სამმხრივი შეხვედრა ბათუმის მინისტერიალის ფარგლებში

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 08 ივნისი 2016 14:36

მწვანე ეკონომიკის განვითარება პანევროპულ რეგიონში, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება უკეთესი გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისთვის და განათლება მდგრადი განვითარებისთვის, - ეს იყო მაღალი დონის სამმხრივი შეხვედრის ძირითადი თემები, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიისა (UNECE) და გაეროს წარმომადგენლებს შორის გაიმართა. შეხვედრისას მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების საკითხზე მსჯელობას და აღინიშნა, რომ ჯანსაღი გარემო ადამიანის კეთილდღეობის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოში, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისთვის, მუშავდება სათანადო პოლიტიკა და ინერგება ეფექტიანი მექანიზმები, ასევე შემუშავებულია ახალი საკანონმდებლო რეგულაციები. 

მხარეებმა საუბრისას ასევე განსაკუთრებით აღნიშნეს, რომ უმნიშვნელოვანესია განათლება მდგრადი განვითარებისათვის. შეხვედრის მონაწილეების შეფასებით, საჭიროა მდგრადი განვითარების შესახებ ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა და ისეთი ქცევის წესების დანერგვას, რომელიც შესაბამისობაში იქნება გარემოს დაცვასთან. შეხვედრაზე საუბარი ეკოლოგიურ გამოწვევებთან გამკლავების პროცესში საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობასაც შეეხო. სამმხრივ შეხვედრაში საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, UNECE-ის აღმასრულებელი მდივანი კრისტიან ფრის ბახი, UNECE-ის გარემოსდაცვითი განყოფილების დირექტორი მარკო კეინერი, UNECE-ის გარემოსდაცვითი განყოფილების დირექტორის მოადგილე სერჯიუს ლუდვიჩაკი, გარემოსდაცვითი სამსახურის უფროსი ჯან როდრიგესი; გარემოსდაცვით საკითხებზე ევროკომისიის გენერალური დირექტორატის საერთაშორისო პოლიტიკის, გლობალური და რეგიონალური გამოწვევების განყოფილების დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლას ჰენლი, გარემოსდაცვით საკითხებზე ევროკომისიის გენერალური დირექტორატის ინტეგრაციის პოლიტიკისა და გარემოზე ზემოქმედების შეფასების განყოფილების უფროსი ჯორჯ-სტავროს კრემლისი მონაწილეობდნენ.

წაკითხულია 289 ჯერ

Related items

  • არჩილ თალაკვაძე საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა

    პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივ წარმომადგენელს, ლუიზა ვინტონს შეხვდა. 

    არჩილ თალაკვაძემ მადლობა გადაუხადა ლუიზა ვინტონს იმ დახმარებისთვის, რომელსაც UNDP საქართველოს პარლამენტს უწევს, მათ შორის ინსტიტუციური რეფორმის კუთხით. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ UNDP-მ, ასევე დიდი წვლილი შეიტანა პარლმენტის კვლევითი ცენტრის დაარსებაში.

    მხარეებმა ისაუბრეს ახალ პროექტზეც, რომელიც შემოდგომაზე დაიწყება და UNDP კვლავ გააგრძელებს საპარლამენტო რეფორმების მხარდაჭერას.

    პარლამენტის თავმჯდომარე სტუმარს სასამართლო რეფორმის მიმდინარეობაზე, ასევე საარჩევნო რეფორმაზე და იმ კანონმდებლობაზე ესაუბრა, რომელსაც პარლამენტის მიიღებს.

    შეხვედრის ერთ-ერთი თემა იყო დეცენტრალიზაციის სტრატეგია და ამ სტრატეგიის მიღების აუცილებლობის საკითხი.

     

     

  • გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო საქართველოსა და 44 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია

    2019 წლის 4 ივნისს, ქ. ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 73-ე სესიის ფარგლებში, მიიღო საქართველოსა და 44 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“.

    გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე აღნიშნულ რეზოლუციას საქართველო 2008 წლის მაისიდან წარადგენს, რითაც განამტკიცებს დევნილთა ფუნდამენტურ უფლებებს, უპირველესად - საკუთარ საცხოვრებელ ადგილებზე ნებაყოფლობითი, უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლებას.

    აღსანიშნავია, რომ წელს გაეროს წევრ ქვეყნებს პირველად მიეცათ შესაძლებლობა, გამხდარიყვნენ რეზოლუციის თანაავტორები და ამ გზით კიდევ უფრო აქტიურად ჩართულიყვნენ ამ მნიშვნელოვანი საკითხის მოგვარებისადმი მიმართულ საყოველთაო ძალისხმევაში. მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან რეზოლუციის თანასპონსორთა რიგებს გაერო-ს წევრი 44 ქვეყანა შეუერთდა. შესაბამისად, წლევანდელი რეზოლუცია წარმოადგენს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ უკვე 44 მეტი ქვეყნის ერთობლივ ინიციატივას. თანასპონსორობით აღნიშნული რეზოლუცია ერთგვარად  უფრო წონადი გახდა, რადგან იგი უკვე არა მხოლოდ საქართველოს, არამედ 44 ქვეყნის სახელითაა, და მას უმრავლესობის მხარდაჭერა აქვს.

    რეზოლუცია გმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, ადასტურებს დევნილთა უფლებას, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ და ხაზს უსვამს მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას. ამასთან, რეზოლუცია ხაზს უსვამს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში ჰუმანიტარული საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების გადაუდებელ საჭიროებას.

    ჰუმანიტარული კონტექსტის გარდა რეზოლუციას აქვს პრაქტიკული დატვირთვა, ვინაიდან ის გაერო-ს გენერალურ მდივანს საქართველოში მცხოვრები დევნილი მოსახლეობის მდგომარეობისა და რეზოლუციის შესრულების თაობაზე ყოველწლიური ანგარიშის მომზადებას ავალებს. აღნიშნული განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მძიმე ვითარებისა და საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების არარსებობის ფონზე, რაც კიდევ ერთ დაბრკოლებას წარმოადგენს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების გზაზე.

    აღსანიშნავია, რომ რეზოლუცია მოუწოდებს ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს, გაააქტიურონ ძალისხმევა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნების პროცესს.

    რეზოლუციის წარდგენისას, გაეროსთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ბატონმა კახა იმნაძემ აღნიშნა, რომ რეზოლუცია ეფუძნება იძულებით გადაადგილების შესახებ გაეროს სახელმძღვანელო პრინციპებს. ბატონმა იმნაძემ,   ხაზგასმით განაცხადა, რომ უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკიდურესად შემაშფოთები რჩება. მოსახლეობას უწევს გატაცების, უკანონო დაპატიმრების, საკუთრების ხელყოფის, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვის, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვისა და ასევე, ეთნიკურ ნიადაგზე დისკრიმინაციის მოთმენა. საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ გენერალური მდივნის უახლესი ანგარიშის ნახვა დიდ გულისტკივილს იწვევს, სადაც აღწერილია ქართველი იძულებით გადაადგილებული პირების „ტრაგიკული დაღუპვა“ საოკუპაციო ძალის მიერ დაკავებისას. ასეთი შემთხვევები ხშირია: ბაშარული, ოთხოზორია, ტატუნაშვილი, კვარაცხელია.

    სხდომაზე აგრეთვე გაკეთდა შემდეგი მხარდამჭერი განცხადებები: სუამ-ის ქვეყნების სახელით ისაუბრა უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა; ჩრდილო ევროპული და ბალტიის ქვეყნების სახელით განცხადება გააკეთა ლიტვის მუდმივმა წარმომადგენელმა, რომელსაც მიუერთდნენ ბულგარეთი, ჩეხეთი, ირლანდია, ლუქსემბურგი, მალტა, მოლდოვის რესპუბლიკა, მონტენეგრო, ნიდერლნდები, პოლონეთი და სლოვენია. მხარდამჭერი ეროვნული განცხადებები გააკეთეს აშშ-ს, კანადის, დიდი ბრიტანეთისა და უკრაინის მუდმივმა წარმომადგემლებმა.

    მნიშვნელოვანია, ხაზი გაესვას, რომ გაერო-ს გენერალურ ასამბლეის მიერ რეზოლუციის მიღებით საქართველოს საკითხი კვლავ რჩება მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფორუმის დღის წესრიგში.

    საქართველოს დიპლომატიური სამსახური მომავალშიც არ დაიშურებს ძალისხმევას საერთაშორისო ასპარეზზე ეთნიკური წმენდის შედეგად დევნილი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების დასაცავად, რადგან აღნიშნული საკითხი, მის საბოლოო გადაჭრამდე, რომელიც გულისხმობს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების სრულ დეოკუპაციას და აღნიშნული რეგიონებიდან იძულებით გამოდევნილი მოსახლეობის საკუთარ საცხოვრებელ ადგილებზე უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებას, არის და იქნება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. 

    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მადლობას უხდის ყველა იმ სახელმწიფოს, რომელმაც მხარი დაუჭირა რეზოლუციას და გახდა ინიციატივის თანაავტორი. აღნიშნული გადაწყვეტილებით თითოეულმა ქვეყანამ კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილთა დაბრუნების უფლებას და თანდგომა გამოუცხადა თითოეულ დევნილს.

  • პრემიერ-მინისტრმა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრს უმასპინძლა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრს, კრისტოფ კასტანერს უმასპინძლა.

    შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და საფრანგეთს შორის როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში წარმატებულ თანამშრომლობაზე.

    მამუკა ბახტაძემ ხაზი გაუსვა ქართველი და ფრანგი ხალხის ურთიერთობის მრავალწლიან ისტორიას და აღნიშნა, რომ საფრანგეთი რთულ წლებში ყოველთვის გვერდით ედგა საქართველოს, რასაც ქართველი ერი არასოდეს დაივიწყებს.

    საუბარი შეეხო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს და ევროპასთან თავისუფალი მიმოსვლის პოლიტიკურ და პრაქტიკულ მნიშვნელობას, ასევე, ევროკავშირში საქართველოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებულ საკითხებს. მთავრობის მეთაურმა ფრანგულ მხარეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

    შეხვედრისას ასევე ყურადღება დაეთმო სამართალდაცვითი და უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ თანამშრომლობას. ამ კონტექსტში აღინიშნა მინისტრ კასტანერის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოსა და საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის გაფორმებული შეთანხმების მნიშვნელობა, რომელიც დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში ორი ქვეყნის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას ისახავს მიზნად.

    პრემიერ-მინისტრმა საფრანგეთთან ნაყოფიერი და შედეგებზე ორიენტირებული თანამშრომლობის მეტი გაღრმავების მზადყოფნა დაადასტურა.

    მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია დაესწრო.

  • გიორგი გახარია ევროკომისიის მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში გენერალური დირექტორის მოადგილეს შეხვდა

    შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია, ევროკომისიის საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში გენერალური დირექტორის მოადგილეს, სიმონ მორდიუს შეხვდა.

     შეხვედრაზე საქართველოს მოქალაქეების ევროკავშირში უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული მიმდინარე საკითხები განიხილეს. მხარეებმა ხაზი გაუსვეს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პოლიტიკურ და პრაქტიკულ მნიშვნელობას ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესში.

     მინისტრმა ევროკომისიის წარმომადგენელს უვიზო მიმოსვლის პროცესში წარმოქმნილი გამოწვევების საპასუხოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული ღონისძიებები გააცნო. გენერალური დირექტორის მოადგილემ დადებითად შეაფასა Frontex-სა და Europol-თან არსებული თანამშრომლობა, პოლიციის ატაშეების ქსელის გაფართოვება, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ რეადმისიის შესახებ შეთანხმების წარმატებით განხორციელება.

     ეფექტიანი უვიზო მიმოსვლის უზრუნველსაყოფად, მხარეები ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვის აუცილებლობაზე შეთანხმდნენ. უსაფრთხოების მიმართულებით არსებული გამოწვევებისა და არალეგალური მიგრაციის შემცირების მიზნით, სიმონ მორდიუმ შინაგან საქმეთა მინისტრს ევროკავშირის მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმა გააცნო. აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის მზაობას საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისა და უსაფრთხოების სფეროში ერთობლივი ძალისხმევის გაძლიერებისთვის.

     შინაგან საქმეთა მინისტრმა სტუმარს მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების აქტიური მხარდაჭერისთვის.

  • შეხვედრა კორეის რესპუბლიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან

    ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი საქართველოში კორეის რესპუბლიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს კიმ სე ვუნგს შეხვდა.

    შეხვედრაზე ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. კორეის რესპუბლიკა მნიშვნელოვანი მიზნობრივი ტურისტული ბაზარია საქართველოსთვის.

    შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის ჩარტერული ავიარეისების მნიშვნელობას.

    მაისის ბოლოდან სამხრეთ კორეის ავიაკომპანია Korean Air სეული-თბილისის მიმართულებით ჩარტერეულ ავიარეისებს განაახლებს.

    ავიაკომპანია Korean Air მსოფლიოს 44 ქვეყანაში, 127 ქალაქში ასრულებს რეისებს.

    სტატისტიკური მონაცემებით, 2019 წლის 3 თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით სამხრეთ კორეიდან საქართველოში +15.3%-იათ მეტი საერთაშორისო ვიზიტი შედგა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური