ანგარიშები მინდობით აღზრდისა და რეინტეგრაციის სერვისების მონიტორინგის შესახებ

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 18 ივლისი 2016 17:22

18 ივლისს საქართველოს სახალხო დამცველმა გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში – „სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებების ცენტრის გაძლიერება“, მინდობით აღზრდისა და რეინტეგრაციის სერვისების მონიტორინგის შესახებ სპეციალური ანგარიშების პრეზენტაცია გამართა.

ანგარიშებში წარმოდგენილია სახალხო დამცველის ბავშვის უფლებების ცენტრის მიერ, 2015 წლის 1 ივნისიდან 2016 წლის 31 მაისის ჩათვლით განხორციელებული მონიტორინგის შედეგები და სახალხო დამცველის რეკომენდაციები.

მონიტორინგის ფარგლებში, სახალხო დამცველის ბავშვის უფლებების ცენტრმა შეისწავლა მინდობით აღზრდის ქვეპროგრამის 380 და  რეინტეგრაციის სერვისის 110 ბენეფიციარის უფლებრივი მდგომარეობა და მეურვეობა–მზრუნველობის რეგიონული საბჭოების სხდომების მუშაობა. 2005 წლიდან საქართველოში სახელმწიფო მზრუნველობის დეინსტიტუციონალიზაციის რეფორმის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. ამასთან, სახალხო დამცველის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ მინდობით აღსაზრდელ და რეინტეგრირებულ ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის ეფექტიანად დაცვისათვის, აუცილებელია სახელმწიფო პოლიტიკისა და ამ სფეროში მოქმედი შიდა მექანიზმების არსებითი გაძლიერება და შემდგომი მუშაობა.

სახალხო დამცველის შეფასებით, აუცილებელია, რეინტეგრირებულ ოჯახთა სოციალური ფუნქციის ამაღლება, ფარდობით და უკიდურესად ღარიბ შინამეურნეობებში მცხოვრებ რეინტეგრირებულ ბავშვთა  გაძლიერება და ამ მიზნით, სახელმწიფოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს შორის კოორდინირებული სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და დანერგვა. რეინტეგრირებულ ბენეფიციართა მდგომარეობის მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ მომეტებული ყურადღება უნდა გამახვილდეს ბავშვების უსაფრთხოების დაცვაზე, ძალადობისა და ნებისმიერი ტიპის არასათანადო მოპყრობის ფაქტების თავიდან აცილება/აღმოფხვრაზე.

მინდობით აღზრდის ქვეპროგრამის ეფექტიანობის შეფასებისას, უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებისა, ნორმატიულ დონეზე, მინდობით აღზრდის სფეროში ჯერ კიდევ არ არის შემუშავებული კოორდინირებული სახელმწიფო პოლიტიკა ცენტრალური ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს შორის. პრობლემას წარმოადგენს, ასევე,  სახელმწიფო დონეზე მინდობით აღმზრდელთა მომზადებისა და გადამზადების სისტემის არარსებობა,  სოციალურ მუშაკთა კვალიფიკაცია. აქტუალურია ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა იდენტიფიკაცია და მათი რეაბილიტაცია, მინდობით აღმზრდელ მშობელთა ინფორმირებულობის დაბალი ხარისხი  რთული ქცევის მართვისა და პრევენციის, სხეულებრივი დასჯისა და ფსიქოლოგიური ძალადობის აღმოფხვრის კუთხით. გამოიკვეთა, ასევე, გამოწვევები მინდობით აღზრდის სერვისში ბავშვთა განათლების, ჯანდაცვის, მათი ბიოლოგიურ გარემოში რეინტეგრაციის ხელშეწყობის   კუთხით.

სახალხო დამცველის რეკომენდაციით, მინდობით აღზრდის და რეინტეგრაციის პროცესების ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად, საქართველოს მთავრობისა და პასუხისმგებელი უწყებების მიერ უნდა მომზადდეს სპეციალური სახელმწიფო ქვეპროგრამები, განხორციელდეს მინდობით აღმზრდელ ოჯახთა სისტემური და რეგულარული გადამზადება; ყურადღება უნდა გამახვილდეს ნათესაური მინდობით აღზრდის ქვეპროგრამაში ჩართული მიმღები ოჯახებისა და ბავშვების გაძლიერებაზე, უნდა ამაღლდეს რეინტეგრირებული ოჯახების ინფორმირებულობის დონე ძალადობის, ექსპლუატაციისა და სხვა სახის არასათანადო მოპყრობის პრევენციის კუთხით, ხელი შეეწყოს ქვეპროგრამაში ჩართულ, ფარდობითი სიღარიბის პირობებში მცხოვრებ, განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებსა და შორეულ სოფლებში  მცხოვრებ ბავშვთა ოჯახების სოციალურ გაძლიერებას.

სახალხო დამცველი მოუწოდებს სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, შეიმუშაონ და წარმართონ კოორდინირებული პოლიტიკა მინდობით აღზრდის და რეინტეგრაციის სფეროში და  შეასრულონ სპეციალურ ანგარიშებში გაწერილი რეკომენდაციები.

წაკითხულია 378 ჯერ

Related items

  • ბავშვთა სისხლში ტყვიის მონიტორინგსა და წყლის ხარისხზე პრემიერ-მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გამართა

    ბავშვთა სისხლში ტყვიის მონიტორინგი და წყლის ხარისხი  იყო სექტორთაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის მთავარი თემა, რომელიც პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

    როგორც მთავრობის მეთაურმა საბჭოს სხდომაზე აღნიშნა, საქართველოში ჯერ კიდევ არის რეგიონები, სადაც ეკოლოგიის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი გამოწვევები რჩება. მამუკა ბახტაძის თქმით, საკოორდინაციო საბჭოში შემავალ უწყებებს  შესაბამისი დავალება ჰქონდათ მიცემული, იმისთვის, რომ საქართველოს მასშტაბით  წყლის ხარისხის მდგომარეობა შეესწავლათ.

    პრემიერ-მინისტრის განცხადებით, კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ მთავრობის მიერ განხორციელებული ინვესტიციების შედეგად  გარკვეულ ქალაქებში გაუმჯობესება აღინიშნება, თუმცა, წყლის ხარისხის შეუსაბამობა მაინც  მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.

    „დღეს საკოორდინაციო საბჭოს სპეციალურ ფორმატში შევიკრიბეთ, რომ ვიმსჯელოთ გარემოს დაცვისა და ჩვენს მიერ დაანონსებული მწვანე ეკონომიკის განვითარების მიმართულებით განხორციელებულ ნაბიჯებზე და სამომავლოდ დაგეგმილ ღონისძიებებზე. მოგეხსენებათ, რომ ეს არის საკმაოდ კომპლექსური საკითხი. სამწუხაროდ, საქართველოში ჯერ კიდევ გვაქვს რეგიონები, სადაც ეკოლოგიის თვალსაზრისით რჩება მნიშვნელოვანი გამოწვევები. საკოორდინაციო საბჭოში შემავალ უწყებებს უკვე ჰქონდათ დავალება მიცემული, რომ შეესწავლათ წყლის ხარისხის მდგომარეობა საქართველოს მასშტაბით. გამოიკვეთა, რომ ჩვენს მიერ განხორციელებული ინვესტიციების შედეგად ჩვენ გვაქვს გაუმჯობესება გარკვეულ ქალაქებში, თუმცა, წყლის ხარისხის შეუსაბამობა მაინც რჩება მნიშვნელოვან გამოწვევად. შესაბამისად, ეს ჩვენი მხრიდანაც მოითხოვს უფრო აქტიური ნაბიჯების გადადგმას", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

    რაც შეეხება ბავშვთა სისხლში ტყვიის მოცულობის მონიტორინგს, პრემიერ-მინისტრის თქმით,  აღნიშნული პრობლემა თანამედროვე სამყაროსთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს და შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების განსაზღვრა, დაგეგმვა და მათი იმპლემენტაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

    „ვიცი, რომ ამ მიმართულებით არაერთი ღონისძიება ჩატარდა, განხორციელდა სხვადასხვა საერთაშორისო პროექტი. ბუნებრივია, ჩვენ აქცენტი უნდა გავაკეთოთ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებზე და გამოვიყენოთ საუკეთესო გამოცდილება, რომელიც დაგროვდა დასავლეთის ქვეყნებში", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

    საკოორდინაციო საბჭო გარემოს დაცვის მიმართულებით 2018-2022 წლების გარემოსა და ჯანმრთელობის ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში ფუნქციონირებს და მას პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს. სექტორთაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომას საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ესწრებოდნენ. 

  • საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადება "თიბისი ბანკთან" დაკავშირებით
    ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა 2018 წლის მაისში დაიწყო ,,თიბისი ბანკის“, მისი კლიენტი იურიდიული პირების, ბანკის ადმინისტრატორებისა და ცალკეული აქციონერების  ფინანსური აქტივობების შესწავლა და მივიდა დასკვნამდე, რომ ამ აქტივობებში აშკარად იკვეთებოდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, ანუ ფულის გათეთრებისა და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ნიშნები.
    აღნიშნული მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნა საქართველოს ეროვნულ ბანკს და საქართველოს პროკურატურას.
    ეროვნულმა ბანკმა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლა საკითხი და აღმოჩენილ დარღვევებზე მოახდინა  შესაბამისი რეაგირება.
    ხოლო საქართველოს პროკურატურამ 2018 წლის 2 აგვისტოს, დაიწყო სისხლის სამართლის საქმის გამოძიება უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით. 
    გამოძიებით დადგენილია, რომ  2008 წლის აპრილში და მაისში, შპს „სამგორი თრეიდმა“ და შპს „სამგორი M”-მა,  ,,თიბისი ბანკი“-სგან, სათანადო უზრუნველყოფის გარეშე, დაჩქარებული წესით მიიღეს საერთო ჯამში 17 მილიონ აშშ დოლარამდე სესხი. კომპანიების ანგარიშებზე სესხის თანხის განთავსებისთანავე, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ, ამავე კომპანიებიდან, როგორც ფიზიკურმა პირებმა, ისესხეს ზუსტად იმ ოდენობის თანხა, რაც ,,თიბისი ბანკმა“ საბრუნავი საშუალებების შევსების მიზნობრიობით ასესხა დასახელებულ კომპანიებს.  2008 წლის ბოლოს, თიბისი ბანკმა, აღნიშნული სესხები, საბანკო რეგულაციებით დადგენილ ვადაზე ადრე, დაუსაბუთებლად ჩამოწერა და გარე საბალანსო ანგარიშზე გადაიტანა, ხოლო 2012 წელს საერთოდ გაათავისუფლა ეს კომპანიები ბანკის წინაშე არსებული სასესხო ვალდებულებისგან, როდესაც დათანხმდა ამ ვალდებულებების ოფშორულ კომპანიაზე გადატანას. საგულისხმოა, რომ „სამგორი თრეიდს“ და შპს „სამგორი M”-ს სესხები ისე ჩამოიწერა, რომ ამ კომპანიებს  სესხის მომსახურებისთვის თანხა საერთოდ არ გაუღიათ და აღნიშნული სესხები ბანკს დღემდე არ დაბრუნებია. გარდა ამისა, დადგენილია, რომ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს  ასევე არ გაუსტუმრებიათ შპს „სამგორი თრეიდისა“ და შპს „სამგორი M” - ს, ვალი.
    გამოძიების ფარგლებში ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, გამოიკითხნენ ფაქტთან შემხებლობაში მყოფი პირები, მათ შორის გამოკითხულია მამუკა ხაზარაძეც. გამოძიების ამ ეტაპზე, შესაძლო დანაშაულებრივი ფაქტების სრულყოფილად შესწავლისთვის, აუცილებელია დამატებითი დოკუმენტაციის და ინფორმაციის მოპოვება და შესწავლა, რისთვისაც საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 2019 წლის 4 იანვარს შუამდგომლობებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სს ,,თიბისი ბანკი“-დან ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე. სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული შუამდგომლობები შესასრულებლად ჩაბარდა სს ,,თიბისი ბანკს“. საქმეზე საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გენერალური პროკურატურა საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის ინფორმაციას გამოძიების შესახებ.
  • ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია სტრასბურგში იმყოფება

    ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის განმავლობაში, საქართველოს მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესზე იქნება საუბარი. ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმათამარ ჩუგოშვილმა განაცხადა. 

    „არის რამდენიმე საკითხი, ანგარიში, სადაც საქართველოზეა საუბარი. პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო რეზოლუციის პროექტი, რომელშიც საუბარია როგორც მიღწევებზე, ასევე გამოწვევებზე წევრ ქვეყნებს შორის. დოკუმენტში ნათქვამია, რომ მიესალმებიან საქართველოში განხორციელებულ საკონსტიტუციო რეფორმას და აღნიშნულია, რომ ეს არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი ქვეყნისთვის“, - განაცხადა დელეგაციის ხელმძღვანელმა.

    მისივე თქმით, მონიტორინგის კომიტეტზე იმსჯელებენ საქართველოს საკითხებზე მომხსენებლების, ტიტუს კორლატეანისა და კერსტინ ლუნდგრენის საქართველოში განხორციელებული ვიზიტის საინფორმაციო ანგარიშზეც.

    „საინფორმაციო ანგარიშში მნიშვნელოვანი პოზიტივი არის მოცემული“, - აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

    მისივე ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის დელეგაციის მოწვევით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის განმავლობაში დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ადამანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ისაუბრებს.

    ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის მუშაობაში მონაწილეობას საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრები: სოფიო ქაცარავაეკა ბესელიაირინე ფრუიძეზვიად კვაჭანტირაძედიმიტრი ცქიტიშვილინინო გოგუაძედავით ბაქრაძე და გიორგი კანდელაკი იღებენ.

     

  • რა დააშავეს შშმ პირებმა? - ქართველი მწერლის ემოციური წერილი სახალხო დამცველს

    ახალ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას, მწერალი ირაკლი ლომოური ღია წერისლ წერს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
    ღია წერილი ახალ ომბუდსმენს, ქალბატონ ნინო ლომჯარიას
    გილოცავთ საქართველოს სახალხო დამცველის ერთობ საპატიო თანამდებობაზე არჩევას!

    ერთ გარემოებაზე მსურს თქვენი ყურადღება გავამახვილო. არცთუ დიდი ხნის წინათ რადიოში ყური მოვკარი საუბარს - სოციალური უზრუველყოფის სამსახურის ვიღაც მაღალჩინოსანს (სამწუხაროდ, არც სახელი ვიცი, არც გვარი და არც თანამდებობა, თუმცა ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს) ჟურნალისტი კითხვებს უსვამდა.
    კითხვაზე, თუ რატომ არ ეზრდებათ შშმ პირებს პენსია, მავანმა მოხელემ შემდეგი პასუხი გასცა: სახელმწიფო ბიუჯეტს საიმისო ფული არ ჰყოფნის, ყველას რომ გაუზარდოს, მაგრამ თუ გამოჩნდება დამატებითი თანხები, მათაც აუცილებლად გაეზრდებათო.

    მე თავად მეორე ჯგუფის ინვალიდი ვარ. პენსია მაქვს 100 ლარი. ანუ ვადასტურებ, რომ ინვალიდების პენსია მართლაც არ იზრდება (ასაკით პენსიონერებს უკვე 160 ლარი აქვთ, თუ არ ვცდები). ამ პასუხის მოსმენისას მომინდა დამერეკა რადიოში და რამდენიმე კითხვა დამესვა: თუ სახელმწიფოს ფინანსები არ ჰყოფნის, მაგრამ ესმის, რომ პენსია გასაზრდელია, მაშინ ყველა სახის პენსიონერს ერთნაირად რატომ არ უზრდის? რა დააშავეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა? რა, მეორე კატეგორიის მოქალაქეები არიან? ავადმყოფ, დაინვალიდებულ ადამიანზე სახელმწიფო უფრო მეტად არ უნდა ზრუნავდეს სულაც? ეს რა უსამართლობაა, რა დისკრიმინაცია? რითია განპირობებული ასეთი დამოკიდებულება? იმით, რომ შშმ პირები შედარებით ცოტანი არიან რაოდენობრივად ასაკით შშმ პირებზე? თანაც საკუთარი უფლებების დაცვისა და სოციალური აქტივობის თავი, როგორც წესი, არ აქვთ? ანუ რა, სახელმწიფომ „დაბალი ღობე“ ნახა? შშმ პირების ხარჯზე ზოგავს ფულს? კონცერტების მოსაწყობად ხომ პოულობს თანხებს, როცა მოესურვება?.. და ა.შ.

    მინდოდა დამერეკა, მაგრამ არ დავრეკე. მერე დროდადრო ჩემს თავს ვეუბნებოდი, ამის შესახებ უნდა დავწერო-მეთქი, მაგრამ დღემდე არაფერი დამიწერია. შესაძლოა, დამეზარა, თანაც საზოგადოებრივად აქტიური მაინცდამაინც არ ვარ, - ვზივარ ჩემთვის და ვწერ რაღაცას, ან ვთარგმნი (სამსახური არ გამაჩნია). შესაძლოა, კიდევ იმიტომ არ დავრეკე, რომ ვიფიქრე, იტყვიან, საკუთარ თავზე ზრუნავსო ეგოისტურად... ანდა იმიტომ, რომ არ მჯერა, ჩვენს ბიუროკრატულ აპარატს აქვს უნარი, ადამიანებზე ადამიანურად იზრუნოს... მაგრამ მთელი ეს ხანი თანაც სინდისი მქენჯნიდა, ხმას რომ არ ვიღებდი... მადლობა ღმერთს, არ მშია და არ მცივა, მაგრამ რამდენი ინვალიდი პენსიონერია, რომელსაც მიზერული პენსიის გარდა მართლა არაფერი არ გააჩნია? ამ საკითზე ჩემი მხრიდან ხმის არამოღება უფრო დიდი ეგოიზმი არ გამოდის?..
    ამ დილას საინფორმაციო გამოშვებაში მოვისმინე, რომ სამუშაოს შეუდექით და თქვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი სოციალურად დაუცველი ადამიანების უფლებების დაცვა იქნება. ღია წერილის დაწერა სწორედ ამან გადამაწყვეტინა.

    გისურვებთ წარმატებებს! ღმერთმა ხელი მოგიმართოთ!
    პატივისცემით,
    ირაკლი ლომოური

  • ფაქტობრივად ეს არის წახალისება მსგავსი დანაშაულის, - სახალხო დამცველი კორცხელისა და ბათუმის ინციდენტებზე

    "როცა არ ხდება მსგავს ინციდენტებზე დროული რეაგირება, ფაქტობრივად ეს არის წახალისება მსგავსი დანაშაულის და ეს ნიშანი გამოიკვეთა ორივე შემთხვევაში. საზოგადოება პირდაპირ ეთერში ხედავდა კადრებს, როგორ ადევნებდა თვალყურს პოლიცია რიგ შემთხვევებში საკმაოდ მძიმე დანაშაულს," - კორცხელისა და ბათუმის ინციდენტებზე საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშშია საუბარი. 

     

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური