საქართველოში Henkel-ის ახალი ქარხანა გაიხსნა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ოთხშაბათი, 14 სექტემბერი 2016 15:38

საქართველოში მსოფლიოში ცნობილი გერმანული კომპანია Henkel-ის, კავკასიაში პირველი, წებოვანი, მშრალი ნარევი მასალების მწარმოებელი ქარხანა გაიხსნა.

კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ საქართველოში ბიზნესისთვის ძალიან მიმზიდველი პირობებია, - ასე შეაფასა რეგიონული მნიშვნელობის ქარხნის გახსნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, რომელმაც დღეს ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

მთავრობის მეთაურმა, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან ცოტა ხნის წინ გამართული შეხვედრა გაიხსენა, რომელზეც საქართველოში გერმანული ბიზნესისთვის განსაკუთრებული პირობების შექმნის მიმართულებით, განსაკუთრებული ძალისხმევის მიმართვაზე ისაუბრეს.

„ეს იქნება კიდევ ერთი პროდუქტი - Made in Georgia, რომელიც გერმანიის და საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის ნათელი მაგალითი იქნება. ორი წლის წინ, დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე შევხვდით Henkel-ის ტოპმენეჯმენტის წარმომადგენლებს და მაშინ იყო საუბარი ამ პროექტის დაწყებაზე საქართველოში. ჩვენ გვაქვს მომავალი ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს ინფრასტრუქტურული მოდერნიზაციის ძალიან ამბიციური გეგმები. ამ კუთხით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება სამშენებლო სექტორის განვითარება და ვფიქრობ, ამ ქარხნის გახსნა დროში ზუსტად ემთხვევა იმ ათვლის წერტილს, როდესაც ჩვენ ვიწყებთ განსაკუთრებული სისწრაფით წინსვლას ამ მიმართულებით", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილმა Henkel-ის წარმომადგენლებს, ახალი ქარხნის გახსნასთან ერთად, კომპანიის 140 წლის და მისი წამყვანი ბრენდის, Ceresit-ის 110 წლის იუბილეც მიულოცა, ხოლო კომპანიის წარმომადგენლებსა და ქარხანაში დასაქმებულ ადამიანებს წარმატებები უსურვა.

პრემიერ-მინისტრმა ასევე მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახადა, განსაკუთრებით კი ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორ გიორგი პერტაიას.
„ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ საქართველოსა და გერმანიას შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას და ეს კომპანია არის კიდევ ერთი ძალიან ნათელი მაგალითი იმისა, რომ საქართველოში არის მიმზიდველი საინვესტიციო გარემო. ძალიან მოხარულები ვართ, რომ მსოფლიოში ცნობილმა ბრენდმა, Henkel-მა, რეგიონული წარმოებისთვის საქართველო აირჩია.

მნიშვნელოვანია, რომ ეს ქარხანა, როგორც პირდაპირ, ასევე არაპირდაპირ, ბევრ ადამიანს დაასაქმებს და რაც ყველაზე მთავარია, ეს არის უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქარხანა და ის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ტექნიკური მიმართულებით განათლების კუთხითაც", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

პროექტის განხორციელების პროცესში გაწეული მხარდაჭერისთვის საქართველოს პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა Henkel-ის სამშენებლო მასალების დირექტორმა ზდენეკ ბრიჩმა.

„მინდა, მადლიერებით აღვნიშნო აქ არსებული მიმზიდველი საინვესტიციო გარემო, რომელიც მხარდაჭერილია საქართველოს მთავრობის მიერ. ჩვენ გვჯერა საქართველოსი და ჩვენი საერთო წარმატებული მომავლის. მწამს, ჩვენ და თქვენ ერთად ვიამაყებთ, რომ მოწინავე ტექნოლოგიის გამოყენებით შექმნილი პროდუქტი საქართველოში დამზადდება. ამიტომ, ვულოცავ ჩვენ თავსა და თქვენ - საქართველოს მოქალაქეებს, ჩვენს მომხმარებლებს. განსაკუთრებული მადლიერება მინდა გამოვხატო მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის მიმართ, მისი სტუმრობისა და მხარდაჭერისათვის",- განაცხადა ზდენეკ ბრიჩმა.

Henkel-ის ქარხანა, Ceresit-ის ბრენდით, აწარმოებს 40-ზე მეტ ცემენტზე დაფუძნებულ პროდუქტს კრამიტის სახურავისთვის, ჰიდროიზოლაციისთვის, იატაკის დაგებისთვის და გარე თერმოიზოლაციისთვის, რომელიც გათვლილია, როგორც საქართველოს, ისე - სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ბაზარზე.

წაკითხულია 1128 ჯერ

Related items

  • საქართველოში მეხსიერების ჩემპიონატი 2019 ჩატარდა

    პირველ დეკემბერს საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში საქართველოს მეხსიერებითი სპორტის ფედერაციის, მეხსიერების აკადემიისა და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ორგანიზებით, ინოვაციური გონებრივი შეჯიბრი - მეხსიერების ჩემპიონატი ჩატარდა.

    ინტელექტუალური შეჯიბრი ახალგაზრდული ცენტრების ასოციაციისა და წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის საქველმოქმედო ფონდის მხარდაჭერით გაიმართა.
    გამარჯვებულები კატეგორიებისა და საერთო შედეგების მიხედვით გამოვლინდნენ. საპრიზო ადგილებზე გასული მონაწილეები დაჯილდოვდნენ მედლებით, სერტიფიკატებითა და ფასიანი საჩუქრებით.
    მეხსიერების ჩემპიონატის გამარჯვებული საერთო შედეგების გათვალისწიებით გახდა მე-11 კლასის მოსწავლე სერაფიმე მეტრეველი, რომელმაც 201 ქულა დააგროვა.

    მეხსიერების ჩემპიონატი წარმოადგენს მსოფლიოში ფართოდ გავრცელებულ შეჯიბრს, რომელშიც მონაწილეები ერთმანეთს ეჯიბრებიან ციფრების, სიტყვების, ადამიანების სახელებისა და სახეების, გეომეტრიული ფიგურებისა და თარიღების დამახსოვრებაში.

    მეხსიერების ჩემპიონატის ფარგლებში დამყარდა ეროვნული რეკორდი ტელეფონის ნომრების ზეპირად დასახელებაში. გივი კაველიძემ 3 წუთში 23 ნომრის დასახელება შეძლო. 2-გზის მსოფლიო რეკორდსმენმა, ვაკო მარჩილაშვილმა კი მასტერკლასი ჩაატარა რუბიკის კუბის ბრმად (დამახსოვრებით) აწყობაში.

    აღსანიშნავია, რომ მეხსიერების ჩემპიონატი 1991 წლიდან იღებს სათავეს და ამჟამად უკვე 50-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული - ყოველწლიურად იმართება ეროვნული, კონტინენტური, საერთაშორისო და მსოფლიო ჩემპიონატები.მეხსიერების ჩემპიონატი საქართველოში წელს მეორედ ჩატარდა.

  • საქართველო და იაპონია განათლების სფეროში მჭიდროდ ითანამშრომლებენ

    საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, რომელიც ოფიციალური ვიზიტით იაპონიაში იმყოფება, იაპონიის საერთაშორისო კოოპერაციის სააგენტოს ხელმძღვანელობას (JICA) შეხვდა, სადაც მხარეებმა განათლების სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

    მიხეილ ჩხენკელმა იაპონურ მხარეს მადლობა გადაუხადა მასპინძლობისთვის და საქართველოს განთლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები გააცნო. მან ხაზი გაუსვა, რომ განათლება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია და მთლიანი შიდა პროდუქტის 6 პროცენტი სწორედ განათლების სისტემას მოხმარდება.

    ორმხრივ შეხვედრაზე მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის მთავარი გამოწვევა და პრიორიტეტი პროფესიული განათლებაა. ამასთანავე, ზოგადი განათლების მიმართულებით უზარმაზარი როლი ენიჭება მასწავლებლის პროფესიას, მისი პრესტიჟის ამაღლებას და მათ პროფესიულ განვითარებას, რაც ასევე განათლების რეფორმის პრიორიტეტია.

    შეხვედრაზე მიხეილ ჩხენკელმა ხაზი გაუსვა, რომ განათლების სისტემის დახვეწის პროცესში ქართული მხარისთვის იაპონელი ექსპერტების ჩართულობა მეტად მნიშვნელოვანია. ამ მიზნით, თანამშრომლობის გასაღრმავებლად, ქართული ენის შესწავლის მიზნით, მიხეილ ჩხენკელმა იაპონურ მხარეს იაპონიაში ქართული ცენტრების დაარსება შესთავაზა. იაპონური ენის სწავლებისათვის კი, განიხილეს ინიციატივა საქართველოში მოხალისე მასწავლებლების ჩამოსვლის თაობაზე.

    იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს წარმომადგენლებთან მინისტრმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მნიშვნელობაზეც ისაუბრა, რომელიც მომავალ წელს ფუნქციონირებას დაიწყებს. ამ მიმართულებით, მიხეილ ჩხენკელმა მასპინძელ მხარეს იაპონიის წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორების ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აკადემიურ და სამეცნიერო საქმიანობაში ჩართვა შესთავაზა.

    იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს ხელმძღვანელობამ (JICA) რომელიც საქართველოსთან განათლების სფეროში თანამშრომლობით დაინტერესებულია, შეხვედრის დასასრულს მზაობა გამოთქვა აქტიურ თანამშრომლობაზე როგორც სტუდენტების, ასევე პროფესორების გაცვლითი პროგრამების მიმართულებებით.

  • საქართველოსა და თურქმენეთს შორის საკონსულო კონსულტაციები გაიმართა

    1 ნოემბერს თბილისში საქართველოსა და თურქმენეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების დელეგაციებს შორის საკონსულო კონსულტაციები პირველად გაიმართა. ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობდა საკონსულო დეპარტამენტის დირექტორი, გიორგი ტაბატაძე, ხოლო თურქმენეთის დელეგაციას, საკონსულო დეპარტამენტის დირექტორი, ანამურატ ალტიევი.

    შეხვედრის ფარგლებში განიხილეს საქართველოსა და თურქმენეთს შორის საკონსულო სფეროში მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები და მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობის საკითხები ორი ქვეყნის სამართალდამცავ და იუსტიციის ორგანოებს შორის. განსაკუთრებული მნიშვნელობით აღინიშნა თანამშრომლობა მიგრაციულ საკითხებში, ასევე სამართლებრივი დახმარების აღმოჩენა სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებში.

    მხარეებმა გაცვალეს ინფორმაცია მოქალაქეობის მიღებისა და მოქალაქეობიდან გასვლის პროცედურებთან დაკავშირებით.

    განხილული იქნა, სატვირთო ავტოტრანსპორტის მძღოლებისთვის,  საქართველოს რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის თანამშრომელთათვის, ასევე ქართული ბიზნესის წარმომადგენელთათვის თურქმენეთის ვიზების მიღების პროცედურების გამარტივების საკითხი.

    საკონსულო კონსულტაციების დასრულების შემდეგ გაფორმდა ოქმი. მხარეები შეთანხმდნენ, ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, ორ ქვეყანას შორის საკონსულო სფეროში ყოველწლიური შეხვედრების გამართვაზე. 

  • გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

    გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქტიურად ვხვდებოდით, განვიხილავდით ყველა მწვავე საკითხს, არ არსებობდა დახურული თემები და შესაბამისად, ეს პირველ რიგში, ხელს უწყობდა ჩვენი ეკონომიკის განვითარებას, - ამ სიტყვებით დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა.

    მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ეკონომიკური ზრდის და დასაქმების თვალსაზრისით ბიზნესის როლს და აღნიშნა, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია არსებობდეს სწრაფი ეფექტური კომუნიკაცია, იმისათვის, რომ სწრაფად მოხდეს რეაგირება არსებულ გამოწვევებზე.

    „ჩვენი ქვეყნისთვის ეკონომიკური ზრდა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, სხვადასხვა სფეროში, სხვადასხვა დარგში. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ბიზნესი არის ეკონომიკური ზრდის ძირითადი მამოძრავებელი ძალა და ამავდროულად, ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა, რომელიც ქმნის სამუშაო ადგილებს. ამის გათვალისწინებით, ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია გვქონდეს ძალზე სწრაფი, ეფექტიანი კომუნიკაცია, სადაც შევძლებთ, ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რომელსაც დღეს ყველამ ერთად უნდა გავცეთ პასუხი, რადგან გვესმის, რომ ეკონომიკური ზრდის ნაწილში ჯერ კიდევ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი. გამოწვევა ბევრია, გვესმის, რომ სიღარიბის დონე საკმაოდ მაღალია. გვესმის, რომ ქართულ ბიზნესს სჭირდება მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან, რათა გვქონდეს ძლიერ ქართული ბიზნესი, გვყავდეს რაც შეიძლება მეტი ძლიერი ქართული კომპანია, რამეთუ შემდეგ სახელმწიფომ შეძლოს მართლზომიერად, ნელ-ნელა ბიზნესსაც გაახსენოს, რა არის სოციალური პასუხისმგებლობა", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

    პრემიერ-მინისტრის თქმით, დღევანდელი შეხვედრის მიზანია, რომ გამოიკვეთოს პრობლემები და მოინახოს გადაჭრის გზები. მთავრობის მეთაურის განცხადებით, ყველა ის საკითხი რომელიც მოკლევადიან გადაწყვეტას მოითხოვს, მთავრობის მხრიდან ეფექტურად გადაიჭრება.

    „ჩვენ ასევე ძალიან კარგად გვესმის, რომ ასევე ბიზნესის მხრებზეა ქვეყანაში საშუალო ფენის შექმნაში ძირითადი როლი და ფუნქცია. აქ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას აქვს თავისი კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფუნქცია. ჩვენი დღევანდელი შეხვედრის მიზანია, რომ იქ, სადაც არსებობდა გადაწყვეტილების სწრაფად მიღების და პრობლემების გადაჭრის კომუნიკაციები, წარვადგინოთ. იქ, სადაც არ არსებობდა, შევქმნათ ახალი. ჩემი მხრიდან შემიძლია დაგარწმუნოთ იმაში, რომ ყველა ის საკითხი, რომელიც მოკლე ვადიან, სწრაფ და ეფექტიან რეჟიმში არის გადაწყვეტადი მთავრობის მხრიდან, იქნება გადაწყვეტილი. იქ, სადაც სისტემური პრობლემებია, რა თქმა უნდა, თქვენი ჩართულობით, ერთობლივად უნდა მივაღწიოთ შედეგს. აბსოლუტური პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მიმდინარე პერიოდში ყველა გადაწყვეტილება, საკანონმდებლო ან სისტემური ცვლილება რომელიც იქნება მიღებული, იქნება თქვენი სრული ჩართულობით, ოღონდ მოლოდინებიც უნდა იყოს ადეკვატური და ობიექტური. იქ, სადაც მთავრობას მოუწევს „არას" თქმა, ეს „არა" უნდა იყოს ადეკვატურად მიღებული. ჩვენი ყველას დიდი პასუხისმგებლობა და ვალდებულებაა, რომ პასუხი იყოს სწრაფი და არ დავხარჯოთ ამაზე ბევრი დრო. იმიტომ, რომ ხშირ შემთხვევაში „არაც" პასუხია. ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ხშირ შემთხვევაში „არას" ყველაზე დიდ ხანს ელოდება ხოლმე ბიზნესი და კომპანია. თქვენ პრაგმატული ხალხი ხართ, აფასებთ დროს. ჩვენც საკმაოდ პრაგმატულად ვაფასებთ დროს, როგორც ყველაზე მნიშვნელოვან რესურსს", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

  • საქართველოსა და პარაგვაის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს უვიზო მიმოსვლის შეთანხმებას

    საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და პარაგვაის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო რივას პალასიოსმა გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში გამართული შეხვედრისას ხელი მოაწერეს შეთანხმებას საქართველოსა და პარაგვაის ორდინალური პასპორტების მქონე მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შესახებ.

    როგორც მინისტრებმა აღნიშნეს შეთანხმება ხელს შეუწყობს როგორც ხალხთაშორისი კონტაქტების, ასევე ტურიზმისა და ბიზნესის განვითარებას.  მინისტრებმა დადებითად შეაფასეს საქართველო-პარაგვაის ორმხრივი ურთიერთობები და ასევე ქვეყნების თანამშრომლობა მრავალმხრივ ფორმატებში. გამოითქვა დაინტერესება,  კიდევ უფრო გაძლიერდეს სავაჭრო-ეკონომიკური კონტაქტები და სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობა იმ დიდი პოტენციალის გათვალისწინებით, რაც ორივე ქვეყანას გააჩნია ამ მიმართულებით.

    მინისტრებმა გამოხატეს მზადყოფნა ხელი შეუწყონ ქვეყნებს შორის მაღალი დონის ვიზიტების გაცვლას და ყველა მიმართულებით კომუნიკაციის გააქტიურებას.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური