იენს სტოლტენბერგი და ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წევრები საქართველოს პარლამენტში

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 08 სექტემბერი 2016 12:18

საქართველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის და ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წევრების შეხვედრა გაიმართა. ორმხრივი შეხვედრის დასრულების შემდეგ, გაფართოებული ფორმატის შეხვედრა ნატოს გენერალურმა მდივანმა, სამადლობელი სიტყვებით გახსნა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს მასპინძლობისთვის და ნატო-საქართველოს პარტნიორობის მტკიცე პოზიციისთვის მადლობა მოახსენა.

„ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი საქართველოში ძალიან სერიოზული გზავნილია მსოფლიოსთვის, რომ ნატო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. იგი ასევე აგზავნის ინფორმაციას უწყვეტ და ძალიან მჭიდრო პარტნიორობაზე ნატო-სა და საქართველოს შორის. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში მომავალ თვეს გაიმართება საპარლამენტო არჩევნები, მინდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა, რათა მაღალი შეფასება მივცე ყველა პარლამენტარის საქმიანობას საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების თვალსაზრისით. ფუნდამენტური საარჩევნო რეფორმების გზაზე საქართველომ ძალიან შთამბეჭდავ პროგრესს მიაღწია. თქვენ გააძლიერეთ კანონის უზენაესობა და ასევე, აგრძელებთ რეფორმებს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში. რეფორმები ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი ხალხისთვის, რომ დაეხმაროს საქართველოს შეითვისოს ისეთი სტანდარტები, რომ ნატო-ს წევრობას მიაღწიოს. ჩვენ დაპირება გვაქვს გაჟღერებული, რომ დავეხმარებით საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებაში“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ღონისძიების მონაწილეებს დავით უსუფაშვილი მიესალმა და საქართველოს პარლამენტის სახელით მადლობა გადაუხადა საქართველოში ჩამობრძანებისთვის. მისი შეფასებით, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სტუმრობა ნათელი დემონსტრირებაა იმისა, რომ ნატოს და საქართველოს ერთმანეთისგან მხოლოდ საქართველოს ნატოში წევრობა აშორებს.

„ჩვენ ერთად ვმუშაობთ, ერთად ვიხილავთ ნატოს წევრი ქვეყნების მსოფლიოს უსაფრთხოების საკითხებს და საქართველოს აქვს შესაძლებლობა იყოს პრაქტიკულად სრულფასოვანი მონაწილე ნატოს საქმიანობის. ჩვენ ზუსტად ასე აღვიქვამთ თქვენ სტუმრობას საქართველოში და ამისთვის კიდევ ერთხელ მადლობას მოგახსენებთ. მადლობას მოვახსენებ ნატოს თითოეულ წევრ სახელმწიფოს, რომელიც დღეს წარმოდგენილია საქართველოში და მინდა კიდევ ერთხელ დაგარწმუნოთ, რომ საქართველო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ იყოს თანამონაწილე უსაფრთხოების, კეთილდღეობის და მშვიდობის დასამყარებლად ჩვენს კონტინენტზე და მთელ მსოფლიოში. საქართველოს პარლამენტს აქვს განსაკუთრებული მიზეზი იყოს ჩართული ამ პროცესებში, ვინაიდან ჩვენ გვაქვს პატივი მომავალ წელს მაისში საქართველოში ვუმასპინძლოთ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესიასაც. ეს იქნება ნატოს არაწევრ სახელმწიფოში ნატოს საპარლამენტო მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც იქნება გარკვეულწილად გაგრძელება ამ თანამშრომლობის. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა მოგახსენოთ სწორედ იმისთვის, რომ დღეს საქართველოში საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე ერთი თვით ადრე ჩამობრძანდით, ეს არის მნიშვნელოვანი ჩვენთვის, საქართველოს პოლიტიკური პარტიების უმრავლესობისთვის, ვისთვისაც კითხვა დგას არა ასე - კი თუ არა საქართველოს ნატოში ინტეგრაციას, არამედ საკითხი დგას ასე - რომელი გზა უფრო ახლოა და ეფექტური, რომ საქართველო გახდეს ნატოს სრულუფლებიანი წევრი. ჩვენი ეს საერთო პოზიცია, რომელიც ბატონ გენერალურ მდივანს მოვახსენეთ დღეს დილის შეხვედრაზე, გვინდა რომ იყოს სწორად და პირდაპირ გაგებული ქართული საზოგადოების მიერ. დიდი მადლობა ჩამობრძანებისთვის და ველი ნაყოფიერ მუშაობას დღეს მომდევნო სესიის განმავლობაში“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

საქართველოს პარლამენტში გამართულ გაფართოებულ შეხვედრას ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წევრები და პარლამენტის ბიუროს წევრები დაესწრნენ.

2008 წლიდან მოყოლებული ეს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მეოთხე ვიზიტია საქართველოში. მისი გამართვის შესახებ გადაწყვეტილება 2016 წლის 8-9 ივლისს, ვარშავის ნატოს სამიტზე იქნა მიღებული.

ჩრდილოატლანტიკური საბჭო ნატოს მთავარი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღები ორგანოა. საბჭოს თავმჯდომარეობს ნატოს გენერალური მდივანი. საბჭოს სხდომებზე ნატოს წევრი ქვეყნების მაღალი რანგის წარმომადგენლები იკრიბებიან.

ჩრდილოატლანტიკურ საბჭოზე პოლიტიკური და სამოქმედო საკითხები განიხილება, ხოლო გადაწყვეტილებები კონსესუსის საფუძველზე მიიღება, სადაც საბჭოს ყველა წევრი თანაბარი უფლებით სარგებლობს.

 

წაკითხულია 693 ჯერ

Related items

  • კახა კუჭავა: პარლამენტი არის ადგილი, საიდანაც პოლარიზაციის შემცირებაზე ზრუნვა უნდა დავიწყოთ

    „დარწმუნებული ვარ, პარლამენტი არის ადგილი, საიდანაც უნდა დავიწყოთ პოლარიზაციის შემცირებაზე ზრუნვა იმისათვის, რომ უწყებები კიდევ უფრო გამართულად ფუნქციონირებდნენ, რაც ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეზე აისახება“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მე-13 ყოველწლიური ასამბლეის პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.

    მისი შეფასებით, მთავრობებსა და პარლამენტებს შორის კავშირებთან ერთად, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების კიდევ ერთი - სამოქალაქო საზოგადოების და ხალხთაშორისი ურთიერთობების მიმართულება აქტიურია, რაც დადებითად აისახება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის სამუშაო პროცესზე.

    სიტყვით გამოსვლისას, კახა კუჭავამ ყურადღება დღეს არსებულ პოლარიზაციაზე გაამახვილა.

    მისი თქმით, პოლარიზაცია მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის და ეს ის საკითხია, რომელიც მსოფლიოს ბევრ სახელმწიფოს აღელვებს.

    „პოლარიზაციის შემცირება არ გახლავთ რომელიმე ერთი, კონკრეტული ჯგუფის საქმე - მას საერთო ძალისხმევით უნდა გავუმკლავდეთ. დარწმუნებული ვარ, ყველა ვთანხმდებით, რომ პოლიტიკური პოლარიზაცია აფერხებს ქვეყნის ნორმალურ ფუნქციონირებას. მით უმეტეს, რომ საქართველო ისედაც მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას, იქნება ეს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაცია, რომლის მძიმე შედეგებსაც ყოველდღიურად ვაწყდებით, თუ კოვიდ-19 პანდემია, რომელმაც მთელი მსოფლიო მნიშვნელოვნად დააზარალა“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

    კახა კუჭავამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტს შეუძლია, პოლარიზაციის შემცირებაში არსებითი როლის შეასრულოს.

    „საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკაა და შესაბამისად, პარლამენტი ქვეყნის მმართველობითი სისტემის და პოლიტიკური ცხოვრების ცენტრს წარმოადგენს. შედეგად, პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფს წარმოადგენენ, პარლამენტის წევრებს, საპარლამენტო სუბიექტებს შეუძლიათ აქტიურად გამოიყენონ საპარლამენტო ტრიბუნა, მათთვის მინიჭებული ახალი, ძლიერი და ეფექტიანი ინსტრუმენტებით აქტიურად ჩაერთონ თემატურ განხილვებში, კონსტრუქციულად წარმართონ საკანონმდებლო და საზედამხედველო პროცესი. დარწმუნებული ვარ, პარლამენტი არის ადგილი, საიდანაც უნდა დავიწყოთ პოლარიზაციის შემცირებაზე ზრუნვა იმისათვის, რომ უწყებები კიდევ უფრო გამართულად ფუნქციონირებდნენ, რაც ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეზე აისახება. სწორედ ეს იქნება ევროპული, პასუხისმგებლიანი პოლიტიკა და ამგვარი მიდგომა კიდევ უფრო განამტკიცებს ჩვენი საზოგადოების რწმენას ევროპული ინსტიტუტების და ღირებულებების მიმართ, კიდევ უფრო დააჩქარებს ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრიანებას“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

    პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მხოლოდ ერთობლივ ძალისხმევაშია წარმატების, გამარჯვების გასაღები და ამ წარმატების მიღწევაში, სამოქალაქო საზოგადოების როლი მნიშვნელოვანია.

    „ჩემი თხოვნაა, ერთად ვიშრომოთ ფაქტებზე, მტკიცებულებებზე დაფუძნებული, შინაარსიანი, კონსტრუქციული დისკუსიების კულტურის დამკვიდრებაში. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, გეტყვით, რომ პარლამენტი ღიაა თანამშრომლობისთვის. სიახლეს არ წარმოადგენს ის, რომ პოლარიზაცია და დაპირისპირება, ჩვენი ქვეყნის არაკეთილისმოსურნის საქმეს ემსახურება. დარწმუნებული ვარ, ეს არ არის არცერთი ჩვენგანის ინტერესი. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოგმართავთ, ერთად ვიფიქროთ, დავგეგმოთ, ვიშრომოთ პოლარიზაციის შემცირებისთვის და ამით ხელი შევუწყოთ ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალს“,- განაცხადა სიტყვით გამოსვლისას პარლამენტის თავმჯდომარემ.

  • საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას პრემიერ-მინისტრები ევროპარლამენტის პრეზიდენტს შეხვდნენ

    ასოცირებული ტრიოს პრემიერ-მინისტრები, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ევროპარლამენტის პრეზიდენტ დევიდ მარია სასოლის შეხვდნენ. აღინიშნა ევროპარლამენტის მხარდაჭერის როლი ასოცირებული ტრიოს ფორმატის ჩამოყალიბებაში, რისთვისაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროპარლამენტის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა.
    ევროპარლამენტის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევროპარლამენტი გააგრძელებს ასოცირებული ტრიოს ქვეყნების მხარდაჭერას ევროპული ინტეგრაციის გზაზე, დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების განხორციელების პროცესში, რაც ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციისთვის მნიშვნელოვანია.
    შეხვედრისას, ყურადღება გამახვილდა ქვეყნების საერთო მისწრაფებებსა და გამოწვევებზე, ტერიტორიების ოკუპაციასა და ჰიბრიდულ საფრთხეებზე.
    საუბარი შეეხო აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი სამიტის დეკლარაციაში ასოცირებული ტრიოს პრიორიტეტების ასახვის მნიშვნელობას, რათა ახალი შესაძლებლობები გაეხსნას პარტნიორ ქვეყნებს ევროკავშირთან შემდგომი ინტეგრაციის გზაზე.
    ყურადღება გამახვილდა ევროკავშირთან სამი სახელმწიფოს პოლიტიკური, ეკონომიკური და დარგობრივი ინტეგრაციის ახალ შესაძლებლობებზე, თანამშრომლობის გაფართოებაზე ისეთ სფეროებში, როგორიცაა დაკავშირებადობა, მათ შორის სატრანსპორტო, ენერგეტიკულ და ციფრულ განზომილებებში, სავაჭრო და ეკონომიკური ინტეგრაციის, კლიმატის ცვლილებების, რეგიონული უსაფრთხოების, ჰიბრიდულ საფრთხეებთან გამკლავების მიმართულებით.
    პრეზიდენტ დევიდ მარია სასოლისთან შეხვედრის დაწყებამდე, ირაკლი ღარიბაშვილმა, დენის შმიგალმა და ნატალია გავრილიცამ, ევროპარლამენტის საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერები გააკეთეს.

    მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური 

  • სტამბულში საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების მე-6 ყოველწლიური სხდომა გაიმართა

    თურქეთში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების მე-6 ყოველწლიური სხდომა გაიმართა. ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" პარლამენტის პრეს-სამსახურში განუცხადეს.

    მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე დელეგაციის ხელმძღვანელმა - ნიკოლოზ სამხარაძემ დელეგაციების წევრებს მიმართა და მიმოიხილა რეგიონში მიმდინარე პროცესები, უსაფრთხოების გამოწვევები და მათი გადაჭრის პროცესში სამი ქვეყნის როლი.

    ამ კუთხით, მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე, რუსეთის დესტრუქციულ ქმედებებზე, შავი ზღვის უსაფრთხოებაზე და საქართველოს ნატოში გაწევრიანების მნიშვნელობაზე, როგორც რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების ერთადერთ გზაზე.

    შეხვედრაზე ასევე, განიხილეს რეგიონული თანამშრომლობის ისეთი საკითხები, როგორიც არის ვაჭრობა, ენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული პროექტები, კულტურა, თავდაცვა, უსაფრთხოება, გარემოს დაცვა და ხალხთაშორისი კავშირები.

    ხაზი გაესვა საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას და საპარლამენტო კავშირების გაღრმავების შესაძლებლობებს.

    ამ კონტექსტში, მხარეებმა ახალი მექანიზმებისა და ფორმატების შექმნის საკითხიც განიხილეს.

    მხარეებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და გამოთქვეს მზაობა, რომ გადადგან კიდევ უფრო მეტი ნაბიჯი, რომელიც ხელს შეუწყობს შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობას, სტაბილურობასა და უსაფრთხოებას.

    „დღეს გვქონდა მნიშვნელოვანი შეხვედრა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან - თურქეთისა და აზერბაიჯანის დელეგაციებთან, სადაც ვისაუბრეთ ყველა იმ გამოწვევასა თუ პროცესზე, რაც მიმდინარეობს ჩვენს რეგიონში. ამ კონტექსტში დიდი როლი ეკისრება საპარლამენტო თანამშრომლობას, რადგან ეს მექანიზმი გვაძლევს საშუალებას, რომ საკანონმდებლო დონეზე რეგულარულად გავცვალოთ მოსაზრებები და შევიმუშავოთ კონკრეტული გზები, თუ როგორ შეგვიძლია ჩვენი წვლილი შევიტანოთ ჩვენი ქვეყნების წინსვლასა და ხალხის კეთილდღეობაში“ - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

     
  • ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრები პარლამენტში საქმიანობას აღარ გააგრძელებენ

    საპარლამენტო ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრები პარლამენტში საქმიანობას აღარ გააგრძელებენ. ამის შესახებ ფრაქციის თავმჯდომარე, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

    მისი განმარტებით, საპარლამენტო ფრაქცია მხოლოდ ხელისუფლებისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურაში მიიღებს მონაწილეობას. ამას გარდა ერთადერთი შემთხვევა, როცა ფრაქცია კენჭისყრაში მონაწილეობას მიიღებს, ეს საქართველოს კონსტიტუციისთვის კენჭისყრა იქნება.

    "ჩვენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ფრაქცია ძალა ერთობაშია", რა თქმა უნდა, იმ რუტინულ პროცესში, რომელსაც ამ ფარისევლურ ყალბ პარლამენტში ადგილი აქვს, ჩვენ მონაწილეობას აღარ გავაგრძელებთ. ბუნებრივია, ჩვენ ვიქნებით საქართველოს მოქალაქეებთან, ჟურნალისტებთან ერთად, რომლებსაც კლავენ პირდაპირი ამ სიტყვის მნიშვნელობით და არავის არ უნდა რომ პასუხი მოსთხოვოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს.

    ჩვენ ვიქნებით იქ, სადაც არის თითოეული საქართველოს მოქალაქის ინტერესი, ასე ვერ გაგრძელდება. ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ მხოლოდ და მხოლოდ იმ პროცესში, რომელიც გულისხმობს საქართველოს ხელისუფლებისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხს. ირაკლი ღარიბაშვილის, შსს-ს მინისტრის ვახტანგ გომელაურისა და საქართველოს მთავრობის ყველა წევრის გადაყენების საკითხს.

    რა თქმა უნდა, ჩვენ ერთად-ერთ შემთხვევაში მივიღებთ მონაწილეობას, ეს იქნება საქართველოს კონსტიტუციისთვის კენჭისყრა", - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

    ოპოზიციამ სხდომათა დარბაზი დატოვა და კონსულატაციებს იწყებს. საპარლამენტო ფრაქცია "ლელოს" ლიდერებმა განცხადება გააკეთეს და აღნიშნეს, რომ აქტიურად უნდა დაიწყონ მსჯელობა მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურის თაობაზე.

  • „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა პარლამენტის წინ ოპოზიციის მხარდამჭერების კარვები დაშალეს

    „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა პარლამენტის წინ, ოპოზიციის მხარდამჭერების კარვები დაშალეს. ულტრანაციონალისტური ჯგუფების წარმომადგენლებმა 9 აპრილის ბაღიდან პარლამენტისკენ გადაინაცვლეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, არ დაუშვებენ, რომ დღეს "ღირსების მარში" ჩატარდეს.

    ამ წუთებში პარლამენტის წინ „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეების აქცია მიმდინარეობს.

    მედიის ცნობით, დღეს, „ღირსების მარშის“ საწინააღმდეგო აქციაზე შეკრებილი ჰომოფობიურად განწყობილი მოქალაქეები მინიმუმ 20-მდე ჟურნალისტს დაესხნენ თავს და მათი ტექნიკა დააზიანეს.

    ბოლო ცნობებით, თავს დაესხნენ „ტელეკომპანია პირველის“, „ფორმულას“, „რუსთავი 2-ის“ „იმედის“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“, „მთავარი არხის“, ასევე ინტერნეტ გამოცემა on.ge-ს, „ნეტგაზეთისა“ და „ტაბულას“ ჟურნალისტებს.

    „ტელეკომპანია პირველის“ ცნობით, დამტვრეულია მათი აპარატურა, „ტაბულას“ განცხადებით, გამოცემის ჟურნალისტს, მაკო ჯაბუას თავში კეტი ჩაარტყეს. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, კიდევ რამდენიმე ჟურნალისტს სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნება.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შემთხვევებზე გამოძიება პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისა (154) და ძალადობის (126-ე) მუხლებით უკვე დაწყებულია.

    „რუსთაველის გამზირზე, მოწინააღმდეგე ჯგუფების მიერ დაგეგმილი აქციების მასშტაბურობიდან გამომდინარე“, შსს მოუწოდებს „თბილისი პრაიდის“ მონაწილეებს, „უარი თქვან ღია, საჯარო სივრცეში მარშის გამართვაზე“.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური