საქართველოს საგარეო ვაჭრობა 17%-ით არის გაზრდილი

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 19 აგვისტო 2016 16:11
საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე ტენდენციებზე და „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებზე ისაუბრა დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ. მისი განცხადებით, საქართველოს საგარეო ვაჭრობა 17%-ით არის გაზრდილი, ფულად გზავნილებში 2016 წლის იანვარ-ივლისში აღარ ფიქსირდება შემცირება, წმინდა საერთაშორისო ფულადი ნაკადები მიმდინარე ანგარიშის ნაწილში (პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გამოკლებით) გაზრდილია დაახლოებით 210 მლნ აშშ დოლარით, ხოლო პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მიმდინარე წლის პირველ კვარტალში გაზრდილია 30 პროცენტით (მეორე კვარტლის მონაცემები ჯერ არ არის ცნობილი). ნიკოლოზ გაგუას თქმით, 2016 წლის 7 თვეში სავაჭრო ბალანსი 84 მლნ აშშ დოლარით არის გაუმჯობესებული. „უნდა აღინიშნოს, რომ საგარეო ვაჭრობის ოფიციალურ მონაცემებზე დიდ გავლენას ახდენს ც ჰეპატიტის წამლები, რომელიც სრულად გრანტით ფინანსდება, ამიტომ ვთვლით, რომ სწორი იქნება მათი გამოყოფა ანალიზიდან“ - აღნიშნა ნიკოლოზ გაგუამ. მინისტრის მოადგილემ ასევე დეტალურად ახსნა ექსპორტისა და იმპორტის შემცირების რეალური მიზეზები: „ექსპორტი შემცირდა 12 პროცენტით და 1 121.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ასევე შემცირდა იმპორტი 6 პროცენტით და 3 868.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ექსპორტის ხსენებული მონაცემი არის ნომინალური მონაცემი. უკეთესი ანალიზისთვის მნიშვნელოვანია შევხედოთ ასევე რეალურ მონაცემებს ანუ ექსპორტის დინამიკას ფასის ეფექტის გამოკლებით. ხაზი უნდა გაესვას, რომ ექსპორტში კლება გამოწვეულია მხოლოდ ფასისმიერი ეფექტით. პირველ და მეორე კვარტალში გვქონდა პრაქტიკულად ნულოვანი კლება, ხოლო ივნისში გვაქვს რეალური ზრდა 2.9 პროცენტი. რაც შეეხება იმპორტის შემცირებას. აქ კიდევ ერთი პოზიტიური გარემოებაა ის, რომ გაიზარდა საინვესტიციო საქონლის იმპორტი. შესაბამისად, შემცირება მოდის სამომხმარებლო და შუალედურ საქონელზე და ეს არის ძალიან ჯანსაღი სახის შემცირება“ - განაცხადა ნიკოლოზ გაგუამ. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლები 13 პროცენტით გაიზარდა და მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში 130 მილიონი აშშ დოლარით მეტი სავალუტო შემოდინება გვაქვს წინა წელთან შედარებით. „2016 წლის იანვარ-ივლისში შემცირება პრაქტიკულად აღარ გვაქვს ფულად გზავნილებში (იკლო 0.6 პროცენტით). ბოლო თვეების დინამიკის ანალიზის ფონზე გვაქვს ზრდის დამაიმედებელი მოლოდინები. ჩვენი პროგნოზით, 2016 წელს ფულადი გზავნილები უნდა გაიზარდოს. წმინდა საერთაშორისო ფულადი ნაკადები მიმდინარე ანგარიშის კუთხით (პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გამოკლებით) გაზრდილია დაახლოებით 210 მლნ აშშ დოლარით. ასევე 30 პროცენტით გაიზარდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები პირველ კვარტალში. მე-2 კვარტლის მონაცემები ჯერჯერობით არ არის ცნობილი, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებსა და საინვესტიციო საქონლის იმპორტს შორის მაღალ კორელაციას, მეორე კვარტლის იმპორტთან დაკავშირებით გვაქვს საკმაოდ მაღალი და მეტად პოზიტიური მოლოდინები“ - აღნიშნა გაგუამ. ნიკოლოზ გაგუამ მედიის წარმომადგენლებთან ლარიზაციის მაჩვენებლებზეც ისაუბრა. მისი თქმით, გაზრდილია ლარიზაციის მაჩვენებელი და ეს პროცესი მიმდინარე წლის მარტიდან დაიწყო. „მას შემდეგ, რაც გასული წლის ბოლოს დოლარიზაციის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზარდა, იგი ნელ-ნელა უკან იხევს. მნიშვნელოვანია ეს ტენდენცია გაგრძელდეს. გარდა ამისა, მინდა ავღნიშნო, რომ მთავრობა მუშაობს ლარიზაციის კომპლექსურ გეგმაზე, რამაც უნდა შექმნას ქმედითი სტიმულები ეკონომიკის ლარიზაციისთვის. მნიშვნელოვნად მიმაჩნია კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა ლარიზაციის მნიშვნელობას. ეს არის ეკონომიკის სწრაფი და სტაბილური განვითარების აუცილებელი წინაპირობა“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. გაგუას შეფასებით, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გაუმჯობესდა და დღესდღეობით, დაახლოებით, 3 პროცენტის ფარგლებში ფიქსირდება თუმცა, ეს კმაყოფილების საფუძველს არ იძლევა. „ჩვენი პროგნოზით, წლის ბოლოს 3,5 პროცენტამდე უნდა გაიზარდოს ეს მაჩვენებელი, რაც არ არის მაღალი, მაგრამ არსებული პროგნოზებით, ეს მაჩვენებელი აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი იქნება. ამ მხრივ მნიშვნელოვანი ღონისძიებები იქნება გასატარებელი და პირველ რიგში, აღნიშნავ პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებულ ოთპუნქტიან გეგმის მნიშვნელობას - ეკონომიკას სჭირდება სტრუქტურული რეფორმები, რათა გაცილებით უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა გვქონდეს“ - აღნიშნა გაგუამ. როგორც პრესკონფერენციაზე ითქვა, მიმდინარე წელს, განსაკუთრებით მარტის შემდეგ ინფლაციის მაჩვენებელი არის დაბალი, დაახლოებით 1-2 პროცენტის ფარგლებში ფიქსირდება, ხოლო საშუალო წლიური მაჩვენებელი, დაახლოებით 3,3 პროცენტია. „პოზიტიურია დინამიკა სახაზინო ფასიან ქაღალდებზე. მთავრობის ფასიანი ქაღალდების საპროცენტო განაკვეთი ქვეყნის ეკონომიკისადმი და მისი მაკროეკონომიკური პოლიტიკისადმი ნდობის კარგი საზომია. დაბალი საპროცენტო განაკვეთი ნიშნავს უფრო სანდო და სტაბილურ ეკონომიკას. 5-6 პროცენტული პუნქტით დაიკლო საპროცენტო განაკვეთმა სხვადასხვა ვადიანობის მიხედვით. შედარებით მნიშვნელოვანი კლებაა გრძელვადიან (5 წლიან) ფასიან ქაღალდებზე, რაც ნიშნავს, რომ ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგრადობას მაღალი სანდოობა აქვს“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
წაკითხულია 564 ჯერ

Related items

  • ს. ზურაბიშვილი - საქართველომ დემოკრატიის ტესტები ჩააბარა და ახლა უმთავრესი სამართლიანი არჩევნების ჩატარებაა

    საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ფასილიტატორ ელჩებს შეხვდა. ამის შესახებ პრეზიდენტის პრეს-სამსახური იუწყება.

    საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა ფასილიტატორ ელჩებს პროცესში ჩართულობისათვის, რომელიც ორიენტირებული იყო ქვეყანაში სტაბილურობის გამყარებისკენ.

    როგორც საქართველოს პრეზიდენტმა დიპლომატებთან ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე აღნიშნა, საქართველომ დემოკრატიის ტესტები უკვე ჩააბაარა, მაგრამ ეს პროცესი უნდა დასრულდეს და ახლა უმთავრესი მშვიდობიანი და სამართლიანი არჩევნების სამაგალითოდ ჩატარებაა.

    ,,როგორც აქამდე, მე ვიქნები სტაბილურობის გარანტი. შეწყალებასთან დაკავშირებით მიღებული ჩემი გადაწყვეტილება სწორედ ამით იყო განპირობებული.

    სტაბილურობისა და დეპოლარიზაციისათვის მშვიდი გარემოს უზრუნველსაყოფად, მიუღებელია ფეიკნიუსები, დეზინფორმაცია, სიძულვილის ენა, ჩვენს პარტნიორებზე და სხვადასხვა ორგანიზაციებზე, მაგალითად, ლუგარის ცენტრზე თავდასხმები.

    იმისათვის, რომ საქართველომ კიდევ ერთი გამოცდა წარმატებით ჩააბაროს და სტაბილურობას არაფერი დაემუქროს, გვმართებს მეტი ყურადღება, რადგან როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ არის სხვადასხვა სახის მცდელობები. და სწორედ ამ პერიოდში უცხოელი პარტნიორების ჩართულობა და მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

    შეხვედრას ესწრებოდნენ: ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი კრისტიან ურსე, აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, გერმანიის ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში

  • საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრმა დახმარება გაუწია 1000 დაბალშემოსავლიან ოჯახს

    COVID19-ის პანდემია არის ტესტი ყველა ქვეყნისთვის, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოებისთვისაც. დღეისათვის, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია კოროვირუსული პანდემიის ფარგლებში ახორციელებს სხვადასხვა საქველმოქმედო აქციებს, სოციალური იზოლაციის პერიოდში დაბალი შემოსავლისა და დაუცველი ჯგუფების მხარდაჭერის მიზნით.

    საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრი არის ერთ-ერთი იმ ორგანიზაცითაგანი, რომელიც თანმიმდევრულად და სისტემატურად ახორციელებს კამპანიას დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახების დასახმარებლად.

    ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენტაციების გათვალისწინებით, საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, 23 მარტიდან ქვეყნის მაშტაბით პირველად მარნეულსა და ბოლნისში გამოცხადდა მკაცრი საგარანტინო რეჟიმი.

    საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრმა ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე დახმარება გაუწია მარნეულში (250 ოჯახი), ბოლნისში (150 ოჯახი), თელავში (100 ოჯახი), საგარეჯოში (100 ოჯახი), ლაგოდეხში (100 ოჯახი), დმანისში (100 ოჯახი), გარდაბანსა (100 ოჯახი) და რუსთავში (100 ოჯახი) მცხოვრები, დროებით სირთულეების წინაშე დამდგარი დაბალშემოსავლიან ოჯახებს.

    დახმარების აქციების ჩასატარებლად ოფიციალური წერილებით მივმართედ მარნეულის, ბოლნისის, თელავის, საგარეჯოს, ლაგოდეხის, რუსთავის, გარდაბნის და დმანისის მერებს. შემდეგ, სასურსათო პაკეტები, რომელშიც შედიოდა ფქვილი, ბრინჯი, მაკარონი, ვერმიშელი, წიწიბურა, შაქრის ფხვნილი, შაქარი, ზეთი, მარილი და ჩაი, ადრესატთან მიტანის მიზნით გადავეცით ამ მერიების წარმომადგენლებს.

    ბოლნისის მერი დავით შერაზადიშვილმა, ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარემ კ. ჯამბურიამ და საგარეჯოს მერიამ თავიანთი facebook გვერდებიდან საქველმოქმედო აქციისთვის მადლობა გადაუხადეს საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრს.

    ბოლნისის მერი დავით შერაზადიშვილის მადლობის სტატუსზე ნათქვამი იყო: „საქველმოქმედო აქციას კიდევ ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია შეუერთდა. „საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრმა“ ჩვენი მოქალაქეებისთვის 150 სასურსათო პაკეტი გადმოგვცა. სურსათი ქვემო ბოლნისში, ფარიზისა და ზვარეთში მცხოვრებ მოწყვლადი კატეგორიის ოჯახებს დაურიგდა. მსურს, „საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრს“ ქველმოქმედებისთვის დიდი მადლობა გადავუხადო. საკარანტინო მდგომარეობისას ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არასამთავრებო სექტორის მხარდაჭერა. ვფიქრობ, ერთობლივი ძალებითა და მსგავსი მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით, კორონავირუსის პანდემიას უმოკლეს დროში გავუმკლავდებით“.

    ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარე კ. ჯამბურიამ კი აღნიშნა, რომ შექმნილს სიტუაციაში არასამტავრობო სექტორის მხარდაჭერა ძალზედ მნიშვნელოვანია: „ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისთვის მადლობას ვუხდით საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრს. ერთობლივი ძალისხმევით უმოკლეს დროში დავამარცხებთ კორონავირუსულ პანტემიას“.

    საგარეჯოს მერიის მადლობის წერილში ნათქვამი იყო: „საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრმა საგარეჯოს მერიას, 100 დაბალშემოსავლიან ოჯახებისთვის გადასაცემათ გადმოსცა სასურსატო პაკეტები. საციალური დახმარების პროგრამის ფარგლებში საგარეჯოს თვითმმართველობამ პირველ ეტაბზე 1500 ოჯახს, ასევე კერძო სექტორის მხარდაჭერით 130 დაბალშემოსავლიან ოჯახს გაუწია დახმარება. საგარეჯოს მერია მადლობას უხდის კორონავირუსთან ბრძოლაში მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ორგანიზაციებსა და ბიზნესმენებს.

    მოგახსენებთ, რომ საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრი 2019 წლის 3 აპრილს აზერბაიჯანის რესპუბლიკის დიასპორასთან მუშაობის საკითხებში სახელმწიფო კომიტეტის მხარდაჭერით დაიწყო თავისი საქმიანობა.

  • კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზმა“ პურის ქარხნებსა და საცხობებს გაზის ტარიფი შეუმცირა

    საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მთავრობასთან, კერძოდ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან კოორდინაციით, კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზმა“, რომელიც საქართველოში ბუნებრივი აირის მიმწოდებელი ერთ-ერთი უმსხვილესი სადისტრიბუციო კომპანიაა, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა გამოიჩინა და მის ქსელში ჩართულ პურის ქარხნებსა და საცხობებს გაზის სამომხმარებლო ტარიფი 10 თეთრით შეუმცირა.

    აღნიშნული უწყების ცნობით, მიმდინარე წლის აპრილსა და მაისში ყველა ეს ობიექტები ერთ კუბურ მეტრ გაზში 86 თეთრის ნაცვლად 76 თეთრს გადაიხდიან.

    საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება პურის ქარხნებსა და საცხობებს მისცემს შესაძლებლობას, შეინარჩუნონ პურის ფასი, რაც დღეისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის მოსახლეობისთვის.

    ეკონომიკის მინისტრმა გულითადი მადლობა გადაუხადა კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზის“ ხელმძღვანელობას მიღებული გადაწყვეტილებისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ასეთი სახის თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

  • "ადგილი ჰქონდა დესტრუქციულ კამპანიას, რამაც საშიშროების წინაშე დააყენა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებული ვითარება და ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებული სტრატეგიული პარტნიორობა", - სუს-ი

    გასულ წელს დავით გარეჯის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ძალები, მათ შორის, ეროვნული ფასეულობების დაცვის ზურგს ამოფარებული ცალკეული პირები და ჯგუფები, - ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის /სუს/ 2019 წლის საქმიანობის ანგარიშშია ნათქვამი.

    ანგარიშის ინფორმაციის მიხედვით, ადგილი ჰქონდა დესტრუქციულ კამპანიას, რამაც საშიშროების წინაშე დააყენა საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარზე არსებული ვითარება და ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებული სტრატეგიული პარტნიორობა.

    „რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, საქართველო სტაბილურად ინარჩუნებს კეთილმეზობლურ ურთიერთობებს თურქეთთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან. მიუხედავად ამისა, მუდმივად არის მიმდინარე ორმხრივ ურთიერთობებში პირდაპირი თუ ირიბი ჩარევისა და მათი მიზანმიმართული დაზიანების მცდელობები. გასულ წელს დაფიქსირდა ტენდენცია, როდესაც სხვადასხვა პოლიტიკური და სამოქალაქო ჯგუფები ცდილობდნენ, აღნიშნულ ქვეყნებთან ურთიერთობების დესტაბილიზაციის მცდელობებით გადაეფარათ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები, მათ შორის, ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი. ცალკეული ჯგუფების მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს ზოგიერთ რეგიონში მიმდინარე პროცესების რუსულ ოკუპაციასთან გაიგივების მცდელობას.

    აღნიშნულ კონტექსტში განსახილველია 2019 წელს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ირგვლივ განვითარებული მოვლენებიც. ადგილი ჰქონდა დესტრუქციულ კამპანიას, რამაც საფრთხის წინაშე დააყენა საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარზე არსებული ვითარება, ასევე, ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებული სტრატეგიული პარტნიორობა. აღნიშნულ პროცესებში ჩართული იყვნენ სხვადასხვა ძალები, მათ შორის, ეროვნული ფასეულობების დაცვის საფარს ამოფარებული ცალკეული პირები და პირთა ჯგუფები. საკითხის გასამწვავებლად აქტიურად იყო გამოყენებული ე.წ. საინფორმაციო ომის მეთოდები. მიმდინარეობდა ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობების დამაზიანებელი განწყობების წახალისება, ასევე, პროვოკაციული მოწოდებებით, შექმნილი ვითარების „ოკუპაციის სიბრტყეში“ გადატანის მცდელობა“, - ნათქვამია ანგარიშში.

    ამავე დოკუმენტის თანახმად, პროვოკაციების თავიდან აცილებისა და ვითარების დასტაბილურების მიზნით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან გატარდა შესაბამისი ღონისძიებები.

    „უწყება ჩართულია საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის მუშაობაში, რომელიც ასევე საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის აღნიშნული საკითხის დარეგულირების ლეგიტიმურ ფორმატს წარმოადგენს. საფრთხეების მინიმიზაციის მიმართულებით, შესაბამისი რეკომენდაციები ეძლევა მოლაპარაკებების პროცესში ჩართულ უწყებებს. ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რეგიონალური დანაყოფები, შესაბამის უწყებებთან კოორდინაციით, მუდმივ რეჟიმში ახორციელებდნენ სასაზღვრო ზონის მიმდებარედ არსებული ოპერატიული ვითარების მონიტორინგსა და შესაბამის ოპერატიულ უზრუნველყოფას“, - ნათქვამია ანგარიშში.

    ამავე დოკუმენტის თანახმად, საქართველოზე გავლენის მოპოვებით დაინტერესებული სახელმწიფოები ასევე ცდილობდნენ ქვეყანაში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების დაპირისპირებას და საზოგადოებაში არსებული უკმაყოფილების საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებას. მნიშვნელოვან პროცესებზე უარყოფითი გავლენის მოხდენის მიზნით მიმდინარეობდა საზოგადოებრივ აზრზე მანიპულირების მცდელობები.

    როგორც ანგარიშშია აღნიშნული, 2019 წელს გარკვეული ძალების მიერ ადგილი ჰქონდა ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის საკითხის თაობაზე მოსახლეობის პოლარიზაციის მცდელობას. დაფიქსირდა მოსახლეობის მხრიდან სახელმწიფოსთან ძალისმიერი დაპირისპირების ფაქტი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, სხვა შესაბამის უწყებებთან ერთად, მიმდინარეობდა ვითარების მონიტორინგი და ხორციელდებოდა დეესკალაციის ღონისძიებები.

    „გასულ წელს ადგილი ჰქონდა სხვადასხვა დესტრუქციული ძალების მხრიდან რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების გარკვეულ ნაწილზე იდეოლოგიური ზეგავლენის და სეპარატისტული განწყობების სხვადასხვა ფორმით წახალისების მცდელობებს. აღნიშნულის ფარგლებში, სხვადასხვა სოციალური, კულტურული, საქველმოქმედო, საგანმანათლებლო, ინფრასტრუქტურული თუ ბიზნეს პროექტებისა და აქტივობების საფარქვეშ, სამიზნე ჯგუფებში ხორციელდებოდა ანტიქართული განწყობების გაღვივებისა და საქართველოს სახელმწიფოსგან მათი დისტანცირების მცდელობა. ამავე დროს, პერიოდულად ვრცელდებოდა გაყალბებული ფაქტები და მიმდინარეობდა მითების შექმნა, რათა ყოფით ნიადაგზე წამოჭრილი საერთო პრობლემები ეთნიკური ნიშნით წარმოჩენილიყო.

    საანგარიშო პერიოდში კონტროლზე იყო აყვანილი საქართველოს ტერიტორიაზე მსგავსი ტიპის ღონისძიებების ჩატარება. აღკვეთილი იქნა გარკვეული აქტივობები, სადაც იგეგმებოდა საქართველოს მოქალაქეებში დესტრუქციული განწყობების გაღვივება. თავიდან იქნა აცილებული ცალკეული პირების ჩართვა ქვეყნის ფარგლებს გარეთ დაგეგმილ მსგავს პროექტებში. ხორციელდებოდა შესაბამისი სასაზღვრო კონტროლი და განეიტრალდა ეთნიკური დაპირისპირებების საქართველოს ტერიტორიაზე გადმოტანის მცდელობები“, - ხაზგასმულია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2019 წლის საქმიანობის ანგარიშში.

  • ევროკავშირი უარყოფს არჩევნების შედეგებს საქართველოს აფხაზეთის რეგიონში

    23 მარტს ევროკავშირმა განცხადება გააკეთა საქართველოს სეპარატისტულ რეგიონ აფხაზეთში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების პასუხად.
    „ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, როგორც ეს აღიარებულია საერთაშორისო კანონმდებლობით“, აღნიშნულია განცხადებაში. რაც შეეხება ამ ეგრეთ წოდებულ არჩევნებს, რომელიც ჩატარდა საქართველოს სეპარატისტულ რეგიონ აფხაზეთში 2020 წლის 22 მარტს, შეგახსენებთ, რომ ევროკავშირი არ აღიარებს კონსტიტუციურ და საკანონმდებლო ჩარჩოს, რომელშიც ეს არჩევნები ჩატარდა“.
    ევროკავშირმა ასევე აღნიშნა, რომ ის გააგრძელებს საკუთარ არ-აღიარების და ჩართულობის პოლიტიკას, და ამ თვალსაზრისით ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში რჩება სრულად მობილიზებული.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური