გიორგი მარგველაშვილმა იუნკერებს თავდაცვის აკადემიის დასრულება მიულოცა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 02 სექტემბერი 2016 18:21

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში იუნკერებს აკადემიის დასრულება მიულოცა და ფიცის დადების საზეიმო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

საქართველოს პრეზიდენტმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და სამშვიდობო ოპერაციებში დაღუპულ გმირთა ხსოვნას და კურსდამთავრებულებს მიმართა.

„ყოველთვის, როდესაც აქ თქვენთან ერთად ვარ, განსაკუთრებულად მიხარია და ვღელავ, რადგან ვიმყოფები ჩვენი ქვეყნის სიამაყის, თავდაცვისუნარიანობის, ჩვენი არმიის ინტელექტუალურ სამჭედლოში. იქ, სადაც მზადდებიან მომავალი ოფიცრები და სამშობლოს დამცველები.

მადლობა იმისთვის, რომ აირჩიეთ ეს პროფესია. დიდი მადლობა იმისთვის, რომ გადადგით ის ნაბიჯი, რომელიც ჩვენი ქვეყნის სამსახურს და თითოეული მოქალაქის დაცვას ემსახურება.

თქვენ დავით აღმაშენებლის სახელობის სასწავლებელში ხართ, თქვენ იუნკერების სახელს ატარებთ, თქვენ აგრძელებთ ჩვენი სახელმწიფოს განვითარების ტრადიციას, რომელიც საუკუნეების წინ მცირე, მაგრამ ამაყმა და მამაცმა ერმა დაიწყო“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა იუნკერებისადმი მიმართვაში.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარ სერიოზულ გამოწვევებს კურსდამთავრებულები სასწავლებელში მიღებული ცოდნით უნდა დაუპირისპირდნენ.

„თქვენი ცოდნით, პროფესიონალიზმით და გამოცდილებით თქვენ უნდა მიაღწიოთ მთავარს, რასაც უნდა მიაღწიოს ჯარისკაცმა, ეს არის სისხლისღვრის და ბრძოლის გარეშე ომების მოგება.

ეს ის მთავარი ცოდნაა, რომელიც სწორედ ჯარისკაცის ინტელექტუალურ პოტენციალზე გადის და მე მჯერა, რომ თქვენ, ჩვენ ყველანი ამ სამსახურში გამარჯვებულები ვიქნებით.

კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი იმ გმირების წინაშე ვისი გმირობის შედეგად ჩვენ შევძელით, რომ დღეს აქ ვიდგეთ, ვისი გმირობის შედეგადაც ჩვენი ქვეყანა ყალიბდება და ვითარდება, როგორც განსაკუთრებული, გამორჩეული, უნიკალიური.

მადლობა მათ სამშობლოსთვის გაწეული ღვაწლისთვის და მადლობა თქვენ იმისთვის რასაც ჩვენი ქვეყნისთვის აკეთებთ და გააკეთებთ. მე მჯერა თქვენი და მუდამ თქვენთან ვარ, ისევე როგორც, საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც ძალიან ეამაყებით.

ღმერთი გფარავდეთ თქვენ და ღმერთი ფარავდეს საქართველოს!“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

კურსდამთავრებულებს აკადემიის დასრულება საქართველოს პრეზიდენტთან ერთად მიულოცეს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინე იმერლიშვილმა და მისმა მოადგილემ თეონა აქუბარდიამ, საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ, პრეზიდენტის მრჩეველმა ვეტერანთა საკითხებში ალექსანდრე ბარბაქაძემ, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ და აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ვასილ კოპეიკმა მიულოცეს.

 

წაკითხულია 628 ჯერ

Related items

  • პრეზენტაცია „Agile Spirit 2019“ დაწყებასთან დაკავშირებით

    თავდაცვის სამინისტროს არმიჰოლში მრავალეროვნული სწავლების „Agile Spirit 2019“ დაწყებასთან დაკავშირებით პრეზენტაცია გაიმართა. მოწვეულ სტუმრებს სიტყვით საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მიმართა და აღნიშნა, რომ   დიდი პატივია ჩავერთოთ სწავლებების იმ ციკლში, რომელსაც საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი - ამერიკის შეერთებული შტატების ევროპის სარდლობა ევროპის სამხრეთ ნაწილში პარტნიორ და ნატოს წევრ ქვეყნებთან ერთად ატარებს. „ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების ჩართულობა ჩვენი რეგიონისთვის დიდი მნიშვნელობისაა. ყველა წლის დინამიკა არის მაქსიმალურად მიმართული იმისკენ, რომ გაიზარდოს როგორც უშუალოდ ჩვენი თავდაცვის  ძალების, ისე ჩვენი პარტნიორების ჩართულობა. სწორედ, ეს არის უზრუნველყოფა იმ პრინციპისა, რასაც ჩვენ ვუწოდებთ - მეტი ნატო საქართველოში,“ - განაცხადა ლევან იზორიამ სიტყვით მიმართვისას.

    „Agile Spirit 2019“-ის  კონცეფციაზე კი, მოწვეულ სტუმრებს სწავლების ხელმძღვანელმა, ბრიგადის გენერალმა გიორგი მათიაშვილმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

    პრეზენტაციას თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, თავდაცვის ძალების მეთაური და მისი მოადგილეები, თავდაცვის უწყების წარმომადგენლები და საქართველოში აკრედიტებული თავდაცვის ატაშეები დაესწრნენ.

    მრავალეროვნულ სწავლებას „Agile Spirit 2019“ საქართველო 27 ივლისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით უმასპინძლებს. სამხედრო წვრთნები საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთ და აშშ-ის ევროპის სარდლობების ხელმძღვანელობით ჩატარდება. სწავლება როგორც სამეთაურო-საშტაბო, ასევე საველე წვრთნებს მოიცავს.

    სწავლება მიზნად მონაწილე ქვეყნებს შორის ურთიერთთავსებადობის გაძლიერებას, მრავალეროვნულ გარემოში ოპერატიული შესაძლებლობების გაუმჯობესებასა და შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებას ისახავს.

    „Agile Spirit 2019“ სამ ლოკაციაზე პარალელურად გაიმართება - სენაკში, II ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე, ორფოლოსა და ვაზიანის პოლიგონებზე გაიმართება. მრავალმხრივია სწავლების სცენარიც, რომელიც სახმელეთო და საჰაერო კომპონენტების ჩართულობას ითვალისწინებს. მრავალეროვნულ სწავლებაში ნატოს წევრი და პარტნიორი 14 ქვეყნის 3000-ზე მეტი სამხედრო მიიღებს მონაწილეობას: საქართველო, აშშ, ბელგია, ბულგარეთი, დიდი ბრიტანეთი, საბერძნეთი, ლატვია, ლიეტუვა, მონტენეგრო, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, თურქეთი და უკრაინა.

    თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური

  • ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ჯარისკაცი გარდაიცვალა
    საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურის, კაპრალ მამუკა ხარაზიშვილის (11.02. 1989) გარდაცვალების გამო.
     
    სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის მე-4 მექანიზებული ბრიგადის 44-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე ვაზიანის პოლიგონზე გეგმიურ სწავლებებს გადიოდა. კაპრალი მამუკა ხარაზიშვილი გამთენიისას შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც ის მე-4 ბრიგადის ლაზარეთში გადაიყვანეს. სამწუხაროდ, ლაზარეთში შესვლისას გულის გაჩერება დაფიქსირდა. სამხედრო მოსამსახურეს გულ-ფილტვის რეანიმაცია ჩაუტარდა, თუმცა კაპრალი მამუკა ხარაზიშვილი გარდაიცვალა.
     
    ამ ეტაპზე მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო პროცედურები და ექსპერტიზა. გამოძიება 116-ე მუხლის I ნაწილით დაიწყო.
     
    საქართველოს თავდაცვის სამინისტრო უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.
  • საერთაშორისო ლოჯისტიკურ სწავლებას „LOGDEV 2019“ საქართველო პირველად მასპინძლობს

    სამეთაურო-საშტაბო მრავალეროვნული ლოჯისტიკური სწავლება „LOGDEV 2019“  ოფიციალურად დაიწყო. გახსნის ცერემონიალზე „არმიჰოლში“ მოწვეულ სტუმრებს სიტყვით საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, თავდაცვის  ძალების მეთაურმა გენერალ-ლეიტენანტმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და  აშშ-ის გაერთიანებული შტაბის J-7 წარმომადგენელმა, ლოჯისტიკური განვითარების პროგრამის დირექტორმა სტივენ მეტსონმა მიმართეს.

    სიტყვით მიმართვისას თავდაცვის მინისტრმა ყურადღება სწავლების მნიშვნელობასა და მის მიზანზე გაამახვილა. „საქართველო პირველად მასპინძლობს საერთაშორისო ლოჯისტიკურ  სწავლებას, რომელშიც ნატოს წევრი 12 ქვეყანა მონაწილეობს. სწავლების მიზანია, ლოჯისტიკური უზრუნველყოფა ნატოს სტანდარტებს დაუახლოვდეს და ჩვენ  შევძლოთ მრავალეროვნულ გარემოში ოპერირება“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

    სწავლება ვაზიანში, IV მექანიზებული ბრიგადის ბაზის ტერიტორიაზე ჩატარდება. „LOGDEV 2019“-ში მონაწილეობას 12 ქვეყნის 130 სამხედრო მოსამსახურე მიიღებს, მათ შორის - აზერბაიჯანი, ალბანეთი, აშშ,  ბოსნია და ჰერცეგოვინა, ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, საქართველო, სერბეთი, უკრაინა, ფინეთი, შვედეთი და ხორვატია.  

    სწავლების მიზანი ნატოს ლოჯისტიკის დოქტრინების დახვეწა და ნატოს ინფორმაციული სისტემების გამოყენების უნარ-ჩვევების გაუმჯობესება, ასევე,  ქვედანაყოფების ფორმირების,  გადასროლის, ოპერაციის რაიონში ლოჯისტიკური უზრუნველყოფისა და უკუგადასროლის საკითხებში მონაწილეთა შორის ურთიერთთავსებადობის მიღწევაა.

    სწავლების გახსნის ცერემონიალს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეები, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის  (ODC) წარმომადგენლები და  სწავლებაში მონაწილე პირადი შემადგენლობა დაესწრო.

    მრავალეროვნული ლოჯისტიკური სწავლება აშშ-ის გაერთიანებული შტაბის J-7 ხელმძღვანელობით, აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება. მრავალეროვნული სამეთაურო-საშტაბო ლოჯისტიკური სწავლება 17 მაისს, IV მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე დაიხურება.

  • ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტი საქართველოში

    27-28 მარტს, საქართველოს ნატოს სამხედრო კომიტეტი და მისი თავმჯდომარე, ავიაციის მთავარი მარშალი სერ სტიუარტ პიჩი ესტუმრებიან. 

    საქართველოს, როგორც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დიდი ხნის პარტნიორის მიმართ მხარდაჭერის დემონსტრირების ნიშნად, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ფორმატში, ნატოს სამხედრო კომიტეტი სხდომას გამართავს. სესიას ავიაციის მთავარი მარშალი სერ სტიუარტ პიჩი და საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია წარუძღვებიან. სხდომის დასაწყისში სიტყვით მიმართვების ნაწილი ღია იქნება მედიის წარმომადგენლებისთვის. ნატოს სამხედრო კომიტეტის წევრები რეგიონში არსებულ უსაფრთხოების მდგომარეობას გაეცნობიან, მათ შორის ოკუპირებულ რეგიონებში - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში და ასევე, იმსჯელებენ შავი ზღვის რეგიონში არსებული ვითარების შესახებ. ნატოს სამხედრო წარმომადგენლებისთვის დაგეგმილია პრეზენტაციები ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების, თავდაცვის ძალებში მიმდინარე რეფორმების, ასევე ნატოს ოპერაციებსა და სწავლებებში მონაწილეობის შესახებ. 

    28 მარტს, ნატოს სამხედრო კომიტეტი ვაზიანის სამხედრო ბაზას ესტუმრება და საბრძოლო მომზადების ცენტრს (CTC) მოინახულებს, ასევე გაეცნობა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამას (GDRP), რომელიც აშშ-ის მხარდაჭერით ხორციელდება და საქართველოს თავდაცვის ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებასა და თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებას ისახავს მიზნად. 

    ამავე დღეს, ნატოს სამხედრო წარმომადგენლები წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს ესტუმრებიან (JTEC) და „ნატო-საქართველოს ერთობლივ სწავლებას 2019“ დააკვირდებიან. მრავალეროვნული, ბრიგადის დონის საშტაბო სწავლება მიზნად ისახავს საქართველოს, ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების ურთიერთთავსებადობის ამაღლებას, ასევე საქართველოს თავდაცვის ძალების მართვისა და კონტროლის შესაძლებლობების განვითარებას.

  • სამხედრო პოლიციამ ორი პირი დააკავა

    საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციამ ორი პირი დააკავა. საქმე ეხება მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისში” სავალდებულო სამხედრო მოსამხურეთა შორის მომხდარ ფიზიკური ძალადობისა და გამოძალვის ფაქტს.

    დაკავება განხორციელდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინების საფუძველზე. უახლოეს საათებში ბრალდებულებს ჩადენილი დანაშაულისათის წარედგინებათ ბრალი, ხოლო მოგვიანებით თბილისის საქალაქო სასამართლო იმსჯელებს მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური