პარლამენტსა და მთავრობაში“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ოთხი წლის თავზე თვისობრივად, ხარისხობრივად განსხვავებულ ქვეყანას მივიღებთ.

„ჩვენ ვიცით, ეს როგორ გავაკეთოთ, ჩვენ ზუსტი, ნაბიჯ-ნაბიჯ გაწერილი გეგმა გვაქვს ამისათვის. ინფრატსრუქტურული განვითარების გეგმა უკვე მზად არის. კიდევ ხუთი მილიარდი დოლარი დაიხარჯება დამატებით,  გარდა იმისა, რაც დღეს იხარჯება ბიუჯეტით ქვეყნის სივრცით განვითრებაზე, კეთილმოწყობაზე, სატრანზიტო გზების,  ტურისტული გზების მშენებლობაზე, გურჯაანი, როგორც ისტორიულად ყველაზე მნიშვნელოვანი კვანძი, სატრანზიტო ადგილი, დაიბრუნებს თავის ფუნქციას. ტრანზიტი არ იქნება მხოლოდ სარფიდან წითელი ხიდისკენ და სადახლოსკენ მიმავალი გზა, არამედ ეს იქნება აუცილებლად თბილისიდან კახეთის გავლით, აზერბაიჯანისკენ მიმავალი გზაც; ეს იქნება აუცილებლად თბილისიდან ლარსის მიმართულებით თანამედროვე ავტობანის აშენება, ქუთაისის ჩრდილოეთ და სამხრეთ საქართველოსთან დამაკავშირებელი გზები; ანაკლიის პორტის პირველი ფაზა, რომელიც გააორმაგებს საქართველოს სატრანზიტო პოტენციალს; ეს იქნება აუცილებლად მოდერნიზებული რკინიგზა, რომელიც თანამედროვე სტანდარტებით გადაიყვანს მგზავრებს და ტვირთების გადაზიდვას მოახდენს; ეს იქნება მცირე საოჯახო სასტუმროების, თუ საშუალო სასტუმროების ქსელების განვითარება, რომელიც ქვეყანაში ტურიზმს სრულიად ახალ საფეხურზე გადაიყვანს; ეს იქნება მშვიდობა, სტაბილურობა და სიმშვიდე ჩვენს გულებში, ჩვენს ოჯახებში, მეტი სიყვარული ადამიანებს შორის, გაერთიანება, ერთ მუშტად შეკრული ქვეყანა, გაერთიანებული, ძლიერი საქართველოს ნათელი მომავლისკენ მიმავალი, ადამიანის სიყვარულით აშენებული ქვეყანა. ამას გპირდებით ჩვენ უპირველეს ყოვლისა“,-განცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით,  ერთმანეთის გვერდით დგომით, დადებითი ენერგიების  გაერთიანებით მივაღწევთ საქართველოს  უკეთეს ხვალინდელ დღეს.   

„არც ერთი უსამართლოდ დაღვრილი ცრემლი აღარ იქნება საქართველოში. ჩვენ ისე მივაღწევთ ყველაფერს ამას, რომ ადამიანების ზურგზე არ გადავივლით, ღირსებას არ გავთელავთ, ქართველ კაცს შევუნარჩუნებთ იმ საუკეთესო თვისებებს, რომლებიც ჩვენ გვაქვს ისტორიულად - ერთმანეთის გატანა, მეტი სიყვარული, მეტი სითბო. ამის პირობას გაძლევთ. ყველაზე მეტად შემზარავი ის არის, როცა დაზაფრულ, ბავშვების დამწუხრებულ სახეებს ვუყურებთ. ამის გაგრძელების რესურსი ქვეყანას აღარ გააჩნია. დღეს უნდა გავერთიანდეთ. ჩვენი შვილები უნდა გავაცინოთ, უკეთესი ქვეყნის მომავლით ავავსოთ მათი გულები, მათი გონება. სწორედ ასე, ერთმანეთის გვერდით დგომით, დადებითი ენერგიებისს გაერთიანებით მივაღწევთ ჩვენი ქვეყნის უკეთეს ხვალინდელ დღეს სხვანაირად არ შეიძლება“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

გურჯაანის მოსახლეობას სიტყვით ასევე მიმართა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ.

კახა კალაძე დაწრმუნებულია, რომ საზოგადოების ერთიანობითა და „ქართული ოცნების“ გამარჯვებით, ქვეყნის დემოკრატიული გზით განვითარება კიდევ უფრო სწრაფი ნაბიჯებით გაგრძელდება.

  „მიხარია ამდენ გულანთებულ ადამიანს რომ ვხედავ. პირველ რიგში, მინდა თითოეულ თქვენთაგანს უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ აქ მობრძანებისთვის. მინდა მადლობა მოგახსენოთ იმ ბრძოლისთვის, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად 2011 წლიდან დავიწყეთ, თუმცა დამეთახმებით იმაში, რომ ბრძოლა დემოკრატიისთვის ბოლომდე არ არის მიყვანილი. ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ბარიერი გადასალახი. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერთსულოვნებით, ჩვენი ერთიანი ძალისხმევით, როგორც ეს 2012 წელს სრულიად საქართველომ გააკეთა, ასევე არჩევნების გზით, ცივილიზებული გზით, ჩვენ მოვახერხებთ 8 ოქტომბერს გამარჯვებას და ეს არ იქნება მხოლოდ „ქართული ოცნების“ გამარჯვება. ეს იქნება იმ დემოკრატიული გზის გაგრძელება, რომელიც ჩვენ 2012 წელს, თქვენთან ერთად დავიწყეთ. ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს თუ რა მდგომარეობა იყო ქვეყანაში,როგორი დამოკიდებულება,როგორი მიდგომა იყო განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ, როგორი დამოკიდებული იყო თითოეული ჩვენთაგანის მიმართ. ჩვენს ოჯახებზე, მეგობრებზე, ახლობლებზე, ნათესავებზე როგორი შანტაჟი მიდიოდა ყოველდღიურ რეჟიმში, მაგრამ ჩვენ ერთად დგომით ეს ყველაფერი ღირსეულად თავაწეულებმა გამოვიარეთ და არჩევნების გზით, მშვიდობიანი გზით მივაღწიეთ გამარჯვებას“,-აღნიშნა კახა კალაძემ.

პარტიის ცენტრალური შტაბის უფროსის თქმითვე, „ქართული ოცნების“ გუნდს მომავალი ოთხი წლისთვის მკაფიოდ გაწერილი სამოქმედო გეგემა აქვს.

„ამ ოთხი წლის განმავლობაში სხვადასხვა მიმართულებით, დარგების მიხედვით ბევრი გაკეთდა. ასევე კარგად გვესმის ყველა ის პრობლემა, რომელიც აწუხებს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს. თქვენ არ იფიქროთ, რომ ჩვენ თვითკმაყოფილნი ვართ იმ გაკეთებული საქმეებით, რაც ამ ოთხი წლის განმავლობაში მოხდა. კარგად გვესმის ყველა ის პრობლემა, რომელიც აწუხებს რაიონებში, ქალაქებში,სოფლებში მცხოვრებ ადამიანებს და გარწმუნებთ იმაში, რომ პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება“ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით ერთადერთი ძალაა ქვეყანაში, ვისაც აქვს შესაძლებლობა ამ პრობლემების მოგვარების. ამიტომ, მე მინდა მოგიწოდოთ ყველას,გთხოვოთ ყველას რომ 8 ოქტომბერს დავირაზმოთ ყველანი და მივიდეთ საარჩევნო ყუთებთან, მივიღოთ გადაწყვეტილება,ვის ვანდობთ ხვალ ჩვენს ქვეყანას,ჩვენს სამშობლოს.  დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენთაგანი მიიღებს და გააკეთებს სწორ არჩევანს,ეს არის თავისუფლება რომელიც ჩვენ ბრძოლით მოვიპოვეთ და გაძლევთ პირობას, რომ ჩვენს ბრძოლით მონაპოვარს ვერავინ ვერ წაგვართმევს. პარტია „ქართული ოცნება“ იქნება გარანტი იმისა, რომ ჩვენს ღირსებას, თავისუფლებას ვერავინ ვერ შეეხება ვერასდროს. რაც მთავარია, რაც დღეს ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენს ქვეყანას, ეს არის ქვეყნის ეკონომიკური განვითარება,სწრაფი განვითარება, რომ შესაძლებელი იყოს ახალი სამუშაო ადგილების შექმნა,შესაძლებელი იყოს სოციალურად დაუცველების შემცირება,შესაძლებელი იყოს უფრო მეტი კეთილგანწყობა, თითოეულ ჩვენთაგანში უფრო მეტი სიყვარული, უფრო მეტი პატივისცემა ერთმანეთის მიმართ და ეს ყველაფერი არის გარდაუვალი. საბოლოო ჯამში, მე დარწმუნებული ვარ, ჩვენი გამარჯვებით თქვენთან ერთად კეთილდღეობას მიიღებას მიიღებს თითოეული ჩვენი ქვეყნის მოქალაქე.მე მინდა წარმატებები გისურვოთ ყველას და დარწმუნებული ვარ რომ 8 ოქტომბერს ჩვენ ყველა ერთად ვიზეიმებთ იმ დიდ გამარჯვებას რასაც პარტია „ქართული ოცნების “ ჰქვია“,-განაცხადა კახა კალაძემ.

გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დავით სონღულაშვილმა პრემიერ-მინისტრსა და „ქართული ოცნების“ გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

 „ჩემო გურჯანელებო, ბატონო პრემიერო, ბატონებო, დიდი მადლობა მინდა გითხრათ გვერდში დგომისთვის. ყოველ ნაბიჯზე, ყოველი შეხვედრის დროს ვგრძნობ თქვენს მხარდაჭერას. დღეს კიდევ ერთხელ, თქვენ მოისმინეთ ის გეგმები, ის დაპირება, რაც უნდა განხორციელდეს 4 წლის განმავლობაში გურჯაანში და მთელს საქართველოში. „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ, 8 ოქტომბრიდან დაიწყება პოზიტიური ცვლილებები, სწრაფი განვითარება, რომელიც გურჯაანს კეთილდღეობამდე მიიყვანს. ამიტომ, ჩვენი გამარჯვება გარდაუვალია. ამიტომ, კანონზომიერია ჩვენი წინსვლა და საქართველოს განვითარება. ამიტომ, გურჯაანი ირჩევს „ქართულ ოცნებას“. მე გურჯაანელების იმედი მაქვს, ისევე, როგორც თქვენ გეიმედებით. მე მჯერა თქვენი. ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ“,-დასძინა დავით სონღულაშვილმა.

წაკითხულია 1024 ჯერ

Related items

  • "მთავარი არხის" ოპერატორი, ქარელში, "ქართული ოცნების" ოფისის მეორე სართულიდან გადმოაგდეს

    ტელეკომპანია "მთავარი არხის" ჟურნალისტის, ბექა ყორშიას ინფორმაციით, ტელეკომპანიის ოპერატორი, ლევან აბლოთია ქარელში, "ქართული ოცნების" ოფისის მეორე სართულის მოაჯირიდან გადმოაგდეს. როგორც ბ. ყორშია იხსენებს, მმართველი პარტიის შტაბში გადამღებ ჯგუფს თავიდანვე აგრესიულად დახვდნენ და იყო ფიზიკური დაპირისპირება.

    მისივე ინფორმაციით, ლევან აბლოთია ამ დროისთვის გონზეა, ექიმები ვარაუდობენ, რომ ფეხი აქვს მოტეხილი და მხარი აქვს დაზიანებული ძალიან ბევრგან. 

    "მივედით ქართული ოცნების შტაბში, ქარელში. თავიდანვე აგრესიულად შეგვხვდნენ, იყო ფიზიკური დაპირისპირება გაწევ-გამოწევა, ყველაფერი გადაღებულია. გადმოისროლეს მართლა. პოლიცია მოვიდა ძალიან გვიან. ჩემზეც იყო ფიზიკური ზეწოლა", - ამბობს ბ. ყორშია "მთავარი არხის" ეთერში. 

    წყარო: https://mtavari.tv/news/56603-sruli-jojokheti-gamoviaret-meore-sartulis

     

     

  • „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ და პარტიის წევრებმა შარლ მიშელის ინიციატივით მომზადებულ, პოლიტიკური შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერეს

    „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკანორ მელიამ და პარტიის წევრებმა შარლ მიშელის ინიციატივით მომზადებულ, პოლიტიკური შეთანხმების დოკუმენტს ხელი დღეს მოაწერეს.

    ამ მიზნით ნ. მელია და პარტიის წევრები ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში იმყოფებოდნენ.

    პარტიის თავმჯდომარემ და თბილისის მერობის რამდენიმე ოპოზიციური პარტიის საერთო კანდიდატმა, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ამის მიზეზი გახდა ქართული ოცნების ქმედებები, უარი ეთქვათ ევროკავშირის ფინანსურ დახმარებაზე, რაც, მელიას თქმით, სააქართველოს დასავლურ კურსზე უარის თქმის ტოლფასია. 

    "ყველა დეტალი მნიშვნელობას კარგავს და ფერმკრთალდება ბოლო დროინდელ მოვლენებთან შედარებით. ევროკავშირის დახმარებაზე უარის თქმა ყველაფერს სახელს არქმევს. ამის უკან ჩამალული პოლიტიკური განაცხადია. არაფერ შუაშია საგარო ვალზე შეთხზული ტყუილები. მთავარი პოლიტიკური განაცხადია. და რა არის ქართული ოცნების პოლიტიკური განაცხადი? - არაფრის ფასად არ გვინდა რეფორმები.

    სწორედ ეს ბოლო განცხადებები, რომ დახმარებას არ იღებენ თურმე, რაც დასავლური გზიდან გადახვევის ნათელი და მტკიცე მტკიცებულებაა, გახდა ბიძგი, რამაც მეც და ჩვენი მეგობრებიც მიგვიყვანა გადაწყვეტილებამდე, გადავდგათ ნაბიჯი, რაც კიდევ უფრო დაგვაახლოვებს და შეგვკრავს ყველას, ვისთვისაც ძვირფასია საქართველოს ევროპული მომავალი.

    მიუხედავად 19 აპრილის დოკუმენტში ჩვენთვის მიუღებელი გარკვეული დებულებებისა, რის გამოც, აქამდე ჩვენ ხელი არ მოგვიწერია ამ შეთანხმებისთვის, არსებული უმძიმესი სახელმწიფოებრივი რისკების შეფასების შემდეგ, მივიჩნევთ, რომ შექმნილ მდგომარეობაში ვალდებული ვართ დავდგეთ საკუთარ მოსაზრებებზე და წინააღმდეგობებზე მაღლა და ხელი მოვაწეროთ 19 აპრილის შეთანხმებას.

    ჩვენ, ნაციონალური მოძრაობა, ხელს ვაწერთ 19 აპრილის შეთანხმებას, რითიც ვაცხადებთ ჩვენს მზაობას და ხაზს ვუსვამთ ჩვენს რწმენას, რომ სხვა პროდასავლურ ოპოზიციურ ძალებთან ერთად გავიმარჯვოთ 2 ოქტომბრის რეფერენდუმში!

    ჩვენ, ნაციონალურ მოძრაობა ხელს ვაწერთ შეთანხმებას, რომ არ ახდეს ქართული ოცნების ოცნება და დასავლელი პარტნიორები ამ არასაიმედო ხელისუფლების გამო არ დისტანცირდნენ ქართველი ხალხისგან, რაც საბოლოოდ მხოლოდ ქვეყანას დააზიანებს. ასე უფრო გავიმარჯვებთ და შევინარჩუნებთ ჩვენი ქვეყნის ცივილიზაციურ არჩევანს იყოს დასავლური ოჯახის წევრი!

    გავიმარჯვებთ და ავაშენებთ განვითარებულ, მდიდარ, დემოკრატიულ საქართველოს! ისე კი სინამდვილეში ევროკავშირი, საქართველოს მხრიდან ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო - აცხადებს უარს დახმარების გაცემაზე და არა პირიქით. ქვეყნის ცუდი ხელისუფლება სახადია, ხოლო სტრატეგიული არჩევანი მარადიული ღირებულებაა.

    დღეს ამიტომაც ამ დოკუმენტზე ხელმოწერით, ჩვენ გვინდა ნათლად დაცალსახად განვაცხადოთ, რომ არ მივცემთ უფლებას ქართულ ოცნებას, გაექცეს საკუთარ ხელმოწერილ ვალდებულებას 43- პროცენტიანი ბარიერის ვერგადალახვის შემდეგ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ". - თქვა ნიკა მელიამ. 

    ***

    ოპოზიციის ნაწილს და ხელისუფლებას შორის შარლ მიშელის შეთანხმება 2021 წლის 19 აპრილს გაფორმდა. დოკუმენტის ხელმოწერას წინ პარლამენტის ბოიკოტი და მოლაპარაკებების რამდენიმეთვიანი პროცესი უძღოდა. ენმ-ს შეთანხმებისთვის ხელი არ მოუწერია, თუმცა, ბოიკოტი დაარღვია და სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად პარლამენტში შევიდა. 

    დოკუმენტში ხაზგასმულია სასამართლო სისტემის რეფორმის საკითხი, ასევე, მნიშვნელოვანი იყო არჩევნების ნაწილი - შეთანხმების მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ქართული ოცნება პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებდა, 2022 წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა დანიშნულიყო.  

    2021 წლის 23 ივლისს ქართულმა ოცნებამ თქვა, რომ შეთანხმებამ თავი ამოწურა და ის ცალმხრივად ანულირებულად გამოაცხადა. მიზეზად მმართველმა პარტიამ დაასახელა ის, რომ ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიას, ენმ-ს დოკუმენტისთვის ხელი არ მოუწერია. 

    დოკუმენტიდან გასვლით ქართულმა ოცნებამ უარი თქვა, შეასრულოს შარლ მიშელის დოკუმენტით ნაკისრი ვალდებულებები და გაატაროს სასამართლო და საარჩევნო რეფორმა - ჩანაწერის მიუხედავად, შეეჩერებინათ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის პროცესი, პარლამენტმა 6 მოსამართლე მაინც დანიშნა.  

    სწორედ განუხორციელებელი რეფორმების მიზეზით, ევროკავშირი საქართველოს €75-მილიონიან დახმარებას არ გადაურიცხავს. 

    მმართველი გუნდის წევრების მტკიცების მიუხედავად, რომ ეს სესხია, რომლის საჭიროება და აღების სურვილიც საქართველოს თავად არ აქვს, დახმარების არგადმორიცხვის მიზეზი გაუტარებელი რეფორმებია. 

    ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებით, საქართველომ ვერ შეძლო, სრულად მაკროფინანსური დახმარების პირობა - სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდაზე. 

    განცხადებაში ნათქვამია, რომ ფინანსური დახმარება კორონავირუსთან ბრძოლასა და საქართველოს მოსახლეობას უნდა მოხმარებოდა. ამასთან, ევროკავშირი ხელისუფლებას რეფორმებთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს და მიუთითებს მართლმსაჯულების რეფორმისკენ.

    ირაკლი ღარიბაშვილმა 31 აგვისტოს თქვა, რომ ხელისუფლება "თავს შეიკავებს" ევროკავშირის €75 მილიონიანი დახმარების მიღებაზე. ეს ევროკავშირის გაფრთხილებაზე ფინანსური დახმარების შესახებ ქართული ოცნების მიერ მოფიქრებული ახალი მესიჯბოქსიაღარიბაშვილის თქმით, EU ამ თანხას საქართველოს სესხის სახით აძლევდა, მთავრობამ კი "საგარეო ვალის შემცირება დაიწყო და თანხის მიღების აუცილებლობა აღარ იქნება". 

    მანამდე, 23 აგვისტოს უკრაინაში, ყირიმის სამიტის ფარგლებში, შარლ მიშელი ირაკლი ღარიბაშვილს არაფორმალურად შეხვდა და როგორც მეორე დღეს თავად დაწერა, მან ღარიბაშვილი ევროკავშირის მხრიდან ფინანსური დახმარების საკითხზე გააფრთხილა.

    წყარო: https://formulanews.ge/News/55975?fbclid=IwAR3ysbdXB2n_IiPr7aPtN8bTofZc45Gq_OjTE30LUnHKfB6u1qVRjrtlOQk

  • ცესკოს ხმის დათვლის პროცესის ვიდეოგადაღებისთვის საჭირო კამერები გადაეცა

    ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (ცესკო) დღეს ვიდეოკამერები გადმოეცა, რომლითაც არჩევნების დღეს ხმის დათვლის პროცესის ვიდეოგადაღება განხორციელდება. აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში საარჩევნო რეფორმის განხორციელების შემდგომ დადგა. შესაბამისად, საქართველოს ორგანულ კანონზე „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დაყრდნობით ცესკომ მიიღო დადგენილება (საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებისას ხმის დათვლის პროცესის ვიდეოფიქსაციის წესის განსაზღვრის შესახებ), რომლითაც 2 ოქტომბრის არჩევნებისას ხმის დათვლის პროცესის ვიდეოგადაღების წესი განსაზღვრა. დღეს კი 3 700 - მდე ვიდეოკამერა, რომლითაც ვიდეოგადაღება უნდა განხორციელდეს ცესკოს „ქართულმა ოცნებამ“ გადასცა. კამერების გადმოცემის შემდეგ ცესკოში შეხვედრა გაიმართა, სადაც დეტალურად განიხილეს მთელი ის პროცესი თუ როგორ მოხდება კამერებით ვიდეოგადაღება და შემდგომ გადაღებული მასალის საჯაროობის უზრუნველყოფა. შეხვედრას ცესკოს თავმჯდომარესთან ერთად მისი მოადგილე გიორგი სიორიძე და ცესკოს წევრი ივანე ნორაკიძე ესწრებოდნენ. როგორც ცესკოს თავმჯდომარემ განაცხადა ხმის დათვლის პროცესის ვიდეოგადაღება ამ მასშტაბით უპრეცედენტოა და ამ პროცესს არჩევნების გამჭვირვალობის თვალსაზრისით განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მისი თქმით, „საარჩევნო ადმინისტრაციას აქვს მოლაპარაკება ერთ-ერთ წამყვან საერთაშორისო ონლაინ პლატფორმასთან, რომელიც გამოირჩევა მაღალი უსაფრთხოებით და სანდოობის ხარისხით და ყველა ეს ვიდეოჩანაწერი, სადაც ასახული იქნება ამა თუ იმ საარჩევნო უბნის ხმის დათვლის პროცესი, განთავსდება ონლაინ, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება გაეცნოს თუ როგორ მიმდინარეობდა ეს პროცესი.“

    „მოხარული ვართ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გარკვეული წვლილი შეიტანა იმაში, რომ მომავალ არჩევნებთან დაკავშირებით არ იყოს რაიმე კითხვის ნიშანი და სპეკულაციის საბაბი“- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ „ქართული ოცნების“ წევრმა შალვა პაპუაშვილმა.

    2 ოქტომბრის არჩევნებზე ხმის დათვლის პროცესის ვიდეოგადაღება 3 200 საარჩევნო უბანზე განხორციელდება. აღსანიშნავია, რომ იმ უბნებზე, სადაც ეს პროცესი არ განხორციელდება 300 ან 300-ზე ნაკლები ამომრჩეველია რეგისტრირებული.  ამასთან ვიდეოკამერების ნაწილი გამოყენებული იქნება გადათვლის პროცედურის გადაღებისთვის, რომელიც ასევე საარჩევნო რეფორმის შედეგად წელს პირველად განხორციელდება.  როგორც ცნობილია წელს პირველად, საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილებების თანახმად, თითოეულ საარჩევნო ოლქში წილისყრით გამოვლენილი 5 უბნის შედეგი ავტომატურად გადაითვლება.

  • "აშშ გაბრაზებულია პარტია „ქართული ოცნების" ცალმხრივი გადაწყვეტილებით, გასულიყო 19 აპრილის შეთანხმებიდან", - აშშ-ს საელჩო საქართველოში
    საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების (აშშ) საელჩოს ადმინისტრაციამ დღეს გაავრცელა განცხადება, რომელსაც "ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ.
    "ამერიკის შეერთებული შტატები ძალზედ შეწუხებული და გაბრაზებულია პარტია „ქართული ოცნების" ცალმხრივი გადაწყვეტილებით, გასულიყო 19 აპრილის შეთანხმებიდან, დოკუმენტიდან, რომელიც შემუშავდა ექვსთვიანი რთული, მაგრამ ერთობლივი მოლაპარაკებების შედეგად და წარმოადგენს ქართველი ხალხისა და მათი დემოკრატიის წინსვლისთვის აუცილებელ გზას. ცხრა არჩეული პარტიიდან სულ მცირე ექვსი პარტიის 115-მა პარლამენტარმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას და პირობა დადო, რომ კეთილსინდისიერად ითანამშრომლებდა ღრმა პოლარიზაციის შესამცირებლად, რომელიც საქართველოს დემოკრატიულ პროგრესს აფერხებს. ვაშინგტონის შეშფოთება სულ უფრო მეტად ღრმავდება საქართველოს დემოკრატიული მომავლის გზაზე განმეორებითი უკანგადადგმული ნაბიჯების გამო.
    ყველა ხელმომწერმა პასუხი უნდა აგოს ხელშეკრულების ფარგლებში მათ მიერ აღებულ ვალდებულებებზე მაშინ, როდესაც ჩვენ ვაგრძელებთ დაჟინებით მოთხოვნას, რომ ყველა პარტიამ ხელი მოაწეროს და სრულად შეასრულოს შეთანხმება. ქართული ოცნების მიერ შეთანხმებიდან ცალმხრივად გასვლა კიდევ ერთი გადახვევაა როგორც იმ მოლაპარაკებების შინაარსისა და სულისკვეთებიდან, რომელშიც „ქართული ოცნება" იღებდა მონაწილეობას, ასევე, იმ შეთანხმებიდან, რომელსაც მან ხელი მოაწერა. მმართველი პარტიის ეს გადაწყვეტილება, ქვეყნისთვის, მხოლოდ და მხოლოდ, უფრო მეტ პოლიტიკურ არასტაბილურობას ქმნის და აჩენს კითხვებს „ქართული ოცნების" ერთგულებაზე საქართველოს დემოკრატიული მიზნების მიღწევისადმი, იმ მიზნების, რომელიც პარტიამ თავად განსაზღვრა საქართველოსთვის.
    საქართველოს ინტერესები საუკეთესოდ იქნება დაცული, თუ შეთანხმებაში მიღწეული კონკრეტული სასამართლო, კონსტიტუციური და საარჩევნო რეფორმების საკითხები განხორციელდება მრვალპარტიული კონსენსუსის საფუძველზე და არა ერთი პარტიის ცალმხრივი მოქმედების შედეგად. დროული პროგრესი ამ რეფორმების განსახორციელებლად ყველაზე პასუხისმგებლიანი გზაა, რომ საქართველოში პოლიტიკური კრიზისის ციკლი დასრულდეს და ეს პროგრესი კვლავ უმნიშვნელოვანესია საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის. დესტაბილიზაციისა და განხეთქილების გამომწვევ ქმედებებს სარგებელი მოაქვს მხოლოდ მათთვის, ვინც ცდილობს, ძირი გამოუთხაროს საქართველოს დემოკრატიის სტაბილურობასა და წარმატებას.
    ეს შეთანხმება ქმნის სასარგებლო გზამკვლევს მნიშვნელოვანი რეფორმებისთვის, რომელიც საჭიროა საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად, სასამართლო სისტემის პოლიტიზირების შესამცირებლად, საქართველოს საარჩევნო სისტემის გასაუმჯობესებლად, პარლამენტში ძალაუფლების განაწილებისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებისთვის ძალისხმევის გასაგრძელებლად. ეს რეფორმები, რომელიც უნდა იყოს ინკლუზიური, მრავალპარტიული პროცესის შედეგი, კვლავაც სასწრაფო და აუცილებელია.
    ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პარტიას, მათ შორის „ქართულ ოცნებას", ერთობლივი მუშაობისა და იმ ვალდებულებების კეთილსინდისიერად შესრულებისკენ, რაზეც ისინი შეთანხმდნენ და რაც უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპულ ერთა ოჯახში დროული ინტეგრაციისთვის", - ნათქვამია აშშ-ს ადმინისტრაციის განცხადებაში.
  • კახა ოქრიაშვილი: „ვითხოვ, გადაიდოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და დაუყოვნებლივ დაინიშნოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები!“

    დღევანდელი განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ ბოლომდე დაკარგა დროებითი ლეგიტიმაციაც. ამის შესახებ პარტიის „პროგრესი და თავისუფლება“ ლიდერმა კახა ოქრიაშვილმა განაცხადა. 

    მისი თქმით, მათ მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევებით,  „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა  შეიტყვეს, რომ მათ აქვთ მოსახლეობის მხოლოდ 28%-იანი მხარდაჭერა, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 22%-იანი მხარდაჭერა, ბატონი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“ - 10%-იანი მხარდაჭერა, ხოლო დანარჩენი ნაწილდება ყველა დანარჩენ პარტიაზე.

    სწორედ ამ მოცემულობამ უბიძგა „ქართულ ოცნებას“, გადაედგა ეს ნაბიჯი და საბოლოოდ გასულიყო შარლ მიშელის შეთანხმებიდან, რომელშიც ხელმოწერილ ვალდებულებებს თავიდანვე არ ასრულებდა.

    მე თავიდანვე ვაფრთხილებდი საზოგადოებასა და ოპოზიციონერ კოლეგებს, რომ მოვლენები ასე განვითარდებოდა, რადგან 2012 წლიდან დღემდე, „ოცნება“ დაკავებულია ამომრჩევლის და საერთაშორისო პარტნიორების  მოტყუებით, არჩევნების გაყალბებით და ჩამოყალიბდა თაღლით ფსევდო-პოლიტიკურ გაერთიანებად.

    მივმართავ ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს, აქტიურად ჩაერიონ შექმნილ ვითარებაში და დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია დღევანდელი ხელისუფლების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით.

    მე ვაგრძელებ საპარლამენტო ბოიკოტის რეჟიმს, რომელშიც აქამდეც ვიმყოფებოდი და ვითხოვ, გადაიდოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და დაუყოვნებლივ დაინიშნოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური