ირაკლი კობახიძის განცხადება კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 26 ივლისი 2016 19:58

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის შეფასებას არაეთიკურსა და არაკორექტულს უწოდებს. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
პარტიის აღმასრულებელი მდივნის თქმით, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბს დღეს ხელმძღვანელობენ იგივე ადამიანები, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ საარჩევნო შტაბს 2013 წელს, მაშინ, როდესაც პრეზიდენტი გახდა სწორედ ამ გუნდის დახმარებით, სოფელ-სოფელ და ქალაქ-ქალაქ სიარულით, გიორგი მარგველაშვილი.
„აქედან გამომდინარე, რბილად რომ ვთქვათ, არასწორია, არაკორექტულია და არაეთიკურია პრეზიდენტის მხრიდან საუბარი, კითხვების დასმა იმასთან დაკავშირებით, თუ რა ამოძრავებდა საარჩევნო შტაბს არჩევნებში მონაწილეობის პროცესში. ძალიან კარგი იქნებოდა პრეზიდენტს დაესვა კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი იყო ბოკერიას და მელიას როლი კორცხელის ინციდენტისა და პროვოკაციის წამოწყების დროს“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
საუბრის დასასრული

წაკითხულია 842 ჯერ

Related items

  • მმართველმა პარტიამ საზეიმოდ აღნიშნა ევროსაბჭოში ქვეყნის თავმჯდომარეობა

    14 დეკემბერს, თბილისში, თავისუფლების მოედანზე პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ უამრავი მხარდამჭერი შეიკრიბა. მმართველმა პარტიამ საზეიმოდ აღნიშნა ევროსაბჭოში ქვეყნის თავმჯდომარეობა. საზეიმო ღონისძიების ლოზუნგი გახლდათ „საქართველოს გზა ევროპისკენ“.
    ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა.

    "ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ ბატონ ბ. ივანიშვილის გამოსვლას.

    მოგესალმებით, ყველას - ახალგაზრდებს, ჩემს თანამებრძოლებს, სრულიად საქართველოს!

    შვიდი წელი გავიდა საქართველოს ისტორიაში უპრეცენდენტოდ ხალხმრავალი შეკრებიდან, როდესაც აქ, ამ მოედანზე, ნახევარი მილიონი თანამოქალაქე შევიკრიბეთ!

    მოედანზე, რომელიც თავისუფლების სახელს ატარებს.

    შვიდი წლის წინ, ამ მოედანზე,  ჩვენ, პრაქტიკულად მთელი ქვეყანა, სწორედ თავისუფლებისა და ღირსების დაბრუნებისთვის გავერთიანდით!

    დღესაც, ამავე ადგილას, კვლავ ევროპული არჩევანის უპირობო ერთგულებამ გაგვაერთიანა!

    რას ნიშნავს ჩვენთვის ევროპა?!

    ევროპა უპირველესად ანტიკურ საბერძნეთში ჩასახული დემოკრატია, „მართალი სამართალი“ და ქრისტიანული სულია;

    ევროპა ტოლერანტობა და მრავალფეროვნებაა.

    ამ ფასეულობებს ორგანულად ნაზიარები, მრავალსაუკუნოვანი უწყვეტი კულტურის მქონე ერი, თამამად და ამაყად ვაცხადებთ, რომ ჩვენ ვართ ევროპელები და ევროპის დიდ ოჯახში ჩვენ ხელცარიელები არ ვბრუნდებით.

    საქართველო - ვეფხისტყაოსნის ცივილიზაციაა, სადაც უცხოს მიღება და განსხვავებული კულტურების თანაარსებობა, დეკლარაციებით კი არ არის დანერგილი, არამედ ჩვენი იდენტობის ნაწილია.

    ჩვენში ქრისტიანობა კაბადოკიელმა ნინომ შემოიტანა, რომელსაც სომეხმა შუშანიკმა, არაბმა აბომ და სპარსმა ევსტათიმ უერთგულეს.

    საქართველო ხომ ღვინის და დიდი ალბათობით, ხორბლის სამშობლოცაა, რადგან სწორედ ჩვენ დაგვარქვა პირველმა ევროპულმა  ცივილიზაციამ, საბერძნეთმა - “გეორგია”, ანუ მიწათმოქმედების ქვეყანა; სწორედ ქართველურ ტომს, ხალიბებს უკავშირდება პირველი რკინის წარმოება; სწორედ ჩვენს ქვეყანაში ჩამოვიდა იასონი ოქროს საწმისის, ანუ ქართველთა საკრალური ცოდნის წასაღებად და არსად სხვაგან.

    ჩვენში “ლეკვი ლომისა” მაშინვე თანასწორი იყო და სწორედ ეს გვაყალიბებდა იმთავითვე ევროპელებად.

    ჩვენ, ჯერ კიდევ მეთორმეტე საუკუნეში, ევროპაში პირველებმა გავამეფეთ ქალი, ჩავსახეთ პარლამენტარიზმის პირველი ნიშნები და სწორედ საქართველოში, შოთა რუსთაველმა დაარწია პირველად ევროპული ჰუმანიზმის აკვანი.

    აქ, ჩვენს მიწაზე, “კოლხეთის აკადემიის” ფესვებზე აღმოცენდა ევროპული განათლების ისეთი მძლავრი რეგიონალური ცენტრები, როგორიც იყო გელათის და იყალთოს აკადემია.

    შემდგომში ისტორიულმა ქარტეხილებმა სამწუხაროდ მოგვწყვიტა ჩვენს საერთო ოჯახს, მაგრამ, როგორც კარგად  აღზრდილი ადამიანი ინარჩუნებს ღირსებას ნებისმიერ გარემოში, ისე შეძლო ჩვენმა ერმა თავისი ევროპული კულტურის და ფასეულობების  შენარჩუნება.

    და მაშინაც კი, როცა არავითარი იმედი არ ჩანდა, სულხან-საბა, ისევ ჯიუტად მიისწრაფვოდა დასავლეთისკენ და თავისი - “სიტყვის კონით” კვლავ ქმნიდა ევროპას საქართველოში.

    მიისწრაფვოდა არა იმიტომ სულხან-საბა, რომ ვერ ერკვეოდა გეოპოლიტიკურ რეალიებში, არამედ იმიტომ, რომ სხვაგვარად არ შეეძლო, რადგან ევროპული იყო მისი ქართული ბუნება.

    სწორედ ამ, ქართულმა ბუნებამ დაბადა აღმოსავლეთ მთიანეთის პატარა სოფელში ევროპული მასშტაბის მოაზროვნე და ჰუმანისტი - ვაჟა-ფშაველა და სწორედ ამ ქართულმა ბუნებამ მისცა აღაზას, ზვიადაურის დატირების უფლება.

    სწორედ ეს ბუნება, ეს ღირებულებებია, რაც  თითოეულ ქართველს ბადებს ევროპელად და საქართველოს აქცევს ევროპის ბუნებრივ ნაწილად!

    ამიტომ, ნურავინ იფიქრებს, რომ ჩვენ, ევროპაში ხელცარიელები ვბრუნდებით, ჩვენ ყოველთვის ჩვენი მნიშვნელოვანი წვლილი შეგვქონდა ევროპულ ცივილიზაციაში.

    ჩვენი სამშობლო - ესაა ევროპული კულტურა. თუმცა სახელმწიფო, რომელიც ისევე განსხვავდება სამშობლოსაგან, როგორც - ქვევრი ღვინისგან, - ყოველთვის როდი იყო ევროპული ტიპის. ახლა დადგა დრო, როცა ქართული, ევროპული ღვინო - ევროპული კულტურა, ასევე ევროპული ტიპის სახელმწიფოში ჩავასხათ.

    საქართველო ევროპაში არა უბრალოდ, ფორმალურად უნდა დაბრუნდეს, არამედ თავისი კუთვნილი, კაშკაშა ადგილი უნდა დაიმკვიდროს ევროპის თანავარსკვლავედში.

    მე ამის მწამს და მტკიცედ მჯერა!

    მჯერა, რადგან ვხედავ, ქართველი ხალხი, ქართული სახელმწიფო და საქართველოს ეკლესია - ერი და ბერი, ერთიანი და მტკიცეა ამ არჩევანში!

    მჯერა, რადგან ვიცი და ვხედავ, რას ეფუძნება ევროპული ცივილიზაცია. 

    დემოკრატია, კანონის უზენაესობა, თანასწორობა და შემწყნარებლობა - ის ფასეულობებია, რაზეც დგას ევროპა და რაც ასე ღრმად არის გამჯდარი ქართულ სულში.

    სწორედ ეს ბუნება, ეს ღირებულებები აქცევს საქართველოს ევროპის ბუნებრივ ნაწილად.

    იყო მრავალეთნიკური და მრავალკონფესიური საქართველოს შვილი, ანუ იყო ქართველი, ნიშნავს - მღეროდე  მრავალჟამიერს, ქმნიდე პოლიფონიას, ცეკვავდე ხორუმს, წერდე ვეფხისტყაოსანს;

    იყო ქართველი - ნიშნავს უძღვებოდე ქართულ სუფრას, შენს თავში ატარებდე ვაჟა-ფშაველას;

    ამიტომ, ნურაფრის შეგეშინდებათ, ჩვენ ტკივილი ვერ მოგვერევა და ვერცერთი მტერი ვერასდროს დაგვამარცხებს.

    რადგან საქართველო  უკვდავია!

    უკვდავია მისი კულტურა, მისი დაუდგრომელი სული, რომელიც მუდამ ისწრაფვოდა და ისწრაფვის თავისი ევროპული ოჯახისკენ.

    და დღეს, როდესაც დიდი ისტორიის ფესვებზე მდგომებს, მოპოვებული გვაქვს თავისუფლება, როდესაც, ზოგიერთი ხანდახან ირონიულადაც იხსენებს ჩემს სიტყვებს, რომ გასაოცარ დემოკრატიას შევქმნიდით - რეალურად, მრავალი თვალსაზრისით, ჩვენ უკვე ვცხოვრობთ ევროპულ დემოკრატიაში, რომლის მიღწევაც არა ძალადობრივი გზით და უცხოს თავზე მოხვევით, არამედ ჩვენს ფასეულობებზე დაყრდნობით შევძელით.

    სწორედ ასეთი მიდგომით მივაღწიეთ ჩვენ, ევროპასთან ასოცირებას და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებას; სწორედ ასეთი მიდგომებით მიენიჭა საქართველოს მოქალაქეს ევროკავშირში უვიზოდ გადაადგილების უფლება;

    სწორედ ევროპული არჩევანისადმი საქმით ერთგულებამ მოგვიტანა სულ ახლახან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, თავისუფალი სამყაროს ლიდერის, ამერიკის შეერთებული შტატების უპრეცედენტო, ორპარტიული მხარდაჭერა!

    დარწმუნებული ვარ, აუცილებლად დადგება ის დღე, როდესაც ჩვენ, ისევ აქ, ამ სიმბოლურ ადგილას, თავისუფლების მოედანზე, ვიზეიმებთ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას და ყველა ერთად ვიტყვით - ისტორიული სამართლიანობა აღდგა, მიზანს მივაღწიეთ.

    მაგრამ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ევროპა, პირველ რიგში, ზომიერებაა - თავისუფლების და პასუხისმგებლობის იდეალური ბალანსი, იდეალური კვეთა. სამწუხაროდ, ევროპულ სივრცეში დაბრუნება დაბალი ნიშნულიდან იმიტომაც გვიწვეს, რომ დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე თავისუფლების სურნელთ გაბრუებულებმა, პასუხისმგებლობა სრულად ვერ გავაცნობიერეთ და პრაქტიკულად დავანგრიეთ ჩვენი ქვეყანა.

    ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა კი ორმაგად მძიმე მემკვიდრეობა მიიღო. სიდუხჭირის გარდა, წინა ხელისუფლებისგან მემკვიდრეობით ოკუპაცია, ავტორიტარიზმი, ერთი პატარა ჯგუფის მიერ მიტაცებული და თავისუფალი აზრის, თავისუფალი ადამიანების დასათრგუნად მომართული სახელმწიფო ინსტიტუტები მივიღეთ.

    დღევანდელობის ცინიზმი კი იმაში მდგომარეობს, რომ ვინც ოკუპაცია გააფორმა - სწორედ მან მოირგო პატრიოტის მანტია და აქეთ გვდებს ბრალს ოკუპაციაში;

    ვინც ფეხქვეშ გათელა ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, აწამა და ქუჩაში ხოცა თანამოძმე, მიიტაცა ბიზნესი, მედია და პრაქტიკულად გააუქმა თავისუფალი სიტყვა, აკრძალა ქუჩა, გახსოვთ რომ ქუჩაში გამოსვლა აკრძალული იყო  - სწორედ ისინი გვდებენ ბრალს დემოკრატიის ნაკლებობაში დღეს, თანაც ნაძარცვი ფულით სახელდახელოდ გახსნილი ტელევიზიებიდან;

    ვინც ბოლო 30 წლის მანძილზე ლამის მექრთამეობის ეტალონად იქცა, პარლამენტის ტრიბუნიდან კორუფციაზე გველაპარაკება და სამართლიანი სასამართლოს მედროშედ უნდა წარმოაჩინოს თავი.

    დიდია ცდუნება, უპასუხო მათ ისე, როგორც იმსახურებენ.

    მაგრამ, მე და ჩვენი პოლიტიკური გუნდი, "ქართული ოცნება" ვრჩებით 2012 წლის იდეალების ერთგულად, მათ ახლაც მოვექცევით არა ისე, როგორც იმსახურებენ,  არამედ ისე, როგორც იმსახურებს ჩვენი ხალხი და ჩვენი დიდი კულტურა.

    ჩვენ ყველა სიძნელეს დავძლევთ, ჩვენ ქვეყანასაც გავამთლიანებთ და ეკონომიკასაც ავაღორძინებთ! და რაც მთავარია, ისე ვივლით ამ გზაზე, რომ ადამიანი დარჩება მთავარ ღირებულებად და ჩვენს აგრესიულ ოპონენტებსაც კი,  მალე, როდესაც ისინი თავად დარწმუნდებიან სიცრუესა და ძალადობაზე დაფუძნებული პოლიტიკის უპერსპექტივობაში, მათაც ქვეყნის სამსახურში ჩავაყენებთ, რადგან ასე მღერიან ქართულ მრავალჟამიერში: „რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია!“

    დაბოლოს!

    როგორც ილია ჭავჭავაძე ამბობდა:

    “ჩვენს ქვეყანას ევროპული გამოცდილება, მეცნიერება და განათლება სჭირდება. ეს უნდა იყოს მისი თოფ-იარაღი”. 

    სწორედ ესაა ჩვენი გზა, ესაა ილიას გზა, ესაა ევროპული გზა.

    ამ ვარსკვლავს მივყვებით ჩვენ, რადგან ზუსტად ვიცით, რომ თანამედროვე სამყაროში „გზა ხსნისა“ განათლებაზე გადის.

    ამიტომ მივეცით ჩვენს თავს უფლება, ყველაზე მასშტაბური და ამბიციური ინვესტიცია ქვეყნის მომავალში, მის განათლებაში ჩაგვედო.

    ბევრი ჩვენზე ეკონომიკურად წელში გამართული ქვეყანა ვერ გაბედავდა, ბიუჯეტის 25% განათლებაზე დაეხარჯა. 

    ჩვენ კი ეს გავბედეთ და გავაკეთეთ.

    განათლების უპრეცედენტო რეფორმა, რომელსაც წელს ჩეყარა საფუძველი, ერთდროულად არის ჩვენი  ქვეყნის შვიდწლიანი, მშვიდობიანი და დემოკრატიული განვითარების გვირგვინიც და ამბიციური განაცხადიც ჩვენს გარდაუვალ, სამომავლო წარმატებებზე!

    ღმერთი იყოს ჩვენი შემწე ამ ღირსეულ გზაზე!

    ღმერთი იყოს ჩვენი შემწე ამ ღირსეულ გზაზე

    გაუმარჯოს ჩვენს საყვარელ სამშობლოს, გაუმარჯოს საქართველოს.

     

  • პარლამენტის ვიცე-სპიკერის, უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადება

    საზოგადოებას კარგად მოეხსენება, რომ „ქართული ოცნების“ უმრავლესობაში, ჩვენს გუნდში, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით არსებობს აზრთა სხვადასხვაობა. არის მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფი, რომელიც სრულად მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის შემოღებაზე მუშაობს, თუმცა უმრავლესობის დიდი ნაწილი ამ ინიციატივის წინააღმდეგია.

    ყველას ესმის, რომ მსგავსი ტიპის აზრთა სხვადასხვაობის თუ დაპირისპირების გაღვივება საფრთხის შემცველია როგორც გუნდის ერთიანობისთვის, ასევე ზოგადად, პოლიტიკური სტაბილურობისთვის, ამიტომ, ჩვენთვის პრიორიტეტული იყო, მაქსიმალურად სწრაფად მიგვეღწია გარკვეული კონსესუსისთვის გუნდის შიგნით და ვფიქრობთ, რომ უმრავლესობის ბოლო სხდომაზე და მას შემდეგ სხვადასხვა ფორმატში კონსულტაციებით შეთანხმების მიღწევა შევძელით.

    უმრავლესობის მხრიდან გაზიარებული იყო მაჟორიტარი დეპუტატების მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ 2020 წლის არჩევნებიდან 2024 წლამდე მუდმივად იქნება საუბარი, რომ უნდა გაიმართოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით, რაც მუდმივი არასტაბილურობის განცდას გააჩენს და ეს პროცესი შექმნის ნიადაგს და ცდუნებას პოლიტიკური კრიზისების ხელოვნურად გამოწვევისთვის. საუბარია 2020 წლის შემდეგ პერიოდზე.

    ჩვენ, უმრავლესობის დიდი ნაწილი, მათი სხვა არგუმენტებისგან განსხვავებით, საბოლოოდ დავეთანხმეთ მაჟორიტარ დეპუტატებს რისკის ამ ნაწილში მხოლოდ და შევთანხმდით, რომ ისინი უკან გაიწვევენ თავიანთ წინადადებას 2024 წელს არჩევნების სრულად მაჟორიტარული სისტემით ჩატარების ინიციატივასთან დაკავშირებით, ჩვენ კი, 2020 წლის საპარლამენტო არჩვენებამდე ისეთი საკანონმდებლო მექანიზმების შექმნას მოვახერხებთ, რითაც ზემოთ დასახელებულ რისკებს მოვხსნით.

    შესაბამისად ჩვენ, 2020 წლის არჩევნებამდე უნდა მოვახერხოთ, რომ მივიღოთ საკონსტიტუციო ცვლილება, რომლის მიხედვითაც 2024 წლამდე ნებისმიერი შესაძლო რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები კვლავ შერეული სისტემით ჩატარდება და ასეთ პირობებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილება გაგრძელდება მხოლოდ 2024 წლამდე. ამ შემთვევაში, მაჟორიტარი დეპუტატები თავიანთ ინიციატივაზე იტყვიან უარს.

    თუ ჩვენ ამ გარანტიის შექმნას ვერ შევძლებთ, მაშინ მაჟორიტარები აგრძელებენ პროცესს, რომ 2020 წლის არჩევნებთან ერთად ჩატარდეს რეფერენდუმი სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით.

     

  • საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადება

    საქართველოს პრეზიდენტის სიტყვა კიდევ ერთხელ დამახინჯდა და კონტექსტიდან ამოვარდნილი სხვა ინტერპრეტაციით გავრცელდა.
     
    პრეზიდენტის გამოსვლა ღონისძიებაზე ეძღვნებოდა საქართველოს ეროვნულ იდეოლოგიას, კულტურას, მეცნიერების გაძლიერებას და გულისხმობდა ჩვენი კულტურით მსოფლიოში მნიშვნელოვანი ადგილის დაკავებას. სწორედ ამ გაგებით ჩვენ მსოფლიო შეგვიძლია დავიპყროთ კულტურით.
     
    პრეზიდენტი კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს არანაირად არ ეხებოდა საქართველოს თავდაცვის ძალებს და მათი ღირსების დაკნინებას. ასეთი ყალბი ინტერპრეტაციის გავრცელება არა მხოლოდ პრეზიდენტის დისკრედიტაციის მცდელობა და ბულინგია, არამედ ეს უპირველესად აზიანებს ქვეყნის ინტერესებს და უსაფრთხოებას.

  • ჟენევაში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციას საქართველოს წითელი ჯვრის პრეზიდენტი თავმჯდომარეობს

    2019 წლის 9-12 დეკემბერს ჟენევაში წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის რიგით 33-ე საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდება. კონფერენციას, რომელსაც ოთხ წელიწადში ერთხელ ჟენევა მასპინძლობს, წელს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტი ნათია ლოლაძე წაუძღვება.

    კონფერენციაზე საერთაშორისო წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის მოძრაობის  192- ქვეყნის წარმომადგენელი,  ჟენევის კონვენციის წევრი ქვეყნები, მათ შორის, საქართველოს სახელმწიფო დელეგაცია, იუსტიციის მინისტრის მოადგილის გოჩა ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით,   აგრეთვე მთავარი ჰუმანიტარული პარტნიორები გლობალური მნიშვნელობის ჰუმანიტარული საკითხების განხილვასთან ერთად, ერთობლივ ვალდებულებებს იღებენ, რათა ადამიანების ცხოვრება უკეთესი გახადონ.

    ,,იმოქმედე დღეს, შექმენი ხვალ’’ ეს გახლავთ კონფერენციის ლოზუნგი, რომლის მიზანია შეიარაღებული კონფლიქტების, კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების, მათ შორის კლიმატური ცვლილებების შედეგად დაზარალებული საზოგადოების მდგომარეობის გაუმჯობესება, ასევე, განხილვა იმ არსებული და მომავალი გამოწვევებისა, რასაც ადამიანები ყოველდღიურად აწყდებიან.

    მაღალი დონის საერთაშორისო შეხვედრაში,  საერთაშორისო წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ეროვნულ საზოგადოებებთან ერთად, ქვეყნის მეთაურები, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, გავლენიანი ანალიტიკური ცენტრების ხელმძღვანელები მონაწილეობენ.

    წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაცია მსოფლიოს უდიდესი ჰუმანიტარული ქსელია, რომელიც 192 ქვეყნის წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებას აერთიანებს. ოცკაციანი მმართველი საბჭოს წევრი კი  საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტი ნათია ლოლაძე გახლავთ.

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

    შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი აქციის ორგანიზატორები/მონაწილეები გააფრთხილეს და მათ მისცეს გონივრული ვადა, რომ ხელოვნურად შექმნილი ბარიერებისგან გაეთავისუფლებინათ საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელები და გზის სავალი ნაწილი.

    აქციის მონაწილეებმა მითითებულ ვადაში არ გაათავისუფლეს საკანონმდებლო ორგანოს მათ მიერ ბლოკირებული შესასვლელები. შესაბამისად, აქცია გასცდა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების კანონით დადგენილ ფარგლებს, კერძოდ, დაირღვა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც კრძალავს საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების ბლოკირებას, ასევე, გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას, თუ აღნიშნულის საჭიროებას არ განაპირობებს შეკრების მონაწილეთა რაოდენობა.
    შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო ძალების მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელები გათავისუფლებულია.
    პოლიცია მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, დაიცვას კანონის მოთხოვნები.
    შინაგან საქმეთა სამინისტრო სამართალდარღვევის თითოეულ ფაქტზე შესაბამის რეაგირებას მოახდენს.
    პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის დროს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისთვის სულ დაკავებულია 28 პირი.
    სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო სამმა მოქალაქემ. დაშავებულ პირებს სამედიცინო დაწესებულებებში შესაბამისი დახმარება გაეწიათ.

ბიზნეს ნიუსი

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით, ერთის წინააღმდეგ ...

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური