დავით უსუფაშვილი იენს სტოლტენბერგს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 08 სექტემბერი 2016 10:06

პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ორმხრივი შეხვედრა გამართა, რომელიც საქართველოში ორდღიანი ვიზიტით მყოფ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) დელეგაციას ხელმძღვანელობს.

ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ვარშავის სამიტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმ ძლიერ თანამშრომლობას, რაც ალიანსსა და საქართველოს შორის არსებობს. მისი თქმით, ვარშავის სამიტი იყო საქართველოსადმი ნატოს პოლიტიკური მხარდაჭერის დადასტურება. იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ „საჭიროა გაძლიერდეს პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა საქართველოს ნატოსთან კიდევ უფრო დაახლოებისთვის“.

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველო ნატოსკენ სვლას აგრძელებს და ამ გზაზე ქვეყანას შეცდომების დაშვების უფლება არ გვაქვს. „იმ გამოწვევებს, რაც გვაქვს, სჭირდება საქართველოს და ნატოს მჭიდრო თანამშრომლობა. ამიტომაც არის, რომ ხშირად შეიძლება ძალიან ხმამაღლა ვაგრძელებთ ნატოს კარზე კაკუნს. ეს არ არის ჩვენი ემოციური გადაწყვეტილება, ეს არის რაციონალური, პრაგმატული ანალიზის შედეგი“,-განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ნატო არ არის მხოლოდ სამხედრო ორგანიზაცია. ის არის ღირებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკური ორგანიზაცია. „ჩვენ ამას ძალიან სერიოზულად ვაცნობიერებთ. ამიტომაც, ვაგრძელებთ საჭირო რეფორმების გატარებას ყველა მიმართულებით“,-განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ნატოს გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ ნატო-საქართველოს ურთიერთობა არ არის ცალმხრივი და ნატო ძალიან ბევრს იღებს საქართველოსგან და არა მარტო ავღანეთში. „ჩვენ ვთანამშრომლობთ ტერორიზმის გლობალური საფრთხის წინააღმდეგ“,-აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს მომავალ წელს, თბილისში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის გამართვის შესახებ. ხაზი გაუსვეს, რომ ეს ღონისძიება კიდევ ერთი დადასტურება იქნება იმისა, რომ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება ძალაშია და საქართველო ნატოსთან გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას ქვეყნის ალიანსში საბოლოო გაწევრიანების მიზნით.
საუბარი შეეხო ასევე, წინასაარჩევნო ვითარებას და აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდეს.

ორმხრივი შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს პარლამენტში, გაიმართება ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის და ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან და პარლამენტის წევრებთან.

წაკითხულია 533 ჯერ

Related items

  • თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-საქართველოს კომისიის ფორმატში, ნატო-ს სამხედრო კომიტეტის სხდომას დაესწრო

    საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი მის მოადგილესთან, ბრიგადის გენერალ ირაკლი ჭიჭინაძესთან ერთად ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში, ბელგიის სამეფოში იმყოფება. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    მათი ინფორმაციით, თავდაცვის ძალების მეთაურმა, ალიანსის შტაბ-ბინაში ნატო-საქართველოს კომისიის ფორმატში სამხედრო მეთაურთა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. სხდომის დაწყებამდე კი, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა სამხედრო თანამშრომლობის პრიორიტეტები და თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან, ადმირალ რობბაუერთან გამართულ შეხვედრაზე განიხილა.

    ნატო-ს სამხედრო კომიტეტის სხდომაზე თავდაცვის ძალების მეთაურმა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და საქართველოს თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციის პროცესზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა შავი ზღვისა და კავკასიის რეგიონში უკანასკნელ პერიოდში რუსეთის ფედერაციის მხრიდან გაზრდილი სამხედრო პროვოკაციებსა და მზარდი მილიტარიზაციის პროცესებზე.

    საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო მეთაურებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს თავდაცვის ძალების გრძელვადიანი დაგეგმვის დოკუმენტებზე და თავდაცვის ძალების საბრძოლო შესაძლებლობების განვითარების სამომავლო გეგმებზე.

    შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოში მრავალეროვნული სამხედრო სწავლებების ჩატარების მნიშვნელობასა და საქართველოს საწვრთნელი შესაძლებლობებისა განვითარების მიმართულებით საერთაშორისო მხარდაჭერის როლზე. საუბარი ასევე შეეხო, 2022 წელს ნატო-საქართველოს ერთობლივი სწავლების დაგეგმვის პროცესის მიმდინარეობას.

    ნატო-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის ძალების მეთაურებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) მიმდინარეობისა და სამომავლო ამოცანების შესახებ. აღინიშნა, SNGP-ის როლი და მნიშვნელობა თავდაცვის ძალების უფრო მდგრად და ნატო-სთან თავსებად ძალად ჩამოყალიბების საქმეში.
    ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის ფარგლებში ალიანსის წევრი ქვეყნების სამხედრო მეთაურებმა საქართველოს დელეგაციისაგან მიიღეს ინფორმაცია საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორ, აშშ-თან გაფორმებულ საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივაზე და საქართველოს საწვრთნელი შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით საერთაშორისო მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.
    ნატო-ს წევრი ქვეყნების სამხედრო მეთაურებმა აღნიშნეს ქართველი სამხედროების დიდი წვლილი ალიანსის საერთაშორისო მისიებში და მადლობა გადაუხადეს საქართველოს საერთაშორისო უსაფრთხოებაში შეტანილი კონტრიბუციისთვის. თავის მხრივ, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს მზადყოფნას განაგრძოს გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში წვლილის შეტანა.

    ნატოს სამხედრო კომიტეტის შეხვედრები ბრიუსელში, ბელგიაში 12-13 იანვარს იმართება, სადაც უმაღლესი
    სამხედრო ორგანოს წარმომადგენლები ალიანსისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხებს განიხილავენ.

  • საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ლეიტენანტმა დიდი ბრიტანეთის სამეფო საზღვაო კოლეჯში ოფიცრის ერთწლიანი კურსი დაასრულა
    შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის აბორდაჟის ჯგუფის უფროსმა ინსპექტორმა, ლეიტენანტმა რუსლან დოლიძემ დიდი ბრიტანეთის სამეფო საზღვაო კოლეჯში (Britannia Royal Naval College) ოფიცრის ერთწლიანი კურსი წარმატებით დაასრულა.
    კურსის გამოსაშვები ცერემონია ქალაქ დარტმუთში გაიმართა და მას უელსის პრინცი ჩარლზი დაესწრო.
    საზეიმო აღლუმს, ქართული მხრიდან, სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორი, I რანგის კაპიტანი რამაზ პაპიძე დაესწრო. მან სანაპირო დაცვის ოფიცერს კურსის წარმატებით დასრულება მიულოცა და კარიერაში წარმატებები უსურვა.
    საქართველოს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში ვიზიტის ფარგლებში, სხვადასხვა სამუშაო შეხვედრა გამართა. მათ შორის, შეხვდა ნატოს გაერთიანებული საზღვაო ძალების (MARCOM) სარდლის მოადგილეს, ვიცე-ადმირალ დიდიერ პიატონს, სამეფო საზღვაო კოლეჯის ხელმძღვანელს, I რანგის კაპიტან როჯერ რედვინს და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს გაერთიანებულ სამეფოში - სოფიო ქაცარავას.
  • ​საქართველოს საგარეო უწყების განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით

    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიუღებლად მიიჩნევს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც რუსეთის ფედერაცია "აუცილებლად მიიჩნევს ნატო-ს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების - რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატო-ს წევრები", გაუქმებას (дезавуировать).

    2008 წლის 3 აპრილს ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერებმა ბუქარესტის სამიტზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საქართველო (და უკრაინა) გახდება ნატო-ს წევრი. ზემოაღნიშნული წარმოადგენს უაღრესად მნიშვნელოვან, კონსენსუსის საფუძველზე მიღებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რომელიც ეფუძნება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპს, რომ ყველა სახელმწიფოს აქვს სუვერენული უფლება აირჩიოს საკუთარი საგარეო პოლიტიკური კურსი. ამასთან, ეს გადაწყვეტილება გამომდინარეობს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-10 მუხლიდან, რომლის თანახმადაც ნატო-ს წევრი შეიძლება გახდეს ნებიესმიერი ევროპული ქვეყანა, რომელიც გაიზიარებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პრინციპებს და წვლილს შეიტანს ჩრდილოატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაში.

    ნატო-ში გაწევრიანება წარმოადგენს საქართველოს სუვერენულ გადაწყვეტილებას, რომელიც დაფუძნებულია საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ურყევ ნებაზე. აღნიშნული მიზანი ასახულია საქართველოს კონსტიტუციაშიც.

    აღსანიშნავია, რომ ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება გამეორებულ იქნა 2008 წლის შემდგომ გამართულ ნატო-ს ყველა სამიტზე. 2021 წელს ბრიუსელში ნატო-ს სამიტზე მიღებული კომუნიკე კი ხაზს უსვამს, რომ მოკავშირეები დაუშვებლად მიიჩნევენ ქვეყნების საგარეო პრიორიტეტების განსაზღვრაში ნებისმიერი მესამე მხარის ჩარევას.

    ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის მიუღებელია მესამე მხარის მიერ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების გადახედვასთან დაკავშირებით გაკეთებული ნებისმიერი განცხადება, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს.

    ამასთანავე, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ევროპული და ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების არქიტექტურის მთავარ გამოწვევას დღესდღეობით წარმოადგენს სწორედ რუსეთის ფედერაციის ქმედებები, რომელიც გამოიხატება მეზობელი, სუვერენული ქვეყნების ტერიტორიების ოკუპაციასა და ანექსიაში, საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპების უგულებელყოფაში და მის მიერვე ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობაში.

  • დავით ზალკალიანი მონაწილეობას მიიღებს ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში
    საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, დელეგაციასთან ერთად, 30 ნოემბერს -1 დეკემბერს, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიწვევით,მონაწილეობას მიიღებს ქ.რიგაში დაგეგმილ ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ საგარეოს ადმინისტრაციაში განუცხადეს.
    მათი ინფორმაციით, მინისტერიალის ფარგლებში საგარეო უწყების ხელმძღვანელი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად მონაწილეობას მიიღებს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სესიაში, სადაც სიტყვით მიმართავს კოლეგა მინისტრებს, ასევე დაგეგმილია დავით ზალკალიანის ორმხრივი შეხვედრები წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან.
    ქ. რიგაში მიმდინარე ნატოს მინისტერიალის დღის წესრიგის ერთ-ერთი საკითხი შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და ბოლო პერიოდში განვითარებული პროცესები იქნება, მოკავშირეები ასპირანტი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებისგან მოისმენენ რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზე მათ ხედვებს და იმსჯელებენ როგორც რეგიონალური, ასევე გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში ამ ქვეყნების წვლილზე.
    მინისტერიალის ფარგლებში,
    მონაწილეები ასევე განიხილავენ საქართველოსა და უკრაინის მიერ ალიანსში გაწევრიანების გზაზე გადადგმულ ნაბიჯებს.
    მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ლაშა დარსალია ასევე მონაწილეობას მიიღებს ღონისძიებაში - “ნატოს ხედვა 2030 წლის სტრატეგიასთან მიმართებაში”, რომელსაც ალიანსის გენერალური მდივანი, იანს სტოლტენბერგი და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ედგარს რინკევიჩსი გახსნიან.
  • თავდაცვის სამინისტრომ ნატოს სამხედრო მედიცინის დახელოვნების ცენტრთან თანამშრომლობის დოკუმენტი გააფორმა

    საქართველო ნატოს პირველი პარტნიორი ქვეყანაა, რომელმაც ალიანსის სამხედრო მედიცინის დახელოვნების ცენტრთან ფორმალური თანამშრომლობის დოკუმენტი გააფორმა. ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" თავდაცვის უწყების ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    მათი ინფორმაციით, უნგრეთის რესპუბლიკაში ვიზიტით მყოფი საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ნატოს სამხედრო მედიცინის დახელოვნების ცენტრს ესტუმრა, სადაც მან ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერა ხელი. შეთანხმება მიზნად ისახავს ცენტრსა და თავდაცვის სამინისტროს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, სამხედრო-სამედიცინო წვრთნებისა და სწავლებების გამოცდილების გაზიარებას, სამედიცინო პერსონალის გადამზადებას, ასევე მობილური ჯანდაცვის შესაძლებლობების განვითარებას.

    სამხედრო-სამედიცინო შესაძლებლობების განვითარება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ერთ-ერთ ინიციატივად განისაზღვრა. ამ კუთხით საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს ნატოს სამხედრო მედიცინის დახელოვნების ცენტრთან.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური