20 ივნისს მანჩესტერში მიმდინარე მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მეოთხე, ნახევარფინალური ტური გაიმართება, რომელშიც ‘ა' ჯგუფის ტრიუმფატორი ირლანდია არგენტინას ეთამაშება, ხოლო ‘ბ' ჯგუფის პირველადგილოსანი, მასპინძელი ინგლისი სამხრეთ აფრიკას - საუკეთესო მეორე ადგილოსანს ერკინება.
20-წლამდელთა მსოფლიოზე ყველა ადგილი თამაშდება, შესაბამისად უმცროს ბორჯღალოსნებს ალბათ ტურნირის ყველაზე პრინციპული და მნიშვნელოვანი მატჩი ელით წინ - მეცხრე ადგილის ნახევარფინალი, რომელშიც ჩვენი ნაკრები იტალიელ თანატოლებს ერკინება. ოთხიოდ დღის წინ ჩვენებს ერთ-ერთი ურთულესი თამაში ქონდათ ჯგუფის ლიდერ ირლანდიასთან, რომელიც 7:35 დავთმეთ.
სამი მატჩის ჯამში, ულესთან მიღებული დაცვითი ბონუსით, ჯგუფში ერთი ქულა დავისაკუთრეთ და საუკეთესო მეოთხე ადგილოსნები გავხდით. შესაბამისად, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ 20 მაისს საქართველოს დროით 18:15 საათზე იტალიას ვხვდებით ეი ჯე ბელ სთედიუმზე. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს თიბისი ბანკი და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი მეორე არხზე შემოგვთავაზებს.
იტალიელებმა ჯგუფურ ეტაპზე მასპინძელ ინგლისთან 48:10 დათმეს. შემდეგ ავსტრალიასთან 38:10, ხოლო მესამე ტურში შოტლანდიასთან 27:19 დამარცხდნენ.
„ეს მატჩი ჩვენთვის ფინალის ტოლია. თამაშიდან თამაშამდე პროგრესი გვაქვს, მაგრამ სამწუხაროდ ირლანდიასთან დისციპლინამ გვიმტყუნა. მიუხედავად ამისა, ბიჭებმა ფარ-ხმალი არ დაყარეს, ხასიათი გამოავლინეს და ყველამ ვინც მოედანზე იყო ბოლომდე იბრძოლა. პარადოქსია - რაც თხუთმეტმა კაცმა ვერ მოახერხა შეტევაში წინა თამაშებში, ირლანდიასთან თოთხმეტმა შედარებით შეძლო." განაცხადა ილია მაისურაძემ.
მომავალი მატჩის შეფასებისას მან ასევე დასძინა: „იტალია დაბალანსებული გუნდია ძლიერი შერკინებითა და ხაზით. ყავთ კარგი გადაწყვეტილებების მიმღები ცხრა, ათი და თხუთმეტი ნომრები. ყველა კომპონენტში საშუალოდ კარგ დონეზე არიან და რაც მთავარია დისციპლინირებული გუნდია.
„ამ მატჩში ვუმიზნებთ დაცვის გაძლიერებას - უფრო მეტი ზეწოლისა და წნეხის ქვეშ გვინდა ვამყოფოთ მათი შეტევა. ამოვიდეთ რაც შეიძლება უფრო სწრაფად ვიდრე წინა მატჩებში. ირლანდიის თამაშზე ზოგი კომპონენეტი გამოვასწორეთ - გადაწყობა, გაშლა და ამოსვლა. პოზიციურადაც პატარა შეცდომებიც იყო, ხოლო ინდივიდუალური ბოჭვები კარგი გვქონდა, რითაც კმაყოფილი ვარ. თითქმის ორასამდე ბოჭვა გავაკეთეთ. რამდენიმე მორაგბეს ოცზე მეტი ბოჭვის გაკეთება მოუწია, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია."
სატურნირო რაზმში ბიჭები შემოგვემატნენ
წინა მატჩში ოთარ გიორგაძე მინდვრის დატოვება მოუწია, რათა ტვინის შერყევის ტესტი გაევლო. იგი აღარ შემობრუნებულა ვინდაიდან მატჩის ექიმმა გადაწყვიტა, რომ მას ტვინის შერყევა ქონდა. ტვინის შერყევა შედარებით მცირე სიძლიერისაა და ტურნირის პროტოკოლის თანახმად იგი შვიდი დღის განმავლობაში ვერ ითამაშებს. შესაბამისად ვერ გაირჯება იტალიასთან. რაც შეეხება მიხეილ ბაბუნაშვილს, გიორგი ცუცქირიძესა და ბექა გორგაძეს, სამივე თავს კარგად გრძნობენ და ხვალ ითამაშებენ.
სამწუხაროდ პირველ ხაზელ ნიკა ნეფარიძეს ტერფზე ტრავმა აქვს, რომელიც მას გამაყუჩებლის გარეშე თამაშის შესაძლებლობას არ აძლევდა. ასევე წინა კვირას გაცნობეთ, რომ ბარძაყის კუნთის ძველი ტრავმის გამო ტურნირის დატოვება ლიონის მეორეხაზელ გიორგი ჯავახიას მოუწინა. მათ ნაცვლად სამწვრთნელო შტაბმა აიას ბურჯ უშანგი ჭეიშვილსა და ბათუმის მესამეხაზელ ვანო ფუთკარაძეს უხმეს. ბიჭები უკვე გუნდთან ერტად არიან და ემზადებიან მეოთხე ტურის მატჩისთვის.
„მე ჯერ არ მახსოვს ტურნირი, სადაც ვინც დაიწყო ყველას დაემთავრებინოს. გქვონდა ტრავმები და ღმერთმა ქნას, რომ მეტი აღარ გვქონდეს. ჩემპიონატისთვის მომზადება, რომ გავიარეთ, რათქმაუნდა ყველა იქიდან ვერ წამოვიდა და არჩევანის გაკეთება მოგვიწია. ეს ბიჭები უახლოეს რეზერვში მოისაზრებოდნენ, რომლებსაც დავუტოვეთ ინდივიდუალური პროგრამები. ისინიამ პროგრამების მიხედვით ემზადებოდნენ, რადგან ნებისმიერი მათგანი შეიძლებოდა დაგვჭირვებოდა. გარკვეული მიზეზების გამო უჩა ჭეიშვილი და ვანო ფუთკარაძე სატურნირო რაზმში თავიდან ვერ მოხვდნენ - ჭეიშვილს კოჭის ტრავმა, ხოლო მესამე ხაზში ფუტკარაძეს დიდი კონკურენცია ქონდა. ამ ბიჭებს ვენდობით! როგორც ზემოთ ავღნიშნეთ მთელი მომზადების, თითქმის ერთ წლიანი პერიოდი და პროცესი გუნდთან ერთად გაიარეს. დარწმუნებული ვარ, რომ შემოვლენ და თავის შანს გამოიყენებენ." განაცხადა მაისურაძემ.
სამატჩო რაზმი
საქართველო - იტალია | ეი ჯეი ბელ სთედიუმი, მანჩესტერი
20/06/2016 | 18:15 სთ (საქ. დროით) - პირდაპირი რეპორტაჟი საზოგადოებრივი მაუწყებლის მე-2 არხი
უკანა ხაზი, ბექები
15. ირაკლი სვანიძე (ჯიქი) 14. ლადო მიმინოშვილი (ბათუმი), 13. გიორგი კოშაძე (ხარები), 12. გიორგი კვესელაძე (არმაზი), 11. დავით მესხი (არმია), 10. დავით მოძღვრიშვილი (აკადემია), 9. ვასილ ლობჟანიძე - კაპ (არმაზი)
შერკინება, ფორვარდები
1. თორნიკე მატარაძე (აია), 2. ლაშა საჯაია (ჯიქი), 3. ლაშა ტაბიძე (ბორდო, საფ), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (აია), 5. ირაკლი ცხადაძე (არმაზი), 6. ილია სპანდერაშვილი (არმია), 7. გიორგი ცუცქირიძე (ბრივ, საფ), 8. ბექა გორგაძე (მონ დე მარსან, საფ)
მარქაფა
16. გიორგი ხუროშვილი (არმაზი), 17. უჩა ჭეიშვილი (აია), 18. გიორგი მელიქიძე (სტად ფრანსე, საფ), 19. დემურ ეფრემიძე (ყოჩები), 20. ვანო ფუტკარაძე (ბათუმი), 21. გელა აფრასიძე (ლელო სარასენს), 22. მირიან მოდებაძე (აია), 23. სანდრო ილურიძე (აკადემია)