ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ტომაშ პერნიცკიმ მიღება გამართა

გამოქვეყნებულია კულტურა
ხუთშაბათი, 11 აგვისტო 2016 08:52

რუსუდან გლურჯიძის ფილმი "სხვისი სახლი" კარლოვი ვარის კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა. "სხვისი სახლი" საუკეთესო ფილმად საკონკურსო პროგრამაში "East of the West" აღიარეს. ამასთან დაკავშირებით ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ტომაშ პერნიცკიმ მიღება გამართა, სადაც ფილმის რეჟისორს და შემოქმედებით ჯგუფს უმასპინძლა.
ჩეხეთის ელჩმა საელჩოში შეკრებილ სტუმრებს გულთბილად მიულოცა ფილმის წარმატება და განაცხადა, რომ კარლოვი ვარის კინოფესტივალზე გამარჯვება ყველასათვის საამაყოა.
თავის მხრივ ფილმის რეჟისორმა რუსუდან გლურჯიძემ მადლობა გადაუხადა ელჩს და დასძინა, რომ შემოქმედებითი ჯგუფი გააგრძელებს მუშაობას და ეცდება ახალი წარმატებით კიდევ ერთხელ გაახაროს ქართველი და უცხოელი მაყურებელი.
შეგახსენებთ, რომ დაჯილდოვების ცერემონია 9 ივლისს კარლოვი ვარში გაიმართა, რომელსაც ფილმის შემოქმედებითი ჯგუფი დაესწრო.
აღსანიშნავია, რომ ფესტივალის ძირითადი საკონკურსო პროგრამის ჟიურის ერთ-ერთი წევრი წელს ცნობილი ქართველი რეჟისორი გიორგი ოვაშვილი იყო, რომელსაც კარლოვი ვარის კინოფესტივალზე მთავარი პრიზი “ბროლის გლობუსი” აქვს მიღებული ფილმისთვის “სიმინდის კუნძული” (2014).
ფესტივალის ოფიციალურ პარალელურ პროგრამაში “მომავლის კადრები” აჩვენეს კიდევ ერთი ქართველი რეჟისორის, დავით ფირცხალავას მოკლემეტრაჟიანი ფილმი “მამა”, ლევან კოღუაშვილის დოკუმენტური ფილმის პროექტი “გოგიტას ახალი ცხოვრება” კი Docu Talents from the East 2016-ში იღებდა მონაწილეობას.
კარლოვი ვარის ფესტივალი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის წამყვანი და ყველაზე პრესტიჟული კინოფესტივალია, რომელიც ჩეხეთის ქალაქ კარლოვი ვარში 1946 წლიდან იმართება. იგი ა-კლასის კატეგორიას მიეკუთვნება კანის, ბერლინის, ვენეციის, სან სებასტიანის, მონრეალის, შანხაის და ტოკიოს კინოფესტივალების მსგავსად. ცნობილი კინემატოგრაფისტები, დისტრიბუტორები. ხშირად აღნიშნავენ, რომ კარლოვი ვარის კინოფესტივალი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში.

წაკითხულია 838 ჯერ

Related items

  • ორმხრივი კონსულტაციები საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის

    15 სექტემბერს, თბილისში გაიმართა ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი შეხვედრა საქართველოსა და ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციას ხელმძღვანელობდა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია, ხოლო ჩეხეთის დელეგაციას - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალეშ ხმელარჟი (Aleš Chmelař).
    საგარეო საქმეთა ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრისას მინისტრის მოადგილეები მიესალმნენ ორი ქვეყნის ტრადიციულად მეგობრულ და მჭიდრო ურთიერთობებს, ხაზი გაუსვეს ორმხრივი კონსულტაციების რეგულარულად გამართვის მნიშვნელობას და ვრცლად მიმოიხილეს საქართველო-ჩეხეთის თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხები. 
    მხარეები მიესალმნენ ორ ქვეყანას შორის უახლოეს პერიოდში დაგეგმილ მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს და დააფიქსირეს მზაობა განაგრძონ მუშაობა ორმხრივი ვიზიტების განხორციელებისათვის, ასევე ხელი შეუწყონ საქართველოსა და ჩეხეთის დარგობრივ უწყებებს შორის კონტაქტების შემდგომ გაღრმავებას.  
    სექტორული თანამშრომლობის კონტექსტში, მინისტრის მოადგილეებმა მიმოიხილეს არსებული დინამიკა სავაჭრო-ეკონომიკურ, ტურიზმის, თავდაცვის, ჯანდაცვის, კულტურის, განათლების  სფეროებში და იმსჯელეს ურთიერთობათა გაღრმავების პერსპექტივებზე. ამ მიმართებით, კმაყოფილებით აღინიშნა უკვე არსებული მიღწევები და პოზიტიური ტენდენციები, ასევე ხაზი გაესვა, რომ საჭიროა მეტი ძალისხმევა პოტენციალის სრულად ასათვისებლად. 
    კონსულტაციებისას ყურადღება გამახვილდა ჩეხეთის მიერ საქართველოში წარმოებული განვითარების თანამშრომლობის პროექტებზე, რომლებიც Czech Aid-ის ხაზით ხორციელდება და რომელთა მიზანია საქართველოს სხვადასხვა სექტორისა და მიმდინარე რეფორმების  მხარდაჭერა. ჩეხეთის მხარემ გამოხატა მზაობა კვლავაც აქტიურად განაგრძოს საქართველოს მხარდამჭერი პროექტების განხორციელება.
    საგანგებოდ აღინიშნა წარმატებული თანამშრომლობა ჯანდაცვის სფეროში და ჩეხეთის ხელშეწყობა, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა გააჩნია პანდემიასთან ბრძოლისა და მისი შედეგების აღმოფხვრის კონტექსტში. ამ თვალსაზრისით, ხაზი გაესვა, რომ ძალზე ფასეულია ჩეხეთის მიერ სამედიცინო აღჭურვილობის გადაცემა საქართველოს სამედიცინო დაწესებულებებისათვის.
    კონსულტაციების ფარგლებში, ხაზგასმული აქცენტი გაკეთდა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხზე. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ჩეხ კოლეგას დეტალურად გააცნო ქართული მხარის მიერ წარმოებული სამუშაო, ინიციატივები და გეგმები, მათ შორის, 2024 წელს ევროკავშირში სრულფასოვან გაწევრიანებაზე განაცხადის წარდგენის, ევროკავშირთან ფიზიკური დაახლოებისა და დარგობრივი თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით. აქცენტი გაკეთდა „ასოცირებული ტრიოს“ ფორმატზე, ასევე  „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მოახლოებულ სამიტსა და ქართული მხარის მოლოდინებზე. აღინიშნა, რომ  2022 წლის მეორე ნახევარში ჩეხეთის ევროპული საბჭოს თავმჯდომარეობის გათვალისწინებით, ქართული მხარე მზადაა მჭიდრო თანამშრომლობისათვის და განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ჩეხური მხარის აქტიურ ჩართულობასა და მხარდაჭერას საქართველოს პრიორიტეტების რეალიზაციაში. თავის მხრივ, ჩეხურმა მხარემ მიმოიხილა ის მიმართულებები, რომლებზეც მოხდება ფოკუსირება ევროკავშირში ჩეხეთში თავმჯდომარეობის ფარგლებში.
    ასევე ხაზგასმული ყურადღება დაეთმო საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესსა და დაფიქსირდა ამ მიმართებით პარტნიორთა მხარდაჭერის განსაკუთრებული მნიშვნელობა. 
    ჩეხეთის მხარემ საგანგებოდ აღნიშნა ქართული მხარის წვლილი ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესში და მადლიერება გამოხატა საქართველოს მიერ პარტნიორთა მიმართ გამოჩენილი მხარდაჭერისა და თანადგომისათვის.
    საუბრისას თეიმურაზ ჯანჯალიამ ჩეხ კოლეგას გაუზიარა დეტალური ინფორმაცია ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული  მძიმე მდგომარეობისა და რუსეთის ფედერაციის დესტრუქციული ქმედებების შესახებ. ხაზი გაესვა, რომ  პარტნიორთა მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია ამ საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში მაქსიმალურად წარმოჩენისათვის.
    ორმხრივი კონსულტაციებისას ჩეხეთის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი. 
    შეხვედრისას ასევე განხილული იქნა საერთაშორისო ორგანიზაციათა ფარგლებში თანამშრომლობისა და კანდიდატურათა ურთიერთმხარდაჭერის საკითხები. კმაყოფილებით აღინიშნა, რომ ამ მიმართებით არსებობს მჭიდრო თანამშრომლობის წარმატებული გამოცდილება. 
    მინისტრის მოადგილეებმა ასევე გაცვალეს ინფორმაცია ორ ქვეყანაში პანდემიასთან ბრძოლის მიზნით განხორციელებული ღონისძიებების თაობაზე.
    კონსულტაციებისას მხარეებმა ასევე განიხილეს აქტუალური საერთაშორისო საკითხები, ისაუბრეს რეგიონში მიმდინარე მოვლენებსა და არსებულ გამოწვევებზე. აღინიშნა, რომ რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებისათვის, ძალზე მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორთა აქტიური ძალისხმევა.
    შეხვედრის დასასრულს, მინისტრის მოადგილეები შეთანხმდნენ განაგრძონ მჭიდრო თანამშრომლობა და საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი კონსულტაციების რეგულარულად წარმოების პრაქტიკა.

  • ჯუანშერ ბურჭულაძე ჩეხეთის ელჩს შეხვდა

    საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, პეტერ მიკისკას შეხვდა. როგორც "ნიუს დეი საქართველოს" თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს, თავდაცვის მინისტრმა ჩეხ დიპლომატს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებას. მინისტრმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციის საქმეში ჩეხეთის მნიშვნელოვან წვლილზე ისაუბრა. მან, ასევე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში (EUMM) ჩეხი დამკვირვებლების მონაწილეობა დადებითად შეაფასა. ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ რეგიონის უსაფრთხოებისათვის მნიშვნელოვანია საქართველოს ტრანსფორმაცია, რაშიც საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის, ჩეხეთის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. მხარეებმა დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების სოციალური და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის კუთხით ჩეხეთთან თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. აღნიშნული მიმართულებით, სამომავლოდ, საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროებს შორის სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების მხარდაჭერის მიზნით მემორანდუმის გაფორმება იგეგმება. საუბარი, ასევე, შეეხო სამხედრო განათლების კუთხით თანამშრომლობის საკითხებს.

  • ოცდაათი ქართველი სტუდენტი ჩეხეთის მთავრობის სტიპენდიის პროგრამით სწავლას ჩეხეთში განაგრძობს

    18 ივნისს, ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩო თბილისში 2021/2022 აკადემიური წლის ჩეხეთის მთავრობის სტიპენდიის პროგრამის გამარჯვებულებს უმასპირნძლებს. ღონისძიება გაიმართება ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს შენობაში (ჭავჭავაძის გამზირი 37)  12:00-13:00 საათებში.

    საქართველო ერთ-ერთია 6 პარტნიორი ქვეყნიდან, რომელთა სტუდენტებსაც ჩეხურ საჯარო უნივერსიტეტებში სწავლის შესაძლებლობა ეძლევათ. ერთი მხრივ, სტუდენტებისთვის ეს არის  მაღალი ხარისხის ცოდნის მიღებისა და უნარ-ჩვევების დახვეწის საშულება, მეორე მხრივ კი  ჩეხეთის რესპუბლიკის საზოგადოებრივი, ეკონომიკური და ინსტიტუციური კონტექსტის უკეთ გაცნობის საშუალება.

    ჩეხეთის მთავრობის სტიპენდიის პროგრამა სწავლების შემდეგ ეტაპებს ფარავს:

    • სამაგისტრო პროგრამა ჩეხურ ენაზე და ერთწლიანი ჩეხურ ენაში მოსამზადებელი კურსი, რომელიც პროფესიული განვითარების კურსებთანაა კომბინირებული.
    • სამაგისტრო პროგრამები ინგლისურ ენაზე.
    • სადოქტორო პროგრამები (ძირითადად ინგლისურ ენაზე).

    სტიპენდია ფარავს ჩეხეთში სწავლასა და ცხოვრებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს.

    1950-იან წლებში პროგრამის დაწყებიდან დღემდე 20 000 უცხოელმა სტუდენტმა მიიღო განათლება ჩეხურ უნივერსიტეტბში ჩეხეთის მთავრობის სტიპენდიის პროგრამის დახმარებით.

    2021/2022 აკადემიური წლისთვის 30-მა ქართველმა სტუდენტმა მიიღო სტიპენდია. მათგან 9 ჩეხურ ენაზე მიიღებს სამაგისტრო განათლებას, 3 - სადოქტორო პროგრამებს დაასრულებს ინგლისურ ენაზე, ხოლო დანარჩენები სამაგისტრო განათლებას მიიღებენ ინგლისურენოვან პროგრამებზე. მრავალფეროვანია პროგრამების სპექტრიც და მოიცავს ისეთ პროფესიებს, როგორიცაა საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები (ICT), ეკონომიკურ მონაცემთა ანალიზი, ფინანსები, ინჟინერია, გარემოს დაცვა და სოფლის მეურნეობის განვითარება. 

    ჩეხეთის საელჩოს პრეს-რელიზი

  • ჩეხეთი საქართველოს მწვანე ურბანული დაგეგმარების კუთხით გამოცდილებას გაუზიარებს

    როგორ უმკლავდება ჩეხეთი მზარდი ურბანიზაციის პირობებში გამწვანებული სივრცეების ნაკლებობას? ურბანული გამწვანება ქვეყნის ურბანული განვითარების გეგმების განუყოფელი ნაწილია. მწვანე ურბანული დაგეგმარების კუთხით ჩეხეთის წარმატებულ გამოცდილებას ქართველ კოლეგებს ჩეხი ექსპერტები გაუზიარებენ.

    2021 წლის 16 ივნისს, 13:00-15:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის შენობაში (თბილისი, რუსთაველის გამზირი, #8), ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან თანამშრომლობით, მართავს პრეზენტაციასა და დისკუსიას „მწვანე ქალაქები და ურბანული დაგეგმარება: საერთო საკითხები ჩეხეთისა და საქართველოს გამოცდილებაში“

    შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ ქალბატონი მაია ბითაძე, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, ბატონი პეტრ მიკისკა, ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში და ბატონი გიგა გიგაშვილი, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი. ჩეხი ექსპერტები გამართავენ პრეზენტაციებს ურბანული დაგეგმარებისა ნორმატიული რეგულირებისა და პრაქტიკის შესახებ ჩეხეთში. დისკუსიის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, ერთმანეთს გაუზიარონ ჩეხეთისა და საქართველოს ურბანული დაგეგმარების საკანომდებლო რეგულირებისა და აღსრულების საკითხების შესახებ ინფორმაცია, სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე შეჯერების მიზნით.

    ჩეხეთის საელჩოს პრეს-რელიზი

  • „ჩეხეთის კარიტასმა“ ქართული მუნიციპალიტეტები თანამედროვე სტანდარტების ნაგავმზიდებით მოამარაგა

    „ჩეხეთის კარიტასმა საქართველოში“ სლოვაკეთის მთავრობის მხარდაჭერით დუშეთის მუნიციპალიტეტს 100 000 ევროს ღირებულების 14 კუბური მეტრი მოცულობის ნაგავმზიდი და 1110 ლიტრიანი ლითონის სანაგვე ურნები გადასცა. ამის შესახებ საქართველოში ჩეხეთის საელჩოს ადმინისტრაცია იუწყება.

    დუშეთის მუნიციპალიტეტის გარდა, „ჩეხეთის კარიტასმა“ ხულოს მუნიციპალიტეტს, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერის ფარგლებში გადასცა 7 კუბური მეტრის მოცულობის ნაგავმზიდი. ონის მუნიციპალიტეტმა სლოვაკეთის მთავრობის მხარდაჭერით მიიღო 137 ცალი 240-ლიტრიანი ურნა სეპარირებული ნარჩენებისთვის და ასევე 60 ცალი 1110 ლიტრიანი ლითონის ურნა და სულ მალე 7 კუბური მეტრის მოცულობის 4X4-ზე სეპარირებული ნარჩენების შემგროვებელ მანქანას მიიღებს.

    გარდა ამისა, სლოვაკეთის გამოცდილების გაზიარების საფუძველზე, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში მდებარე ონის მუნიციპალიტეტისთვის შემუშავდა მყარი ნარჩენების სეპარირებისა და გადამუშავების მოდელი, სამოქმედო გეგმასთან ერთად. ასევე ყურადღება გამახვილდა ისეთ ქმედებებზე, რომლებიც ფოკუსირებულია ბიოდეგრადირებადი ნარჩენების გამოყენების მართვის პრაქტიკის დანერგვაზე. ნარჩენების გადამუშავების საქმეში საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით ჩატარდა რამდენიმე კამპანია.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური