აფრიკის რესპუბლიკაში წარმოებული საგამოძიებო მოქმედებების ანგარიში

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
სამშაბათი, 05 ივლისი 2016 15:20

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში წარმოებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ ანგარიში დღეს საფრანგეთის ელჩმა და საქართველოში ევროკავშირისა და გაეროს მისიის წარმომადგენლებმა  მოისმინეს. უცხოელ დიპლომატებს თავდაცვის სამინისტროში უწყების ხელმძღვანელმა თინათინ ხიდაშელმა საგამოძიებო ჯგუფის წევრებთან ერთად უმასპინძლა. შეხვედრას  ასევე დაესწრნენ თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბესიკ ლოლაძე და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ აგლაძე.

შეხვედრის დასაწყისში აღინიშნა, რომ საქართველო ევროკავშირის ღირსეული პარტნიორია და წვლილი შეაქვს გლობალურ უსაფრთხოებაში. ბესიკ ლოლაძის განცხადებით, უმნიშვნელოვანესია საქართველოს შეიარაღებული ძალების ღირსების თემა, მეორე მხრივ კი - ადამიანის უფლებები. სწორედ ამიტომ, ქართულმა მხარემ პრინციპულ საკითხად მიიჩნია, გამოძიება უმაღლესი სტანდარტების დაცვით წარმართულიყო და სიმართლის დადგენის მიზნით, საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად  სწრაფი ნაბიჯები გადაიდგა.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის საქმეში რაც შეიძლება მეტი გამჭვირვალობა, მეტი ინფორმირებულობა იყოს. ყველამ იცოდეს დეტალები იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება არასწორი მენეჯმენტის პირობებში ძალიან მძიმე ბრალდების საქმე  უდანაშაულო ადამიანებისთვის შეურაცხყოფის მიყენებით და  ღირსების შელახვით მიმდინარეობდეს. მინდოდა სცოდნოდათ, რომ ქართული მხარე აუცილებლად ითხოვს ბოდიშის მოხდას ზუსტად ისეთივე მაღალი ტრიბუნებიდან,  როგორიდანაც ეს ბრალდება გაჟღერდა. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია,  ამ ადამიანებს დეტალური ინფორმაცია ჰქონდეთ და  დარწმუნებულები იყვნენ, რომ ჩვენი ბიჭები უდანაშაულონი არიან. ეს საქმე შეიძლება გამოდგეს, როგორც მაგალითი იმისა, რომ ცოტა უფრო მეტი მცდელობა უნდა განახორციელოს ნებისმიერმა ორგანიზაციამ, ვიდრე რომელიმე ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეების წინააღმდეგ ხელს გაიშვერს და   ასეთ მძიმე დანაშაულში დასდებს ბრალს,“ - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.  

საგამოძიებო ჯგუფის წევრებმა დიპლომატებს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში წარმოებული საგამოძიებო მოქმედებებისა და ადგილობრივ სამართალდამცავ სტრუქტურებთან გამართული შეხვედრების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და გამოძიების დასრულებამდე დაგეგმილი ნაბიჯებიც გააცნეს.

საფრანგეთის ელჩმა საქართველოში პასკალ მენიემ და ევროკავშირის მისიის პოლიტიკის, პრესისა და ინფორმაციის განყოფილების უფროსმა დოროტა დლუჩი-სულიგამ ქართულ მხარეს სიმართლის დადგენის ძალისხმევისა და გამჭვირვალობისთვის მადლობა გადაუხადა.

„ვაფასებთ საქართველოს მთავრობის მიერ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისთვის გადადგმულ ნაბიჯებს, რადგან სამხედროების მიერ არასრულწლოვნებზე შესაძლო სექსუალური ძალადობა საკმაოდ სერიოზული პრობლემაა. ძალიან მნიშვნელოვანია სიმართლის დადგენა. თუ სამხედროებს დამნაშავედ ცნობენ, ისინი უნდა დაისაჯონ. თუ ისინი არ არიან დამნაშავენი, მაშინ სიმართლე ყველამ უნდა იცოდეს, რადგან შეიარაღებული ძალების რეპუტაცია საფრთხის ქვეშ არის. ასე რომ, კმაყოფილები ვართ, რომ საქართველოს მთავრობა ამ საკითხს სერიოზულად  უდგება და გამჭვირვალობას ირჩევს,“ - აღნიშნა ელჩმა პასკალ მენიემ.  

წაკითხულია 642 ჯერ

Related items

  • თავდაცვის მინისტრმა საუკეთესო სამხედროები დააჯილდოვა

    საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თავდაცვის ძალებში საუკეთესო სამხედრო მოსამსახურეების გამოვლენისა და დაჯილდოების ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი. ახალი ინიციატივა ჯარისკაცებს კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში გააცნეს. ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის უწყების ადმინისტრაცია იტყობინება.
    ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის ძალებში ჩამოყალიბებული შერჩევის საბჭოს მიერ გამოვლენილ 5 საუკეთესო სამხედროს სერტიფიკატები და ფულადი ჯილდოები გადასცა. გამარჯვებულები საუკეთესო ოცეულის მეთაურის, საუკეთესო ათეულის მეთაურის, საუკეთესო უმცროსი ოფიცრის, საუკეთესო სერჟანტისა და საუკეთესო კაპრალის კატეგორიებში დაასახელეს. სამხედროების დაჯილდოება სამ თვეში ერთხელ მოხდება.
    ახალი პროექტის მიზანი სამხედრო მოსამსახურეების მოტივაციისა და საბრძოლო მზადყოფნის დონის ამაღლებაა, რაც უწყების სამოქმედო დოკუმენტში „მინისტრის ხედვა 2020“ ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. საუკეთესო სამხედროების შერჩევა სხვადასხვა კრიტერიუმით, მათ შორის - დისციპლინის, ფიზიკური და საბრძოლო მომზადების დონით, დაკისრებული მოვალეობების შესრულების ხარისხით, გადაწყვეტილების მიღებისა და გუნდური მუშაობის უნარით ხდება. სპეციალური კომისია ყველა ქვედანაყოფიდან საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის საუკეთესო რიგითებს, კაპრალებს, სერჟანტებსა და უმცროს ოფიცრებს გამოავლენს.

  • ლიკვიდირებულია სომხეთის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცი, რომელმაც აზერბაიჯანთან საზღვარზე პროვოკაცია განახორციელა - აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება

    სომხეთის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცი, რომელმაც აზერბაიჯანთან საზღვარზე პროვოკაცია განახორციელა ლიკვიდირებულია, - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

    მათივე ინფორმაციით, კონტრაქტორი აშოტ მიკაელიანი ერთ-ერთი სამხედრო დანაყოფის საბრძოლო პოზიციებზე 27 ივლისს მოკლეს.

    შეგახსენებთ, სომეხი ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია სომხეთის თავდაცვის უწყებამაც გაავრცელა.

    სიტუაცია სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე 12 ივლისს დაიძაბა. მხარეები ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. დაპირისპირების შედეგად როგორც სომხეთის, ასევე აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების რამდენიმე ჯარისკაცი დაიღუპა და დაიჭრა.

    აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ასევე იუწყება, რომ  21 ივლისს, სომხეთის შეიარაღებული ძალების ერთეულებმა, ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით, 00.30 სთ-ზე შეეცადნენ შეასრულებინათ სადაზვერვო ფრენები აზერბაიჯანული არმიის ქვედანაყოფების პოზიციებზე ფრონტის აგდამის რეგიონის მიმართულებით, ხოლო დილით 08.45 საათზე, სომხეთ-აზერბაიჯანული სახელმწიფო საზღვრის ტოვუზის რეგიონის მიმართულებით.
    მტრის ორივე უპილოტო საფრენი აპარატი დაუყოვნებლივ იქნა აღმოჩენილი და განადგურებული აზერბაიჯანის საჰაერო ძალების საჰაერო თავდაცვის ნაწილების მიერ.

    შეგახსენებთ, რომ სომხეთ – აზერბაიჯანის საზღვარზე შეიარაღებული დაპირისპირება 12 ივლისს დაიწყო. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სომხეთმა, ქვეყნებს შორის საზღვარზე, თოვუზის მიმართულებით, ცეცხლი ტერიტორიების ხელში ჩაგდების მიზნით გახსნა და მომხდარზე პასუხისმგებლობა სომხეთს ეკისრება. 

  • აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო სომხეთის არმიის საავტომობილო ტექნიკისა და ცოცხალი ძალის განადგურების შესახებ იუწყება
    აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო სომხეთის არმიის საავტომობილო ტექნიკისა და ცოცხალი ძალის განადგურების შესახებ იუწყება.

    აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ ტოვუზის რაიონის მიმართულებაზე აზერბაიჯან-სომხეთის სასაზღვრო ზონაში სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა საბრძოლო პოზიციებზე ავტომობილებით სარეზერვო ძალების განთავსებას სცადა, რომელიც განადგურდა. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ დღის განმავლობაში მიმდინარე დაპირისპირების დროს, ასევე განადგურდა სომხეთის არმიის ყაზარმაც.

    წყარო: https://minval.az/news/124010506

  • საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადება

    საქართველოს თავდაცვის ძალების ნატო-ს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“, ავღანეთში როტაციით მყოფი კონტიგენტიდან 28 სამხედრო მოსამსახურე, რომელთაც შესაბამისი ტესტირებისას კოვიდ ვირუსი დაუდასტურდათ, სპეციალური რეისით, გერმანიის საჰაერო ძალების სამხედრო თვითმფრინავით, როტაციით გათვალისწინებულ ვადამდე რამდენიმე კვირით ადრე, საქართველოში ჩამოიყვანეს. მათ თან ახლდათ ექიმები და სხვა სამედიცინო პერსონალი ბუნდესვერის სხვადასხვა დანაყოფებიდან. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური იტყობინება.

    მათივე მონაცემებით, სამხედროების სამედიცინო მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რაც შეეხება სიმპტომატიკას, ის გართულებებისა და ჩივილების გარეშე მიმდინარეობს. ხოლო ინფიცირების წყარო, უკავშირდება ადგილობრივ ავღანელ პერსონალს. 
    აღსანიშნავია, რომ საქართველოში ჩამოფრენამდე, სამხედრო მოსამსახურეები, როგორც ნატოს სარდლობას დაქვემდებარებული პირადი შემადგენლობა, ნატოს მიერ დადგენილი წესების სრული დაცვით, მოთავსებულები იყვნენ სპეციალურ საიზოლაციო სივრცეებში და შესაბამისად, მისიაში მყოფ სხვა ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს ვირუსით დაინფიცირების საფრთხე არ ემუქრებათ. 

    სამხედრო მოსამსახურეები შესაბამის სამედიცინო მომსახურებას და მკურნალობას გორის სამხედრო ჰოსპიტალში გააგრძელებენ, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის შეფასებით საქართველოში კოვიდ პანდემიასთან ბრძოლის მზაობის თვალსაზრისით, ერთ-ერთი საუკეთესოდ მომზადებული და გამართული სამედიცინო დაწესებულებაა. ხოლო, რაც შეეხება დანარჩენ სამხედრო მოსამსახურეებს, ისინი ქვეყანაში დაბრუნების შემდგომ, პრევენციის მიზნით, დადგენილი წესის შესაბამის 2 კვირიან კარანტინს გაივლიან. 
    საზოგადოებისთვის განვმარტავთ, რომ მოცემულ და სხვა მსგავს საკითხებზე ინფორმაციის გავრცელება და გავრცელების დრო, დამოკიდებულია თავდაცვისუნარიანობის კონკრეტულ მიზნებსა და ოპერატიული მზადყოფნის ამოცანებზე. აღნიშნული მიდგომა წარმოადგენს საერთაშორისოდ მიღებულ პრაქტიკას და შეესაბამება ნატოს წევრი ქვეყნების საინფორმაციო პოლიტიკას. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აქტიურად აგრძელებს ყველა იმ საპრევენციო და სარეკომენდაციო ზომების ეფექტურ გატარებას და ზედამხედველობას, რაც თავდაცვის ძალებსა და ზოგადად ქვეყანაში არსებული პოზიტიური დინამიკის შენარჩუნებას უზრუნველყოფს? - ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

  • პრეზენტაცია „Agile Spirit 2019“ დაწყებასთან დაკავშირებით

    თავდაცვის სამინისტროს არმიჰოლში მრავალეროვნული სწავლების „Agile Spirit 2019“ დაწყებასთან დაკავშირებით პრეზენტაცია გაიმართა. მოწვეულ სტუმრებს სიტყვით საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მიმართა და აღნიშნა, რომ   დიდი პატივია ჩავერთოთ სწავლებების იმ ციკლში, რომელსაც საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი - ამერიკის შეერთებული შტატების ევროპის სარდლობა ევროპის სამხრეთ ნაწილში პარტნიორ და ნატოს წევრ ქვეყნებთან ერთად ატარებს. „ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების ჩართულობა ჩვენი რეგიონისთვის დიდი მნიშვნელობისაა. ყველა წლის დინამიკა არის მაქსიმალურად მიმართული იმისკენ, რომ გაიზარდოს როგორც უშუალოდ ჩვენი თავდაცვის  ძალების, ისე ჩვენი პარტნიორების ჩართულობა. სწორედ, ეს არის უზრუნველყოფა იმ პრინციპისა, რასაც ჩვენ ვუწოდებთ - მეტი ნატო საქართველოში,“ - განაცხადა ლევან იზორიამ სიტყვით მიმართვისას.

    „Agile Spirit 2019“-ის  კონცეფციაზე კი, მოწვეულ სტუმრებს სწავლების ხელმძღვანელმა, ბრიგადის გენერალმა გიორგი მათიაშვილმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

    პრეზენტაციას თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, თავდაცვის ძალების მეთაური და მისი მოადგილეები, თავდაცვის უწყების წარმომადგენლები და საქართველოში აკრედიტებული თავდაცვის ატაშეები დაესწრნენ.

    მრავალეროვნულ სწავლებას „Agile Spirit 2019“ საქართველო 27 ივლისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით უმასპინძლებს. სამხედრო წვრთნები საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთ და აშშ-ის ევროპის სარდლობების ხელმძღვანელობით ჩატარდება. სწავლება როგორც სამეთაურო-საშტაბო, ასევე საველე წვრთნებს მოიცავს.

    სწავლება მიზნად მონაწილე ქვეყნებს შორის ურთიერთთავსებადობის გაძლიერებას, მრავალეროვნულ გარემოში ოპერატიული შესაძლებლობების გაუმჯობესებასა და შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებას ისახავს.

    „Agile Spirit 2019“ სამ ლოკაციაზე პარალელურად გაიმართება - სენაკში, II ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე, ორფოლოსა და ვაზიანის პოლიგონებზე გაიმართება. მრავალმხრივია სწავლების სცენარიც, რომელიც სახმელეთო და საჰაერო კომპონენტების ჩართულობას ითვალისწინებს. მრავალეროვნულ სწავლებაში ნატოს წევრი და პარტნიორი 14 ქვეყნის 3000-ზე მეტი სამხედრო მიიღებს მონაწილეობას: საქართველო, აშშ, ბელგია, ბულგარეთი, დიდი ბრიტანეთი, საბერძნეთი, ლატვია, ლიეტუვა, მონტენეგრო, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, თურქეთი და უკრაინა.

    თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური