„სამართლიანი არჩევნები“ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტზე აუდიტის სამსახურს მიმართავს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 04 ივლისი 2016 15:27

„სამართლიანი არჩევნები“  სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას განცხადებებით მიმართავს. მიმართვის მიზანია, აუდიტის სამსახურმა შეისწავლოს პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ და ააიპ „ქართული ოცნება - ჯანმრთელი მომავლის“ მიერ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტი, ხოლო ცესკომ შეისწავლოს ააიპ „ქართული ოცნება - ჯანმრთელი მომავლის“ მიერ წინასაარჩევნო აგიტაციაში უკანონოდ მონაწილეობის ფაქტი.

2016 წლის 30 ივნისს თბილისის საკრებულოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია , რომლის თანახმადაც, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარის, ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, რიმა ბერაძის ინიციატივითა და ორგანიზაციის ,,ქართული ოცნება - ჯანმრთელი მომავალი“ ხელმძღვანელის - ქეთევან ბარათელის ორგანიზებით, ჩუღურეთის რაიონში მდებარე საჯარო სკოლების პედაგოგებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ. აქცია წმინდა მიქაელის სახელობის კლინიკაში მოეწყო და მასში სკოლების 200-მდე თანამშრომელმა მიიღო მონაწილეობა.

„სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის - რიმა ბერაძისა და ააიპ „ქართული ოცნება - ჯანმრთელი მომავალი“-ს მიერ საჯარო სკოლის პედაგოგებისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევის ჩატარება შეიცავს ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს, რაც აკრძალულია „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანული კანონის 252 მუხლით. კანონის თანახმად, პარტიას თავისი კანდიდატის, წარმომადგენლის, ან სხვა პირის მეშვეობით, ასევე, ნებისმიერ პირს რომელიმე პარტიის სასარგებლოდ, ეკრძალება პირდაპირ ან არაპირდაპირ საქართველოს მოქალაქეებისათვის უსასყიდლოდ მომსახურების მიწოდება, ან გავრცელება, ან ასეთის დაპირება.
 
აღნიშნული მუხლის მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს პარტიის, პარტიის წარმომადგენლის, იურიდიული პირის დაჯარიმებას შესაბამისი ქონების (მომსახურების) ან შესაბამისი გარიგების ღირებულების ათმაგი ოდენობით და ფიზიკური პირის დაჯარიმებას შესაბამისი ღირებულების ორმაგი ოდენობით. 
 
აღნიშნულ სამართალდარღვევაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს ადგენს სახელმწიფო აუდიტის სამსახური, რომელიც შემდგომ განსახილველად ეგზავნება სასამართლოს.
 
საგულისხმოა, რომ ააიპ „ქართული ოცნება - ჯანმრთელი მომავალი“ -ს  ორგანიზაციის ფეისბუქის გვერდზე, ორგანიზაციის ლოგო პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის“ ლოგოს ანალოგიურია . ამასთან, ორგანიზაციის მიერ ფეისბუქ გვერდზე გამოყენებული სახელი - „ქართული ოცნება“ პარტიის სიმბოლიკის აღმნიშვნელია. შესაბამისად, ჩნდება ეჭვი, რომ ორგანიზაცია აღნიშნულ საქმიანობას პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“-ს სასარგებლოდ ახორციელებს. 
 
აღსანიშნავია, რომ ორგანიზაცია დაკავებულია საქველმოქმედო საქმიანობით, რასაც ადასტურებს არაერთი მედია სიუჟეტი, რომლის მოძიებაც ორგანიზაციის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზეც არის შესაძლებელი. აღნიშნული კი, ეწინააღმდეგება „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მოთხოვნას, რომლის თანახმადაც, საქველმოქმედო ორგანიზაციებს ეკრძალებათ წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა. წინასაარჩევნო აგიტაცია კი, კანონის თანახმად განმარტებულია, როგორც ნებისმიერი ქმედება, რაც ხელს უწყობს საარჩევნო სუბიექტის არჩევას. 
 
„საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ თანახმად, წინასაარჩევნო აგიტაციაში კანონის დარღვევით მონაწილეობა გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. აღნიშნულის თაობაზე სამართალდარღვევის ოქმს ადგენს ცესკო, რომელიც შემდგომ განსახილველად გადაეგზავნება სასამართლოს.
 
„სამართლიანი არჩევნები“ მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს და მათ წარმომადგენლებს არ განახორციელონ ისეთი შინაარსის აქტივობა, რომელსაც ქველმოქმედების ფორმა აქვთ, შინაარსით კი ამომრჩევლის მოსყიდვას წარმოადგენს. მსგავსი ქმედებები არამარტო საარჩევნო გარემოზე ახდენს ნეგატიურ გავლენას, არამედ, მისი სიმძიმის გათვალისწინებით, შესაძლოა გამოიწვიოს მძიმე შედეგები როგორც ორგანიზატორი პირების, პარტიის და მათი წარმომადგენლების, ასევე, მატერიალური სიკეთის მიმღები მოქალაქეების მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის სახით. 

 

წაკითხულია 300 ჯერ

Related items

  • პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა

    პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე პარლამენტარებმა კენჭი უყარეს საკონსტიტუციო ცვლილებებს. 117 ხმით საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა. წინააღმდეგ ხმა მისცა სამმა დეპუტატმა.

    კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“.

    კონსტიტუციური პროექტის გათვალისწინებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება – პარლამენტში აირჩევა 120 წევრი პროპორციული და 30 წევრი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით.

    ცვლილებებით განისაზღვრება, რომ პროპორციული არჩევნები ჩატარდება ერთპროცენტიანი საარჩევნო ბარიერის პირობებში და საარჩევნო ბლოკებისთვის ბარიერი განისაზღვრება ერთი პროცენტისა და ბლოკში შემავალი პარტიების ნამრავლით.

    პროექტით, გაუნაწილებელი მანდატები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, თანმიმდევრობით განაწილდება უდიდესი ნაშთის მქონე პარტიებზე და საარჩევნო ბლოკებზე. პროექტით გათვალისწინებულია ე.წ. ჩამკეტიც.

    კანონპროექტით განსაზღვრულია ისიც, რომ 2024 წლამდე, რიგგარეშე არჩევნების ჩატარების შემთხვევაში, იმოქმედებს წარმოდგენილი კონსტიტუციური კანონპროექტით დადგენილი დროებითი საარჩევნო სისტემა. ამასთან, 2024 წელს რიგგარეშე არჩევნების ჩატარება გათვალისწინებული არ არის.

  • ევროკავშირი უარყოფს არჩევნების შედეგებს საქართველოს აფხაზეთის რეგიონში

    23 მარტს ევროკავშირმა განცხადება გააკეთა საქართველოს სეპარატისტულ რეგიონ აფხაზეთში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების პასუხად.
    „ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, როგორც ეს აღიარებულია საერთაშორისო კანონმდებლობით“, აღნიშნულია განცხადებაში. რაც შეეხება ამ ეგრეთ წოდებულ არჩევნებს, რომელიც ჩატარდა საქართველოს სეპარატისტულ რეგიონ აფხაზეთში 2020 წლის 22 მარტს, შეგახსენებთ, რომ ევროკავშირი არ აღიარებს კონსტიტუციურ და საკანონმდებლო ჩარჩოს, რომელშიც ეს არჩევნები ჩატარდა“.
    ევროკავშირმა ასევე აღნიშნა, რომ ის გააგრძელებს საკუთარ არ-აღიარების და ჩართულობის პოლიტიკას, და ამ თვალსაზრისით ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში რჩება სრულად მობილიზებული.

  • ნეგატიური ინციდენტები არჩევნებთან დაკავშირებით, რომელიც სოციალურ ქსელებში გავრცელდა, არ აღემატება ყველა საარჩევნო უბნის ორ პროცენტს, აცხადებს მ. პანახოვი

    ნეგატიური ინციდენტები აზერბაიჯანის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, რომელიც სოციალურ ქსელებში გავრცელდა, არ აღემატება ყველა საარჩევნო უბნის ორ პროცენტს. ამის შესახებ ბაქოში დღეს ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარემ მაზახირ პანახოვმა განაცხადა.

    ”ზოგჯერ ადამიანებს ექმნებათ შთაბეჭდილება, რომ თითქოს ეს იყო დარღვევები ქვეყნის ყველა საარჩევნო უბანზე, მაგრამ ეს ასე არ  არის. რაღა თქმა უნდა ჩვენ გვსურს, რომ ასეთი ფაქტები აღარ იყოს“, - აღნიშნა მ. პანახოვმა.

    ცესკოს ხელმძღვანელმა ასევე დაამატა, რომ ყველა ნეგატიური შემთხვევა სერიოზულად იქნება შესწავლილი, ხოლო იმ პირების მიმართ ვინც მათ ამის უფლება მისცა, შესაბამისი სამართლებრიივი ზომები გატარდება.

    აღსანიშნავია, რომ გუშინ ცენტრალურ საარჩევნო კომისიის სხდომაზე გაუქმდა საპარლამენტო არჩევნების შედეგები 4 საარჩევნო ოლქში. მე-80 იმიშლი-ბლაგანის საარჩევნო ოლქში, სადაც ლიდერობდა კანდიდატი ჩინგიზ განიზადე, 74-ე ლიანქორანის საარჩევნო ოლქი - წამყვანი კანდიდატი ჰადი რაჯაბლი, 35-ე ხატაინის მესამე საარჩევნო ოლქში, რომლის კანდიდატი იყო რაუფ არიფ აბასოვი ოღლი, და ასევე 33-ე ხატანის პირველ საარჩევნო ოლქში.

    როგორც ცნობილია აზერბაიჯანში გასულ კვირას ჩატარდა დემოკრატიული და სამართლიანი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. მასში მონაწილეთა აქტივობამ 47,81% შეადგინა. 4823 საარჩევნო უბნიდან ოქმების 87% დამუშავების შედეგად, მმართველმა პარტიამ „ახალი აზერბაიჯანი“, რომელსაც პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ხელმძღვანელობს, რესპუბლიკის პარლამენტში 125 ადგილიდან 70-მდე მიიღო.

    როგორც საერთაშორისო დამკვირვებლები აცხადებენ, არჩევნებმა თავისუფალ გარემოში და დემოკრატიულ ვითარებაში ჩაიარა. რაიმე სერიოზულ დარღვევებს ადგილი არ ჰქონია.

  • აზერბაიჯანის მმართველი პარტია „ახალი აზერბაიჯანი“ ახალ პარლამენტში 70 ადგილს მიიღებს

    აზერბაიჯანის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) გამოაქვეყნა წინასწარი მონაცემები ყველა 125 საარჩევნო ოლქში კენჭისყრის შედეგების შესახებ. ცესკო-ს მონაცემებით,  აზერბაიჯანის მმართველი პარტია „ახალი აზერბაიჯანი“ ახალ პარლამენტში 70 ადგილს მიიღებს.

    როგორც ცნობილია აზერბაიჯანში კვირას ჩატარდა დემოკრატიული და სამართლიანი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. მასში მონაწილეთა აქტივობამ 47,81% შეადგინა. 4823 საარჩევნო უბნიდან ოქმების 87% დამუშავების შედეგად, მმართველმა პარტიამ „ახალი აზერბაიჯანი“, რომელსაც პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ხელმძღვანელობს, რესპუბლიკის პარლამენტში 125 ადგილიდან 65-მდე მიიღო.

    ორშაბათს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიის ვებ-გვერდზე გამოჩნდა ყველა 125 საარჩევნო უბნის მონაცემები. ამ მონაცემების თანახმად, ახალ პარლამენტში მმართველი პარტიის „ახალი აზერბაიჯანი“ მანდატების რაოდენობა გაიზარდა, და ახლა ის დაახლოებით 70 ადგილია.

    შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანში კვირას დასრულდა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. როგორც საერთაშორისო დამკვირვებლები აცხადებენ, არჩევნებმა თავისუფალ გარემოში და დემოკრატიულ ვითარებაში ჩაიარა. რაიმე სერიოზულ დარღვევებს ადგილი არ ჰქონია.

    ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, აზერბაიჯანის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია „ახალი აზერბაიჯანი“ ლიდერობს.

    ავთანდილ ოთინაშვილი

  • შეიძლება ითქვას, რომ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დღე აზერბაიჯანში იყო მაღალი სტანდარტებით ჩატარებული - გიორგი მოსიძე

    „შეიძლება ითქვას, რომ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დღე აზერბაიჯანში იყო მაღალი სტანდარტებით ჩატარებული“. ამის შესახებ სუამ-ის ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის წევრმა, პარლამენტარმა გიორგი მოსიძემ დღეს ბაქოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
    მისივე თქმით, სუამ-ის ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეა აზერბაიჯანში იმყოფებოდა მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისიით, რომელიც ეხებოდა კონკრეტულად არჩევნების დღის მიმდინარეობას, ვინაიდან დელეგაცია აზერბაიჯანში არჩევნებამდე ერთი დღით ადრე ჩამოვიდა.
    „ზოგიერთ საარჩევნო უბანზე იყო პატარა გაუგებრობები, რომელიც ყოველთვის ხდება. თუმცა, საერთო სურათი იყო საკმაოდ ორგანიზებული და თავისუფალი, ვინაიდან ყველას ქონდა შესაძლებლობა მისულიყო და თავისი არჩევანი დაეფიქსირებინა. ამიტომ ჩვენ ეს პოზიცია დღეს დავაფიქსირეთ სუამი-ს საპარლამენტო ასამბლეის ოფიციალურ განცხადებაში“, დასძინა გ. მოსიძემ.
    შეგახსენებთ, რომ 9 თებერვალს აზერბაიჯანში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. როგორც საერთაშორისო დამკვირვებლები აცხადებენ არჩევნებმა თავისუფალ გარემოში და დემოკრატიულ ვითარებაში ჩაიარა.
    აღსანიშნავია, რომ საპარლამენტო არჩევნები, კონსტიტუციის მიხედვით, მთლიანად მაჟორიტარული წესით ტარდება, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემების თანახმად, 125 მანდატისათვის 1314 კანდიდატი იბრძვის.

    ავთანდილ ოთინაშვილი
    ნათია ზუბაშვილი
    ბაქოდან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური