შემაძრწუნებელია თითოეული წუთის გახსენება, - პრემიერი 13 ივნისის შესახებ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 13 ივნისი 2016 09:58

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომა 13 ივნისის ტრაგედიის გახსენებით დაიწყო, რომელსაც 21 ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დღემდე დაკარგულად ითვლება.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, შემაძრწუნებელია თითოეული წუთის გახსენება, რაც დედაქალაქში შარშან ხდებოდა, თუმცა ნამდვილად სანუგეშოა იმ კონსოლიდაციის და გადარჩენილი სიცოცხლეების გახსენება, რაც ადამიანების სიცოცხლის გაწირვის შედეგად მოხერხდა.
„ნამდვილად გვანუგეშებს ასევე ჩვენი ახალგაზრდობის კონსოლიდაცია, რომელიც მართლაც ისტორიული იყო იმ დღეებში. ალბათ, მადლობის თქმაც უადგილოა და უბრალოდ აღფრთოვანება უნდა გამოვხატო იმ ახალგაზრდა თაობის თითოეული წარმომადგენლის მიმართ, რომლებმაც სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში ძალიან მნიშვნელოვანი მონაწილეობა მიიღეს. როდესაც ასეთ მოვლენებს იხსენებ, როგორიც არის 13 ივნისი, 9 აპრილი, გიჩნდება კითხვა, მაინცდამაინც ასეთი უბედურება უნდა დაგვემართოს, რომ ადამიანებს უფრო მეტად უყვარდეთ ერთმანეთი და ასეთი ერთიანობის გრძნობა იყოს ერში. თუმცა, ნამდვილად გამამხნევებელია თითოეული ჩვენგანისთვის იმ კონსოლიდაციის შეგრძნების გახსენებაც კი", - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ სტიქიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილ 65 ოჯახს მთავრობამ საცხოვრისის შესაძენად თანხა უკვე გამოუყო, უდიდესი უმრავლესობა უკვე დაბინავებულია და პროცესი გრძელდება, ბევრი ადამიანის ბინას კი სარემონტო სამუშაოები უტარდება.
„დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად 40 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, აღდგა ზოოპარკის დაზიანებული ინფრასტრუქტურა, სხვადასხვა ქვეყანამ გამოიჩინა კეთილი ნება და გადმოგვცა ცხოველები. დღეს ზოოპარკი ისევ არის ღია, როგორც ჩვენი ქალაქის, ისე სხვადასხვა კუთხის მცხოვრებლებისთვის. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომზადდა დასკვნა იმ ზონების შესახებ, სადაც ცხოვრება სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიშია, რაც მომავალში რისკს აგვაცილებს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გასულ წელს დაღუპული მაშველი ზურაბ მუზაშვილი გაიხსენა, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე 8 ადამიანის გადარჩენას შესწირა. გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, სიმბოლურია, რომ 13 ივნისის ტრაგედიიდან ერთი წლის თავზე, საქართველოს მთავრობა მეხანძრე-მაშველებისა და მაშველებისთვის სამართლებრივი და სოციალური უზრუნველყოფის პაკეტის გაუმჯობესების ინიციატივას განიხილავს, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით მომზადდა.

მაშველების სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპვის შემთხვევაში, ზუსტად ისე, როგორც პოლიციელის შემთხვევაშია, ოჯახს ერთჯერადად 100 ათასი ლარი, ხოლო შემდგომში ყოველთვიურად 1000-ლარიანი შემწეობა გადაეცემა.
„რა თქმა უნდა, ყველა მათგანს უნდა ვუსურვოთ მშვიდობიანი მოღვაწეობა, მაგრამ ვფიქრობთ, სახელმწიფოს პასუხისმგებლობის ამ დონეზე აყვანა ასევე ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

წაკითხულია 409 ჯერ

Related items

  • კახა კალაძემ 13 ივნისის მემორიალი გვირგვინით შეამკო

    თბილისის მერი კახა კალაძე ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.

    კახა კალაძემ დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ სტიქიის დროს ყველაზე მოუშუშებელი დანაკარგი ადამიანების სიცოცხლე იყო.

    თბილისის მერმა სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისა თუ პრევენციის მიზნით, რეკომენდაციების შესაბამისად გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა.

    „ყველას გვახსოვს, თუ რამდენად მძიმე იყო 2015 წლის 13 ივნისი, როდესაც ეს უბედურება მოხდა. რთულია ყველაფრის სიტყვით გადმოცემა, თუ რამდენად უძლური ვიყავით ბუნების წინაშე და რამდენად მძიმე იყო არსებული მდგომარეობა. სამწუხაროდ, დავკარგეთ ადამიანები და იმ ჭრილობებს და ტკივილს ვერაფერი მოაშუშებს. უბრალოდ, ამას ვეგუებით. რაც შეეხება სამუშაოებს, იყო რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, თუ რა უნდა გაკეთებულიყო - ეს იყო განგაშის სისტემა, რომელიც დამონტაჟდა, ასევე, ცხაურები კონკრეტულ ლოკაციებზე, რაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გააკეთა. რა რეკომენდაციებიც გაიცა, ყველაფერი შესრულდა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

    დედაქალაქის მერთან ერთად, ადგილზე მერის მოადგილეები, ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე და თბილისის საკრებულოს დეპუტატები იმყოფებოდნენ.

    13-14 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიიდან ოთხი წელი გავიდა.

  • ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს პრემიერის გამოსვლის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს

    საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბახტაძის თქმით, საქართველო აღმავლობის გზაზეა. როგორც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სტრასბურგში გამოსვლისას ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა.

    „მან ხაზი საკონსტიტუციო რეფორმას, ასევე სასამართლო სისტემის მეტ დამოუკიდებლობას და ადამიანის უფლებების დაცვას გაუსვა. მან მადლობა გადაუხადა ევროსაბჭოს და სხვა ინსტიტუტებს, რომლებიც საქართველოს ინსტიტუტებისა და საზოგადეობის რეფორმებში ეხმარებიან, ბახტაძის თქმით, გასაკეთებელი კიდევ ბევრია და მან განათლების სისტემაში მეტი რესურსების ჩადების პირობა დადო“, – ნათქვამია ევროსაბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

    „ჩემი ქვეყნის წარმატება, რომელსაც მან უკანასკნელ 20 წელიწადში მიაღწია, ეკუთვნის ორივეს საქართველოსა და ევროსაბჭოს. ჩვენ ორივეს შეგვიძლია ვიამაყოთ. საქართველომ შეძლო დრამატული ტრანსფორმაცია მოეხდინა და დღეს ქვეყანა აღმავლობის გზაზეა“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

    როგორც ევროსაბჭოს ვებგვერდზეა აღნიშნული, მთავარ გამოწვევად ბახტაძემ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები დაასახელა და ხაზი გაუსვა ამ ტერიტორიებზე არსებულ სერიოზულ ჰუმანიტარულ სიტუაციას.

    „ამასთან, ბახტაძემ განაცხადა, რომ საქართველო კონფლიქტებს მხოლოდ მშვიდობიანი გზით გადაჭრის“ – ნათქვამია განცხადებაში.

    შეგახსენებთ, რომ საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე იმყოფებიან.

    ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია 12 აპრილს დაასრულებს მუშაობას.

    ავთანდილ ოთინაშვილი, სტრასბურგი

     

  • საქართველოს პრემიერი დავოსში China Minsheng Investment Group-ის პრეზიდენტს შეხვდა

    საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოზე, მთავრობის ინიციატივებსა და საქართველო-ჩინეთის მზარდ ურთიერთობებზე ესაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე China Minsheng Investment Group-ის პრეზიდენტ ლიუ ბენსიანს, რომელსაც დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში შეხვდა.

    ყურადღება დაეთმო საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების განვითარების დადებით დინამიკას და შანხაიში ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე საქართველოს წარმატებულ მონაწილეობას, სადაც პრემიერ-მინისტრი ბახტაძე პირადად პრეზიდენტ სი ძინპინის მიწვევით იმყოფებოდა.

    CMIG-ის პრეზიდენტის შეფასებით, მისასალმებელია ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს განვითარების პროცესი, რაც ქვეყანაში ინვესტირებისთვის ხელსაყრელ გარემოს ქმნის.

    შეხვედრაზე იმსჯელეს თანამშრომლობის შესაძლო მიმართულებებსა და პოტენციურ საინვესტიციო პროექტებზე, რომელთა განხორციელებითაც, შესაძლოა, ჩინეთის უმსხვილესი კერძო საინვესტიციო ჯგუფი დაინტერესდეს.

    CMIG-ი ჩინეთში ლიდერი გლობალური კერძო საინვესტიციო ჯგუფია, რომლის რეგისტრირებული კაპიტალის მოცულობა დაახლოებით 15 მილიარდი დოლარია. სათავო ოფისი შანხაიში მდებარეობს. ჩინეთის უმსხვილესი კერძო საინვესტიციო ჯგუფი, რომელიც ძირითადად ენერგეტიკის, უძრავი ქონების, ჯანდაცვისა და ფინანსურ სექტორებში საქმიანობს, აქტიურად არის დაინტერესებული საინვესტიციო პროექტების განხორციელებით "სარტყლისა და გზის" ინიციატივის ქვეყნებში.

  • საქართველოს პრემიერი ეუთო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ეუთო-ს გენერალურ მდივანს  ტომას გრემინგერს შეხვდა.

    შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილ მძიმე ვითარებას, ამ ტერიტორიებზე საერთაშორისო მისიების წვდომის მნიშვნელობას და მათ როლს მშვიდობის უზრუნველყოფაში.

    დადებითად შეფასდა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ", რომელიც კონფლიქტის შედეგად გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენას ისახავს მიზნად.

    ხაზი გაესვა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება მნიშვნელოვნად აფერხებს პროგრესს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ეუთოს გენერალურმა მდივანმა ასევე განიხილეს ადამიანის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტები და საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია, რომლის საფუძველზეც მთავრობამ შეიმუშავა ე.წ. ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სია და რომლის მიზანია, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევაში მონაწილე პირებმა პასუხი აგონ ჩადენილ დანაშაულზე.

    შეხვედრისას ყურადღება დაეთმო მართლმსაჯულების წარმატებულ რეფორმას.

    მხარეებმა ასევე ისაუბრეს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე და საარჩევნო პროცესში ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ჩართულობაზე. პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა, საქართველოს მთავრობამ კვლავაც უზრუნველყოს არჩევნების თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე გარემოში ჩატარება.

    ტომას გრემინგერი ეუთოს გენერალური მდივნის რანგში საქართველოში ვიზიტით პირველად იმყოფება.

  • პრემიერ-მინისტრი ამერიკელ კონგრესმენთა დელეგაციას შეხვდა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ამერიკელ კონგრესმენთა დელეგაციას შეხვდა, რომელსაც წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარე დევინ ნუნესი ხელმძღვანელობს.

    მთავრობის მეთაურმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობას და აშშ-ის კონგრესში საქართველოსთან დაკავშირებული ინიციატივების მხარდაჭერისთვის კონგრესმენებს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.

    მხარეებმა რუსეთ-საქართველოს ომიდან და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებიდან 10 წლის შემდეგ არსებულ მდგომარეობასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე ისაუბრეს.

    ყურადღება გამახვილდა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაზე. ამერიკელმა კონგრესმენებმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნეს ქართველი სამხედროების უმნიშვნელოვანესი წვლილი საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში და ქართულ მხარეს მადლობა გადაუხადეს.

    შეხვედრისას, საუბარი ასევე შეეხო აშშ-საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავებას ეკონომიკურ სფეროში, მათ შორის სავაჭრო შეთანხმებების გაფორმების კუთხით.

    საუბრისას, ასევე ყურადღება დაეთმო რეგიონში არსებულ ვითარებას.

    შეხვედრას კონგრესმენი რიკ კროუფორდი, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეტ რუდი, ხოლო საქართველოს მხრიდან - ვიცე-პრემიერები - გიორგი გახარია და მაია ცქიტიშვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დაესწრნენ.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური