ჩინეთის „ქართული ღვინის სახლებში“ 10 კონტეინერი ქართული ღვინო განთავსდება

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 08 აგვისტო 2016 16:48

თბილისის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ქართული ღვინით დატვირთული 10 კონტეინერი გაფორმდა. პროდუქცია ჩინეთში ქართული ღვინის სახლებისთვისაა განკუთვნილი.

ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი, კომპანია „თბილინვესტ ჯგუფის“ გენერალური დირექტორი დავით ებრალიძე და ჩინური კომპანია „სუოლუნის“ გენერალური დირექტორი შიაოჯუნ იი.

 

„ქართული ღვინის სახლი“ ქართული მხრიდან "თბილინვესტ ჯგუფის”, ჩინური მხრიდან კი კომპანია „სუოლუნის“ ერთობლივი პროექტია. პირველი „ქართული ღვინის სახლი“  2015 წლის ივლისში ქალაქ იუში გაიხსნა. ქართულმა ღვინომ პოპულარობა მალე მოიხვეჭა და დღეს ჩინეთის სხვადასხვა ქალაქში 10 ასეთი სახლი ფუნქციონირებს.  ქალაქ იუშია ასევე განთავსებული სპეციალური საბაჟო საწყობი, სადაც ქართული ღვინო შეინახება და არსებული ღვინის სახლები სწორედ ამ საწყობიდან მომარაგდება. იუს საბაჟო საწყობში განთავსება დამატებით კომფორტს უქმნის ქართული ღვინის მყიდველებს  და ამასთან, პროდუქცია დაცულია ფალსიფიკაციისაგან.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გენადი არველაძის განცხადებით, 2016 წლის ბოლოს ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკების დასრულება რეალურია. „მხარეები შევთანხმდით, რომ მოლაპარაკების მესამე რაუნდი იქნება ბოლო, დარჩენილ რამდენიმე ღია საკითხზე კი მხარეები მოლაპარაკებას სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განვაგრძობთ, რომელიც მიმდინარე წლის სექტემბრის პირველ ნახევარშია დაგეგმილი“, - განაცხადა გენადი არველაძემ.

აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლის შედეგად ჩვენი მოსახლეობა მიიღებს სარგებელს იმ კუთხით, რომ საქართველოში ნაწარმოები პროდუქცია, განსაკუთრებით კი ქართული ღვინო, მინერალური წყალი, უალკოჰოლო სასმელები, ლუდი და ბოსტნეულის დიდი ნაწილი ჩინეთში დაბალი საბაჟო ტარიფებით და, უმეტეს შემთხვევაში, ძირითად საექსპორტო პროდუქციაზე ნულოვანი ტარიფებით შევა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ექსპორტისა და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციისთვის.

„ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელობის ძალისხმევა ამ მიმართულებით. ბოლო წლებში განხორციელდა არაერთი მაღალი დონის ვიზიტი. ქართული და ჩინური სამთავრობო დელეგაციები და კერძო კომპანიები სისტემატურად მონაწილეობენ სხვადასხვა დონის შეხვედრებში, კონფერენციებში, გამოფენებში. აღნიშნული თანამშრომლობის კონკრეტული შედეგები ქვეყნებს შორის ექსპორტ-იმპორტის მონაცემების მკვეთრ ზრდაში უკვე აისახა,“ - აღნიშნა გენადი არველაძემ. მისი თქმით, ივლისის ბოლოს ჩინეთში განხორციელდა საქართველოს წარმომადგენლობითი სამთავრობო დელეგაციის ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, რომლის დროსაც ხელმოწერილი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქართული ღვინის ექსპორტის ზრდას ჩინეთში. კერძოდ, „სინჰუა ნეტის“ და „Silk Road Chamber of International Commerce“-ის პარტნიორობით ჩინეთში ონლაინ-პლატფორმა “E-SilkRoad” არსებობს, სადაც ქართული ღვინო ონლაინ რეჟიმში იყიდება. შესაბამის დოკუმენტს ხელი საქართველოს პირველმა ვიცე–პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მოაწერა.

 

 

 

 

 

წაკითხულია 641 ჯერ

Related items

  • ქართული ღვინისთვის ჩინეთის ბაზრის ახალ შესაძლებლობებზე ონლაინ-დიალოგის ფორმატში იმსჯელეს

    აბრეშუმის გზის პროექტ "ერთი გზა ერთი სარტყელი"-ს ფარგლებში ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან მეხუზლას მონაწილეობით  ჩინეთის ქალაქ პენგლაისთან ონლაინ-დიალოგი გაიმართა, რომელიც ჩინეთის ღვინის ბაზრის ახალ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს, ღვინის პოპულარიზაციის ახალ გზებსა და ქართული ღვინის მარკეტინგის სამომავლო სტრატეგიას დაეთმო.

    ონლაინ-დიალოგში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში არჩილ კალანდია, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ქართული ღვინის საპრომოციო ცენტრის დირექტორი იუტონ-ადამ ჰუანგი, პენგლაის ვაზისა და ღვინის ინდუსტრიის განვითარების ცენტრის დირექტორი ძიან ფუმანი და ჩინეთის ალკოჰოლური სასმელებისა ასოციაციის გენერალური მდივნის მოადგილე ვან ცუმინი.

    ონლაინ-დიალოგი გადაცემაში „Yanjiu Night Talks” გაიმართა (მედია კომპანია „Beijing Yunjiu Media“) და მას  70 ათასზე მეტი ადამიანი ადევნებდა თვალს. ღვინის ეროვნულმა სააგენტოს თავმჯდომარემ ქართული ღვინის ისტორიისა და კულტურის პრეზენტაცია წარმოადგინა, ისაუბრა ქართული ღვინის წარმატებებზე, მეღვინეობის თანამედროვე ინდუსტრიაში არსებულ ვითარებასა და პერსპექტივებზე. ლევან მეხუზლამ ისაუბრა ქართული ღვინისთვის ჩინეთის ბაზრის მნიშვნელობაზე, რომელმაც ბოლო წლებში მყარად დაიმკვიდრა ადგილი ქართული ღვინის საექსპორტო ქვეყნების ხუთეულში.

    გადაცემის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ პანდემიის ფონზე ბევრმა უცხოურმა კომპანიამ შეაჩერა ჩინეთში მარკეტინგული აქტიობები. თუმცა ადგილობრივმა ორგანიზაციებმა დაინახეს ახალი შესაძლებლობები,  დაიწყეს ახალი გზებისა და მოდელების ძიება, მათი გაცნობა უცხოელი პარტნიორებისათვის, რაშიც ქართული მხარის ჩართულობა და ინტერესი დიდია.

    დიალოგის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ ჩინეთის ღვინის ბაზარი გრძელვადიან პერსპექტივაში კიდევ უფრო საინტერესო და მიმზიდველი გახდება და პანდემიის შემდეგ ბევრ სიახლეს შესთავაზებს მსოფლიოს.

  • კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზმა“ პურის ქარხნებსა და საცხობებს გაზის ტარიფი შეუმცირა

    საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მთავრობასთან, კერძოდ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან კოორდინაციით, კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზმა“, რომელიც საქართველოში ბუნებრივი აირის მიმწოდებელი ერთ-ერთი უმსხვილესი სადისტრიბუციო კომპანიაა, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა გამოიჩინა და მის ქსელში ჩართულ პურის ქარხნებსა და საცხობებს გაზის სამომხმარებლო ტარიფი 10 თეთრით შეუმცირა.

    აღნიშნული უწყების ცნობით, მიმდინარე წლის აპრილსა და მაისში ყველა ეს ობიექტები ერთ კუბურ მეტრ გაზში 86 თეთრის ნაცვლად 76 თეთრს გადაიხდიან.

    საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება პურის ქარხნებსა და საცხობებს მისცემს შესაძლებლობას, შეინარჩუნონ პურის ფასი, რაც დღეისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის მოსახლეობისთვის.

    ეკონომიკის მინისტრმა გულითადი მადლობა გადაუხადა კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზის“ ხელმძღვანელობას მიღებული გადაწყვეტილებისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ასეთი სახის თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

  • ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარული ფრენები 12 ახალი ევროპული მიმართულებით შესრულდება

    ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენები 12 ახალი ევროპული ავიამიმართულებით შესრულდება. ესენია: ფრანკფურტი, ჰამბურგი, ბადენ-ბადენი, ვენეცია, ნეაპოლი, ნიცა, პიზა, სტოკჰოლმი, ნიურნბერგი, პოზნანი, ჰერაკლიონი, ტურკუ.

    საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას „ვიზ ეარი“ (Wizz Air) მეოთხე და მეხუთე ბაზირებულ AIRBUS A 320 ტიპის თანამედროვე საჰაერო ხომალდებს ამატებს. მეოთხე ბაზირებული ბორტი 2019 წლის ბოლოდან რეგულარულ ფრენებს ევროკავშირის ქვეყნების შვიდი მიმართულებით: პოზნანი, ჰამბურგი, ნეაპოლი, ვენეცია, პიზა, ფრანკფურტი და ბადენ-ბადენში შეასრულებს. ხოლო 2020 წლის ზაფხულიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს მეხუთე ბაზირებული საჰაერო ხომალდით ევროპის კიდევ ხუთი ახალი მიმართულება: სტოკჰოლმი, ნიურნბერგი, ტურკუ, ნიცა, ჰერაკლიონი დაემატება.

    საქართველოდან დღემდე ფინეთსა და შვედეთში პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლა არ სრულდება.

    შესაბამის შეთანხმებას ხელი მოაწერეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა გიორგი ჩოგოვაძემ და უნგრული დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია „ვიზ ეარის“ (Wizz Air) ლოგისტიკის დირექტორმა, ანდრაშ სებოკმა.

    „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და „ვიზ ეარს“ (Wizz Air) შორის რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებებისა და რამდენიმე წლიანი წარმატებული თანამშრომლობის შედეგად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მესამე ბაზირებული საჰაერო ხომალდის დაანონსებიდან ოთხ თვეში, „ვიზ ეარი“ (Wizz Air) ქუთაისში მეოთხე და მეხუთე თვითმფრინავსა და 12 ახალ ევროპულ მიმართულებას ამატებს. 2020 წლის ზაფხულისთვის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირი რეგულარული რეისები ევროკავშირის უკვე 19 ქვეყნის 39 მიმართულებით იქნება შესაძლებელი.

    ავიაკომპანია „ვიზ ეარმა“ ქუთაისის საეთაშორისო აეროპორტიდან ოპერირება 2012 წელს დაიწყო. 2016 წლის სექტემბერში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, რეგიონში ავიაკომპანიის პირველი ბაზა გაიხსნა. 2017 წლის მაისში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს „ვიზ ეარს“ მეორე ბაზირებული საჰაერო ხომალდი და ევროპის ხუთი ყველაზე მოთხოვნადი მიმართულება დაემატა. 2018 წელს „ვიზ ეარმა“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრთნაკადის 95 პროცენტი გადაიყვანა – 587 643 მგზავრი.

     https://1tv.ge/news/qutaisis-saertashoriso-aeroportidan-regularuli-frenebi-12-akhali-evropuli-mimartulebit-shesruldeba/
  • „დადებითი ტენდენციები, რომლებიც წლის დასაწყისიდან ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში, გრძელდება“

    წინასწარი შეფასებით, 2018 წლის სექტემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით   ეკონომიკურმა ზრდამ 5.6 პროცენტი , 2018 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ კი 4.9 პროცენტი შეადგინა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ეკატერინე მიქაბაძის ინფორმაციით, მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის სფეროში, ასევე საფინანსო სფეროში, ვაჭრობაში, ტრანსპორტის სექტორში, უძრავ ქონებაში, სასტუმროებსა და რესტორნებში. ამასთან, 2018 წლის სექტემბერში საქართველოში რეგისტრირებულ საწარმოთა ბრუნვა გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 10.4 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ახლად დარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა 4 071 ერთეულს გაუტოლდა. სექტემბერში, საწარმოთა ბრუნვა, რომელზე დაკვირვებაც ხდება ეკონომიკური ზრდის შესაფასებლად, გაზრდილია 10.4 პროცენტით.

    „ეკონომიკური ზრდის აღნიშნული მაჩვენებელს განაპირობებს როგორც გაზრდილი საგარეო მოთხოვნა, მიუხედავად რეგიონში არსებული შედარებით უარყოფითი ვითარებისა, ასევე გაუმჯობესებული შიდა მოთხოვნა როგორც ინვესტიციების, ისე მოხმარების მხრივ“, - აღნიშნა ეკატერინე მიქაბაძემ.  

    რაც შეეხება აგვისტოს თვესთან შედარებით სექტემბერში ეკონომიკური ზრდის გაუმჯობესებულ მაჩვენებელს, ამასთან დაკავშირებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, რომ თვის დონეზე ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება მერყეობით ხასიათდება: „ქვეყანაში პერიოდულად განხორციელებულ ცვლილებებს, მათ შორის რეგულაციების კუთხით, ასევე ერთჯერად ფაქტორებს, რა თქმა უნდა,  გავლენა აქვს, რაც ეკონომიკურ აქტივობაზე აისახება და რყევებს იწვევს“.

    ამასთან, ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, ნარჩუნდება დადებითი დინამიკა, რომლებიც საქართველოს ეკონომიკაში წლის დასაწყისიდან ფიქსირდება. „ის ტენდენციები, რომლებიც წლის დასაწყისიდან ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში, გრძელდება, ამას მოწმობს როგორც საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების, ასევე სარეიტინგო კომპანიების შეფასებები“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.

  • გიორგი კვირიკაშვილი - ეკონომიკაში არსებული დინამიკა ძალიან სახარბიელოა, მინდა მოვუწოდო ყველა ბიზნესმენს, რომ მაქსიმალურად გამოიყენონ ეს დინამიკა

    ჩვენ ძალიან დიდი ზრდა გვაქვს მშენებლობის სექტორში. მთლიანად ეკონომიკაში დინამიკა დღეს ძალიან სახარბიელოა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გლდანში, ბეტონის ფილების მწარმოებელი ქარხნის - "მეგაპროდაქშენის" გახსნაზე განცხადა.

    როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის ეკონომიკის სწრაფ ზრდას, თან ახლავს ასეთი ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია. მისივე თქმით, აღნიშნული საწარმო ნამდვილად არის ტექნოლოგიური ცვლილების მომტანი მშენებლობის სფეროში.

    პრემიერის განცხადებით, აღნიშნული საწარმო შეიქმნა ორი საწარმოს ბაზაზე, რომელთაგანაც თითოეული იყო პროგრამა "აწარმოე საქართველოში" ბენეფიციარი.

    კვირიკაშვილის თქმით, ორივე საწარმოს ფინანსურ კომპონენტში სახელმწიფოს მხრიდან ჰქონდა დახმარება. 

    როგორც პრემიერმა აღნიშნა, რკინა-ბეტონის კონსტრუქციები, რომლებსაც აღნიშნული საწარმო აწარმოებს, „იქნება ძალიან ინტენსიურად გამოყენებული მშენებლობის პროცესში, ვინაიდან მას ხარისხის მაჩვენებლები აქვს ძალიან სახარბიელო იმისთვის, რომ გამოყენებული იქნას მშენებლობის პროცესში“.

    "ჩვენ ძალიან დიდი ზრდა გვაქვს მშენებლობის სექტორში. მთლიანად ეკონომიკაში დინამიკა დღეს ძალიან სახარბიელოა. 2016 წლის მაჩვენებელთან შედარებით, 2017 წლის ბოლოს ჩვენ დავასრულებთ 36%-იანი ზრდით მხოლოდ ინფრასტრუქტურის ნაწილში. ხოლო 2018 წელს 2016 წლის ბაზასთან შედარებით არის 89%-იანი ზრდა, თითქმის გაორმაგება არის ინფრასტრუქტურის ხარჯების. 1 მლრდ 830 მლნ ლარის ხარჯია ჩადებული 2018 წლის ბიუჯეტში მარტო ინფრასტრუქტურის მიმართულებით მარტო სახელმწიფოს მხრიდან. ამას დაემატება კერძო სექტრის მზარდი დინამიკა. ანალიზის შედეგად, რომელიც შეუძლია ყველა თქვენგანმა ნახოს, ზრდაში ყველაზე დიდი წვლილი აქვს დღეს კერძო სექტორს. ანუ ეს ზრდა მხოლოდ სახელმწიფოს მხრიდან მოტანილი არ არის. აქედან გამომდინარე, 89%-იანი ზრდა შარშანდელ მონაცემთან შედარებით გაცილებით დიდ ეფექტს მოიტანს კერძო სექტორის მხრიდან ინვესტიციების კუთხით. ჩვენ თუ ამას დავამატებთ იმას, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა მიდის, ასევე დასრულდა იურიდიული პროცესი ანაკლიის პორტის მოსამზადებელი სამუშაოების. ფინანსურ ინსტიტუტებთან თითქმის ბოლომდეა მისული საქმე და დეკემბერში იწყება უკვე ფიზიკური მშენებლობა ანაკლიის პორტის, რაც კიდევ უფრო დიდ დინამიკას მოიტანს და ასეთი ტიპის საწარმოების პროდუქციაზე გაცილებით უფრო დიდი მოთხოვნა იქნება. ამიტომ მე მინდა მოვუწოდო ყველა ბიზნესმენს, რომ მაქსიმალურად გამოიყენონ ის დინამიკა და შესაძლებლობები, რომლებიც მათ მისცემს საშუალებას, გაზარდონ მასშტაბები, შემოიტანონ წამყვანი კომპანიების დანადგარები, ისეთი როგორცაა იტალიური დანადგარები ამ საწარმოში და დამერწმუნეთ, რომ ეს აუცილებლად მოიტანს დიდ უკუგებას", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური