ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ჟურნალისტებს ხანჯოუს G20-ის სამიტის შედეგები გააცნო
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ხუა ჩუნინმა ჟურნალისტებს ხანჯოუს G20-ის სამიტის შედეგები გააცნო. ამის შესახებ სააგენტო "სინხუა" იტყობინება.
ხუა ჩუნინის თქმით, ხანჯოუს G20-ის სამიტმა საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება მიიპყრო. „ჩინეთის მხარის ძალისხმევით, სამიტის მონაწილეები აქტუალურ საკითხებზე მსჯელობდნენ. მათ განიხილეს გლობალური ეკონომიკის ზრდის საკითხები და ამასთან დაკავშირებით შეთანხმებასაც მიაღწიეს“, - აღნიშნა მან.
როგორც ხუა ჩუნინმა განაცხადა, ჩინეთის პრეზიდენტმა სი ცზინპინმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მსოფლიოს ლიდერებმა შეიმუშავეს მსოფლიო ეკონომიკის განვითარების გეგმა, ასევე განიხილეს მსოფლიო ეკონომიკის უსაფრთხოების საკითხები. გარდა ამისა მათ აღნიშნეს, რომ ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ მთელი მსოფლიო კმაყოფილი დარჩეს G20-ის სამიტის მუშაობის შედეგებით.
ჩინელი დიპლომატის სიტყვით, ხანჯოუს G20-ის სამიტზე მიიღეს მსოფლიოს ლიდერების კომუნიკე, რომელშიც განსაზღვრულია სამიტის წევრების მუშაობის ღონისძიებები, მიზნები და ამოცანები. სამიტის მონაწილეებმა ასევე დასახეს G20-ის განვითარების ინოვაციური გეგმა და სტრატეგია.
„ხანჯოუს G20-ის სამიტის მონაწილეებმა პირველად განიხილეს მდგრადი განვითარების გეგმა 2030 წლამდე პერიოდში, ასევე „პარიზის შეთანხმება“ კლიმატური ცვლილებების თაობაზე. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ „ხანჯოუს G20-ის სამიტი გახდება ახალი ათვლის წერტილი, რომელიც საშუალებას მისცემს მსოფლიო თანამეგობრობას განავითაროს სრულიად ახალი მიმართულებები“, - დასძინა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.