არ უნდა დავუშვათ, რომ დემოკრატიზაციის პროცესი შეჩერდეს, - დავით უსუფაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 06 სექტემბერი 2016 15:23

თბილისის საერთაშორისო ორდღიანმა კონფერენციამ - „ევროპის ცვალებადი გეოსტრატეგიული ლანდშაფტი ვარშავის სამიტის შემდეგ“ მუშაობა დაიწყო. კონფერენციის პირველ დღეს დისკუსიაში - „ქართული დემოკრატიის გაძლიერება“ მონაწილეობა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა მიიღო. პარლამენტის თავმჯდომარემ ქართული დემოკრატიის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერთან და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარესთან, დავით ბაქრაძესთან, „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერთან, ირაკლი ალასანიასთან და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან, დავით ბაქრაძესთან ერთად ისაუბრა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, დემოკრატია მხოლოდ ქართველი ერის არჩევანი არ არის. როგორც დავით უსუფაშვილმა განმარტა, ქართველი ხალხის უმრავლესობას სწამს, რომ დემოკრატია სახელმწიფოს აშენების, ეკონომიკის განვითარებისა და კეთილდღეობის ერთადერთი გზაა. „ჩვენ რამდენჯერმე დავამტკიცეთ, რომ საქართველოში არადემოკრატიული სისტემა დიდხანს ვერ ძლებს და მას მოკლევადიანი ეფექტების მოტანაც კი არ შეუძლია ხალხისთვის“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ. მისივე თქმით, დემოკრატიის გარეშე დიდხანს ვერ გაძლებს მოდერნიზაციაც. როგორც დავით უსუფაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, უკანასკნელმა 25 წელიწადმა დაამტკიცა, რომ არ არსებობს ერთი მიზეზიც კი, რის გამოც ქვეყანაში დემოკრატიის განვითარების პროცესი უნდა შეფერხდეს. დემოკრატიის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობაზე საუბრისას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ დემოკრატია სახელმწიფოს შიდა განვითარების სტრატეგიული საკითხია.

„ყველა მსგავსი ტიპის კონფერენცია ხაზს უსვამს, რომ საქართველო ამ რეგიონში დემოკრატიზაციის კუთხით გარკვეული მიღწევების ყველაზე ნათელი მაგალითია. და ეს ასეა, როდესაც საქართველოს დასავლეთიდან ვუყურებთ და მას რუსეთის, ცენტრალური აზიის, სამხრეთ კავკასიის ფონზე ვხედავთ. მაგრამ თუ მას სხვა მხრიდან შევხედავთ - აღმოსავლეთიდან და მის ფონზე ევროპის ქვეყნებს დავინახავთ, შევამჩნევთ, რომ არსებობს პრობლემები, რომლებიც უნდა დავძლიოთ. რას ნიშნავს ეს? საქართველო თავისი ადგილმდებარეობის გამო გახდა ძალიან მნიშვნელოვანი - გავრცელდება ამ რეგიონში დემოკრატია თუ ვიქნებით არა არადემოკრატიული სამყაროს ნაწილი. საქართველოში დემოკრატიის წარმატება იქნება ზოგადად ევროპაში, დასავლეთში დემოკრატიის, მშვიდობისა და სტაბილურობის წარმატება“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის, დავით ბაქრაძის შეფასებით, საქართველოს საკმაოდ რთული ამოცანისთვის უწევს თავის გართმევა და წარმატების მოსაპოვებლად აუცილებელი და მნიშვნელოვანია დასავლელი მეგობრებისა და პარტნიორების მკაფიო მხარდაჭერა. „იმისთვის, რომ მოვიპოვოთ მხარდაჭერა, ჩვენ გვაქვს ერთი აბსოლუტური პირობა: საქართველო უნდა იყოს დემოკრატიული“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ. მისი თქმით, „მთავარი მიზეზი, რის გამოც დასავლეთისთვის საქართველო მნიშვნელოვანი უნდა იყოს, ისა, რომ საქართველო უნდა იყოს დემოკრატიული. იმიტომ, რომ დემოკრატიები ერთმანეთს არ ტოვებენ, ისინი ერთმანეთს ეხმარებიან. როდესაც საქართველო იქნება დემოკრატიული, მას დაეხმარებიან და მხარს დაუჭერენ ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპული ქვეყნები - ეს არის საუკეთესო დაცვა. როდესაც საქმე მიდგება საქართველოს საერთაშორისო ინტეგრაციაზე - საქართველო უნდა იყოს დემოკრატიული და სწორედ ესაა ჩვენი გზა ევროპისკენ. ასე რომ, დემოკრატია პრაქტიკულად, ქვაკუთხედია ყველაფრისთვის - უსაფრთხოებისთვის, განვითარებისთვის და საერთაშორისო ინტეგრაციისთვის“, - განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა. 

დისკუსიაში მონაწილეობისას, დავით უსუფაშვილმა ისაუბრა რუსულ პროპაგანდაზეც და აღნიშნა, რომ პროდასავლური პოლიტიკური ძალები ბევრ დროს და ენერგიას ხარჯავენ ერთმანეთთან დებატებში, ხალხისთვის საერთაშორისო პროცესების უკეთ ახსნის ნაცვლად, რამაც, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, შესაძლოა, ანტიევროპული განწყობა გამოიწვიოს. დავით უსუფაშვილის შეფასებით, საქართველოში რუსული რბილი ძალა გააქტიურდა და რუსული პროპაგანდისა და პრორუსული განწყობების მქონე პოლიტიკური სუბიექტების გაძლიერების ფონზე, პროდასავლურმა ძალებმა, დაპირისპირების ნაცვლად, საერთო საკითხებზე ერთობის მისაღწევად მეტი ძალისხმევა უნდა გასწიონ. „ჩვენ გვაქვს პრობლემები და ეს შეიძლება გამოყენებული იყოს იმ ძალების მიერ, რომლებსაც საქართველოს დამოუკიდებლობა არ უნდა. ამ დროს პროდასავლური ძალები ერთმანეთთან დებატებში შევდივართ და უფრო ხშირად ვართ ჩართული პარტიებს შორის შეხლა-შემოხლით და ამაზე მივმართავთ ჩვენს დროს. ხომ არ სჯობდა, უფრო კარგად აგვეხსნა ხალხისთვის, მაგალითად, რა პროცესები მიმდინარეობს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, რატომ გაჭიანურდა პროცესი? ეს არის საერთაშორისო პროცესი, რომელიც კარგად უნდა იქნას ახსნილი ხალხისთვის, თორემ შეიძლება, გამოიწვიოს ანტიევროპული განწყობები, რაც ყველასთვის საფრთხეა. ამიტომ, უნდა გავერთიანდეთ არამარტო მაშინ, როცა საერთო საფრთხე არსებობს, არამედ მაშინაც, როდესაც საერთო სარგებლის მიღება გვინდა“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

დისკუსიაში მონაწილეობის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ კომენტარი მედიასთანაც გააკეთა.

„ჩვენ არ უნდა დავუშვათ ის, რომ დღეს, 2016 წელს, დემოკრატიზაციის პროცესი შეჩერდეს. შეჩერების საფრთხე დემოკრატიას დაემუქრება თუ საქართველოში მრავალპარტიული პარლამენტი არ გვეყოლება, თუ საქართველოში არ გვექნება ის ვითარება, როდესაც ხელისუფლების სათავეში არიან პოლიტიკური გუნდები. თუ ჩვენ მივალთ იქამდე, რომ ხელისუფლებაში არიან მონდომებული, გულანთებული ადამიანები, მაგრამ არა პოლიტიკური გუნდები პოლიტიკური მსოფლმხედველობით და იდეებით, მაშინ ჩვენ გვექნება ეს საფრთხე. რუსულ პროპაგანდასთან გამკლავება საჭიროა გაცილებით აქტიური ჩვენივე საქმიანობით. რუსული არხების დახურვა ეს არ არის გამოსავალი იმიტომ, რომ დღევანდელ მსოფლიოში, დღევანდელ საქართველოში ვერ დაიხურება ვერანაირი საინფორმაციო არხი ბოლომდე. ამიტომ, ჩვენ უნდა ვიმუშაოთ მეტი. რუსულ პროპაგანდას ექნება ნოყიერი ნიადაგი, როდესაც მას ქვეყანაში ხვდება იმ ტიპის სახიფათო, ქვეყნის სტრატეგიული განვითარებისთვის სახიფათო იდეები, როგორიც არის - უბლოკო სტატუსი, როგორიც არის -ნეიტრალიტეტი, როგორიც არის - ევროკავშირიც და ევრაზიაც, როგორიც არის პატრიოტული გრძნობებიდან გამომდინარე - ჩვენ ქართველებმა, ჩვენ გადავწყვიტოთ ჩვენი ბედი ამ მსოფლიოში. ეს ყველაფერი უქმნის ძალიან ნოყიერ ნიადაგს რუსულ პროპაგანდას. ამიტომ, საჭიროა ის, რომ ვისაც გაცნობიერებული გვაქვს ეს, პოლიტიკურმა ძალებმა, პოლიტიკოსებმა არც ერთი ნაბიჯით არ გადავუხვიოთ იმ გზიდან, რაც არჩეული გვაქვს - ევროინტეგრაცია, ნატოს წევრობა და პროდასავლური, პროდემოკრატიული პოლიტიკური ძალების მეტი კოორდინაცია. ცალ-ცალკე, ვერც ერთი პარტია ქვეყანას ვერ გაიყვანს ფონს, იმიტომ, რომ ეს არის მრავალწლიანი პროცესი, ვერ ეტევა ოთხწლიან საპარლამენტო წიკლებში. ჩვენ გვჭირდება მეტი სიცხადე ამ ყველაფერში და მეტი თანადგომა“,- აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

თბილისის საერთაშორისო კონფერენცია მაკკეინის ინსტიტუტის საერთაშორისო ლიდერობისთვის და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) მასპინძლობით იმართება და მასში მონაწილეობას დავით უსუფაშვილთან და პარლამენტის წევრებთან ერთად, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები იღებენ.

 

წაკითხულია 372 ჯერ

Related items

  • საქართველოს პარლამენტმა ირაკლი ღარიბაშვილსა და მთავრობის შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა

    საქართველოს პარლამენტმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილს და მთავრობის გადახალისებულ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა.

    საკანონმდებლო ორგანომ, 89 ხმით ერთხმად დაუჭირა მხარი ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობას და სამთავრობო პროგრამას „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის". 

    მთავრობის გადახალისებულ შემადგენლობაში ორი ახალი მინისტრია. თავდაცვის მინისტრის პოსტს ჯუანშერ ბურჭულაძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობას კი ირაკლი ქარსელაძე დაიკავებს. 

    უცვლელი რჩება შვიდი მინისტრი. საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი იქნება, იუსტიციის მინისტრი - გოჩა ლორთქიფანიძე, შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს ვახტანგ გომელაური დაიკავებს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობას კი ნათია თურნავა. ფინანსთა მინისტრის პოსტს ივანე მაჭავარიანი დაიკავებს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის თანამდებობას - მიხეილ ჩხენკელი. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი იქნება.

    ნდობის მისაღებად მთავრობის შემადგენლობას 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებოდა.

     

  • პარლამენტში პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო სხდომა გაიმართა

    საქართველოს პარლამენტში პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო სხდომა გაიმართა.

    სხდომა მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ გახსნა და საზოგადოებას პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილე მიულოცა. მისი თქმით, ზუსტად 100 წლის წინ, 1921 წლის 21 თებერვალს, საბჭოთა ოკუპაციის საფრთხის ფონზე, საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ ქვეყნის პირველი კონსტიტუცია მიიღო.

    „ზუსტად 100 წლის წინ, 1921 წლის 21 თებერვალს, საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ, საბჭოთა ოკუპაციის საფრთხის, თავდადებული ბრძოლებისა და ქვემეხების სროლის ფონზე მიიღო ქვეყნის პირველი კონსტიტუცია, რომელიც თავისი დროის ერთ-ერთ ყველაზე პროგრესულ იურიდიულ დოკუმენტად მიიჩნეოდა და ევროპის სამართლებრივ სივრცეში წარუშლელი კვალი დატოვა“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. მისივე თქმით, საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქცია სწორედ პირველი რესპუბლიკის კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობას ეფუძნება.

    „ნიშანდობლივია, რომ საქართველოს კონსტიტუციის დღეს მოქმედი რედაქცია ქართული კონსტიტუციონალიზმის საუკუნოვან ტრადიციას აგრძელებს. იგი ადამიანის ღირსებისა და თავისუფლების დაცვას უზენაეს ღირებულებად აცხადებს, ხოლო ეროვნულ დამოუკიდებლობას − უმთავრეს მიზნად.

    მჯერა, ქართული სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარების ამ მნიშვნელოვან ეტაპზე, როდესაც ევროკავშირში წევრობაზე განაცხადის შეტანისთვის ვემზადებით, საქართველოს კონსტიტუცია კვლავ დააკავშირებს ჩვენი ქვეყნის წარსულსა და მომავალს“, - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას პარლამენტის თავმჯდომარემ.

    საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, პირველი კონსტიტუცია იქცა იმის სიმბოლოდ, თუ როგორი უნდა ყოფილიყო დამოუკიდებელი და დემოკრატიული საქართველო და ის იყო ერთ-ერთი პროგრესული კონსტიტუცია ევროპის კონტინენტზე. მისივე თქმით, სწორედ პირველ კონსტიტუციაში ასახული ფასეულობები შემოინახა ჩვენმა ისტორიულმა მეხსიერებამ და ისინი ვერ წაშალა საბჭოთა ოკუპაციის ხანგრძლივმა წნეხმა.

    ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერმინისტრობის კანდიდატი, ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობებისა და უზენაესი საბჭოების თავმჯდომარეები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, თბილისის მერი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, საპატრიარქოსა და რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები, ასევე, ექვთიმე თაყაიშვილის შთამომავლები ესწრებოდნენ.

    „მართალია, პირველი რესპუბლიკის კონსტიტუციამ ვერ დაიცვა დამოუკიდებლობა, თუმცა მომავალ თაობებს გადასცა დამოუკიდებელი სახელმწიფოს აღდგენის სამართლებრივი საყრდენი“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

  • საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაკავებული თანამდებობიდან საკუთარი სურვილით გადადგა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დაკავებული თანამდებობიდან საკუთარი სურვილით გადადგა. ამის შესახებ გ. გახარიამ განცხადება რამდენიმე წუთის წინ პირდაპირ ეთერში გააკეთა.

    გ. გახარიას თქმით, მას გაუმართლებლად მიაჩნია ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის დიდი საფრთხე.

    მისივე განცხადებით, გადადგომის მიზეზია ის, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით გუნდთან საერთო შეთანხმებას ვერ მიაღწია.

    „იქიდან გამომდინარე, რომ სამწუხაროდ, ვერ მივაღწიე ერთობლივ აზრს ჩემს გუნდთან ერთად ამ საკითხთან დაკავშირებით, მივიღე გადაწყვეტილება გადავდგე დაკავებული თანამდებობიდან. მინდა მჯეროდეს, რომ ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ სივრცეში პოლარიზაციის შემცირებას, რამეთუ დარწმუნებული ვარ, რომ პოლარიზაცია და დაპირისპირება ჩვენს შორის ჩვენი ქვეყნის მომავლის ყველაზე დიდი რისკია“, - აღნიშნა გ. გახარიამ პირდაპირ ეთერში გამოსვლისას.

    შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრს გადადგომისთანავე უფლებამოსილება უწყდება. გადამდგარია მთავრობაც, რომელიც მოვალეობის შესრულებას ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნამდე განაგრძობს.

    პარლამენტს კი, ორკვირიანი ვადა აქვს, რომ ნდობა ახალ პრემიერ- მინისტრს და მის მიერ შეთავაზებულ კაბინეტს გამოუცხადოს. ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა.

    თუ პარლამენტმა მთავრობას დადგენილ ვადაში ნდობა არ გამოუცხადა, პრეზიდენტი დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებს.

  • პარლამენტის სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩს, პეტრ მიკისკას შეხვდა

    ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, პეტრ მიკისკას შეხვდა. შეხვედრაზე კომიტეტის საქმიანობის მიმართულებებსა და პრიორიტეტებზე ისაუბრეს.

    „საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა იყო. ელჩს გავაცანით ჩვენი კომიტეტის სტრატეგია და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, ის პრიორიტეტები, რაზეც კომიტეტი აპირებს მუშაობას მიმდინარე წლისა და, ზოგადად, ამ ოთხწლიანი ციკლის განმავლობაში. განსაკუთრებით გაესვა ხაზი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფ პირთა უფლებრივი მდგომარეობის დაცვის საკითხებს და, ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი ნაბიჯების საჭიროებას საერთაშორისო ასპარეზზე იმისთვის, რომ ვაიძულოთ ოკუპანტი სახელმწიფო და, შესაბამისად, ის დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელიც მოღვაწეობს უშუალოდ საოკუპაციო ტერიტორიაზე, რომ უკან დაიხიონ, მაგალითად, ზაზა გახელაძის შემთხვევაში, სწრაფად მივაღწიოთ ადამიანის უფლებების დაცვას ამ კონკრეტულ პირთან მიმართებაში.

    სხვა პრიორიტეტებს შორის მნიშვნელოვანია ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული იმ სტანდარტების უზრუნველყოფა ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით, რაც დამახასიათებელი უნდა იყოს ევროპულობაზე პრეტენზიის მქონე სახელმწიფოსთვის. ამ მიმართულებით ელჩმა გამოთქვა მზადყოფნა და სურვილი, რომ ამ პროცესში ჩართული იყოს და სხვადასხვა სახის ერთობლივი პროექტები იქნას დაგეგმილი“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

    პარლამენტის ადმინისტრაციის პრეს-რელიზი

  • პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ჩეხეთის ელჩს შეხვდა

    პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, პეტრ მიკისკას შეხვდა.

    მხარეებმა საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე ისაუბრეს. მიმოიხილეს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება. ყურადღება გამახვილდა რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით გაზრდილ საფრთხეებზე.

    „მიმოვიხილეთ რეგიონში არსებული ვითარება. ვისაუბრეთ რეგიონში გაზრდილ საფრთხეებზე და ძალთა ბალანსის ცვლილებაზე, რომელსაც რუსეთი ამ ორ ქვეყანას შორის განსაკუთრებით კი, ომის შემდეგ ახდენს. ასევე, ვისაუბრეთ იმ სამომავლო გეგმებზე, რომელიც საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერებას ეხება“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

    დიპლომატისა და ვიცესპიკერის შეხვედრაში, ასევე, მონაწილეობდა ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩის მოადგილე იანა გასპარიკოვა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« February 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური