N6 პენიტენციურ დაწესებულებაში დარღვევები გამოვლინდა

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 15 ივლისი 2016 11:20

2016 წლის 12 ივლისს საქართველოს სახალხო დამცველმა სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ N6 პენიტენციურ დაწესებულებაში განხორციელებული ვიზიტის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დადებითად უნდა აღინიშნოს, რომ დაწესებულებაში 2014 წლიდან დაიწყო და ვიზიტის განხორციელების დროს დასრულებული იყო კაპიტალური სარემონტო სამუშაოები.

აღსანიშნავია, რომ  N6 დაწესებულებაში სპეციალური პრევენციული ჯგუფის ვიზიტის დროს აშკარა იყო ადმინისტრაციასა და პატიმრებს შორის დაძაბული, კონფლიქტური ურთიერთობა. ჯგუფის წევრებთან საუბრისას ადმინისტრაციის წარმომადგენლები პატიმრების მიმართ დამამცირებელ და აგრესიულ დამოკიდებულებას ავლენდნენ. ვიზიტის დროს, დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომლების მხრიდან პატიმრის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ერთი ფაქტი გახდა ცნობილი.

შემოწმებისას გაირკვა, რომ დაწესებულებაში ადგილი აქვს გაურკვეველი წარმომავლობის, ასევე საეჭვო ხასიათის და ლოკალიზაციის ტრავმებს. ამასთან, საგულისხმოა, რომ N6 დაწესებულებაში დაზიანებების დოკუმენტირება არ ხდება „სტამბოლის პროტოკოლით“ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად.

შემოწმების შედეგად ირკვევა, რომ ელექტრონული მეთვალყურეობის დაწესების შესახებ დაწესებულების დირექტორის ბრძანებები არ შეიცავს დასაბუთებას, თუ რა გარემოებების გამო გახდა აუცილებელი ასეთი ზომის გამოყენება.

ახალგარემონტებულ საკნებში დამონტაჟებულია ვიზუალური მეთვალყურეობის სისტემა (ვიდეოკამერები), რომლის არეალშიც ექცევა საპირფარეშოს სივრცე და უზრუნველყოფილი არ არის პატიმრის პრივატულობა.

დაწესებულებაში არ ხორციელდება ფსიქო-სოციალური სარეაბილიტაციო  აქტივობები. პრაქტიკულად შეუძლებელია კონფიდენციალური საჩივრის გაგზავნა ისე, რომ არ მოხდეს საჩივრის ავტორის იდენტიფიცირება. მართალია, ტელეფონის აპარატები სამორიგეო ოთახიდან გამოიტანეს, მაგრამ კვლავ პრობლემად რჩება სატელეფონო საუბრის კონფიდენციალობის დაცვა.

აღსანიშნავია, რომ N6 დაწესებულების დებულების თანახმად, მსჯავრდებულები ვალდებულნი არიან დაწესებულების დირექტორს მიაწოდონ მათი საკონტაქტო ნომრები, რომლებთანაც განახორციელებენ სატელეფონო ზარებს. ამ ნომრების გარდა,  ვერ შეძლებენ სხვა სატელეფონო ნომრებზე ზარის განხორციელებას, თუ ხელახლა არ მიმართავენ დაწესებულების დირექტორს წერილობით და არ შეცვლიან ან/და დაამატებენ ტელეფონის ნომერს. ამ შემთხვევაში პრობლემური ხდება პატიმრის მიერ ისეთ უწყებებთან დაკავშირება, როგორიცაა სახალხო დამცველი, გენერალური ინსპექციები და სხვა, ვინაიდან აღნიშნულ ნომრებზეც მოქმედებს ეს წესი.

2015 წელს პატიმართა რაოდენობის შემცირების მიუხედავად, წინა წელთან შედარებით 34,3%-ით გაიზარდა დისციპლინური სახდელის დაკისრების პრაქტიკა.

ვიზიტების შედეგად, დადგინდა, რომ დაწესებულებაში მოთავსებული პატიმრების უმეტესობას პრობლემები აქვს ფსიქიკური ჯანმრთელობის კუთხით. აღნიშნულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია პატიმრები უზრუნველყოფილი იქნან დროული და ადეკვატური ფსიქიატრიული დახმარებით, რისთვისაც აუცილებელია დაწესებულებაში დამატებული იქნას ფსიქიატრის შტატი.

უნდა აღინიშნოს, რომ კვლავ პრობლემურია ხანმოკლე პაემნის განხორციელება მინის გამყოფი ბარიერის მეშვეობით, ასეთ შემთხვევაში პატიმარი მოკლებულია ოჯახის წევრებთან ყოველგვარი ფიზიკური ურთიერთობის საშუალებას. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში აუცილებელია ფიზიკური გამყოფი ბარიერები, მნიშვნელოვანია, რომ ფიზიკური ურთიერთობის საშუალება იყოს აღიარებული ნორმა.

წაკითხულია 827 ჯერ

Related items

  • სახალხო დამცველის განცხადება ნიკა გვარამიას ბრალდების საქმესთან დაკავშირებით

    2022 წლის 11 მაისს გაიმართა დასკვნითი სხდომა შპს „სამაუწყებლო ტელეკომპანია რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ბრალდების საქმესთან დაკავშირებით. გვსურს, საზოგადოებას შევახსენოთ, რომ 2019 წლის 4 ნოემბერს სახალხო დამცველმა აღნიშნული საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს. დოკუმენტი ეყრდნობა საქმის მასალების გაცნობის შედეგად გამოვლენილ საკვანძო საკითხებს და მიმოიხილავს საკორპორაციო-სამართლებრივი და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის კავშირსა და ურთიერთმიმართებას.

    სახალხო დამცველისასამართლოს მეგობრის მოსაზრებაშიმიუთითებს, რომ ამ საქმეში, საწარმოს მმართველის მიერ მიღებული გადაწყვეტილება (ხელშეკრულების პირობების შეცვლა, მისაღები შემოსავლის განსაზღვრა), რომელიც საწარმოს მფლობელთანაც იყო შეთანხმებული, არის მიჩნეული დანაშაულად. ბრალდების თანახმად, დანაშაული არის ის, რომ დირექტორს მეტი შემოსავლის მოტანა შეეძლო კომპანიისთვის და ეს შემოსავალი არ მიიღო.

    სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში განხილულია აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, კონტინენტური ევროპის ქვეყნებისა და საქართველოს სასამართლოების პრაქტიკა, რომლის თანახმად, მსგავსი სამეწარმეო გადაწყვეტილება ვერ გამოიწვევს არათუ სისხლისსამართლებრივ, არამედ კორპორატიულ პასუხისმგებლობასაც კი. დირექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შესაძლებელია, ნაკლები მოგების მიღებას გულისხმობდეს, მაგრამ კორპორაციის საუკეთესო ინტერესებს ემსახურებოდეს და მოკლე ან გრძელვადიანი რისკების დაზღვევას ემსახურებოდეს.

    მოცემულ საქმეში საკორპორაციო-სამართლებრივი პასუხისმგებლობა გამორიცხულია, რადგან დირექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ ყოფილა: (1) ერთპიროვნული, პარტნიორებთან შეუთანხმებელი მოქმედება (დომინანტური მდგომარეობის გამოყენება), (2) არ ისახავდა მიზნად პირად გამდიდრებას თაღლითობის (fraud) ჩადენის გზით და (3) რისკების ანალიზი გონივრულად მიუთითებს, რომ გადადგმული ნაბიჯი ემსახურებოდა კორპორაციის საუკეთესო ინტერესებს. მით უფრო, გამოირიცხება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, რისთვისაც აუცილებელია, რომ დირექტორი, მოგების მიღების მიზნით, ახორციელებდეს ქმედებას, რომელიც თავისთავად წარმოადგენს დანაშაულს. ცხადია, ხელშეკრულების პირობების შეცვლა, რაც კორპორაციის ძირითადი საჭიროების მიზნით არის განპირობებული, დანაშაულის შემადგენლობას არ იძლევა.

    ამრიგად, საწარმოს მართვისას მიღებული მენეჯერული გადაწყვეტილება არ შეიძლება შეფასდეს დირექტორის სამართლებრივი სტატუსის სპეციფიკის გათვალისწინების გარეშე. სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ აღნიშნული დოკუმენტი დაეხმარება სასამართლოს წინამდებარე საქმის სამართლიან შეფასებასა და დირექტორის პასუხისმგებლობის ელემენტებთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოცდილებასა და პრაქტიკის გათვალისწინებით სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.

  • ადამიანის უფლებათა კომისარს სახალხო დამცველმა ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ

    2022 წლის 25 იანვარს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ სტრასბურგში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარ დუნია მიატოვიჩთან. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ სახალხო დამცველის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    ადამიანის უფლებათა კომისარს სახალხო დამცველმა ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ. განიხილეს ასევე, მედია გარემო, თანასწორობის თვალსაზრისით არსებული მდგომარეობა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მონიტორინგის აუცილებლობა.

    ნინო ლომჯარიამ ხაზი გაუსვა კომისრის მხრიდან უფლებადამცველთა და მედიის წარმომადგენელთა მხარდაჭერის მნიშვნელობას, რომელთა მიმართაც ბოლო წლებში განსაკუთრებით გახშირდა ზეწოლა და თავდასხმები.

    საუბარი შეეხო ასევე სახელმწიფო ინსპექტორის ინსტიტუტის გაუქმებას. სახალხო დამცველმა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს გააცნო საკონსტიტუციო სარჩელი რომლითაც ომბუდსმენი საქართველოს პარლამენტის მიერ 2021 წლის 30 დეკემბერს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს.

  • საქართველოს სახალხო დამცველი მპგ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მუქარის შემცველ განცხადებებს ეხმაურება

    საქართველოს სახალხო დამცველი ეხმაურება მპგ „ქართული ოცნების თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლითაც ის საუბრობს სახალხო დამცველის და მის მიერ მოწვეული ექიმების შესაძლო პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით. აღნიშნული რიტორიკა სცილდება სამართლებრივ ჩარჩოს, წარმოადგენს დამოუკიდებელ კონსტიტუციურ ორგანოზე და მის ექსპერტებზე თავდასხმისა და დაშინების მცდელობას და ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების ეროვნულ და საერთაშორისო ვალდებულებებს.

    ორგანული კანონი „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ ანიჭებს სახალხო დამცველს უფლებამოსილებას მოიწვიოს ექსპერტები და სპეციალისტები საექსპერტო საქმიანობის შესასრულებლად. სწორედ ეს უფლებამოსილება გამოიყენა საქართველოს სახალხო დამცველმა 2021 წლის 16 ნოემბერს და მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მომსახურების შეფასების მიზნით მულტიპროფილურ ექსპერტთა ჯგუფი შექმნა. აღნიშნულის შემდეგ მპგ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ყოველგვარი სამართლებრივი არგუმენტების გარეშე ცდილობს ისაუბროს სახალხო დამცველისა და ექსპერტების „შესაძლო სამომავლო პასუხისმგებლობაზე“ გარკვეული აბსტრაქტული მიზეზებით. აღნიშნული წარმოადგენს საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლებზე/ექსპერტებზე ზეწოლის მცდელობას მათი პროფესიული ნიშნით გამოთქმული მოსაზრებების გამო, რომელიც ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ისე საერთაშორისო პრინციპებს.

    მოვუწოდებთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, ეუთო/ოდირის, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებსა და ომბუდს/ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების გაერთიანებებს, შეისწავლონ აღნიშნული ფაქტი და თავიანთი მანდატის ფარგლებში შესაბამისი შეფასება მისცენ მას. პარიზის პრინციპების (https://bit.ly/3HzC8NK), ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების შესახებ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციის (https://bit.ly/3DuL1G1) და ვენეციის პრინციპების (https://bit.ly/30ve39L)საწინააღმდეგოდ, საქართველოს სახალხო დამცველს ექმნება დაბრკოლებები მისი მანდატის განხორციელებისას და არსებობს რისკი, სამომავლოდ ექსპერტებმა უარი განაცხადონ სახალხო დამცველთან თანამშრომლობაზე.

    კიდევ ერთხელ გვსურს მადლობა გადავუხადოთ კვალიფიკაციითა და კეთილსინდისიერებით გამორჩეული სამედიცინო დარგის სპეციალისტებს, რომლებმაც მოახერხეს შემჭიდროვებულ ვადებში შეფასების მომზადება. ასევე მოვუწოდებთ შესაბამის პროფესიულ გაერთიანებებს მათი მხარდაჭერისკენ.

  • ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე!

    10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს, საქართველოს სახალხო დამცველი ამ განცხადებით აჯამებს მიმდინარე წელს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით საქართველოში არსებულ მდგომარეობას.

    2021 წელს სახალხო დამცველმა არაერთგზის გააკრიტიკა ხელისუფლება კოვიდ 19-ის პანდემიის მართვის იმ მიდგომების გამო, რამაც სახელმწიფოს მხრიდან ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლების დაცვას რეალური საფრთხე შეუქმნა. კერძოდ, არაეფექტური იყო სახელმწიფოს მიერ ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებული საინფორმაციო კამპანია. გარდა ამისა, კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად რეგულაციების შემოღების თუ მოხსნის თაობაზე გადაწყვეტილებები უმეტესწილად კონკრეტულ მეცნიერულ მტკიცებულებების და საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების უგულებელყოფით მიიღებოდა (ამის საუკეთესო მაგალითია მუდმივი მწვანე პასპორტის შემოღება, გარკვეული პერიოდის განმავლობაში პირბადის ტარების ვალდებულების გაუქმება და ა.შ.). შედეგად საქართველოში ძალიან დაბალია ვაქცინაციის მაჩვენებელი და დღესდღეობით მოზრდილი მოსახლეობის მხოლოდ 37% მდეა სრულად ვაქცინირებული, ასევე ძალიან დაბალია 60 წელს გადაცილებული სრულად ვაქცინირებული მოსახლეობის რაოდენობა რაც ამ ასაკობრივ ჯგუფში მხოლოდ 37 % მდეა აცრილი. ხანდაზმულთა ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლი განსაკუთრებით საგანგაშოა, რამეთუ, ეს ჯგუფი მთელ მსოფლიოში ახალი კორონა ვირუსისადმი მაღალი მოწყვლადობით გამოირჩევა. საქართველოში ლეტალობის მაჩვენებელი ყველაზე მაღალი სწორედ 60 წელს გადაცილებულ არავაქცინირებულ პირებშია. სამწუხაროდ სახელმწიფომ ამ შემთხვევაშიც ვერ უზრუნველყო მოსახლეობის ამ ასაკობრივი ჯგუფისათვის ვაქცინაციის პროცესის გამარტივება და ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვაქცინაციის მსურველთა რეგისტრაცია მხოლოდ ონლაინ, ვებ-გვერდის მეშვეობით იყო შესაძლებელი, რაც ხანდაზმულებისთვის, ხშირ შემთხვევაში დაუძლეველ წინაღობას წარმოადგენდა ვაქცინაციის ჩასატარებლად.

    კოვიდის წინააღმდეგ გატარებული არაეფექტური ღონისძიებების შედეგად დღესაც ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების მაღალი მაჩვენებელია, რაც სამედიცინო სექტორის გადატვირთულობას იწვევს. სამწუხაროდ, არსებითად არ მცირდება გარდაცვლილ პაციენტთა დღიური რაოდენობა და ერთ მილიონ მოსახლეზე, კოვიდ 19-ით გარდაცვალების შემთხვევებით, 9 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველო მე-7 ადგილზე იმყოფება.

    2021 წელს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გასული წლების მსგავსად უკიდურესად პოლარიზებულ საარჩევნო გარემოში წარიმართა. სახალხო დამცველის აპარატის ხელთ არსებული ინფორმაციით, სავარაუდოდ დისკრიმინაციულად, პოლიტიკური შეხედულებების გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს ან სამსახურებრივად შეავიწროეს 69 პირი; 59 ოპოზიციური კანდიდატის მიმართ განხორციელდა სავარაუდო ზეწოლა და დაშინება მათი მხრიდან კანდიდატობაზე უარის თქმის მიზნით, რის შედეგადაც, მათ, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, დაწერეს განცხადება კანდიდატურის მოხსნის თაობაზე. დაფიქსირდა ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის 16 ფაქტი; გარდა ამისა, სახალხო დამცველისთვის ცნობილი გახდა 4 შემთხვევა, როდესაც საჯარო სკოლების დირექტორის მოვალეობის შემსრულებლებს შრომითი ხელშეკრულება შესაძლო პოლიტიკური მოტივით არ გაუგრძელეს. სახალხო დამცველი იზიარებს ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასებებს, რომ ამომრჩეველთა სავარაუდო ზეწოლისა და დაშინების ფაქტები, შექმნილი დამაშინებელი გარემო გავლენას მოახდენდა ამომრჩეველთა ნაწილის თავისუფალი ნების გამოვლინაზე. სამწუხაროდ, ასევე მრავლად იყო შემთხვევა, როდესაც ჟურნალისტებს დანაშაულებრივად არ ეძლეოდათ საკუთარი საქმიანობის ეფექტიანად განხორციელების შესაძლებლობა.

    წლის განმავლობაში გამოვლინდა მოქალაქეთა შეკრების უფლების რეალიზებაში ხელშეშლის შემთხვევები მათთვის გადაადგილების შეზღუდვის გზით, ასევე ადგილი ჰქონდა შეკრების მონაწილეებისათვის სამართალდამცავი პირების მხრიდან კარვის განთავსებაში ხელშეშლის ფაქტებს. კვლავ პრობლემური იყო სამართალდამცავი პირების მიერ შეკრების მონაწილეთა წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის გამო დაკავების მავნე პრაქტიკა, რაც უმეტესად ვერ პასუხობს აუცილებლობის მოთხოვნას და შეკრების თავისუფლებაში დაუსაბუთებელ ჩარევას წარმოადგენს.

    მედიის თავისუფლების მდგომარეობისშეფასების თვალსაზრისით შემაშფოთებელია ის საფრთხის შემცველი და მტრული გარემო, რაც ჟურნალისტების მიმართ ქვეყანაში ბოლო პერიოდის განმავლობაში არსებობს და განსაკუთრებით 2021 წელს ქონდა ადგილი. 2021 წლის სახალხო დამცველმა კრიტიკული მედია საშუალებების წარმომადგენელთა მიმართ ფიზიკური თავდასხმის ათობით შემთხვევა აღრიცხა, მათ შორის, წინასაარჩევნო პერიოდში ჩვეულ პრაქტიკად ჩამოყალიბდა პოლიტიკური თანამდებობის პირთა მხრიდან ჟურნალისტების, განსაკუთრებით კი კრიტიკული მედიის წარმომადგენელთა მიმართ ცინიკური/აგდებული დამოკიდებულება და მათი დისკრედიტაციისკენ მიმართული განცხადებები.

    5 ივლისის მოვლენები ცხადყოფს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არა მხოლოდ ვერ აღკვეთა ჟურნალისტებისა და ზოგადად მოქალაქეების მიმართ ძალადობა, რამაც მათი ჯანმრთელობა და სიცოცხლე რეალური საფრთხის ქვეშ დააყენა, არამედ, მეტიც, მაღალი თანამდებობის პირთა დისკრიმინაციულმა განცხადებებმა აღნიშნული ძალადობა წააქეზა.

    2021 წლის 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეების თავდასხმების შედეგად 45 ჟურნალისტს და ოპერატორს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა. სამწუხაროდ, 5 ივლისს მომხდარ ძალადობრივ ფაქტებთან მიმართებით საქართველოს პროკურატურას ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და წახალისების ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა არცერთი პირის მიმართ არ დაუწყია, მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველის შეფასებით, საჯაროდ გავრცელებული მტკიცებულებები, სულ მცირე, 2 პირის მიმართ შესაბამისი ბრალის წარდგენის სტანდარტს აღწევს.

    მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის კუთხით მნიშვნელოვანი იყო დასავლელი პარტნიორების მედიაციით მიღწეული პოლიტიკური შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის რეკომენდაციების თანახმად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნდამენტური რეფორმის განხორციელებამდე უნდა შეჩერებულიყო უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების პროცესი. სამწუხაროდ, საქართველოს პარლამენტმა არ გაითვალისწინა ზემოაღნიშნული რეკომენდაციები და 6 ივლისსა[1] და პირველ დეკემბერს[2] 10 მოსამართლე უზენაეს სასამართლოში უვადოდ აირჩია, რითაც დასრულდა უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტება.

    ეუთო/ოდირის მიერ აღინიშნა რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევის პროცესში არ არსებობდა მკაფიო და განჭვრეტადი სტანდარტები, რაც ყველა კანდიდატისთვის თანასწორი შესაძლებლობის საწინდარი უნდა ყოფილიყო. მათ ანგარიშში საუბარია ასევე ინტერესთა კონფლიქტზე და პროცედურებში არსებულ სხვადასხვა ხარვეზებზე, რომლებიც არ იძლეოდნენ დამსახურებაზე დაფუძნებული კანდიდატების შერჩევის შესაძლებლობას.

    აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე ვაკანტურია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 5 არამოსამართლე წევრის პოზიცია და გაუგებარია რა არგუმენტაციაზე დაყრდნობით აყოვნებს პარლამენტი საბჭოს 5 წევრით შევსებას.

    რაც შეეხება მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონესისხლის სამართლის საქმეებს, 2021 წლის ბოლოს, საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბრალდება/მსჯავრდებასთან დაკავშირებული სასამართლო პროცესები. მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის პერიოდში სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა უარი განაცხადა ბრალდებულის სასამართლოში მიყვანაზე. აღნიშნულის მიზეზად კი მკურნალობის არსებითი ნაწილის შეწყვეტა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიება დაასახელა.

    სახალხო დამცველის შეფასებით სასამართლოს წინაშე წარდგომის შესაძლებლობის შეზღუდვა უხეშად არღვევს კონსტიტუციითა და ევროპული კონვენციით დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლებას. პენიტენციური სამსახურის არგუმენტაცია იმასთან დაკავშირებით, რომ შიმშილობის გამო პატიმრის გადაყვანა იქნებოდა მისი ჯანმრთელობისთვის რისკის მატარებელი, სახალხო დამცველის შეფასებით ვერ ჩაითვლება დასაბუთებულ არგუმენტად; მითუმეტეს სპეციალური პენიტენციური სამსახური არ ეყრდნობოდა სამედიცინო დასკვნას. მეტიც, მსგავსმა პრაქტიკამ შესაძლოა ყველა მოშიმშილე პატიმარს წაართვას შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს სასამართლო პროცესებში. რაც შეეხება ე.წ. უსაფრთხოების მიზეზებით მიხეილ სააკაშვილის ბადრაგირებაზე უარის თქმას, საგულისხმოა, რომ საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მსგავს შესაძლებლობას. აღსანიშნავია, რომ დღეის მდგომარეობით მიხეილ სააკაშვილისთვის უზრუნველყოფილია სასამართლოს ხელმისაწვდომობა და მას უკვე ორჯერ ჰქონდა შესაძლებლობა პირადად მიეღო მონაწილეობა სასამართლო პროცესებში.

    რაც შეეხება 2021 წლის 11 ნოემბერს იუსტიციის სამინისტროს/სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ N18 სამედიცინო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის ნების საწინააღმდეგოდ, ძალის გამოყენებით შესახლების ამსახველი კადრების გავრცელებას, აღნიშნული სახალხო დამცველმა პატიმრის პატივის, ღირსებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევად შეაფასა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ფაქტი ანალოგიურად შეფასდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერაც.

  • სახალხო დამცველი მოითხოვს მ. სააკაშვილის ჩართვას მისივე ბრალდების სასამართლო განხილვებში

    საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეზღუდვა, მიიღოს მონაწილეობა საკუთარ სასამართლო განხილვებში, უხეშად არღვევს კონსტიტუციითა და ევროპული კონვენციით დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლებას. ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" სახალხო დამცველის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    მათი ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს, დაპატიმრების შემდეგ, უკვე სამჯერ არ მიეცა სასამართლოს წინაშე წარდგომის შესაძლებლობა. სამივე შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში მიყვანაზე უარი განაცხადა სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა, რომელიც სასამართლომ დამატებითი კრიტიკული მსჯელობის გარეშე გაიზიარა.

    სასამართლოში ბრალდებულის მიყვანაზე უარის მიზეზად პენიტენციურმა სამსახურმა (1) მიხეილ სააკაშვილის მხრიდან მკურნალობის არსებითი ნაწილის შეწყვეტა და (2) სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიება დაასახელა.

    პირველ რიგში, საგულისხმოა, რომ აბსტრაქტულად იმაზე მითითება, რომ შიმშილობის გამო პატიმრის გადაყვანა იქნება მისი ჯანმრთელობისთვის რისკის მატარებელი, ვერ ჩაითვლება დასაბუთებულ არგუმენტად. ეს პრაქტიკულად წაართმევს ყველა მოშიმშილე პატიმარს შესაძლებლობას, მონაწილეობა მიიღოს საკუთარი ბრალდების საქმეში და ისარგებლოს სამართლიანი სასამართლოს უფლებით. უფრო მეტიც, კანონმდებლობა განიხილავს მსგავს შემთხვევაში მოქმედების პროტოკოლსაც და ჯანმრთელობის რისკების შემთხვევაში ბრალდებულის გადაყვანის პროცესში სამედიცინო მუშაკის თანხლებას მოითხოვს.[1]

    რაც შეეხება ე.წ. უსაფრთხოების მიზეზებით მიხეილ სააკაშვილის ბადრაგირებაზე უარის თქმას, საგულისხმოა, რომ საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მსგავს შესაძლებლობას. კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს, რომ ბადრაგირება ხორციელდება ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანისას სასამართლო პროცესებზე მონაწილეობის მისაღებად საერთო სასამართლოების შესაბამისი უფლებამოსილი პირის მოთხოვნით, რომელიც არ საჭიროებს დამატებითი გადაწყვეტილების მიღებას.[2]

    ამასთან, კანონმდებლობა არ იცნობს პენიტენციური სამსახურის მხრიდან რომელიმე საქმის გამოძიების გამო ბრალდებულის სასამართლოში გადაყვანაზე უარის თქმის შესაძლებლობას. აქვე აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არსებული გამოძიების ხანდაზმულობის მაქსიმალური ვადა[3] 10 წელს შეადგენს. ამრიგად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე საქმის გამოძიების პროცესზე მითითება პენიტენციური სამსახურის მხრიდან შესაძლებელია კანონშეუსაბამოდ, თვითნებურად და პერმანენტულად გაგრძელდეს, რაც ბრალდებულის დაცვის უფლების ფაქტობრივი ანულირება იქნებოდა.

    დამატებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ უსაფრთხოების საკითხები მკაფიოდ უნდა განიმარტოს და შეესაბამებოდეს აუცილებლობის (necessity) კრიტერიუმებს. მოსამართლეებმა უნდა განიხილონ ყველა შესაძლო ალტერნატივა, რომელიც არის ნაკლებად მზღუდავი და გამოიყენონ ყველაზე ნაკლებად მკაცრი შესაძლებლობა, რომელიც უსაფრთხოების საფრთხეებს აკმაყოფილებს.[4] სამართლიანი სასამართლოსა და საჯარო მოსმენის გარანტიები დარღვეულად არის მიჩნეული, როდესაც ეროვნული სასამართლო არ განმარტავს, თუ რატომ ვერ შეძლებდა სახელმწიფო უსაფრთხოების აპარატი უსაფრთხოების რისკების გამკლავებას.[5]

    ამრიგად, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ამ დროისთვის არ არსებობს სათანადო არგუმენტი, რომლის საფუძველზეც მიხეილ სააკაშვილს უნდა ეზღუდებოდეს სასამართლოს წინაშე პირადად წარდგომის შესაძლებლობა. სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ წარმოდგენილი პოზიცია ვერ გადაწონის საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლებას, რომელიც სხვა გარანტიებს შორის მოიცავს ბრალდებულის უფლებას პირადად და უშუალოდ მიიღოს მონაწილეობა საქმის ზეპირ, საჯარო განხილვაში, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის, მტკიცებულებათა უშუალოდ გამოკვლევის პრინციპის უზრუნველყოფით.

    სახალხო დამცველი მიმართავს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შეასრულოს მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობები და უზრუნველყოს პატიმარ მიხეილ სააკაშვილის სასამართლოს წინაშე წარდგენა, მისი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის შესაბამისი გარანტიებით. ასევე, მიმართავს სასამართლოს, სამივე მიმდინარე საქმის განხილვის ფარგლებში მისცეს ბრალდებულს პოზიციის დაფიქსირების, მტკიცებულებათა გამოკვლევაში მონაწილეობისა და საკუთარი უფლებების დაცვის შესაძლებლობა.


    [1]„ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანისას ბადრაგირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 19.10.2015 წ. N149 ბრძანება, დანართი N1, 37-ე მუხლი.

    [2]„ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანისას ბადრაგირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 19.10.2015 წ. N149 ბრძანება, დანართი N1, მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი,

    [3] საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილი, მე-12 მუხლის მე-3 ნაწილი, 71-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლი.

    [4] რიეპანი ავსტრიის წინააღმდეგ, 35115/97, პარა, 28-29; კრესტოვსკი რუსეთის წინააღმდეგ, 14040/03, პარა. 29;

    [5] კრესტოვსკი, 29-30; ლუჩანინოვა უკრაინის წინააღმდეგ, 16347/02, 56-57.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მაისი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური