საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი სლოვენიის რესპუბლიკაში

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 18 ივლისი 2016 09:56

18-19 ივლისს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, სლოვენიის რესპუბლიკაში საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი გაიმართება.

ქვეყნის პირველი პირი ლიუბლიანაში პირველ ლედისთან მაკა ჩიჩუასთან და საქართველოს დელეგაციასთან ერთად გაემგზავრება.

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის და პირველი ლედის მაკა ჩიჩუას დახვედრის ოფიციალური ცერემონია ლუბლიანაში, სლოვენიის რესპუბლიკის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება.

დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილისა და სლოვენიის რესპუბლიკის პრეზიდენტის ბორუტ პაჰორის პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა. შეხვედრის დასრულების შემდეგ პრეზიდენტები მედიისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.

ასევე დაგეგმილია საქართველოს პირველი ლედის მაკა ჩიჩუას შეხვედრა სლოვენიის პირველ ლედისთან ტანია პეჩარისთან.

საქართველოს პრეზიდენტის და პირველი ლედის პატივსაცემად სლოვენიის რესპუბლიკის პრეზიდენტის ბორუტ პაჰორის და ტანია პეჩარის სახელით ოფიციალური სადილი გაიმართება.

გიორგი მარგველაშვილი, ვიზიტის ფარგლებში, შეხვდება სლოვენიის პრემიერმინისტრს მირო ცერარს, ასევე, სლოვენიის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს მილან ბრგლეზს, ქალაქ ლიუბლიანას მერს ზორან იანკოვიჩს და ქალაქ პირანის მერს პიტერ ბოსმანს.

დაგეგმილია ასევე, სამუშაო ლანჩი სლოვენიის რესპუბლიკის ინფრასტრუქტურის მინისტრ პიტერ გასპერsიჩთან.

პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ ორმხრივი დოკუმენტების ხელმოწერის ცერემონია გაიმართება, რომელიც საქართველოსა და სლოვენიის მთავრობებს შორის ეკონომიკურ თანამშრომლობას და სამუშაო პასპორტების მქონე პირთა ვიზების გამარტივებას ეხება.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, პრეზიდენტის მრჩევლები თენგიზ ფხალაძე, მაია მელიქიძე, ანა დოლიძე, კახა კოჟორიძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია, საქართველოს ელჩი სლოვენიის რესპუბლიკაში ზურაბ ბექაია, საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი პერტაია და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელი ნინო ჩიქოვანი.

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი სლოვენიის რესპუბლიკაში 19 ივლისს დასრულდება.

 

წაკითხულია 418 ჯერ

Related items

  • თურქეთში საქართველოს ელჩი ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შეხვდა

    თურქეთის შავიზღვისპირეთში მივლინების ფარგლებში, თურქეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ შეხვედრა გამართა უნიესა და ფაცას ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან და წევრებთან.

    შეხვედრებზე საუბარი შეეხო დიასპორასთან დაკავშირებით საქართველოს სახელწიფო პოლიტიკას. საქართველოს ელჩმა დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და წევრებს გააცნო დიასპორის სახელმწიფო სტრატეგია და ის ინიციატივები და სიახლეები, რაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ინერგება დიასპორასთან ეფექტური კომუნიკაციის მიზნით.

    ელჩმა ასევე ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის ურთიერთობების წარმატებაში ქართული დიასპორის დიდ როლს და აღნიშნა, რომ თურქეთის რესპუბლიკა არის საქართველოს მტკიცე მხარდამჭერი როგორც ორმხრივ, ასევე საერთაშორისო ფორმატებში.
    ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა საქართველოს ელჩს მიაწოდეს ინფორმაცია მათი საქმიანობისა და მათ მიერ განხორციელებული პროექტების თაობაზე. ასევე აღინიშნა, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს დიასპორასთან რეგულარულ კონტაქტებსა და შეხვედრებს.

    შეხვედრის დასასრულს, ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა მადლობა გადაუხადეს როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ასევე საქართველოს საელჩოს გამოჩენილი ყურადღებისთვის და გამოთქვეს მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი.

  • "2022 წლისთვის საქართველოს ექნება ყველაზე თანამედროვე ინფრასტრუქტურა"

    რეგიონული განვითარების გარეშე წარმოუდგენელია საქართველოში სიღარიბის დაძლევა, აქედან გამომდინარე, ჩვენ კიდევ უფრო ამბიციური ამოცანები უნდა დავსახოთ ამ მიმართულებაში და დარწმუნებული ვარ, წლის მეორე ნახევარი კიდევ უფრო წარმატებული იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისა და მთის ფონდების, განათლების ინფრასტრუქტურისა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამების ფარგლებში დაფინანსებული პროექტების შესრულების 6 თვის ანგარიშის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

    მთავრობის მეთაურის თქმით, 2019 წლისთვის ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება 20 პროცენტით გაიზარდა, რაც 2019 ყველაზე დიდი მაჩვენებელია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში.

    „ძლიერი რეგიონები ნიშნავს ძლიერ საქართველოს და შესაბამისად, რეგიონული განვითარება არის ჩვენი ხელისუფლების უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი. 6 თვის წინ, ჩვენ, ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად, წარმოგიდგინეთ ძალიან ამბიციური გეგმა, რომელიც გვაქვს 2019 წლისთვის.  კარგად გვესმოდა, რომ ამ მიზნის მიღწევა დაკავშირებული იქნებოდა ბევრ გამოწვევასთან. გასული წლის ზაფხულში, როდესაც პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარმადგინეს, რამდენიმე მიმართულებას გავუსვით ხაზი, სადაც მნიშვნელოვან ცვლილებებს ვგეგმავდით. პირველი იყო რეგიონული მმართველობის სტრუქტურა, რომელშიც გვქონდა ხარვეზები. იყო პრობლემები, რომელიც აისახებოდა განხორციელებული და გამოყოფილი ინვესტიციების აუთვისებლობაში. ჩვენ ძალიან ბევრი რამ შევცვალეთ. შევცვალეთ რეგიონული მართვის სტრუქტურა, ბევრი პროცედურა და დღეს უკვე გვაქვს მნიშვნელოვანი შედეგები", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

    პრემიერმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ქვეყნის ინფრასტრუქტურაში 200 მილიონი ლარით მეტი ინვესტიცია განახორციელა.

    „რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 20 პროცენტით მეტი ბიუჯეტი მივეცით და 6 თვის მონაცემებით, ის 100 პროცენტით ასრულებს ამ დავალებას. რეგიონული განვითარება ჩვენთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მიმართულებაა. ჩვენთვის აუცილებელია, რომ საქართველოში მივაღწიოთ ინკლუზიურ ზრდას. ამის გაკეთება კი შესაძლებელია მხოლოდ რეგიონების თანაბარი განვითარებით", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

    პრემიერ-მინისტრმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილს და მის გუნდს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

    „ეროვნული მნიშვნელობის პროექტების გარდა რეგიონებში ჯერ კიდევ განსახორციელებელია ისეთი ტიპის პროექტები, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები მოქალაქეებისთვის. ეს არის ადგილობრივი მნიშვნელობის გზები, ინფრასტრუქტურული პროგრამები, რომელიც უკავშირდება წყლის მიწოდების სისტემებს, სპორტული და განათლების ინფრასტრუქტურის განვითარება და ა. შ. ამ მიმართულებითაც გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი. 2022 წლის ჩათვლით, საქართველოს ექნება ყველაზე თანამედროვე ინფრასტრუქტურა, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ ეკონომიკა, კიდევ უფრო მეტი მოქალაქე ჩავრთოთ ეკონომიკურ განვითარებაში და როგორც შედეგი, ერთობლივი ძალებით დავძლიოთ სიღარიბე", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

    პრეზენტაციაზე მიწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისა და მთის ფონდების, განათლების ინფრასტრუქტურისა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამების ფარგლებში დაფინანსებული პროექტების შესრულების 6 თვის ანგარიშის წარადგინა მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილმა.

    ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულები, ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციების და საექსპერტო წრეების წარმომადგენლები დაესწრნენ.

  • პრეზიდენტის შეხვედრა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან

    ბათუმის მე-16 საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ტომაშ პეტრჟიჩეკის შეხვდა.

    მხარეებმა საქართველო - ჩეხეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ასევე ეკონომიკური ურთიერთობების მნიშვნელოვანი მიმართულებები განიხილეს და ჩეხეთის მხრიდან საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერაზე ისაუბრეს.

    ჩეხეთი, როგორც საქართველოს მეგობარი ქვეყანა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. მხარეებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავთან დაკავშირებით ისაუბრეს. ჩეხეთი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის ღია კარისა და გაფართოების პოლიტიკა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინიციატივაა საუბარი შეეხო ასევე ევროკავშირში საქართველოს სექტორულ ინტეგრაციას, განსაკუთრებით კულტურისა და განათლების სფეროში.
    საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოს ყველა შესაძლებლობა აქვს, რომ ევროპული კულტურისა და განათლების სისტემის სრულფასოვანი წევრი გახდეს. მხარეებმა ოკუპირებულ ტერიტორიების შესახებ ისაუბრეს და ხაზი გაესვა ჩეხეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.

     შეხვედრაზე ისაუბრეს ასევე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით და როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, აუცილებელია ჟენევის ფორმატმა მიიღოს ქმედითი სახე საქართველოს პარტნიორების შუამავლობით. მინისტრმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მონაწილეობას ნატოს მისიებში გლობალური მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დაცვისათვის და განაცხადა, რომ ჩეხეთი მხარს უჭერს ნატოს ღია კარის პოლიტიკას.

    ჩეხეთი ნატოს წევრ ქვეყნებთან ყოველთვის მხარს უჭერს საქართველოსათვის მაპის მინიჭებას. მხარეებმა შრომითი მიგრაციისა და საქართველოს მოქალაქეების ჩეხეთში დასაქმების საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე ისაუბრეს ჩეხეთიდან ტურიზმისა და ინვესტიციების ზრდის შესახებ.

  • "პატრიოტიზმი ქვეყნის დისკრედიტაციასა და დესტაბილიზაციაზე არ გადის"

    საქართველოს პრეზიდენტმა ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.
     ,,როგორც საქართველოს პრეზიდენტი, როგორც ადამიანის უფლებების, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების გარანტი და დამცველი, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ თავისუფლება განუყოფელია პასუხისმგებლობისგან.

    ქვეყნის მიმართ პასუხისმგებლობა მოითხოვს, რომ გვერდზე გადავდოთ ემოციები, გვერდზე გადავდოთ პოლიტიკური გემოვნება; ვიფიქროთ და ვიზრუნოთ საზოგადოებრივ სიმშვიდესა და ქვეყნის სტაბილურობაზე. არ უნდა დავუშვათ, რომ რაღაც პროვოკაციებით გარკვეულმა ძალებმა სცადონ საქართველოს დისკრედიტაცია მის ფარგლებს გარეთ და დესტაბილიზაცია ქვეყანაში.

    მინდა ყველას - შიგნით და გარეთ - მოგიწოდოთ დეესკალაციისკენ. მივმართავ იმ ძალებს ქვეყანაში, ვინც ნებსით თუ უნებლიეთ ამ ქვეყნის სტაბილურობას, ესე იგი მის მთავარ მონაპოვარს, მის მთავარ ღირებულებას რეგიონალური და საერთაშორისო პარტნიორებისთვის, საკუთარი პოლიტიკური მიზნების გამო საფრთხის ქვეშ აყენებს. პატრიოტიზმი ქვეყნის დისკრედიტაციასა და დესტაბილიზაციაზე არ გადის. მივმართავ მათ, ვინც უპასუხისმგებლო ქმედებებითა თუ განცხადებებით პატრიოტიზმის დროშის ქვეშ, აზარალებს ჩვენს მოქალაქეებს და მათ ეკონომიკურ კეთილდღეობას აქ და ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

    პატრიოტიზმი სწორედ საკუთარ მოქალაქეებზე ზრუნვაა. მოვუწოდებ იმ ძალებსაც, რომლებსაც, ასევე, პატრიოტული ლოზუნგებით საზოგადოებაში დაძაბულობა და დაპირისპირება შეაქვთ. ყველას შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო პლატფორმა დიალოგისა და შეთანხმების, თქვენივე მოთხოვნების საფუძველზეა შექმნილი.პროპორციული სისტემა ყველას უხსნის საკუთარი ამბიციების კარს, ახალი საარჩევნო კოდექსი ამზადებს კიდევ უფრო სამართლიან არჩევნებს.
    ყველას მოგიწოდებთ, მშვიდობიანი არჩევნების გზით, თქვენი მოთხოვნები ხალხის არჩევანის წინაშე დააყენოთ და საზოგადოების პასუხს დაელოდოთ.


    ჩემი მხრიდან არაერთხელ მოგიწოდეთ შერიგებისკენ, ცოტა ხნის წინ ასევე შევთავაზე ყველა ძალას საპრეზიდენტო დიალოგის პლატფორმა. ეს შეთავაზება ძალაშია ყველასთვის, ვისაც ქვეყნის წინსვლა და სტაბილური მომავალი სურს. ასევე, ჩვენი ქვეყნის გარეთ მივმართავ რუსეთის ხელმძღვანელობას, არ აჰყვეს ესკალაციას. პარადოქსი იქნება, თუ მეზობელი ქვეყანა, მისივე დახასიათებით, „რადიკალური“ ძალებისგან წამოწყებულ პროვოცირებას უპასუხებს და ამით მათ დესტრუქციულ მიზნებს შეუწყობს ხელს.
    აქვე ხაზი უნდა გავუსვა იმასაც, რომ ჩვენი მშვიდობიანი პოლიტიკა არის ერთადერთი გზა ქვეყანაში და რეგიონში სტაბილურობის შესანარჩუნებლად.

    ივმართავ ჩვენს მოქალაქეებსრომლებიც ცხოვრობენ რუსეთში: მე თქვენი პრეზიდენტი ვარ და თქვენი კეთილდღეობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვიცი, რომ ხელისუფლება ცდილობს გააკეთოს ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეიძლება მოცემულ ვითარებაში, რათა გააგრძელოთ მშვიდად და სტაბილურად ცხოვრება. დაბოლოს, მივმართავ ჩვენს სტუმრებს: საქართველო ისტორიულად ტოლერანტობის სიმბოლოა და არ დავუშვებთ, რომ ეს ტრადიცია დაირღვეს. ქვეყნისათვის ყველაზე დაძაბულ პერიოდებშიც კი, არ მომხდარა არც ერთი ინციდენტი, რომელიც საფრთხეს შეუქმნიდა საქართველოში მცხოვრებ უცხოელ მოქალაქეებს და სტუმრებს. და ეს ასე გაგრძელდება“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

  • სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მოსახლეობას შვებულების საკუთარ სამშობლოში გატარებისაკენ მოუწოდებს

    საქართველოს პრეზიდენტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდმომარესა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან პირველი შეხვედრა გამართა.

    როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, აჭარის მთავრობასთან პირველი შეხვედრა ძალიან საინტერესო იყო სხვადასხვა მიმართულებით, როგორც რეგიონული განვითარებისა და რეგიონული საინვესტიციო პროექტების მიმართულებით, ასევე, ტურისტული სფეროს განვითარების კუთხითაც.

    ,,რეგიონში ძალიან ბევრი ახალი საინვესტიციო პროექტი მიმდინარეობს, მზარდი მაჩვენებელია ტურიზმის სფეროშიც, თუმცა დღეს ვიცით, რომ გარკვეული პრობლემებია ამ მიმართულებით. ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო იმის მოსმენა, რომ რეალურად, ტურისტების მზარდი ნაკადი არ შენელებულა, რაც ჩვენი ქვეყნისა და ამ რეგიონისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია.

    მინდა კიდევ ერთხელ ვისარგებლო ამ შემთხვევით და ყველას მოვუწოდო, რომ ამ წელს შვებულება საქართველოში გაატარონ. ამ განცხადებას კიდევ ერთხელ გავაკეთებ ძალიან მალე, მომავალ კვირას ბათუმის მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავს ეძღვნება და სადაც საქართველოს პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები იქნებიან. ეს კონფერენცია საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების ერთ-ერთი ეტაპი იქნება და ის, რომ ასეთი კონფერენცია ბათუმში ტარდება, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია", - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური