პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობა გაიხსნა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 15 აგვისტო 2016 12:41

პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი საავტომობილო მოძრაობა გაიხსნა. ესტაკადის გახსნამდე, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილთან ერთად, პუშკინის სკვერის მიმდებარედ შეკრებილებს სიტყვით მიმართა და ახალი ხიდის მნიშვნელობაზე ისაუბრა, რის შემდეგაც ხიდზე წლების შემდეგ ავტომობილების პირველმა ნაკადმა გაიარა.

პუშკინის ესტაკადა საცობებისგან განტვირთავს ქალაქის მნიშვნელოვან ნაწილს - თავისუფლების მოედანს, მაჩაბლის, აფხაზის, ჭანტურიას, ფურცელაძის, თაბუკაშვილის, ლაღიძის, ლეონიძის, ბესიკის, ათონელის, ვირსალაძის, ვაჩნაძის, უკრაინკას, პუშკინისა და სხვა ახლომდებარე ქუჩებს, ასევე, გამსახურდიას სახელობის მარჯვენა სანაპიროს.

“შესრულდა ჩვენი მორიგი წინასაარჩევნო დაპირება, რომელიც გულისხმობდა ქალაქის ამ ისტორიული ნაწილის საცობებისგან განტვირთვას. განვახორციელეთ პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის პროექტი, რომლითაც ერთის მხრივ, 15-ზე მეტი ქუჩა განიტვირთება და საცობები აღარ იქნება, მეორეს მხრივ კი, შენარჩუნდა ის მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის ნაწილი, რომელიც საინტერესო და მიმზიდველია ტურისტებისთვის და რაც ყველაზე მთავარია, ქალაქის ეკოლოგიურ გარემოზე პოზიტიურად აისახება. ეს პროექტი ერთ-ერთია იმ 10 პროექტიდან, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ ქალაქში მოძრაობის საცობებისგან განტვირთვის მიმართულებით და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გადაადგილებას,”- განაცხადა თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ.

ესტაკადა ლითონის კონსტრუქციითაა ნაგები და ახალი ხიდის სიმაღლის დონე თითქმის არსებული გზის შესაბამისია. ახალი ესტაკადა, ძველი ქალაქის სტილშია, გამომდინარე აქედან, ხიდის მშენებლობით ძველი თბილისის იერსახე არ დაიკარგა და ესტაკადის ქვეშ აღმოჩენილი ქალაქის ნანგრევები შენარჩუნდა.

ამასთან, მოეწყო საფეხმავლო ბილიკი, რაც ტურისტული თვალსაზრისით და ვიზიტორების გადაადგილების კუთხით აღნიშნულ ტერიტორიას კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის.

სამშენებლო სამუშაოები პუშკინის ქუჩაზე თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დაკვეთით, კომპანია "CRP"-მ განახორციელა და პროექტზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 4,400,000 ლარი დაიხარჯა.

თბილისის მერთან ერთად პუშკინის ქუჩაზე დღეს ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე, მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი გივი კუბლაშვილი, საკრებულოს წევრები და ესტაკადის პროექტის ავტორი თამაზ შილაკაძე იმყოფებოდნენ.

წაკითხულია 413 ჯერ

Related items

  • თბილისი საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას უმასპინძლებს

    2019 წლის 23 დეკემბერს, ქ. თბილისში გაიმართება აზერბაიჯანის რესპუბლიკის, თურქეთის რესპუბლიკისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების მე-8 სამმხრივი შეხვედრა. 

    ღონისძიება წარმოადგენს ტრადიციულ შეხვედრას სამმხრივ ფორმატში და მიმდინარე წელს, რიგითობის შესაბამისად, მინისტერიალს მასპინძლობს საქართველო.

    3 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ 2012 წელს ინიცირებული თანამშრომლობის სამმხრივი ფორმატის ფარგლებში შეხვედრები იმართება, როგორც სხვადასხვა უწყებების ხელმძღვანელების, ასევე უმაღლეს - პრეზიდენტების დონეზე. მიმდინარე წელს დაგეგმილ შეხვედრაზე, საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ სამმხრივი ფორმატის სამოქმედო გეგმას 2020-2022 წლებისათვის, რის ფარგლებშიც გათვალისწინებულია სამი ქვეყნის სექტორული უწყებების კონკრეტული ქმედებები. 

    ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის რესპუბლიკისა და თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრებს მიიღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბატონი გიორგი გახარია. ამ შეხვედრაზე განხილულ იქნება ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგის აქტუალური საკითხები და პერსპექტივები.

    აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე შეხვდება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ არჩილ თალაკვაძეს. 

  • ქვეშეთი-კობის ახალ გზას ჩინური კომპანია “China Railway 23rd Bureau Group Co” ააშენებს

    ქვეშეთი-კობის საავტომობილო გზის 13 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდა. ახალ გზას ჩინური კომპანია “China Railway 23rd Bureau Group Co” ააშენებს. 13 კმ-იანი ახალი გზის მშენებლობის ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ალექსანდრე თევდორაძემ და კომპანია “China Railway 23rd Bureau Group Co” -ის საქართველოში მუდმივმოქმედი ფილიალის გენერალურმა მენეჯერმა იანგ იუბინმა.

    კომპანია „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი“  2002 წელს დაფუძნდა და წარმოადგენს მსოფლიოს უმსხვილესი მშენებელი კომპანიის სახელით ცნობილი, ჩინეთის  სახელმწიფო საბჭოს ზედამხედველობის ქვეშ არსებული  უმსხვილესი  საწარმოს „China Railway Construction Corporation Limited“-ის ფილიალს. კომპანიამ ბოლო წლების განმავლობაში, დაასრულა 410 კმ საერთო სიგრძის ხიდების მშენებლობა და 610.1 კმ გვირაბების მშენებლობა. კომპანიას მონაწილეობა აქვს მიღებული 153 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობაში და მთლიანობაში შესრულებული აქვს 1200 კმ-ზე მეტი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის პროექტები. მისი მშენებლობის წლიური მოცულობა 20,000,000 მ³-ს აღემატება.

    ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობა დაყოფილია 2 მონაკვეთად, ჯამში დაგეგმილია 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის 22.7 კმ. გზის, 6 ხიდისა და 5 გვირაბის  მშენებლობა, მათ შორის, ერთი 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობა. ქვეშეთი-კობის 9 კმ-იანი გვირაბი 15 მეტრის სიგანის იქნება, რაც საკმაოდ იშვიათია, არამარტო ამიერკავკასიაში არამედ მსოფლიო მასშტაბით და უდიდესი დიამეტრის მქონე გვირაბების ჩამონათვალში შევა.

    ქვეშეთი-კობის მონაკვეთი, სატრანზიტო მნიშვნელობის  ჩრდილო-სამხრეთის დერეფანის  ნაწილია.  გზა გადის რთულ გეოგრაფიულ მარშრუტზე და ზამთრის პერიოდში ხასიათდება დიდთოვლობით.  ახალი გზა და 9 კმ-იანი გვირაბი მოაგვარებს არსებულ პრობლემებს და სატრანზიტო მიმოსვლა, წელიწადის ნებისმიერ დროს შეუფერხებლად იქნება შესაძლებელი. გვირაბი უზრუნველყოფს ზამთრის პერიოდში მგზავრების უსაფრთხო და საიმედო გადაადგილებას, ახალი გზა კი  აარიდებს სატრანსპორტო ნაკადს ყაზბეგის ეროვნულ პარკს და გუდაურის ზამთრის კურორტს.

    გზა, ასევე, გააუმჯობესებს ზამთრის სეზონზე გარე სამყაროსგან მოწყვეტილი ხეობის მოსახლეობის პირობებს ახალი გზა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტში განხორციელებული თუ დაგეგმილი სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები ხელს შეუწყობენ ხეობაში მოსახლეობის დაბრუნებას, ახალი ტურისტული მიმართულებების შექმნას და ეკონომიკური საქმიანობის გამოცოცხლებას.

    პროექტის ზემოქმედების ზონაში  მოხვდება ხეობის 9 სოფელი.

  • არჩილ თალაკვაძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩს შეხვდა

    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩთან, ლი იანთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. 

    მხარეებმა ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობის შესახებ ისაუბრეს და თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებულ აქტუალურ საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება.

    აღინიშნა, რომ პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, კულტურული და ხალხთაშორისო ურთიერთობები ის მიმართულებებია, რაზეც საქართველო და ჩინეთი შემდგომშიც აქტიურად გააგრძელებენ თანამშრომლობას.

    საუბარი, ასევე, შეეხო აბრეშუმის გზის პროექტს - „ერთი გზა-ერთი სარტყელი“.

    არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ეს არის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი ჩვენი ქვეყნისთვის და უსაფრთხოების, ეკონომიკური ინტეგრაციის და ინფრასტრუქტურის განახლების მხრივ საქართველო ამ მისიისთვის მზად არის.

    საუბარი, ასევე, შეეხო საქართველოს სატრანზიტო და საინვესტიციო შესაძლებლობებს.

    შეხვედრისას ყურადღება საპარლამენტთაშორისო კავშირების გააქტიურების მნიშვნელობას დაეთმო.

    ელჩმა პარლამენტის თავმჯდომარეს ჩინეთის მხრიდან ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა დაუდასტურა. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩინეთი განუხრელად სცემს პატივს ქართველი ერის მიერ არჩეულ განვითარების გზას. თავის მხრივ, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს „ერთი ჩინეთის“ პოლიტიკას.

    პარლამენტის თავმჯდომარემ ელჩს სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა და მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

    შეხვედრას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ოთარ დანელია ესწრებოდა.

  • თბილისსა და ჩინეთის ქალაქ გუანჯოუს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

    თბილისსა   და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ გუანჯოუს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

    მემორანდუმს ხელი მოაწერეს თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ და ქალაქ გუანჯოუს დელეგაციის ხელმძღვანელმა ფან ძიენგუომ.

    მემორანდუმი ხუთწლიანია და ემყარება 2014 წლის 13 იანვარს ხელმოწერილ ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის მემორანდუმს და 2014 წლის 29 ნოემბერს გაფორმებულ თანამშრომლობის შეთანხმებას.

    მემორანდუმის მიზანია ორ ქალაქს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობის განმტკიცება და საერთო ინტერესის მქონე სფეროებში, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით, თანამშრომლობის გაძლიერება.

    ჩინურმა მხარემ თბილისის მერი გუანჯოუში, დაძმობილებულ ქალაქების მეგობრობისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე მიიწვია.

    შეხვედრას ვიცე-მერთან ერთად, ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი ანდრია ბასილიაია და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი მუსხელიშვილი დაესწრნენ.

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

    შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 30 მაისს, ღამის 00:00 საათიდან თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე დაგეგმილ მასშტაბურ სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით ჭავჭავაძის გამზირზე ავტომანქანების მოძრაობა აიკრძალება, კერძოდ ვარაზისხევიდან ჭავჭავაძის გამზირის და ატენის ქუჩის კვეთამდე.

     რეაბილიტაციის მიმდინარეობის პერიოდში დროებით შეიცვლება ტრანსპორტის მოძრაობის არსებული სქემა და გარკვეულ ქუჩებზე ცალმხრივი მოძრაობა დაწესდება, კერძოდ:
     
    ვარაზისხევიდან ამომსვლელი ავტომანქანები იმოძრავებენ კორნელი კეკელიძის ქუჩაზე ნინო ჟვანიას ქუჩის მიმართულებით ან ფალიაშვილის ქუჩის გავლით მირცხულავას ქუჩის კვეთამდე, საიდანაც მოძრაობის გაგრძელებას შეძლებენ ილია ჭავჭავაძის გამზირზე ვაკის პარკის მიმართულებით;
     
    ვაკის-პარკიდან რუსთაველის გამზირისკენ მოძრავი ავტომანქანები იმოძრავებენ შემდეგი მიმართულებით:
     
    ჭავჭავაძის გამზირიდან ავტომანქანები ავლენ არაყიშვილის ქუჩაზე, საიდანაც მოძრაობის გაგრძელებას შეძლებენ აბაშიძის ქუჩაზე მრგვალი ბაღის ან ვაკის პარკის მიმართულებით.
     
    მრგვალი ბაღიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით მოძრავი ავტომანქანები,პეტრიაშვილის ქუჩით ჩავლენ პეტრე მელიქიშვილის ქუჩაზე.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური