არ შეგეშინდეთ ახალი იდეების,- პრემიერი „სტარტაპ საქართველოს" პრეზენტაციაზე

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 17 ივნისი 2016 15:39

არ შეგეშინდეთ ახალი იდეების, არ შეგეშინდეთ ნაბიჯის გადადგმის; პირველი ნაბიჯის გადადგმა არის უმთავრესი, იმისთვის, რომ წარმატებას მიაღწიოთ, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ინოვაციური ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამა „სტარტაპ საქართველოს" პრეზენტაციაზე შეკრებილ ახალგაზრდებს.
პრემიერმა „სტარტაპ საქართველოს" პროგრამის შესახებ ისაუბრა, რომელიც საქართველოს მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში დაიწყო და აღნიშნა, რომ თითოეული ადამიანის შესაძლებლობების რეალიზაციისთვის შესაბამისი პირობების შექმნა ძალიან მნიშვნელოვანია.

„ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში სამეწარმეო სულისკვეთების განვითარება, რათა ადამიანებმა იფიქრონ, როგორ მოიფიქრონ ახალი იდეები იმისთვის, რომ შექმნან საკუთარი ბიზნესი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ შევქმნათ შესაბამისი ეკოგარემო, რომელშიც ახალგაზრდები, ინოვაციურად მოაზროვნე ადამიანები ამას შეძლებენ. ამიტომ, დღეს ჩვენ ვიწყებთ სრულიად ახალ პროგრამას - "სტარტაპ საქართველო". ეს არის პროგრამა, რომელიც შეცვლის ჩვენს ქვეყანას უკეთესობისკენ, გააჩენს ახალ შესაძლებლობებს და განავითარებს ქვეყანაში სამეწარმეო სულისკვეთებას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა განმარტა, რომ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, ახალგაზრდებს, დამწყებ ბიზნესმენებს უნდა ჰქონდეთ სიახლეზე ორიენტირებული ბიზნესიდეა და, შესაძლოა, სრულიად არ ჰქონდეთ კაპიტალი, რომლითაც ბიზნესი უნდა დაიწყონ. გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ახალი პროგრამა გამორჩეულია იმით, რომ ქმნის შესაძლებლობებს ნიჭიერი ადამიანებისთვის, რათა მათ, საწყისი კაპიტალის არქონის პირობებშიც, წამოიწყონ ბიზნესი.
„გარემო, სადაც ჩვენ ვიმყოფებით - ტექნოპარკი, რომელიც სულ უახლოეს წარსულში შეიქმნა, იძლევა საშუალებას, გამოვიყენოთ მთლიანად აქ არსებული ინფრასტრუქტურა; აქ არის იურიდიული კომპანიების მომსახურება, აქ გახლავთ ის სამეწარმეო საწყისი ინფრასტრუქტურა, რომელიც ინოვაციურად მოაზროვნე ადამიანებს მისცემს საშუალებას, წამოიწყონ ბიზნესი და, რა თქმა უნდა, იმ ადამიანებს, რომლებსაც ამ პროგრამით ბიზნესიდეები დაუფინანსდებათ, სახელმწიფო დაეხმარება ასევე ექსპორტში და მათი შესაძლებლობების ქვეყნის გარეთ რეალიზებაშიც", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერის თქმით, პროგრამისთვის საწყის ეტაპზე 11 მილიონი ლარი გამოიყოფა, ხოლო შემდგომ, გათვალისწინებულია პროგრამის ბიუჯეტის 35 მილიონ ლარამდე გაზრდა.
განაცხადების მიღება დღეიდან დაიწყება და 31 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. პროექტები კონკურსის წესით შეირჩევა. დაინტერესებული პირები, ერთი ფანჯრის პრინციპით, ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ ტექნოლოგიური პარკის შენობაში, ასევე, იმუშავებს ცხელი ხაზი.
პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც პროგრამის დაწყების მოსამზადებელ სამუშაოებში მიიღო მონაწილეობა - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საპარტნიორო ფონდს, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების სააგენტოს.

„ეს პროგრამა გახლავთ 4 პუნქტიანი რეფორმების პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილი, ეკონომიკური განვითარების ბლოკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება. ამ ბლოკით გათვალისწინებულია ასევე ეკონომიკის შემდგომი ლიბერალიზაცია. მოგეხსენებათ, რომ საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტმა უკვე დაამტკიცა. ასევე, რა თქმა უნდა, ამ ბლოკის უმთავრესი ნაწილია, რომ დამწყებ ბიზნესმენებს მიეცეთ საშუალება, მოიპოვონ დაფინანსება თავიანთი იდეების განსახორციელებლად. უმთავრესი, რაც მინდა გითხრათ, არის ის, რომ არ შეგეშინდეთ ახალი იდეების, არ შეგეშინდეთ ნაბიჯის გადადგმის; პირველი ნაბიჯის გადადგმა არის უმთავრესი, იმისთვის, რომ წარმატებას მიაღწიოთ", - მიმართა პრემიერმა ახალგაზრდებს.
გიორგი კვირიკაშვილმა, ახალგაზრდების წახალისებისა და მათი საინტერესო, ინოვაციური იდეების განხორციელების სტიმულირების მიზნით, რამდენიმე ცნობილი ფრაზა გაიხსენა.
„კომპანია „ამაზონის" დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ჯეფ ბუზოსი აცხადებს - „როდესაც მე ბიზნესს ვიწყებდი, ზუსტად ვიცოდი, რომ არ ვინანებდი, თუ ეს წამოწყება დამთავრდებოდა კრახით, მაგრამ ასევე ზუსტად ვიცოდი, რომ ვინანებდი ერთადერთ რამეს - რომ არ მეცადა ჩემი იდეის განხორციელება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა ახალგაზრდებს ასევე გაახსენა ცნობილი კალათბურთელის, მაიკლ ჯორდანის მაგალითი, რომელმაც კარიერის მანძილზე, უამრავი ქულა მოიპოვა და მრავალი სროლა განახორციელა, რომელიც აცილებით დამთავრდა; მას 36-ჯერ მიეცა გუნდისთვის გადამწყვეტ მატჩში, გადამწყვეტი სროლის განხორციელების საშუალება, 36-ჯერ ააცილა ბურთი კალათს და სწორედ ეს იყო მისი წარმატების საწინდარი.
„ამიტომ, მინდა, არასოდეს შეგეშინდეთ წარუმატებლობის, მინდა, ყოველთვის სცადოთ და დავასრულებ უინსტონ ჩერჩილის ძალიან ცნობილი ფრაზით - „მაშინაც კი, როდესაც თქვენ გიწევთ ჯოჯოხეთის გავლა, გააგრძელეთ სიარული. ეს არის წარმატების საწინდარი", - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა პრეზენტაციაზე რამდენიმე ახალგაზრდის ინოვაციური იდეებიც მოისმინა, რომლებიც შესაძლოა, მომავალში ახალი პროგრამით დაფინანსდნენ.
პრეზენტაციას მინისტრთა კაბინეტის წევრები, საპარტნიორო ფონდისა და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელები და ახალი სახელმწიფო პროგრამის პოტენციური ბენეფიციარი ახალგაზრდები დაესწრნენ.

 

წაკითხულია 768 ჯერ

Related items

  • პრემიერმა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს კორონავირუსთან დაკავშირებით მოქალაქეების ყოველდღიურ რეჟიმში, ინტენსიური ინფორმირება დაავალა

    პრემიერმა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს კორონავირუსთან დაკავშირებით მოქალაქეების ყოველდღიურ რეჟიმში, ინტენსიური ინფორმირება დაავალა.

    გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელობას საზოგადოების ინფორმირებულობისთვის მადლობა გადაუხადა.

    პრემიერის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ახორციელებს ყველა საჭირო პრევენციულ ნაბიჯს და სრულად აკონტროლებს მიმდინარე პროცესს.

    „მსურს ხაზგასმით და თითოეული მოქალაქის სახელით მადლობა გადაგიხადოთ პირადად თქვენ და თქვენს მოადგილეს, ბატონ პაატა იმნაძეს და საერთოდ დაავადებათა პრევენციის ცენტრს, რამეთუ ის ინფორმირებულობა, რომელიც თქვენ შემოგაქვთ ქართულ საზოგადოებაში მსგავს გამოწვევებთან დაკავშირებით, არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. მე რაც მოვისმინე ბოლო ორი დღის განმავლობაში, მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენი მთავრობის, ჯანდაცვის სისტემის, დაავადებათა ეროვნული ცენტრის, ძირითადი ამოცანაა დროული გამოვლენა, ხოლო ჩვენი, როგორც მოქალაქეების ძირითადი ამოცანაა პირადი ჰიგიენის ელემენტარული წესების დაცვა, რაც არ არის რთული. ამიტომ, მე ვფიქრობ, ჩვენ ამ ამოცანებსაც გავუმკლავდებით ყველანი ერთად. კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს მთავრობა ახორციელებს ყველა საჭირო პრევენციულ ნაბიჯს და სრულად აკონტროლებს მიმდინარე პროცესს. გარდა ამისა, მინდა კიდევ ერთხელ უწყებათაშორისი საბჭოს თითოეულ წევს ვთხოვო და საბჭოს ხელმძღვანელობას დავავალო, რომ შეიქმნას სპეციალური მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეების ყოველდღიურ ინფორმირებულობას, იმისთვის არ იყოს არანაირი კითხვის ნიშნები დარჩენილი პასუხების გარეშე, მით უმეტეს, მაშინ, როდესაც საქართველოს მთავრობა სრულად აკონტროლებს პროცესს და ჩვენ საკმაოდ ეფექტურად ვუმკლავდებით ამ გლობალურ გამოწვევაა", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

  • პრემიერმა გარდაბანში უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი თბოელექტროსადგური გახსნა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან ერთად, გარდაბანში უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი, 230 მეგავატი დადგმული სიმძლავრის მქონე „გარდაბნის თბოელექტროსადგური 2"  გახსნა.  თბოელექტროსადგურის სამშენებლო ფაზა 2018 წლის თებერვლიდან 2019 წლის დეკემბრამდე გრძელდებოდა და ელექტროენერგიის გენერაციას მიმდინარე წლის ზამთრის სეზონისთვის სრული მოცულობით უზრუნველყოფს.

    „გარდაბნის თბოელექტროსადგური 2" წელიწადში 1,3 მილიარდ კვტ.სთ-მდე ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. მაღალი ეფექტიანობით და გარემოს დაცვითი ტექნოლოგიით გამორჩეული ობიექტი საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის  180 მილიონამდე აშშ დოლარის ინვესტიციით  აშენდა.

    პრემიერმა „გარდაბნის თბოელექტროსადგური 2"-ის გახსნაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და პროექტი საქართველოს ენერგოსისტემისთვის ძალზედ ეფექტურად და მნიშვნელოვნად შეაფასა.
    „ყველას კარგად გვახსოვს და ვიცით, რომ ჩვენი ძირითადი ამოცანა გახლავთ ახალი სამუშაო ადგილები, ჩვენი ეკონომიკური ზრდა, რისთვისაც, რა თქმა უნდა, ენერგოეფექტურობა და, საერთოდ, ენერგიის წყარო არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. სწორედ ამიტომ, გარდაბნის ახალი თბოელექტროსადგური პირველ რიგში უზრუნველყოფს საქართველოს ენერგოსისტემის მდგრადობას და რაც მთავარია, ამასთან ერთად, ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას.

    ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ ბოლო წლების განმავლობაში საკმაოდ სერიოზული თანხები იყო ინვესტირებული საერთოდ გენერაციაში. 2012 წლიდან 2019 წლამდე ჩვენს ენერგოსისტემას მილიარდ 200 000-მდე მეგავატის სიმძლავრეები დაემატა, რაც არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და, ასევე, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ეს მუშაობა არ უნდა შევაჩეროთ და უნდა გავაგრძელოთ, რამეთუ ჩვენი ეკონომიკა იზრდება, ენერგომოხმარება ქვეყანაში იზრდება და, რა თქმა უნდა, სისტემის მდგრადობისთვის ჩვენ გვჭირდება გენერაციის ახალი წყაროები,"- აღნიშნა პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას.

    მთავრობის მეთაურის განცხადებით, საქართველო უნდა გახდეს ელექტროენერგიის ტრანზიტის მიმართულებითაც ძალზედ მნიშვნელოვანი და სტაბილური სატრანზიტო ქვეყანა.
    „ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ ის რეფორმები, რასაც ეკონომიკის სამინისტრო ენერგეტიკის დარგში ატარებს, კრიტიკულად მნიშვნელოვანია და თუ დღეს საქართველო არის როგორც სატრანზიტო ქვეყანა სტაბილური, მდგრადი სხვადასხვა ენერგომატარებლების ტრანზიტის თვალსაზრისით და აბსოლუტურად განჭვრეტადი პარტნიორი ევროკავშირისა და ჩვენი მეზობლებისთვის, ზუსტად ასე უნდა გავხდეთ ელექტროენერგიის ტრანზიტის მიმართულებითაც ძალზედ მნიშვნელოვანი და სტაბილური სატრანზიტო ქვეყანა. ეს არის ამოცანები, რომელიც დგას ჩვენი ქვეყნის ენერგოსისტემის, ეკონომიკის სამინისტროსა და მთავრობის წინაშე,-„ განაცხადა გიორგი გახარიამ.

    პრემიერმა, აგრეთვე, მადლობა გადაუხადა ნავთობისა და გაზის კორპორაციას, ეკონომიკის სამინისტროს, ჩინელ კოლეგებს, რომელთაც, როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, რეკორდულ ვადებში, 2 წელიწადში დაასრულეს მშენებლობა და დამსწრე საზოგადოებასა და პროექტში ჩართულ თითოეულ ადამიანს „გარდაბნის თბოელექტროსადგური 2"-ის გახსნა მიულოცა.

    ახალი თბოელექტროსადგური, პირველად საქართველოში, ინოვაციური,  ე.წ. ნულიდან გაშვების ფუნქციითაა აღჭურვილი, რაც ქვეყნის ელექტროსისტემაში საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაში, დროის მოკლე პერიოდში, სისტემისთვის  ელექტროენერგიის მიწოდებას და ნულიდან აღდგენას გულისხმობს.
    კომბინირებული ციკლის ახალი ენერგო-ეფექტური თბოელექტროსადგური თითქმის ორჯერ უფრო ნაკლებ გაზს მოიხმარს და უფრო ეკონომიურია, ვიდრე საქართველოში ბუნებრივ აირზე მომუშავე ძველი ენერგო ბლოკები.

  • პრემიერ-მინისტრმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერთან ჩინეთში ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდის პერსპექტივა განიხილა

    ჩინეთში ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდა და საქართველოს რეგიონულ ცენტრად გარდაქმნის პერსპექტივა განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს პრემიერმა ლი კეციანმა შეხვედრაზე, რომელიც დღეს ქალაქ დალიანში, სახელმწიფო რეზიდენციაში გაიმართა. 

    მთავრობის მეთაურმა პრემიერ ლი კეციანს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსების 70 წლის იუბილე მიულოცა და საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. 

    საუბრისას ხაზი გაესვა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების სრულფასოვანი გამოყენების აუცილებლობას და საქართველოში მეტი ინვესტიციის განხორციელების მნიშვნელობას, განსაკუთრებით იმ სექტორებში, რომელთა საექსპორტო პოტენციალი მაღალია. 

    საქართველოს რეგიონულ ცენტრად ქცევის კონტექსტში, ხაზი გაესვა უმსხვილესი კომპანიების დაინტერესების აუცილებლობას, განახორციელონ ინვესტიციები და გახსნან რეგიონული ოფისები საქართველოში.

    აღინიშნა ხალხთაშორისი კონტაქტების როლი ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების ხელშეწყობაში. 

    ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს პრემიერმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ჩინეთის მტკიცე მხარდაჭერა და არაღიარების პოლიტიკისადმი ერთგულება დაადასტურა.

    საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერის შეხვედრაში მონაწილეობდნენ ჩინეთის საგარეო საქმეთა, კომერციის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მინისტრები, ასევე სახელმწიფო რეფორმებისა და განვითარების კომისიის თავმჯდომარე, რომელიც უშუალოდ პრეზიდენტ სი ძინპინს ექვემდებარება. უმაღლესი დონის შეხვედრა მსგავსი ფორმატით პირველად გაიმართა, რაც, მხარეების შეფასებით, ორმხრივი ურთიერთობების ხარისხობრივად ახალ დონეზე გადასვლის დასტურია. 

    საქართველოს მთავრობის მეთაურმა პრემიერ ლი კეციანს ასევე განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა დალიანში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე მიწვევისთვის, რომელზეც სულ რამდენიმე ქვეყნის ლიდერია დაპატიჟებული. 

    მამუკა ბახტაძე სიტყვით გამოვა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის თემატურ სესიაზე - Talent Transforming Technology. საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტი დალიანში 2 ივლისს დასრულდება.

    პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

  • პრემიერ-მინისტრმა თურქეთის თავდაცვის მინისტრს უმასპინძლა

    თურქეთი არასოდეს შეცვლის პოზიციას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას განაცხადა.

    თურქეთის თავდაცვის მინისტრს, რომელიც თბილისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სტუმრობს, პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა.

    შეხვედრის დასაწყისში ჰულუსი აქარმა მამუკა ბახტაძეს 26 მაისი მიულოცა.

    საუბარი შეეხო ორი ქვეყნის ურთიერთობებს. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე და აღინიშნა ქვეყნებს შორის ამ მიმართულებით არსებული პოზიტიური დინამიკა.

    ხაზი გაესვა  თავდაცვის სფეროში საქართველო-თურქეთის ურთიერთობების მნიშვნელობას  საქართველოს ჩრდილოატლანტიკური მისწრაფებების კონტექსტში. აღინიშნა ამ კუთხით საქართველოსთვის თურქეთის მხარდაჭერისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობა.

    შეხვედრისას, ასევე ყურადღება დაეთმო რეგიონში არსებულ ვითარებას და სხვადასხვა სფეროში საქართველოსა და თურქეთის პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივას.

    პრემიერ-მინისტრმა თურქეთის თავდაცვის მინისტრს  საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თბილისში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა.

    შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია დაესწრო.

    პრემიერ-მინისტრის პრეს-სამსახური

  • ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს პრემიერის გამოსვლის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს

    საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბახტაძის თქმით, საქართველო აღმავლობის გზაზეა. როგორც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სტრასბურგში გამოსვლისას ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა.

    „მან ხაზი საკონსტიტუციო რეფორმას, ასევე სასამართლო სისტემის მეტ დამოუკიდებლობას და ადამიანის უფლებების დაცვას გაუსვა. მან მადლობა გადაუხადა ევროსაბჭოს და სხვა ინსტიტუტებს, რომლებიც საქართველოს ინსტიტუტებისა და საზოგადეობის რეფორმებში ეხმარებიან, ბახტაძის თქმით, გასაკეთებელი კიდევ ბევრია და მან განათლების სისტემაში მეტი რესურსების ჩადების პირობა დადო“, – ნათქვამია ევროსაბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

    „ჩემი ქვეყნის წარმატება, რომელსაც მან უკანასკნელ 20 წელიწადში მიაღწია, ეკუთვნის ორივეს საქართველოსა და ევროსაბჭოს. ჩვენ ორივეს შეგვიძლია ვიამაყოთ. საქართველომ შეძლო დრამატული ტრანსფორმაცია მოეხდინა და დღეს ქვეყანა აღმავლობის გზაზეა“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

    როგორც ევროსაბჭოს ვებგვერდზეა აღნიშნული, მთავარ გამოწვევად ბახტაძემ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები დაასახელა და ხაზი გაუსვა ამ ტერიტორიებზე არსებულ სერიოზულ ჰუმანიტარულ სიტუაციას.

    „ამასთან, ბახტაძემ განაცხადა, რომ საქართველო კონფლიქტებს მხოლოდ მშვიდობიანი გზით გადაჭრის“ – ნათქვამია განცხადებაში.

    შეგახსენებთ, რომ საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე იმყოფებიან.

    ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია 12 აპრილს დაასრულებს მუშაობას.

    ავთანდილ ოთინაშვილი, სტრასბურგი

     

ბიზნეს ნიუსი

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP-ს ქსელში ახალი ქართული წარმოების სადეზინფექციო...

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

დღეს, ლიბერთი ბანკმა და ჯიპიაი ჰოლდინგმა ურთიერთთა...

პოპულარული

« მაისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური