"ჩვენთვის თითოეული ადამიანი, მისი ტკივილი, მისი სიხარული ყველაზე მნიშვნელოვანია"

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 20 ივლისი 2016 19:42

მინდა ყველა თქვენთაგანს ვუთხრა, დაგარწმუნოთ, რომ ჩვენთვის, ჩვენი მთავრობისთვის, თითოეული ადამიანი, მისი ტკივილი, მისი სიხარული ყველაზე მნიშვნელოვანია,-აღნიშნული განცხადება პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ხარაგაულის მოსახლეობასთან შეხვედრისას გააკეთა. პარტიის თავმჯდომარემ რაიონულ ცენტრში შეკრებილ მოსახლეობას ხარაგაულისა და ბაღდათის გაერთიანებული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კობა ლურსმანაშვილი წარუდგინა.
„კობა გახლავთ აქაური კაცი. თქვენიანია, ყველაზე კარგად იცის თქვენი ტკივილი, სიხარული და ის იქნება თქვენი ყველაზე კარგი, ხმამაღალი ხმა საქართველოს პარლამენტში“,-ასე აფასებს გიორგი კვირიკაშვილი კობა ლურსმანაშვილს.
მთავრობის მეთაურმა ხარაგაულის მოსახლეობას სიტყვით მიმართა.
„ჩვენ ამ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, რაც შევძელით ყველაზე მთავარი ეს იყო, რომ თავისუფლება მივეცით თითოეულ ადამიანს საქართველოში. მოვსპეთ შიში, ხელისუფლების შიში, რომელიც მუდმივად პრობლემა იყო ბოლო პერიოდის განმავლობაში. მაქსიმალურად მოვეფერეთ, რაც კი შევძელით ადამიანებს, განსაკუთრებით სოფლად მაცხოვრებლებს იმ პროგრამებით, რომლებიც ჩვენ დავიწყეთ. სოფლის მეურნეობის წახალისების პროგრამები, ჯანდაცვის პროგრამა. ყველა ჩვენთაგანმა საკუთარ გულში ჩავიხედოთ-მართლაც არის თუ არა ის მნიშვნელოვანი, რომ დღეს ადამიანს აღარ უწევს სახლის დაგირავება, სხვადასხვა სახით სესხის აღება იმისათვის, რომ საკუთარი თუ საკუთარი ოჯახის წევრის სიცოცხლე გადაარჩინოს. დამეთანხმებით, რომ ეს ძალიან ბევრს ნიშნავს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არის შორს ჯერ კიდევ იმისგან, რაც ჩვენ გვინდა ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი მოსახლეობისთვის“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენისას მოსახლეობას მთავრობის მიერ განსახორციელებელ გეგმებზეც ესაუბრა.
„ ახლა ჩვენ გვაქვს ახალი გეგმები. ძალიან ამბიციური, სწრაფი განვითარების გეგმები იმისათვის, რომ ეს თავისუფლება, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ თქვენთან ერთად, ერთობლივი ბრძოლით გარდავქმნათ უკვე თითოეული თქვენთაგანის და თითოეული ქართული ოჯახის კეთილდღეობაში. ეს არის ახლა ჩვენი მთავარი ამოცანა. ამის მიღწევისათვის ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო, კონკრეტული გეგმა, როგორ უნდა გავაკეთოთ ეს. ეს ეხება განათლების სისტემის რეფორმას, ძირეულ რეფორმას იმისათვის, რომ ახალგაზრდები სწავლობდნენ იმ პროფესიას, რომელიც დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, რათა დამთავრებისთანავე მათ ქონდეთ სამუშაო ადგილი. ეს ეხება პროფესიული განათლების პროგრამას, იმისათვის, რომ ახალგაზრდებმა თუ საშუალო ასაკის მქონე ადამიანებმა სწრაფი გადამზადება გაიარონ და დღეს მოთხოვნად პროფესიებზე დასაქმდნენ“,- აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას ინფრასტრუქტურული პროექტების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

წაკითხულია 384 ჯერ

Related items

  • საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მუსლიმან სასულიერო პირებს ყურბან-ბაირამის დღესასწაული მიულოცა

    ჩვენი ქვეყნის სიძლიერე ჩვენს მრავალფეროვნებაშია, ამიტომ, ჩვენ ყოველთვის ვზრუნავდით და მომავალშიც ვიზრუნებთ ჩვენს ამ მრავალფეროვნებაზე, - ამ სიტყვებით მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მუსლიმან სასულიერო პირებს ყურბან-ბაირამის დღესასწაული.

    როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ყველა რელიგიის წარმომადგენელი ერთად ზრუნავს და შრომობს ქვეყნის მომავლისთვის და ეს მომავალშიც გაგრძელდება.

    „საქართველოში მცხოვრებ ყველა მუსლიმანს ვულოცავ ყურბან-ბაირამის დღესასწაულს. სამწუხაროდ, ვირუსის გავრცელების გამო, ვერ აღვნიშნავთ ისე, როგორც ამ დღესასწაულს შეეფერება, მაგრამ, იმედია, ასეთი შემთხვევა პირველი და ბოლო იქნება. ჩვენი ქვეყნის სიძლიერე ჩვენს მრავალფეროვნებაშია. ამიტომ, ჩვენ ყოველთვის ვზრუნავდით და მომავალშიც ვიზრუნებთ ჩვენს ამ მრავალფეროვნებაზე. ჩვენი მუსლიმანი ძმები არიან ჩვენი ძმები ისევე, როგორც საქართველოს ყველა სხვა მოქალაქე. ჩვენ ერთად ვაშენებთ ამ ქვეყანას, ერთად ვზრუნავთ და ვშრომობთ ამ ქვეყნის მომავლისთვის. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამას ვაკეთებთ ერთად, წარმატებით და ამას გავაგრძელებთ მომავალშიც. კიდევ ერთხელ ვულოცავ თითოეულ მუსლიმანს ამ დღესასწაულს და იმედი მაქვს, რომ როგორც აქამდე ვშრომობდით ერთად, ამ ვირუსზეც გავიმარჯვებთ. მინდა გისურვოთ წარმატება, ჯანმრთელობა და ერთობლივი შრომა ამ ქვეყნის მომავლისთვის, თქვენი თემის მომავლისთვის. უნდა ვიზრუნოთ ერთმანეთზე, გავუფრთხილდეთ და პატივი ვცეთ ერთმანეთის რწმენას და ასე ერთობლივად ავაშენოთ ეს ქვეყანა", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

    როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე სრულიად საქართველოს მუფთმა, ადამ შანთაძემ აღნიშნა, საქართველოს ყველა მუსლიმანი მოქალაქე გამსჭვალულია პატრიოტული სულისკვეთებით და ცდილობს, თავისი წვლილი შეიტანოს ქვეყნის როგორც დემოკრატიული განვითარებისთვის, ისე ერთიანი, ძლიერი სახელმწიფოს შექმნისათვის.

    „მოხარული ვართ, რომ თქვენი ხელისუფლების პერიოდში ტრადიციად ჩამოყალიბდა სტუმარ-მასპინძლობა, რაც გვახარებს და მეტ მოტივაციას გვაძლევს. ჩვენც არაფერს დავიშურებთ იმისთვის, რომ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ჩვენი ქვეყნის გაძლიერებასა და განვითარებაში. ჩვენ ძალიან დიდი ტრადიციის, ისტორიისა და კულტურის მქონე ქვეყანა ვართ. საუკუნეების განმავლობაში ამ ქვეყანაში ხელიხელჩაკიდებული ძმურად, ჰარმონიულად ცხოვრობდნენ სხვადასხვა ეთნოსის და აღმსარებლობის ადამიანები და ყველას საკუთარი წვლილი შეჰქონდა ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში. ეს დღესაც ასეა. ამ ქვეყნის ყველა მუსლიმი მოქალაქე გამსჭვალულია პატრიოტული სულისკვეთებით და ჩვენ ვცდილობთ, რომ ჩვენი წილი აგური დავდოთ ამ ქვეყნის როგორც დემოკრატიული განვითარებისთვის, ისე ერთიანი, ძლიერი სახელმწიფოს შექმნისათვის", - განაცხადა ადამ შანთაძემ.


    მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური

  • პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა

    პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე პარლამენტარებმა კენჭი უყარეს საკონსტიტუციო ცვლილებებს. 117 ხმით საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა. წინააღმდეგ ხმა მისცა სამმა დეპუტატმა.

    კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“.

    კონსტიტუციური პროექტის გათვალისწინებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება – პარლამენტში აირჩევა 120 წევრი პროპორციული და 30 წევრი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით.

    ცვლილებებით განისაზღვრება, რომ პროპორციული არჩევნები ჩატარდება ერთპროცენტიანი საარჩევნო ბარიერის პირობებში და საარჩევნო ბლოკებისთვის ბარიერი განისაზღვრება ერთი პროცენტისა და ბლოკში შემავალი პარტიების ნამრავლით.

    პროექტით, გაუნაწილებელი მანდატები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, თანმიმდევრობით განაწილდება უდიდესი ნაშთის მქონე პარტიებზე და საარჩევნო ბლოკებზე. პროექტით გათვალისწინებულია ე.წ. ჩამკეტიც.

    კანონპროექტით განსაზღვრულია ისიც, რომ 2024 წლამდე, რიგგარეშე არჩევნების ჩატარების შემთხვევაში, იმოქმედებს წარმოდგენილი კონსტიტუციური კანონპროექტით დადგენილი დროებითი საარჩევნო სისტემა. ამასთან, 2024 წელს რიგგარეშე არჩევნების ჩატარება გათვალისწინებული არ არის.

  • ევროკავშირი უარყოფს არჩევნების შედეგებს საქართველოს აფხაზეთის რეგიონში

    23 მარტს ევროკავშირმა განცხადება გააკეთა საქართველოს სეპარატისტულ რეგიონ აფხაზეთში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების პასუხად.
    „ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, როგორც ეს აღიარებულია საერთაშორისო კანონმდებლობით“, აღნიშნულია განცხადებაში. რაც შეეხება ამ ეგრეთ წოდებულ არჩევნებს, რომელიც ჩატარდა საქართველოს სეპარატისტულ რეგიონ აფხაზეთში 2020 წლის 22 მარტს, შეგახსენებთ, რომ ევროკავშირი არ აღიარებს კონსტიტუციურ და საკანონმდებლო ჩარჩოს, რომელშიც ეს არჩევნები ჩატარდა“.
    ევროკავშირმა ასევე აღნიშნა, რომ ის გააგრძელებს საკუთარ არ-აღიარების და ჩართულობის პოლიტიკას, და ამ თვალსაზრისით ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში რჩება სრულად მობილიზებული.

  • ნეგატიური ინციდენტები არჩევნებთან დაკავშირებით, რომელიც სოციალურ ქსელებში გავრცელდა, არ აღემატება ყველა საარჩევნო უბნის ორ პროცენტს, აცხადებს მ. პანახოვი

    ნეგატიური ინციდენტები აზერბაიჯანის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, რომელიც სოციალურ ქსელებში გავრცელდა, არ აღემატება ყველა საარჩევნო უბნის ორ პროცენტს. ამის შესახებ ბაქოში დღეს ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარემ მაზახირ პანახოვმა განაცხადა.

    ”ზოგჯერ ადამიანებს ექმნებათ შთაბეჭდილება, რომ თითქოს ეს იყო დარღვევები ქვეყნის ყველა საარჩევნო უბანზე, მაგრამ ეს ასე არ  არის. რაღა თქმა უნდა ჩვენ გვსურს, რომ ასეთი ფაქტები აღარ იყოს“, - აღნიშნა მ. პანახოვმა.

    ცესკოს ხელმძღვანელმა ასევე დაამატა, რომ ყველა ნეგატიური შემთხვევა სერიოზულად იქნება შესწავლილი, ხოლო იმ პირების მიმართ ვინც მათ ამის უფლება მისცა, შესაბამისი სამართლებრიივი ზომები გატარდება.

    აღსანიშნავია, რომ გუშინ ცენტრალურ საარჩევნო კომისიის სხდომაზე გაუქმდა საპარლამენტო არჩევნების შედეგები 4 საარჩევნო ოლქში. მე-80 იმიშლი-ბლაგანის საარჩევნო ოლქში, სადაც ლიდერობდა კანდიდატი ჩინგიზ განიზადე, 74-ე ლიანქორანის საარჩევნო ოლქი - წამყვანი კანდიდატი ჰადი რაჯაბლი, 35-ე ხატაინის მესამე საარჩევნო ოლქში, რომლის კანდიდატი იყო რაუფ არიფ აბასოვი ოღლი, და ასევე 33-ე ხატანის პირველ საარჩევნო ოლქში.

    როგორც ცნობილია აზერბაიჯანში გასულ კვირას ჩატარდა დემოკრატიული და სამართლიანი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. მასში მონაწილეთა აქტივობამ 47,81% შეადგინა. 4823 საარჩევნო უბნიდან ოქმების 87% დამუშავების შედეგად, მმართველმა პარტიამ „ახალი აზერბაიჯანი“, რომელსაც პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ხელმძღვანელობს, რესპუბლიკის პარლამენტში 125 ადგილიდან 70-მდე მიიღო.

    როგორც საერთაშორისო დამკვირვებლები აცხადებენ, არჩევნებმა თავისუფალ გარემოში და დემოკრატიულ ვითარებაში ჩაიარა. რაიმე სერიოზულ დარღვევებს ადგილი არ ჰქონია.

  • აზერბაიჯანის მმართველი პარტია „ახალი აზერბაიჯანი“ ახალ პარლამენტში 70 ადგილს მიიღებს

    აზერბაიჯანის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) გამოაქვეყნა წინასწარი მონაცემები ყველა 125 საარჩევნო ოლქში კენჭისყრის შედეგების შესახებ. ცესკო-ს მონაცემებით,  აზერბაიჯანის მმართველი პარტია „ახალი აზერბაიჯანი“ ახალ პარლამენტში 70 ადგილს მიიღებს.

    როგორც ცნობილია აზერბაიჯანში კვირას ჩატარდა დემოკრატიული და სამართლიანი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. მასში მონაწილეთა აქტივობამ 47,81% შეადგინა. 4823 საარჩევნო უბნიდან ოქმების 87% დამუშავების შედეგად, მმართველმა პარტიამ „ახალი აზერბაიჯანი“, რომელსაც პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ხელმძღვანელობს, რესპუბლიკის პარლამენტში 125 ადგილიდან 65-მდე მიიღო.

    ორშაბათს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიის ვებ-გვერდზე გამოჩნდა ყველა 125 საარჩევნო უბნის მონაცემები. ამ მონაცემების თანახმად, ახალ პარლამენტში მმართველი პარტიის „ახალი აზერბაიჯანი“ მანდატების რაოდენობა გაიზარდა, და ახლა ის დაახლოებით 70 ადგილია.

    შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანში კვირას დასრულდა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. როგორც საერთაშორისო დამკვირვებლები აცხადებენ, არჩევნებმა თავისუფალ გარემოში და დემოკრატიულ ვითარებაში ჩაიარა. რაიმე სერიოზულ დარღვევებს ადგილი არ ჰქონია.

    ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, აზერბაიჯანის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია „ახალი აზერბაიჯანი“ ლიდერობს.

    ავთანდილ ოთინაშვილი

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური