დისკუსია ნატოს ღია კარის პოლიტიკაზე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 22 ივნისი 2016 13:13

პოლონეთის დედაქალაქში ივლისში დაგეგმილ ნატოს სამიტამდე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ვარშავაში ნატოს „ღია კარის“ პოლიტიკაზე ბოლო დისკუსია გამართა. თინათინ ხიდაშელი მარშალის ფონდში იმყოფებოდა. მან მაკედონიელ კოლეგასთან და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ერთად ვარშავის სამიტის მოლოდინები განიხილა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, გაფართოების თემებზე, "ღია კარის" პოლიტიკაზე, სამიტის რეალისტურ მოლოდინებზე სწორედ პოლონეთის დედაქალაქიდან ვესაუბროთ როგორც ჩვენს აუდიტორიას, ასევე ჩვენს პარტნიორებს. მაკედონიის თავდაცვის მინისტრთან და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ერთად გვქონდა საშუალება, ძალიან საინტერესო აუდიტორიასთან გვესაუბრა ყველა იმ შესაძლებლობაზე, რომელიც არსებობს ჩვენი ქვეყნებისთვის ამ ძალიან რთულ და წინააღმდეგობებით აღსავსე გზაზე. ეს არის, პრაქტიკულად, ბოლო ფორუმი სამიტამდე, რომელსაც GMF-მა უმასპინძლა. დიდი იმედი მაქვს, რომ ყველა ასეთ ღონისძიებას თავისი წვლილი შეაქვს იმ პოზიტიური მოლოდინების პაკეტში, რომელსაც ჩვენ სამიტიდან ველოდებით“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

„ჩემთვის დიდი პატივი და პრივილეგიაა, ჩემს ძვირფას მეგობართან - საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ერთად ნატოს „ღია კარის“ პოლიტიკაზე მესაუბრა. მან საქართველოს მისწრაფებების შესახებ ძალიან საინტერესოდ ისაუბრა. მსგავსი დისკუსიები ალიანსის გაფართოებაზე ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კი, ვარშავაში, სამიტამდე ორი კვირით ადრე. ღონისძიება მარშალის ფონდის ორგანიზებით გაიმართა. ჩვენ ვისაუბრეთ ჩვენი ქვეყნების - მაკედონიისა და საქართველოს ალიანსში გაწევრიანების მნიშვნელობაზე, რაც ჩვენს ხალხს უფრო მეტ სტაბილურობასა და კეთილდღეობას მოუტანს. ჩვენი ქვეყნების მთავრობები ამ მნიშვნელოვან ალიანსში გასაწევრიანებლად გააგრძელებენ მუშაობას“ - აღნიშნა მაკედონიის თავდაცვის მინისტრმა ზორან იოლევსკიმ.

 

წაკითხულია 385 ჯერ

Related items

  • ვარშავაში დაფუძნდა მოძრაობა მშვიდობისთვის IDIFA

    მოძრაობა მშვიდობისთვის IDIFA-მ, რომლის შტაბ-ბინაც განლაგებულია პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში, მუშაობა დაიწყო და თან ფართომასშტაბიანი გეგმებიც წარმოადგინა. მოძრაობის მთავარი მიზანია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში აზერბაიჯანის ეროვნული ინტერესების დაცვა, მთიანი ყარაბაღის სინამდვილეების პროპაგანდა. ამის შესახებ განცხადება IDIFA-ს ერთ-ერთმა ფუძემდებელმა, პოლონეთის აზერბაიჯანელთა გაერთიანების თანადამფუძნებელმა ჯავიდ ზეინალოვმა გააკეთა და აღნიშნა, რომ ამ მიზნების განსახორციელებლად მოძრაობის წინაშე დაყენებულია მთელი რიგი სერიოზული ამოცანები:

    „ჩვენი მოძრაობის ინტერნეტ-პორტალი www.idifa.net-ის მეშვეობით ვეცდებით ჩვენი ამ მიზნებისა და იდეების განხორციელებას. როგორც მოძრაობა, ვაპირებთ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, უცხოურ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან, ამავე დროს აზერბაიჯანის შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან და დიასპორულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ფარგლებში შევიტანოთ წვლილი საერთაშორისო პლატფორმებზე ჩვენი სახელმწიფო ინტერესების დაცვის საქმეში“, - ხაზი გაუსვა ჯ. ზეინალოვმა.

    მისივე განცხადებით, უკვე მზადაა მოძრაობის ღონისძიებების ერთწლიანი გეგმა: „ამჟამად ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ორგანიზებულ პრესტიჟულ საერთაშორისო კონფერენციებზე აზერბაიჯანის მაღალ დონეზე წარმომადგენლობის უზრუნველყოფა. გარდა ამისა, უცხოელ ჟურნალისტებთან თანამშრომლობით ვეცდებით გავლენიან მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გავრცელდეს მასალები ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციისათვის. ვგეგმავთ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების, აკადემიური დაწესებულებების მეშვეობით ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული ინტერესებთან და საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებთან შესაბამისი ღონისძიებების, კონფერენციების, ფორუმების ორგანიზებას.

    ამავე დროს, სომხეთის საოკუპაციო პოლიტიკის მხილების მიზნით სხვადასხვა ქვეყნების პარლამენტებთან თანამშრომლობით ვეცდებით შევიტანოთ წვლილი ჩვენი მიწების ოკუპაციის ფაქტისათვის პოლიტიკური შეფასების მიცემის საქმეში. უეჭველია, რომ ამ საქმიანობის განხორციელებისას მჭიდროდ ვითანამშრომლებთ ადგილობრივ გავლენიან და უცხოურ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტებთან, დიასპორულ ორგანიზაციებთან, ავტორიტეტიან საზოგადო-პოლიტიკურ მოღვაწეებთან და ბიზნეს სტრუქტურებთან“, - ", აცხადებს ჯ. ზეინალოვი

    ჯ. ზეინალოვმა აღნიშნა, რომ მოძრაობის აზერბაიჯანის სახალხო რესპუბლიკის დაცემის მე-100 წლისთავზე დაფუძნება შემთხვევითი არ არის და მას აქვს სიმბოლური მნიშვნელობა: „ჩვენ, როგორც მოძრაობა IDIFA, ვიწონებთ და მხარს ვუჭერთ აზერბაიჯანის სახელმწიფოს და მისი შესაბამისი სტრუქტურების საქმიანობას საერთაშორისო არენაზე ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესების დაცვის მიმართულებით. ჩვენც, როგორც მოძრაობა, აზერბაიჯანის წარმომადგენლობის ახალი სტრატეგიული გზებისა და მეთოდების მუდმივი ძიებით ვეცდებით ხელი შევუწყოთ ამ  პოლიტიკას“, - დასძინა პოლონეთის აზერბაიჯანელთა გაერთიანების თანადამფუძნებელმა ჯავიდ ზეინალოვმა.

  • ფოთის პორტში ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის ვიზიტი იმართება

    2020 წლის 7 აპრილიდან 9 აპრილის ჩათვლით ქ. ფოთის პორტში ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის (SNMG2) ვიზიტი იმართება. აღნიშნული შენაერთის შემადგენლობაში შედის 5 ნატო-ს წევრი ქვეყნის - ბულგარეთის, კანადის, იტალიის, თურქეთის და რუმინეთის საზღვაო ხომალდი.
     
    ვიზიტის ფარგლებში SNMG2-ის წარმომადგენლები საქართველოს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად ჩაატარებენ ერთობლივ სწავლებას დისტანციურ რეჟიმში. მსგავსი ტიპის სწავლებები მიზნად ისახავს საქართველოს და ნატო-ს საზღვაო ძალების ურთიერთთავსებადობის ამაღლებას და ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და მდგრადობის გაძლიერებას.
     
    მსოფლიოსა და საქართველოში კორონავირუსის პანდემიის ფონზე,  ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის ვიზიტი საქართველოში ნატო-ს ჩვენი ქვეყნისადმი მხარდაჭერის მკაფიო გზავნილია და ნათლად ადასტურებს ალიანსის ერთგულებას საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების კურსისადმი. საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს შავი ზღვის უსაფრთხოებას და უზრუნველყოფს რეგიონში სტაბილურობის   განმტკიცებას.
     
    მნიშვნელოვანია, რომ ნატო-ს საზღვაო შენაერთის ვიზიტები საქართველოს შავი ზღვის პორტებში რეგულარულ ხასიათს ატარებს, რაც შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ერთ-ერთი ხელშესახები შედეგია.

  • საქართველო იმსახურებს ნატოს წევრობას

    ქვეყანას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს შავი ზღვის გეოპოლიტიკური უსაფრთხოებისთვის. ცნობილი ამერიკული გამოცემა The Washington Times-ი აქვეყნებს საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას სტატიას, სათაურით - „საქართველო იმსახურებს ნატოს წევრობას - ქვეყანას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს შავი ზღვის გეოპოლიტიკური უსაფრთხოებისთვის".

    პუბლიკაციაში საქართველოს მთავრობის მეთაური ყურადღებას ამახვილებს შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობაზე, განსაკუთრებით მზარდი გამოწვევების გათვალისწინებით და ხაზს უსვამს საქართველოს როლს ამ მიმართულებით.

    "ბოლო დღეებში უკრაინაში საომარი მოქმედებების განახლება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, თუ რა დევს სასწორზე შავი ზღვის რეგიონში, რომელიც კონკურენტი გეოპოლიტიკური ძალების ყურადღების ცენტრშია მოქცეული. შავი ზღვა წარმოადგენს ბუფერულ ზონას ევროპის აღმოსავლეთის ფლანგზე, რითაც წვლილი შეაქვს ევროპის, ნატოს და აშშ-ის ინტერესების დაცვაში მტრულად განწყობილი ძალებისგან. ამავე დროს, შავი ზღვა, ძვირადღირებული პროდუქციით, მათ შორის დიდი ოდენობის ამერიკული ექსპორტით, იქცევა ვაჭრობის გზაჯვარედინად ევროპიდან აზიაში და აზიიდან ევროპაში უმოკლესი მარშრუტის თვალსაზრისით. შავი ზღვა ასევე მდებარეობს სასიცოცხლო მნიშვნელობის ენერგორესურსების სატრანზიტო მილსადენების გეოგრაფიულ არეალში, რომლებიც მიედინება ევროპისა და მსოფლიოს ბაზრებისკენ", - აღნიშნავს პრემიერი.

    სტატიის თანახმად, რუსეთისთვის შავი ზღვა წარმოადგენს კარიბჭეს ისეთი სანუკვარი, მაგრამ დაშორებული ფრონტებისკენ, როგორიცაა სირია, ჩრდილოეთ აფრიკა და აღმოსავლეთ შუაზღვისპირეთის გარკვეული რეგიონები. თუმცა, შავი ზღვის საზღვრებს გარეთ გასასვლელად, ასევე მასში აშშ-ის და სხვათა შემოსვლის თავიდან ასაცილებლად, რუსეთმა უნდა განახორციელოს ზეწოლა სხვა შავიზღვისპირა ქვეყნებზე, რომლებიც მდებარეობენ ბოსფორის სიახლოვეს. ბოსფორის სრუტე, თურქეთის გავლით, ერთმანეთთან აკავშირებს შავ ზღვას და მსოფლიო ოკეანის უფრო მსხვილ ნაწილებს სამხრეთით.

    ხსენებული ზეწოლა გამძაფრდა რუსეთის მიერ უკრაინისგან ყირიმის მიტაცების შემდეგ. მანამდე კი, 2008 წელს, რუსეთმა განახორციელა საქართველოს ტერიტორიის თითქმის 20%-ის ოკუპაცია, საქართველოს კრიტიკულად მნიშვნელოვანი სტრატეგიული სანაპირო ტერიტორიის - აფხაზეთის ჩათვლით. რუსეთის მხრიდან ჩვენი მიწების უკანონო ოკუპაცია დღესაც გრძელდება. რუსეთის მცდელობები, შეიტანოს დესტაბილიზაცია ბალკანეთის რეგიონში, განსაკუთრებით კი შავიზღვისპირა ქვეყნებში, ცალსახად დასტურდება დოკუმენტურად. რუსეთს არ სჭირდება ამ ნატოს წევრი სახელმწიფოების ოკუპაცია, რათა განახორციელოს თავისი სტრატეგიები შავ ზღვაზე.

    შავ ზღვას ესაზღვრება ნატოს სამი წევრი ქვეყანა: რუმინეთი, ბულგარეთი და თურქეთი, ასევე ნატოს ასოცირებული წევრი - საქართველო. შავი ზღვის გეოპოლიტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა წარმოადგენს გამოწვევას, რომლის გადაწყვეტაც შეუძლებელია საქართველოს მხარდაჭერის გარეშე. თავისი გეოგრაფიული მდებარეობის, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში მიღწევების, ასევე დასავლური და ტრანსატლანტიკური მიზნებისადმი დადასტურებული ერთგულების წყალობით, საქართველო წარმოადგენს ნატოს ფარგლებში თანამშრომლობის ახალი სტრატეგიების არსებითი მნიშვნელობის ქვაკუთხედს.

    ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს ნატოში საქართველოს გაწევრიანებას, რისთვისაც ჩვენ დიდ მადლიერებას გამოვხატავთ. აშშ-ის მაღალი რანგის პოლიტიკური ფიგურები, - მაგალითად, აშშ-ის თავდაცვის მდივანი მარკ ესპერი, - ასევე აღიარებენ საქართველოს უნიკალურ უნარს, შეასრულოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როლი შავ ზღვაზე. შავი ზღვის უსაფრთხოება, უსაფრთხოების და თავდაცვის სფეროებში დღევანდელობის სხვა ახალ აქტუალურ საკითხებთან ერთად, წარმოადგენდა ჩვენი შეხვედრის მთავარ თემას მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში. ესპერმა აღნიშნა თავდაცვის სფეროში აშშ-საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელობა და მისი არსებითი როლი ამ ახლად წარმოქმნილ გამოწვევებთან ბრძოლაში. საქართველო უკვე ხარჯავს თავისი მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ზე მეტს თავდაცვაზე და ჩვენ მხარში ვუდგავართ აშშ-სა და ნატოს ყოველთვის და ყველგან, სადაც მათ ეს ესაჭიროებათ.

    დავოსის ბოლო ფორუმზე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ მოუწოდა ნატოში საქართველოს დაუყოვნებლივ მიღებისკენ სრულუფლებიანი წევრის სტატუსით, მიუთითა რა შავ ზღვაზე უსაფრთხოების და ნატოს მხრიდან შესაბამის გამოწვევებზე პასუხის გაცემის მზარდ საჭიროებაზე. უკრაინაში ვიზიტის დროს კი თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თურქეთისა და ნატოს მტკიცე დამოკიდებულება შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართ. გარდა ამისა, თურქეთი უკვე დიდი ხანია აღიარებს, რომ შავი ზღვა წარმოადგენს რეგიონის სტრატეგიული კონტექსტის გეოპოლიტიკურ ცენტრს.

    რუსეთი დღესაც ეწინააღმდეგება საქართველოს სრულფასოვან წევრობას ნატოში. სწორედ ახლა დადგა დრო, ნატომ უპასუხოს ჩვენს მოთხოვნას ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ნატოს ლიდერებმა არაერთხელ აღუთქვეს საქართველოს ნატოს სრული წევრობა და ჩვენ გვჯერა, რომ ნატოში ჩვენი შესვლის წინაშე არსებული გამოწვევები უახლოეს მომავალში გადაიჭრება. მეტი საქართველო ნატოში და მეტი ნატო საქართველოში გააძლიერებს შავი ზღვის და დასავლეთის უსაფრთხოებას, ასევე საქართველოს დემოკრატიას და მზარდ ეკონომიკას.

    მანამდე კი საქართველო გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ნატოს სხვა წევრებთან, რათა განამტკიცოს შავი ზღვის უსაფრთხოება, რაც ბოლო წლებში გულისხმობდა ნატოს ოპერაციებისთვის კარგად გაწვრთნილი მებრძოლების მომზადებას და ნატოსა და აშშ-ის თავდაცვითი მოქმედებების გაფართოებას, მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე ტექნიკის განთავსებას და ხშირი ერთობლივი სამხედრო წვრთნების ორგანიზებას. ჩვენი მიზანია ერთობლივი წვრთნების გაფართოება, ჩვენი პორტების უფრო აქტიურად ჩართვა და ჩვენი საზღვაო ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარება შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

    ქართველები სამართლიანად ამაყობენ სასიცოცხლო მნიშვნელობის ტრანსატლანტიკურ ალიანსში შეტანილი უზარმაზარი წვლილით. ჩვენი მიზანია დასავლურ ცივილიზაციასთან და ღირებულებებთან ჩვენი კავშირის და ღრმა ფესვების დემონსტრირება პრაქტიკული მოქმედებებით, რომლებიც აათმაგებს ჩვენს სიმტკიცეს და თავდაცვისუნარიანობას მათ წინააღმდეგ, ვინც ამ ღირებულებებს არ იზიარებს. შავი ზღვის უსაფრთხოებას არსებითი მნიშვნელობა აქვს გლობალური მშვიდობისა და სტაბილურობისთვის, საქართველო კი წარმოადგენს ერთგულ პარტნიორს დასავლური ერთსულოვნების ფარგლებში. სწორედ ამ მიზეზით უნდა შეასრულონ ჩვენმა მეგობრებმა ნატოში თავიანთი დაპირება სასიცოცხლო მნიშვნელობის ამ უსაფრთხოების ორგანიზაციაში საქართველოს შესვლასთან დაკავშირებით".

    https://www.washingtontimes.com/news/2020/feb/24/georgia-deserves-membership-in-nato/

  • სასაზღვრო პოლიციის უფროსი თემურ კეკელიძე ოფიციალური ვიზიტით ნატოს შტაბ-ბინაში იმყოფებოდა

    შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი თემურ კეკელიძე, ოფიციალური ვიზიტით, ქალაქ ბრიუსელში იმყოფებოდა. სასაზღვრო პოლიციის უფროსმა მონაწილეობა მიიღო პარტნიორობისა და თანამშრომლობითი უსაფრთხოების კომიტეტის (PCSC) დონეზე გამართულ შეხვედრაში, რომელიც შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებს მოიცავდა.

    თემურ კეკელიძემ შეხვედრის მონაწილეებს შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე ნატო-საქართველოს თანამშრომლობის პროცესში მიღწეული პროგრესი, მიმდინარე პროექტები და საქართველოს სანაპირო დაცვის სამომავლო გეგმები გააცნო.

    ქართულმა დელეგაციამ, მოკავშირეებთან ერთად, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციის კუთხით მიღწეული პროგრესი მიმოიხილა და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების საკითხები განიხილა. საუბარი ასევე შეეხო ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) დაგეგმილ ვიზიტს საქართველოში.

    ვიზიტის ფარგლებში, თემურ კეკელიძემ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან, ჯეიმს აპატურაისთან, ორმხრივი შეხვედრა გამართა. მხარეებმა შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცების საკითხებსა და ამ მიმართულებით საქართველოს სანაპირო დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

  • პრეზენტაცია „Agile Spirit 2019“ დაწყებასთან დაკავშირებით

    თავდაცვის სამინისტროს არმიჰოლში მრავალეროვნული სწავლების „Agile Spirit 2019“ დაწყებასთან დაკავშირებით პრეზენტაცია გაიმართა. მოწვეულ სტუმრებს სიტყვით საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მიმართა და აღნიშნა, რომ   დიდი პატივია ჩავერთოთ სწავლებების იმ ციკლში, რომელსაც საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი - ამერიკის შეერთებული შტატების ევროპის სარდლობა ევროპის სამხრეთ ნაწილში პარტნიორ და ნატოს წევრ ქვეყნებთან ერთად ატარებს. „ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების ჩართულობა ჩვენი რეგიონისთვის დიდი მნიშვნელობისაა. ყველა წლის დინამიკა არის მაქსიმალურად მიმართული იმისკენ, რომ გაიზარდოს როგორც უშუალოდ ჩვენი თავდაცვის  ძალების, ისე ჩვენი პარტნიორების ჩართულობა. სწორედ, ეს არის უზრუნველყოფა იმ პრინციპისა, რასაც ჩვენ ვუწოდებთ - მეტი ნატო საქართველოში,“ - განაცხადა ლევან იზორიამ სიტყვით მიმართვისას.

    „Agile Spirit 2019“-ის  კონცეფციაზე კი, მოწვეულ სტუმრებს სწავლების ხელმძღვანელმა, ბრიგადის გენერალმა გიორგი მათიაშვილმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

    პრეზენტაციას თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, თავდაცვის ძალების მეთაური და მისი მოადგილეები, თავდაცვის უწყების წარმომადგენლები და საქართველოში აკრედიტებული თავდაცვის ატაშეები დაესწრნენ.

    მრავალეროვნულ სწავლებას „Agile Spirit 2019“ საქართველო 27 ივლისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით უმასპინძლებს. სამხედრო წვრთნები საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთ და აშშ-ის ევროპის სარდლობების ხელმძღვანელობით ჩატარდება. სწავლება როგორც სამეთაურო-საშტაბო, ასევე საველე წვრთნებს მოიცავს.

    სწავლება მიზნად მონაწილე ქვეყნებს შორის ურთიერთთავსებადობის გაძლიერებას, მრავალეროვნულ გარემოში ოპერატიული შესაძლებლობების გაუმჯობესებასა და შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებას ისახავს.

    „Agile Spirit 2019“ სამ ლოკაციაზე პარალელურად გაიმართება - სენაკში, II ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე, ორფოლოსა და ვაზიანის პოლიგონებზე გაიმართება. მრავალმხრივია სწავლების სცენარიც, რომელიც სახმელეთო და საჰაერო კომპონენტების ჩართულობას ითვალისწინებს. მრავალეროვნულ სწავლებაში ნატოს წევრი და პარტნიორი 14 ქვეყნის 3000-ზე მეტი სამხედრო მიიღებს მონაწილეობას: საქართველო, აშშ, ბელგია, ბულგარეთი, დიდი ბრიტანეთი, საბერძნეთი, ლატვია, ლიეტუვა, მონტენეგრო, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, თურქეთი და უკრაინა.

    თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივნისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური