"ვდებ ფიცს, რომ ვემსახურები ჩემს ქვეყანას"- ლევან იზორია

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 05 აგვისტო 2016 15:41

დღეიდან საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 270 სამხედრო მოსამსახურე შეემატა. საწყისი საბრძოლო მომზადების კურსდამთავრებულთა ფიცის დადების ცერემონია ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ ბაზა „ალგეთზე“ გაიმართა. რეკრუტებს შეიარაღებულ ძალებში გაწევრიანება თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მიულოცა.

„თქვენთან ერთად ვდებ ფიცს, რომ ვემსახურები ჩემს ქვეყანას და ხალხს. სიმბოლურია, რომ დღეს ფიცის მიღების ცერემონიის ფარგლებში, როგორც მინისტრი, სწორედ თქვენ გხვდებით. ეს ძალიან დიდი პატივია და  ქვეყნისთვის ჩემთვისაც ფიცის დადების ცერემონიაა. ასევე, მინდა, უდიდესი პატივისცემა გამოვხატო თქვენი მშობლების და  ოჯახების მიმართ -  ღირსეული მშობლების შვილები და ჩვენი ქვეყნის ღირსეული მოქალაქეები ხართ, რისთვისაც დიდ მადლობას გიხდით“, - მიმართა ლევან იზორიამ რეკრუტებს  და  ქვეყნის სამსახურის სათანადოდ შესრულებაში მაქსიმალურ მხარდაჭერას დაპირდა.

„მე, როგორც თავდაცვის მინისტრი, ყველანაირ პირობას შეგიქმნით, რომ ღირსეულად ემსახუროთ თქვენს ქვეყანას. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს ამისთვის. ამ კეთილშობილურ საქმეში საერთაშორისო პარტნიორებიც დაგვეხმარებიან. მუდამ თქვენს გვერდით ვიქნები“, -  განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ.

ცერემონიის მონაწილეებს სიტყვით გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემაც მიმართა. მან სამხედროებს კარიერული წინსვლა უსურვა და  ქართულ ჯარში სამსახურის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

საწყისი საბრძოლო მომზადების კურსდამთავრებულთა ფიცის დადების ცერემონია ბაზა „ალგეთზე“ საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა. პირადმა შემადგენლობამ და სტუმრებმა წუთიერი დუმილით  საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგეს. პირადი შემადგენლობა შეიარაღებული ძალების კაპელანმა, დეკანოზმა ალექსანდრემ დალოცა. ღონისძიების ფარგლებში, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ საუკეთესო და ფიზიკურად ყველაზე გამძლე კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა. საპატიო სიგელები მიიღეს ცეცხლსასროლი იარაღით სროლაში საუკეთესო მსროლელებმა და კურსის საუკეთესო სერჟანტმა.

საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) კურსი ათი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. რეკრუტებმა საჯარისო წესდებები, კავშირგაბმულობა და სამხედრო ტოპოგრაფია შეისწავლეს. ასევე, სამწყობრო, ტაქტიკური, საცეცხლე, სამხედრო სამედიცინო, ფიზიკური და სამხედრო საინჟინრო მომზადება გაიარეს.

უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის შექმნის ისტორია 2002 წელს იწყება, როცა ამერიკელი ინსტრუქტრებით დაკომპლექტებული საქართველოს წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა დაიწყო. საბრძოლო მომზადების (BCT) ცენტრი 2011 წელს საწყისი ჩამოყალიბდა. გასულ წელს საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრს 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული უფროსი სერჟანტის ზაზა ფერაძის სახელი მიენიჭა.

 

წაკითხულია 767 ჯერ

Related items

  • თავდაცვის მინისტრის შეხვედრა კანადელ დიპლომატებთან

    საქართველოს თავდაცვის მინისტრმა კანადის ახალდანიშნულ ელჩს, ჯამალ ქოქარს და კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევრაზიულ და ევროპულ საკითხთა დირექტორატის გენერალურ დირექტორს, დევიდ სპრულსას უმასპინძლა.  

    შეხვედრაზე თავდაცვის სფეროში არსებული და მომავალი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სამხედრო განათლების კუთხით თანამშრომლობაზე. მხარეებმა სამხედრო სწავლებებში ქართველი და კანადელი სამხედროების ერთობლივ მონაწილეობაზეც იმსჯელეს, მათ შორის მრავალეროვნულ სწავლება Maple Arch-ზე, რომელსაც მენტორობას კანადის შეიარაღებული ძალები უწევს და წელს საქართველოში გაიმართება.

    ირაკლი ღარიბაშვილმა კანადურ მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის, ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერისა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესში გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

    თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე 2019 წლის 28 ოქტომბერს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ საქართველოში განხორციელებულ ფართომასშტაბიან კიბერშეტევაზეც ისაუბრეს. კანადის მთავრობამ რუსეთის მიერ საქართველოზე კიბერთავდასხმა დაგმო.

  • ირაკლი ღარიბაშვილი ნატოს თავდაცვის მინისტერიალს დაესწრება

    საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქ. ბრიუსელში ნატოს თავდაცვის მინისტერიალს დაესწრება. 12-13 თებერვალს ალიანსის შტაბ-ბინა ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრებს უმასპინძლებს. 

    თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგსა და მის მოადგილეს მირჩა ჯოანს შეხვდება. განხილვის მთავარი თემები იქნება: ნატო-საქართველოს თანამშრომლობის გაძლიერების გზები, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) პროგრესი, საქართველოს როლი შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებაში, თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესი და საერთაშორისო მისიებში საქართველოს წვლილი. 

    თავდაცვის მინისტრი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფორმატში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომას დაესწრება, სადაც მისიაში მონაწილე ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები უსაფრთხოების გამოწვევებსა და მისიაში მონაწილეობის დეტალებზე იმსჯელებენ. 

    ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები ლიეტუვას, ესტონეთის, ბულგარეთის, რუმინეთის, ჩეხეთის და საფრანგეთის თავდაცვის მინისტრებთან, სადაც კოლეგები ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს განიხილავენ. 
    ბრიუსელის ვიზიტის შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრი გერმანიაში გაემგზავრება, სადაც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას დაესწრება და უცხოელ კოლეგებთან შეხვედრებს გამართავს.

  • თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, კელი დეგნანს შეხვდა

    ირაკლი ღარიბაშვილმა ახლადდანიშნულ ელჩს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი აშშ-ის ურყევი მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური კურსის შეუქცევადობას.

    შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავების შესაძლებლობებს. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც საერთო ღირებულებების დაცვისა და გავრცელების ერთობლივ ძალისხმევას ემყარება, არასოდეს ყოფილა ასეთი ძლიერი.
    მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისკენ მიმართულ მნიშვნელოვან ღონისძიებებზე, როგორიცაა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა (GDRP), მზარდი საგარეო დაფინანსება (FMF) და ერთობლივი წვრთნების გაზრდილი მასშტაბები. ასევე, განსაკუთრებული ხაზგასმით აღინიშნა მსოფლიო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში ქართველი სამხედროების წვლილი.

    თავდაცვის მინისტრთან შეხვედრაზე აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა საქართველოს თავდაცვის ძალებში მიმდინარე წარმატებული რეფორმების მხარდაჭერა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის სრული მზადყოფნა გამოხატა.
    თავდაცის სამინისტროში გამართულ შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ ჩაჩიბაია, აშშ-ის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი სტეფანი ბეგლი და აშშ-ის საზღვაო ქვეითი ძალების ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი კარლ ვიტი დაესწრნენ.

  • თავდაცვის სამინისტრო სამხედრო მოსამსახურეების ბინებით უზრუნველყოფის ვალდებულებას 2020 წელს სრულად შეასრულებს
    სამხედრო მოსამსახურეთა საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფა თავდაცვის მინისტრის ახალი სოციალური პოლიტიკის ერთი-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. დღეს ირაკლი ღარიბაშვილი ვარკეთილში, აბაშვილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის პროცესს ადგილზე გაეცნო და მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.
     
    2020 წლის ბოლოს ვარკეთილის სამხედრო ქალაქში და გორში, ბინას 667 სამხედრო მოსამსახურე მიიღებს, რითიც საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეების წინაშე 2007 წელს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას სრულად შეასრულებს. გათვალისწინებულია კორპუსების დასრულებული ფასადით, მოპირკეთებული სადარბაზოთი, სარდაფით, ლიფტებით, შესასვლელი რკინის კარით, ელექტროენერგიის ცენტრალური ქსელითა და წყალმომარაგებით უზრუნველყოფა. ასევე, მოხდება საცხოვრებელი ბინების მიმდებარე ტერიტორიის მოასფალტება და შ.შ.მ. პირებისთვის ადაპტირებული პანდუსების მოწყობა.
     
    სამხედრო მოსამსახურეების სოციალური პირობების გაუმჯობესებისა და მათთვის სათანადო პირობების უზრუნველყოფის პროცესი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს დაიწყო და დღემდე როგორც უწყების, ასევე მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროში კონტრაქტის საფუძველზე სამხედრო მოსამსახურეებისთვის ბინების საკუთრებაში გადაცემა 2013 წლიდან მიმდინარეობს. დღემდე საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ საცხოვრებელი ფართით 1700-ზე მეტი ოჯახი უზრუნველყო.
     
    სამხედრო ქალაქში მინისტრთან ერთად, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ჯუანშერ ბურჭულაძე და თავდაცვის ძალების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდალი, პოლკოვნიკი იოსებ ლოლაძე იმყოფებოდნენ.
  • ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანელ კოლეგას თავდაცვის უწყებაში უმასპინძლა
    სტრატეგიული პარტნიორობისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს საქართველოსა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრებმა საქართველოს თავდაცვის უწყებაში გამართულ შეხვედრაზე. ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანელ კოლეგას, გენერალ-პოლკოვნიკ ზაკირ ჰასანოვს ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში უმასპინძლა.
     
    დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ გამართულ გაფართოებულ შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობა რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების გარანტია.
     
    მინისტრებმა სამხედრო სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებებზეც იმსჯელეს. შეხვედრის დასასრულს ირაკლი ღარიბაშვილმა და ზაკირ ჰასანოვმა 2020 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა გააფორმეს, რაც თავდაცვის სფეროში ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებასა და წარმატებულ თანამშრომლობას შეუწყობს ხელს.
     
    საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო. გენერალ-პოლკოვნიკი ზაკირ ჰასანოვი გმირთა მოედანზე საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილესთან, გენერალ-მაიორ ზაზა ჩხაიძესთან ერთად იმყოფებოდა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« February 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური