მიხეილ ჯანელიძე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 23 სექტემბერი 2016 10:39

აშშ/ნიუ-იორკი- გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში აქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან მევლუთ ჩავუშოღლუსთან.

მინისტრებმა მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები. კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველოსა და თურქეთის, როგორც სტრატეგიული პარტნიორების წარმატებული თანამშრომლობა ყველა ძირითადი მიმართულებით.  დადებითად შეფასდა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის ფორმატის დაფუძნება, რომლის პირველი სხდომაც მიმდინარე წლის ივლისში თურქეთის რესპუბლიკის დედაქალაქში, ანკარაში გაიმართა.

მინისტრებმა გამოხატეს მზადყოფნა მომავალშიც აქტიურად შეუწყონ ხელი ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებას. თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა საქართველოს თურქი ხალხისა და თურქეთის დემოკრატიულად არჩეული მთავრობის მხარდაჭერისთვის. მან ასევე კიდევ ერთხელ დაადასტურა თურქეთის უპირობო მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობის მიმართ, ისევე როგორც თურქეთის ხელისუფლების გამოკვეთილი მხარდაჭერა საქართველოს ევრო- ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში ორი ქვეყნის წარმატებული თანამშრომლობა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თურქი კოლეგა საქართველოში მოიწვია.

წაკითხულია 639 ჯერ

Related items

  • თურქეთის პრეზიდენტი კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა

    თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) ბოლო 24 საათში 170 ადამიანი გარდაიცვალა და ამით დაღუპულთა მთლიანი რიცხვი 23 ათას 495 გახდა.  ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "TRT-ქართული" ავრცელებს.

    იმავე პერიოდში ჩატარებული იქნა 169 ათას 847 ტესტირება. დღიური მთლიანი შემთხვევების რაოდენობა 8 ათას 962 არის და აქედან სიმპტომები აღენიშნება და ავად არის 958 ადამიანი.

    საავადმყოფოებიდან გაწერილი იქნა 9 ათას 11 ადამიანი, რითაც გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი 2 მილიონ 236 ათას 938-მდე გაიზარდა.

    მეორეს მხრივ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ანკარის საქალაქო საავადმყოფოში კოვიდ -19-ის ვაქცინა ტელე-კამერების წინ გაიკეთა.

    რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, სოციალურ ქსელ Telegram–ით გაკეთებულ გზავნილში აღნიშნა: ”ვაქცინა მეც გავიკეთე.“

    ვაქცინაციის პირველ დღეს, პრიორიტეტულ ჯგუფში შემავალი სამედიცინო პერსონალიდან 285 ათას ადამიანს გაუკეთდა ვაქცინა. ჯანდაცვის მუშაკების შემდეგ სხვა პრიორიტეტული ჯგუფების ვაქცინაცია მოხდება.

     

  • ახალი წლიდან შენგენის რეგულაციით გათვალისწინებული დოკუმენტაცია საქართველოს საზღვარზეც შემოწმდება

    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკავშირის/შენგენის ზონის წევრ ქვეყნებში უვიზოდ მგზავრობის შესახებ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს.

    „გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ 2021 წლის პირველი იანვრიდან ძალაში შედის საკანონმდებლო ცვლილება, რომლის თანახმადაც, შენგენის რეგულაციით გათვალისწინებული დოკუმენტაცია დამატებით საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტზეც შემოწმდება.

    საქართველოს მოქალაქეს შეიძლება უარი ეთქვას საქართველოს საზღვრის გადაკვეთაზე თუ მას ეკრძალება ევროკავშირის/შენგენის ზონის რომელიმე ქვეყანაში შესვლა ან ვერ წარადგენს კანონით გათვალიწინებულ საბუთებს“, – აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში.

    ამასთან, უწყება ავრცელებს ხშირად დასმული კითხვებზე პასუხებს საკანონმდებლო ცვლილებასთან დაკავშირებით.

    „უვიზოდ გამგზავრება შესაძლებელია ევროკავშირის/შენგენის ზონის წევრ შემდეგ სახელმწიფოებში:

    ავსტრია, ბელგია, გერმანია, დანია, ესპანეთი, ესტონეთი, იტალია, ლატვია, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, უნგრეთი, ფინეთი, ჩეხეთი, ისლანდია, ლიხტენშტაინი, ნორვეგია, შვედეთი, შვეიცარია, ბულგარეთი, ხორვატია, კვიპროსი და რუმინეთი.

    ნებისმიერი ასეთი ვიზიტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 90 დღეს ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში.

    საქართველოს მოქალაქეები ვალდებულნი არიან, დაიცვან: ადგილსამყოფელ ქვეყანაში შესვლის წესები; უვიზო მიმოსვლით დადგენილი 90 დღიანი ვადით სარგებლობის პირობები; ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობა (საავტომობილო მოძრაობის წესები, საზოგადოებრივი წესრიგი და ა.შ.).

    90 დღიანი ყოფნის ვადის გადაცილების შემთხვევაში, ევროკავშირის/შენგენის ქვეყნის ტერიტორიაზე ყოფნა ჩაითვლება არალეგალურად. ასეთი პირი შესაძლოა გაძევებულ იქნას ქვეყნიდან და აეკრძალოს ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა ხუთ წლამდე ვადით. ამასთან ერთად, შესაძლოა, დაეკისროს ჯარიმა 3.000 ევრომდე ოდენობით.

    ნებადართული ყოფნის პერიოდში სხვა სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეს დაეკისრება შესაბამისი პასუხისმგებლობა ადგილსამყოფელი ქვეყნის კანონმდებლობის თანახმად, რის შემდეგაც გაძევებულ იქნება ქვეყნიდან და შესაძლოა აეკრძალოს ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა ხუთ წლამდე ვადით.

    უვიზოდ გამგზავრება შესაძლებელია შემდეგი მიზნებით: ტურისტული მოგზაურობა; ოჯახის წევრების/ნათესავების/ახლობლების მონახულება; საქმიანი შეხვედრების, მოლაპარაკებების გამართვა; საერთაშორისო სემინარებში, კონფერენციებში, სიმპოზიუმებსა და გამოფენებში მონაწილეობა; მოკლევადიანი სასწავლო კურსებსა და ტრენინგებში, გაცვლით სასწავლო/სტაჟირების პროგრამებში მონაწილეობა; სამედიცინო სერვისებით სარგებლობა – მოკლევადიანი სამკურნალო კურსი/ოპერაცია“, – აცხადებენ საგარეო უწყებაში.

    პანდემიის პირობებში დაწესებულია დამატებითი შეზღუდვები, რის შესახებაც დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

     
  • ფრანგული მედია: „შეიარაღებული უპილოტო საფრენი აპარატები თურქეთის სიძლიერეზე მიუთითებს“

    ფრანგული გაზეთი "ლიბერასიონი", თურქეთის მიერ ეროვნული შესაძლებლობებით წარმოებულ შეიარაღებულ უპილოტო  საფრენ აპარატებთან (SİHA) დაკავშირები წერს და აღნიშნავს, რომ ეს იარაღი თურქეთის სიძლიერეზე მიუთითებს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "TRT-ქართული" ავრცელებს.

    გაზეთის მიერ ამ საკითთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ “Bayraktar/ბაირაქტარ TB2“ ტიპის შეიარაღებული უპილოტო საფრენი აპარატები საიმედოა და თურქეთის შეიარაღებული ძალების მიერ ინტენსიურად გამოიყენება. ამავე ინფორმაციით, თურქულმა SİHA-ებმა, ანკარის საგარეო პოლიტიკაზეც დიდი გავლენა მოახდინა.

    გაზეთი იმაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ თურქულ SİHA-ებს ჰაერში 27 საათის განმავლობაში შეუძლია ფრენა და ამერიკულ შეიარაღებულ უპილოტო საფრენა აპარატებთან შედარებით მისი წარმოება უფრო იაფი ჯდება. "ლიბერასიონი" იმასაც აღნიშნავს, რომ თურქეთი ბოლო დროს ხსენებულ იარაღს, სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაცია PKK-ს წინააღმდეგ ინტენსიურად იყენებს რა, ამან ტერორისტებს სერიოზული მარცხი აწვნია.

  • თურქეთიდან ჩინეთისკენ მიმავალი მეორე საექსპორტო მატარებელი ყარსიდან საქართველოსკენ გააცილეს

    სატვირთო საექსპორტო მეორე მატარებელი, რომელიც თურქეთიდან კერძოდ კი, თექირდაღის ჩერქეზქოიდან დაიძრა და  საქართველოს გავლით ჩინეთში უნდა ჩავიდეს, ყარსიდან საქართველოს მიმართულებით უკვე გააცილეს. მეორე საექსპორტო მატარებელიც პირველის მსგავსად 42 კონტეინერისგან შედგება. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "TRT-ქართული" ავრცელებს.

    სატვირთო მატარებელი საქართველო-აზერბაიჯანი-კასპიის ზღვის და ყაზახეთის გავლით ჩინეთის ქალაქ სიანში ჩავა.

    ხსენებული მატარებელი ჩინეთში ჩასვლამდე გაივლის 2 კონტინენტს, 2 ზღვას, 5 ქვეყანას და 12 დღეში დანიშნულების ადგილას ჩააღწევს.

    მარშრუტის საერთო სიგრძეა 8693 კმ (2 კონტინენტი, 2 ზღვა და ხუთი ქვეყანა): თურქეთში 2,323 კმ, საქართველოში 220 კმ, აზერბაიჯანში 430 კმ, კასპიის ზღვიდან 420 კმ, ყაზახეთში 3200 კმ და 2100 კმ - ჩინეთში.

    ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო მარშრუტი, რომელიც საქართველოზეც გადის, წარმოადგენს ევროპასა და აზიას დამაკავშირებელი დერეფნის ლოგისტიკურ ნაწილს. რკინიგზის ხაზი საცდელ რეჟიმში მუშაობს 2017 წლიდან. პირველი ასეთი სატვირთო მატარებელი სტამბოლიდან 4 დეკემბერს გაემგზავრა, ხოლო საქართველოში 8 დეკემბერს შემოვიდა.

    შეგახსენებთ, რომ ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, ვინაიდან მანამდე საქონელი ჩინეთიდან ევროპაში სატრანსპორტო დერეფნით იგზავნებოდა.

  • თურქეთმა კოვიდ-19-ის ვაქცინის ფაზა 1-ის კვლევები დაასრულა

    მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის თურქეთშიც,  ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) ეპიდემიის წინააღმდეგ ვაქცინაციის კვლევები გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "TRT-ქართული" ავრცელებს.

    სწორედ ამის ფარგლებში, თურქეთმა კოვიდ-19-ის ვაქცინის  ფაზა 1-ის კვლევები დაასრულა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია, კაისერის ერჯიესის უნივერსიტეტის (ERÜ) რექტორმა პროფ. დოქტორმა მუსტაფა ჩალიშმა სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა.

    მან ასევე განაცხადა, რომ  კვლევებს სერიოზული გვერდითი მოვლენები არ გამოუვლენია და თუ ყველაფერი კარგად წარიმართა, ამ თვის ბოლოს ფაზა-2-ზე გადასვლას აპირებენ.

     

     

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური