აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 09 სექტემბერი 2016 12:12

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი ორპარტიული რეზოლუცია (H.Res. 660)  აბსოლუტური უმრავლესობით მიიღო. სახელობითი კენჭისყრის შედეგად რეზოლუციას წარმომადგენელთა პალატის 410-მა წევრმა დაუჭირა მხარი. 

საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეების ტედ პოსა (რ-ტეხასი) და ჯერალდ კონოლის (დ-ვირჯინია) მიერ აშშ-ის კონგრესში წარდგენილმა რეზოლუციამ განხილვის ყველა ეტაპზე ცალსახა ორპარტიული მხარდაჭერა მიიღო. საბოლოო კენჭისყრაზე რეზოლუცია წარადგინა 31-მა თანასპონსორმა (კონგრესმენმა), როგორც დემოკრატიული, ასევე რესპუბლიკური პარტიიდან.

რეზოლუცია აშშ-ის კონგრესის მიერ საქართველოსადმი და მისი ტერიტორიული მთლიანობისადმი მრავალი წლის განმავლობაში გაწეული თანადგომის უმნიშვნელოვანესი გამოხატულებაა, რომელიც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოსადმი აშშ-ის პოლიტიკური მხარდაჭერის მაღალ დონეს.

რეზოლუცია მოუწოდებს აშშ-ს მთავრობას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შეუქცევადი მხარდაჭერისაკენ და არაღიარების იმგვარი პოლიტიკის გატარებისაკენ, რომლის მსგავსიც თავის დროზე  წარმატებით განხორციელდა ბალტიის ქვეყნების - ესტონეთის, ლატვიისა და ლიტვის შემთხვევაში.
რეზოლუციის თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატები, ნებისმიერი გარემოების მიუხედავად, არ ცნობს რუსეთის დე-იურე და დე-ფაქტო კონტროლს საქართველოს შემადგენელ რომელიმე ნაწილზე, მის საჰაერო სივრცესა და ტერიტორიულ წყლებზე, მათ შორის, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე/სამხრეთ ოსეთზე.

რეზოლუცია გმობს რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებულ სამხედრო ინტერვენციასა და მისი ტერიტორიებს ოკუპაციას; ასევე საოკუპაციო ხაზის გასწვრივ რუსეთის უკანონო ქმედებებს. მოუწოდებს რუსეთს, რომ უკან გაიწვიოს საქართველოს ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარება და უარი თქვას მის მიერ წარმოებულ ქმედებებსა და პოლიტიკაზე, რომლებიც ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. რეზოლუცია ასევე მოუწოდებს რუსეთს, რომ გადადგას ნაბიჯები ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე საქართველოსა და რუსეთს შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ხელმოწერილი შეთანხმების ყველა პირობის შესასრულებლად. რეზოლუცია ხაზს უსვამს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების ფარგლებში ძირითად საკითხებზე პროგრესის მიღწევის საჭიროებას.

რეზოლუცია მოუწოდებს აშშ-ის ადმინისტრაციას, რომ გააღრმავოს საქართველოსთან თანამშრომლობა საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ყველა სფეროში, მათ შორის საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. იგი ასევე მოუწოდებს აშშ-ის ადმინისტრაციას გააძლიეროს საქართველოს უსაფრთხოება ერთობლივი სამხედრო წვრთნებისა და საქართველოსთვის თავდაცვითი შეიარაღების მიწოდების გზით. აღნიშნული ნაბიჯები ხელს შეუწყობს საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის გაძლიერებას. რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ თავისუფალი, დემოკრატიული და სუვერენული საქართველო აშშ-ის გრძელვადიან ინტერესშია, რადგან იგი ხელს უწყობს რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას.

წაკითხულია 482 ჯერ

Related items

  • საქართველოში აშშ-ის საელჩო კელი დეგნანს ფიცის დადებას ულოცავს

    საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში აშშ-ის ახალ ელჩს, კელი დეგნანს ფიცის დადებას ულოცავს.

    „ვულოცავთ ელჩ კელი დეგნანს ფიცის დადებას! მოუთმენლად ველით საქართველოში მის ჩამოსვლას“, – აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს გვერდზე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“.

    საქართველოში აშშ-ის ახალმა ელჩმა, კელი დეგნანმა ფიცი დადო. ფიცის დადების ცერემონია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გაიმართა. ცერემონიას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე დევიდ ჰეილი დაესწრო.

    თეთრმა სახლმა საქართველოში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე კელი დეგნანი სექტემბერში წარადგინა, სენატმა კი, დეკემბერში დაამტკიცა.

  • გამოცხადდა კონკურსი აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნებში სწავლის დასაფინანსებლად

    საერთაშორისო პროგრამის „სწავლა საზღვარგარეთ“ ფარგლებში გამოცხადდა საგრანტო კონკურსი, რომელშიც მონაწილეობა შეუძლიათ მიიღონ ქართველმა ახალგაზრდებმა. კერძოდ, კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ პირებს, რომლებიც ბოლო სამი წელია რეგისტრირებულნი არიან აჭარის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე და ზოგადი ან უმაღლესი განათლების დოკუმენტი მიღებული აქვთ აჭარის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგად და უმაღლეს სასწავლებლებში.

    საგრანტო  კონკურსში   მონაწილეობის  უფლება  აქვს:

    • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე ბოლო სამი წლის მანძილზე რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეს ან მოქალაქეს, რომელსაც სრული ზოგადი/უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი მიღებული აქვს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე განთავსებულ ზოგადსაგანმანათლებლო/უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში; 
    • პირს,  რომელიც  ჩარიცხულია/ჩაირიცხება ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ამერიკის შეერთებული შტატების, კანადის, ავსტრალიის, იაპონიის, შვეიცარიისა და ნორვეგიის 
      • მეორე საფეხურის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე
      • მესამე საფეხურის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე
      • პოსტ საბაკალავრო/პოსტ სამაგისტრო სახელოვნებო პროგრამაზე 

    2020 წელს კონკურსის წესით შერჩეული აპლიკანტები მიიღებენ 15 000 ლარს გრანტის სახით  ერთი სემესტრის ხარჯის გაწევის მიზნით. ერთ სტუდენტს შესაბამის სამაგისტრო ან სადოქტორო საფეხურზე შეიძლება დაუფინანსდეს არაუმეტეს 6 სემესტრი.

    განმცხადებელს შეიძლება აუნაზღაურდეს შემდეგი ტიპის ხარჯები:

    • სწავლის საფასური
    • ცხოვრების ხარჯი (ბინა, კომუნალური, კვება)
    • ტრანსპორტი
    • სამედიცინო დაზღვევა
    • უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სილაბუსით განსაზღვრული სასწავლო რესურსების შეძენა
    • ვიზის და ვიზასთან დაკავშირებული ხარჯები
    • სხვა ხარჯები, რომლის მიზნობრიობაზე გადაწყვეტილებას იღებს სამინისტრო

    გამარჯვებულ სტუდენტს აუნაზღაურდება მხოლოდ ის ხარჯები, რომელთა დაკავშირებით წარმოდგენილი დოკუმენტაცია იძლევა ხარჯების გამწევი პირის იდენტიფიცირების  საშუალებას. 2020 წელს გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაგეგმილია 15 სტუდენტის დაფინანსება.

    პროგრამის ანგარიში

    სწავლა საზღვარგარეთ  პროგრამის  დასაფინანსებლად 2014 წლიდან დღემდე სულ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან გამოიყო  2 637 500 ლარი. 2020 წელს პროგრამის ბიუჯეტი  800 000 ლარია. 

    სწავლა საზღვარგარეთ პროგრამის ფარგლებში 2014 წლიდან დღემდე დაფინანსდა 60 სტუდენტი. ამათგან, 35 სტუნდენტი უკვე კურსდამთავრებულია, ხოლო 25 სტუდნეტს 2020 წელს პროგრამით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში,  გაუგრძელდება დაფინანსება. 

    სამინისტროში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

    განცხადება   (ელექტრონული აპლიკაციის ნაწილია)

    ელექტრონული აპლიკაციის ფორმა

    ბრძანება/დებულება

    პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება იწარმოებს 2020 წლის 20 იანვრიდან 27 მარტის ჩათვლით.

    დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

    მისამართი: ქ. ბათუმი, ლ. გუდიაშვილის ქუჩა №4.

    ტელ:  577 12 65 05, JLIB_HTML_CLOAKING - ლიკა გოგიტიძე

     

  • საქართველოში მეხსიერების ჩემპიონატი 2019 ჩატარდა

    პირველ დეკემბერს საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში საქართველოს მეხსიერებითი სპორტის ფედერაციის, მეხსიერების აკადემიისა და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ორგანიზებით, ინოვაციური გონებრივი შეჯიბრი - მეხსიერების ჩემპიონატი ჩატარდა.

    ინტელექტუალური შეჯიბრი ახალგაზრდული ცენტრების ასოციაციისა და წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის საქველმოქმედო ფონდის მხარდაჭერით გაიმართა.
    გამარჯვებულები კატეგორიებისა და საერთო შედეგების მიხედვით გამოვლინდნენ. საპრიზო ადგილებზე გასული მონაწილეები დაჯილდოვდნენ მედლებით, სერტიფიკატებითა და ფასიანი საჩუქრებით.
    მეხსიერების ჩემპიონატის გამარჯვებული საერთო შედეგების გათვალისწიებით გახდა მე-11 კლასის მოსწავლე სერაფიმე მეტრეველი, რომელმაც 201 ქულა დააგროვა.

    მეხსიერების ჩემპიონატი წარმოადგენს მსოფლიოში ფართოდ გავრცელებულ შეჯიბრს, რომელშიც მონაწილეები ერთმანეთს ეჯიბრებიან ციფრების, სიტყვების, ადამიანების სახელებისა და სახეების, გეომეტრიული ფიგურებისა და თარიღების დამახსოვრებაში.

    მეხსიერების ჩემპიონატის ფარგლებში დამყარდა ეროვნული რეკორდი ტელეფონის ნომრების ზეპირად დასახელებაში. გივი კაველიძემ 3 წუთში 23 ნომრის დასახელება შეძლო. 2-გზის მსოფლიო რეკორდსმენმა, ვაკო მარჩილაშვილმა კი მასტერკლასი ჩაატარა რუბიკის კუბის ბრმად (დამახსოვრებით) აწყობაში.

    აღსანიშნავია, რომ მეხსიერების ჩემპიონატი 1991 წლიდან იღებს სათავეს და ამჟამად უკვე 50-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული - ყოველწლიურად იმართება ეროვნული, კონტინენტური, საერთაშორისო და მსოფლიო ჩემპიონატები.მეხსიერების ჩემპიონატი საქართველოში წელს მეორედ ჩატარდა.

  • საქართველო და იაპონია განათლების სფეროში მჭიდროდ ითანამშრომლებენ

    საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, რომელიც ოფიციალური ვიზიტით იაპონიაში იმყოფება, იაპონიის საერთაშორისო კოოპერაციის სააგენტოს ხელმძღვანელობას (JICA) შეხვდა, სადაც მხარეებმა განათლების სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

    მიხეილ ჩხენკელმა იაპონურ მხარეს მადლობა გადაუხადა მასპინძლობისთვის და საქართველოს განთლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები გააცნო. მან ხაზი გაუსვა, რომ განათლება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია და მთლიანი შიდა პროდუქტის 6 პროცენტი სწორედ განათლების სისტემას მოხმარდება.

    ორმხრივ შეხვედრაზე მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის მთავარი გამოწვევა და პრიორიტეტი პროფესიული განათლებაა. ამასთანავე, ზოგადი განათლების მიმართულებით უზარმაზარი როლი ენიჭება მასწავლებლის პროფესიას, მისი პრესტიჟის ამაღლებას და მათ პროფესიულ განვითარებას, რაც ასევე განათლების რეფორმის პრიორიტეტია.

    შეხვედრაზე მიხეილ ჩხენკელმა ხაზი გაუსვა, რომ განათლების სისტემის დახვეწის პროცესში ქართული მხარისთვის იაპონელი ექსპერტების ჩართულობა მეტად მნიშვნელოვანია. ამ მიზნით, თანამშრომლობის გასაღრმავებლად, ქართული ენის შესწავლის მიზნით, მიხეილ ჩხენკელმა იაპონურ მხარეს იაპონიაში ქართული ცენტრების დაარსება შესთავაზა. იაპონური ენის სწავლებისათვის კი, განიხილეს ინიციატივა საქართველოში მოხალისე მასწავლებლების ჩამოსვლის თაობაზე.

    იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს წარმომადგენლებთან მინისტრმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მნიშვნელობაზეც ისაუბრა, რომელიც მომავალ წელს ფუნქციონირებას დაიწყებს. ამ მიმართულებით, მიხეილ ჩხენკელმა მასპინძელ მხარეს იაპონიის წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორების ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აკადემიურ და სამეცნიერო საქმიანობაში ჩართვა შესთავაზა.

    იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს ხელმძღვანელობამ (JICA) რომელიც საქართველოსთან განათლების სფეროში თანამშრომლობით დაინტერესებულია, შეხვედრის დასასრულს მზაობა გამოთქვა აქტიურ თანამშრომლობაზე როგორც სტუდენტების, ასევე პროფესორების გაცვლითი პროგრამების მიმართულებებით.

  • საქართველოსა და თურქმენეთს შორის საკონსულო კონსულტაციები გაიმართა

    1 ნოემბერს თბილისში საქართველოსა და თურქმენეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების დელეგაციებს შორის საკონსულო კონსულტაციები პირველად გაიმართა. ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობდა საკონსულო დეპარტამენტის დირექტორი, გიორგი ტაბატაძე, ხოლო თურქმენეთის დელეგაციას, საკონსულო დეპარტამენტის დირექტორი, ანამურატ ალტიევი.

    შეხვედრის ფარგლებში განიხილეს საქართველოსა და თურქმენეთს შორის საკონსულო სფეროში მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები და მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობის საკითხები ორი ქვეყნის სამართალდამცავ და იუსტიციის ორგანოებს შორის. განსაკუთრებული მნიშვნელობით აღინიშნა თანამშრომლობა მიგრაციულ საკითხებში, ასევე სამართლებრივი დახმარების აღმოჩენა სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებში.

    მხარეებმა გაცვალეს ინფორმაცია მოქალაქეობის მიღებისა და მოქალაქეობიდან გასვლის პროცედურებთან დაკავშირებით.

    განხილული იქნა, სატვირთო ავტოტრანსპორტის მძღოლებისთვის,  საქართველოს რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის თანამშრომელთათვის, ასევე ქართული ბიზნესის წარმომადგენელთათვის თურქმენეთის ვიზების მიღების პროცედურების გამარტივების საკითხი.

    საკონსულო კონსულტაციების დასრულების შემდეგ გაფორმდა ოქმი. მხარეები შეთანხმდნენ, ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, ორ ქვეყანას შორის საკონსულო სფეროში ყოველწლიური შეხვედრების გამართვაზე. 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური