აშშ-ის სენატი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს საქართველოს მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 08 ივლისი 2016 17:42

აშშ-ის სენატმა მიიღო ნატო-ს შესახებ რეზოლუცია (S.Res. 506), რომელიც ა.წ. 8-9 ივლისს დაგეგმილ ნატო-ს ვარშავის სამიტს და აშშ-ის მხრიდან ალიანსის შემდგომ მხარდაჭერას ეხება.

სენატის მიერ მიღებულ რეზოლუციაში აღიარებულია “საერთაშორისო ოპერაციებში საქართველოს შეიარაღებული ძალების კონტრიბუცია, თავდაცვის სფეროს დაფინანსებისთვის მობილიზებული მნიშვნელოვანი რესურსები, და ასევე საქართველოს ნატო-ში გასაწევრიანებლად დემოკრატიული და სამხედრო ინსტიტუტების გაძლიერებისკენ მიმართული ძალისხმევა“.

რეზოლუციაში ხაზგასმულია “ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტის“ მნიშვნელობა ქვეყნის მდგრადობისა და თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარების კუთხით. ასევე აღნიშნულია ნატო-საქართველოს “ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის“ როლი საქართველოსა და ალიანსის წევრებს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საქმეში.

რეზოლუციაში ასევე საუბარია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და აღნიშნულია, რომ უკრაინაში 2014 წელს რუსეთის ფედერაციის შეჭრის შედეგად რუსეთის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების უკანონოდ კონტროლირებულ ტერიტორიებს ყირიმიც დაემატა.

რეზოლუცია მხარს უჭერს ნატო-ს ძალისხმევას, რომელიც ალიანსის წინაშე არსებული საფრთხეების დაძლევისკენ არის მიმართული და მოუწოდებს ალიანსის წევრებს ნატო-ს ვარშავის სამიტზე ერთობის და სოლიდარობის გაძლიერებისა, და უსაფრთხოების უზრუნველყოფისაკენ.

აშშ-ის სენატის მიერ აღნიშნული რეზოლუციის მიღება და მასში საქართველოს მხარდამჭერი დებულებების ასახვა ნათლად ადასტურებს აშშ-ს კონგრესის ზედა პალატის ორპარტიულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ნატო-ში ინტეგრაციის მიმართ, ისევე როგორც ბოლო პერიოდში განხორციელებული დემოკრატიული რეფორმების აღიარებას.

წაკითხულია 549 ჯერ

Related items

  • "საქართველოსთვის თავდაცვის პოლიტიკა ნიშნავს ნატოს, როგორც უსაფრთხოების მთავარი უზრუნველმყოფის, ღია კართან მაქსიმალურ მიახლოებას"

    საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბათუმში საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების მე-13 კონფერენცია - GDSC გახსნა და კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა:
     
    "
    როგორც საქართველოში, ისე რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევები იზრდება. საქართველო არც ისე შორს არის, რეგიონის ეგრეთ წოდებული კრიზისული თაღისგან, სადაც ომი, ტერორიზმი, შიდა პოლიტიკური არეულობა ან მიგრაცია საფრთხეს უქმნის მშვიდობას, უსაფრთხოებასა და განვითარებას. საქართველომ შეძლო სტაბილურობის კუნძულის შენარჩუნება და მოახერხა მისი ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების დაცვა არასასურველი ეფექტებისგან. მაგრამ ეს ძალისხმევა შესანარჩუნებელი და გასაორმაგებელია მოახლოებული ტერორიზმის პრევენციისთვის. ეს ნიშნავს პარტნიორებთან ინფორმაციის აქტიურ გაცვლას, მეტ გამჭვირვალობას, საზღვრების და საზღვრების კვეთის მეტ კონტროლს.
     
    საფრთხეები სხვადასხვა ფორმას იღებს, და როგორც ბევრ ქვეყანაში, ჩვენთანაც კიბერუსაფრთხოება მნიშვნელოვანი გამოწვევა გახდა. გასულ კვირას საქართველოში 13,000 დომეინზე განხორციელდა კიბერშეტევა; მათ შორის პრეზიდენტის ადმინისტრაციაც მოხვდა მსხვერპლთა რიცხვში. საქართველო ახალი რესურსების მობილიზაციას ახდენს და მზადაა უფრო აქტიური თანამშრომლობისთვის, რათა გავუმკლავდეთ ამ საფრთხეებს და მოვემზადოთ სისტემების უკეთესი დაცვისთვის.
     
    შავი ზღვა საქართველოსთვის როგორც მომავალი ეკონომიკური განვითარების პოტენციალს, ისე უსაფრთხოების გამოწვევას წარმოადგენს.
     
    მისი პოტენციალი არის ევროპასა და აზიას შორის ჰაბის როლი, ინფრასტრუქტურის, სატრანსპორტო და საკომუნიკაციო პროექტები უფრო და უფრო პირდაპირ აკავშირებს საქართველოს ევროკავშირის პარტნიორებთან მეორე ნაპირზე.
     
    ეს კი ნიშნავს, რომ შავი ზღვით და მის გარშემო ეკონომიკურ თანამშრომლობას თან უნდა ერთოდეს უსაფრთხოების გაცნობიერება და სტრატეგიული და თავდაცვითი თანამშრომლობა, რათა ავიცილოთ ყველანაირი ინციდენტი ან ესკალაცია, როგორიც აზოვის ზღვაში ვნახეთ.
     
    ბათუმის და ფოთის პორტებში ნატოს გემების შემოსვლა მყარი მხარდაჭერის მაჩვენებელია. ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავებას შავ ზღვაში.
     
    სტაბილურობის გამოწვევები არა მარტო სამხედრო ხასიათისაა: ჩვენ ვხედავთ როგორ ემუქრება დეზინფორმაცია, ცილისწამება და ცრუ ინფორმაცია საზოგადოების ფუნდამენტებს. ასეთი იყო ბოლო დღეებში თავდასხმა საქართველოს ეკლესიაზე და მის ლიდერზე. საბედნიეროდ, ასეთ გამოწვევაზე საზოგადოების კონსოლიდირებულმა რეაქციამ დაადასტურა მისი მოწიფულობა და უნარი ასეთ მანიპულაციებს არ დაექვემდებაროს.
     
    ახალი და მრავალმხრივი საფრთხეების გარდა საქართველოს მთავარი და ყოველდღიური უსაფრთხოების გამოწვევად რჩება ოკუპირებული ტერიტორიები, ქვეყნის ტერიტორიის 20%-ზე კონტროლის არ ქონა.
     
    ეს ოკუპაცია ნიშნავს რუსეთთან მუდმივ დაძაბულობას, დაუსრულებელ ინციდენტებს, რომლებიც შეიძლება გადაიზარდოს უფრო სახიფათო სიტუაციაში; საქართველო მუდმივად ცდილობს მათ თავიდან აცილებას, ვინაიდან ცალმხრივად აქვს უარი ძალის გამოყენებაზე.
     
    მაგრამ საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის ჰუმანიტარულ გაჭირვებას შეუძლია ნებისმიერ დროს საფრთხე შეუქმნას მშვიდობას და მშვიდობიან განვითარებას.
     
    მხოლოდ წინა კვირას ორი ჰუმანიტარული ტრაგედია განვითარდა: მარგო მარტიაშვილი გარდაიცვალა, ვინაიდან გამშვებ პუნქტზე არ გაატარეს და ვერ მიიღო სამედიცინო დახმარება, მეორე ქალი - თამარ გიგაური იბრძვის თავისი სიცოცხლისთვის, რადგან ძალით გადაიყვანეს ცხინვალის საავადმყოფოში, სადაც ის ვერ იღებს ისეთ სამედიცინო დახმარებას, რაც მხოლოდ საოკუპაციო ხაზის აქეთ მხარეს არის ხელმისაწვდომი.

    მე მინდა ეს ფორუმი გამოვიყენო და თქვენი მეშვეობით მივმართო საერთაშორისო საზოგადოებას, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს, რომ სასწრაფოდ ჩაერთონ ამ ჰუმანიტარულ ტრაგედიაში და მოძებნონ ეფექტური გადაწყვეტის გზები.

    ადეკვატური პასუხის არარსებობა ამ სიტუაციაში, რაც 2008 წლის მერე გრძელდება, თავად წარმოადგენს უსაფრთხოების გამოწვევას.
     
    მოსახლეობის უიმედობას და გაჭირვებას შეიძლება მოყვეს ინციდენტები, რომელთა თავიდან აცილება და კონტროლი ჩვენს საერთო ინტერესშია.
     
    რუსეთი უნდა დავარწმუნოთ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობაში და საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად მოვიძიოთ კონფლიქტის მშვიდობიანი გზების გადაწყვეტის შესაძლებლობები ჟენევის, სხვა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში. რეგიონში ხანგრძლივი უსაფრთხოების მიღწევის ეს ერთადერთი გზა არსებობს.
     
    საქართველოს პასუხი ამ გამოწვევებზე მის თავდაცვის პოლიტიკაში და ეკონომიკურ და პოლიტიკურ განვითარებაშია.
     
    საქართველოსთვის თავდაცვის პოლიტიკა ნიშნავს ნატოს, როგორც უსაფრთხოების მთავარი უზრუნველმყოფის, ღია კართან მაქსიმალურ მიახლოებას.
     
    ინტეგრაციის ეს პროცესი დღეს კონსტიტუციით გარანტირებული, მოსახლეობის მიერ მხარდაჭერილი და შეუქცევადია.
     
    ეს პროცესი არა მარტო მომავალს გვპირდება, არამედ უკვე აძლევს ქართულ შეიარაღებულ ძალებს გაზარდოს თავისი თავდაცვისუნარიანობა.

    ერთობლივად ჩვენ განვახორციელეთ მრავალი წვრთნა, წარმატებით დავასრულეთ ნატო - საქართველოს არსებითი პაკეტი და ახალი ფაზის დაწყებისთვის ვემზადებით, აგრეთვე ინტენსიური ორმხრივი თანამშრომლობა გვაქვს პარტნიორებთან. 
     
    ამ პროცესში საქართველოს თავისი სრული წილი შეაქვს როგორც თავდაცვის საჭიროებებზე მშპ-ს 2%-ის ხარჯვით, ისე სამშვიდობო მისიებში მონაწილეობით ავღანეთში, ცენტრალურ აფრიკასა და მალიში.
     
    საქართველოს პასუხი მის ეკონომიკურ განვითარებაშია, მის 5%-იან ზრდაში; ტურისტული და სასტუმრო სექტორის, აგრეთვე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის, ტექნოლოგიების და სოფლის მეურნეობის განვითარებაში.
     
    ჩვენი პასუხი მყარი დემოკრატიული განვითარებაა, ახალი კონსტიტუციით, მშვიდობიანი არჩევნებით და ახლა სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლით, ოპოზიციურ პარტიებთან ერთად შემუშავებული ახალი საარჩევნო კანონმდებლობით, რომელიც ძალაში შევა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის და სასამართლო რეფორმით, რომელიც გადამწყვეტ ფაზაშია.
     
    საარჩევნო მარათონის ერთ-ერთი გამოწვევა ცრუ ინფორმაცია, დეზინფორმაცია და პოლარიზაციაა, რომელიც საქართველომ უნდა გადალახოს.
     
    უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ჩვენ ჩვენს მეზობლებს და პარტნიორებს რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ ძლიერ, ცოცხალ და მშვიდობიან საქართველოს ვთავაზობთ“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

    კონფერენციაზე, 2 დღის განმავლობაში, განიხილება შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები, საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში მიღწეულ პროგრესი და გაწევრიანების პერსპექტივები, ჰიბრიდული საფრთხეები და საქართველოს სტრატეგიული მზადყოფნა.
     
    ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ მაღალი რანგის ქართველი და უცხოელი პოლიტიკოსები, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს ექსპერტები, სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.

  • თავდაცვის მინისტრმა აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებს უმასპინძლა

    საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საქართველოში აშშ-ის თავდაცვის ატაშესთან, პოლკოვნიკ სტეფანი ბეგლისთან, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის (ODC) ხელმძღვანელთან, ვიცე-პოლკოვნიკ ჯოზეფ ბილბოსთან და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და მის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და თანამშრომლობის გაღრმავების ასპექტები მიმოიხილეს.

    ამერიკულმა მხარემ ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების პროცესში მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა და პრაქტიკული დახმარებისთვის მზადყოფნა გამოთქვა. შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ლელა ჩიქოვანი დაესწრო.

  • საქართველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) ვიზიტი გაიმართება

    2019 წლის 3-4 ოქტომბერს, საქართველოს მთავრობის მოწვევით, საქართველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) ვიზიტი გაიმართება. დელეგაციას უხელმძღვანელებს ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე, როუზ გოტმიოლერი, ხოლო დელეგაციის შემადგენლობაში იქნებიან ალიანსის 29 წევრი ქვეყნის მუდმივი წარმომადგენლები.

     

    ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა  საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის თავმჯდომარეობით. 

    ჩრდილოატლანტიკური კომიტეტი, ასევე თავის მხრივ ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და პარლამენტის წევრებთან, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ასევე გაიმართება შეხვედრები არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან. ჩრდილოატლანტიკური საბჭო ბათუმის პორტში ეწვევა საქართველოს სანაპირო დაცვის ხომალდებს. ვიზიტის ფარგლებში ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ლექციას გამართავს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 
    წლევანდელი NAC-ის ვიზიტი საქართველოში  რიგით მეხუთეა, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა საბჭოს პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის ისტორიაში და რაც საქართველოსა და ალიანსს შორის ურთიერთობების გაღრმავების და აქტიური თანამშრომლობის ნათელი დასტურია. 

    საქართველოსთვის, როგორც ნატო-ს გამორჩეული და ერთ-ერთი ყველაზე თავსებადი ასპირანტი ქვეყნისთვის, უაღრესად მნიშვნელოვანია ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი და უპირობო პოლიტიკური მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების მიმართ, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურებს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესის შეუქცევადობას. 

    იმის გათვალისწინებით, რომ ჩრდილოატლანტიკური საბჭო ალიანსში გადაწყვეტილებების მიმღები მთავარი ორგანოა, მნიშვნელოვანია საბჭოს წევრები ადგილზე გაეცნონ საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს, როგორც თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების, ასევე, დემოკრატიული რეფორმების წარმატებით განხორციელების კუთხით.

  • აშშ-ში საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტი დღეს დაიწყება

    საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიაზე სიტყვით გამოვა. პრეზიდენტის გამოსვლა ასამბლეაზე 25 სექტემბერს იგეგმება.
    საქართველოს დელეგაციას გაეროში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უხელმძღვანელებს. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომისა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ასევე საქართველოს პარლამენტის დეპუტატები.

    გაეროს ფორმატში- უნივერსალური ჯანდაცვისა და მდგრადი განვითარების საკითხებზე რამდენიმე სამიტი გაიმართება, რომლებზეც საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა იგეგმება. გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის კახა იმნაძის განცხადებით, პრეზიდენტს საკმაოდ დატვირთული პროგრამა აქვს. ნიუ-იორკში საქართველოს პრეზიდენტი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს, როგორც გაეროს ფორმატში ასევე, ფორმატის მიღმა.

    პრეზიდენტს და მინისტრებს შესაძლებლობა ექნებათ შეხვდნენ როგორც ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, რომელთან კონტაქტიც ყოველდღიურ რეჟიმში ხორციელდება, ასევე, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს. კახა იმნაძის განცხადებით, გენერალური საკონსულო აქტიურადაა ჩართული ამ საკითხებში და ბევრი საინტერესო შეხვედრა იგეგმება.

  • სასაზღვრო პოლიციის უფროსი თემურ კეკელიძე ოფიციალური ვიზიტით ნატოს შტაბ-ბინაში იმყოფებოდა

    შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი თემურ კეკელიძე, ოფიციალური ვიზიტით, ქალაქ ბრიუსელში იმყოფებოდა. სასაზღვრო პოლიციის უფროსმა მონაწილეობა მიიღო პარტნიორობისა და თანამშრომლობითი უსაფრთხოების კომიტეტის (PCSC) დონეზე გამართულ შეხვედრაში, რომელიც შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებს მოიცავდა.

    თემურ კეკელიძემ შეხვედრის მონაწილეებს შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე ნატო-საქართველოს თანამშრომლობის პროცესში მიღწეული პროგრესი, მიმდინარე პროექტები და საქართველოს სანაპირო დაცვის სამომავლო გეგმები გააცნო.

    ქართულმა დელეგაციამ, მოკავშირეებთან ერთად, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციის კუთხით მიღწეული პროგრესი მიმოიხილა და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების საკითხები განიხილა. საუბარი ასევე შეეხო ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) დაგეგმილ ვიზიტს საქართველოში.

    ვიზიტის ფარგლებში, თემურ კეკელიძემ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან, ჯეიმს აპატურაისთან, ორმხრივი შეხვედრა გამართა. მხარეებმა შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცების საკითხებსა და ამ მიმართულებით საქართველოს სანაპირო დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური