საქართველოს პრეზიდენტმა სტრასბურგსა და ბრიუსელში ვიზიტი დაიწყო

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 06 ივნისი 2016 15:59

გიორგი მარგველაშვილმა სტრასბურგსა და ბრიუსელში სამუშაო ვიზიტი დაიწყო. 

ევროკავშირის აღმასრულებელ და საკანონმდებლო ოფიციოზთან შეხვედრებზე განსახილველ საკითხებს შორისაა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებისა და ვარშავის სამიტისთვის მზადების საკითხები.

როგორც ვიზიტის დაწყების წინ, პრეზიდენტის საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა თენგიზ ფხალაძემ განაცხადა, უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს, აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით ევროკავშირის წარმომადგენლებთან მუშაობას.

"საქართველოს შესრულებული აქვს ყველა ის მოთხოვნა, რაც გათვალისწინებული იყო სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით. განიხილება აღნიშნული საკითხი და ძალიან ახლოს ვართ პოლიტიკურ გადაწყვეტილებასთან.

გასათვალისწინებელია, რა თქმა უნდა, ის ფონი და გარემო, რომელიც არსებობს ევროკავშირში - საკუთარი შიდაპრობლემებით, მათ შორის, იგივე დევნილებთან და ლტოლვილებთან დაკავშირებით.

უაღრესად მნიშვნელოვანია ასევე, ჩვენი თნამშრომლობის სხვა პერსპექტივები. მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების განხილვას და საქართველოში და ჩვენს რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების გარემოს.

ასევე განხილული იქნება საარჩევნო თემატიკა, არჩევნებისთვის მზადება და ის ნაბიჯები, რამაც საქართველოს ხელი უნდა შეუწყოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში შემდგომი ინტეგრაციისათვის", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა თენგიზ ფხალაძემ.

დღეს, სტრასბურგში, ქვეყნის პირველი პირი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ტორბიორნ იაგლანდს, ევროპის სახალხო პარტიისა და სოციალ - დემოკრატების ალიანსის ლიდერებს შეხვდება.

გიორგი მარგველაშვილი ევროპის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე სიტყვით გამოვა და ევროპარლამენტარების შეკითხვებსაც უპასუხებს.

ხვალ, სტრასბურგში დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის ორმხრივი შეხვედრები ევროპის პარლამენტის პრეზიდენტ მარტინ შულცთან და ევროპის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის  თავმჯდომარე ელმარ ბროკთან.

 

წაკითხულია 498 ჯერ

Related items

  • ევროსაბჭო მაყურებელს ქართული ფილმების კვირეულს ონლაინ რეჟიმში სთავაზობს

    ახალი კორონავირუსის /COVID-19/ პანდემიის გამო, ევროპის საბჭო მაყურებელს ქართული ფილმების ონლაინ-კვირეულს სთავაზობს. ამ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.

    „2019 წლის 27 ნოემბერს საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. ამასთან დაკავშირებით სტრასბურგმა არაერთ კულტურულ ღონისძიებას უმასპინძლა. მათ შორის იყო ქართული ფილმების რეტროსპექტივა, რომელიც მარტის თვეში კინოთეატრ „ოდისეში“ გაიმართა.

    ამჯერად, COVID-19-ის პანდემიის გამო, ევროპის საბჭო მაყურებელს ქართული ფილმების კვირეულს ონლაინ რეჟიმში სთავაზობს“, – აცხადებენ ეროვნულ კინოცენტრში.

    მათივე ინფორმაციით, 15 მაისის ჩათვლით მოცემულ ვებგვერდზე კინომოყვარულები შემდეგი ქართული ფილმების ნახვას შესძლებენ:

    ლანა ღოღობერიძის „ოქროს ძაფი“
    ზაზა ხალვაშის „ნამე
    ნუცა ალექსი-მესხიშვილის „კრედიტის ლიმიტი“
    ნინო ჟვანიას „აღლუმი“
    ლევან თუთბერიძის „მოირა
    ლევან კოღუაშვილის „შემთხვევითი პაემნები“
    დიმიტრი ცინცაძის „ჩაისუნთქე-ამოისუნთქე
    სალომე ჯაშის „დაისის მიზიდულობა“
    რატი ონელის „მზის ქალაქი“

  • ემანუელ მაკრონმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მიერ კორონავირუსთან ბრძოლაში განხორციელებულ ღონისძიებებს

    საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მიერ კორონავირუსთან ბრძოლაში განხორციელებულ ღონისძიებებს - საფრანგეთის პრეზიდენტი მიესალმება პანდემიის შემდგომ პერიოდში საქართველოსთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობას ტურიზმისა და ჯანდაცვის სფეროებში

    საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ტელეფონით საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს საქართველოსა და საფრანგეთში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ მდგომარეობაზე ესაუბრა.
     
    ემანუელ მაკრონმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მიერ ვირუსთან ბრძოლის პროცესში გატარებულ ეფექტიან ზომებს. 
     
    საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, დღეს პანდემიასთან დაკავშირებით შექმნილმა ვითარებამ ყველას დაანახა, რომ საქართველოს მაღალი დონის და ძლიერი ჯანდაცვის სისტემა აქვს და ეს სისტემა საფრანგეთთან თანამშრომლობით კიდევ უფრო გაძლიერდება. 
     
    საფრანგეთის პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტის აღნიშნულ წინადადებას საინტერესო უწოდა და განაცხადა, რომ ამ საკითხზე აქტიური მუშაობა გაგრძელდება.
     
    პრეზიდენტებმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი განიხილეს. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, პანდემიით გამოწვეული კრიზისის მიუხედავად, ევროკავშირმა საქართველოსთან მჭიდრო პარტნიორობა უნდა გააგრძელოს. ევროკავშირთან პარტნიორობისა და თანამშრომლობის გაღრმავების კონტექსტში საუბარი შეეხო ასევე, ევროპისათვის შავი ზღვის სტრატეგიულ მნიშვნელობას ტრანსპორტირების, საკაბელო სისტემების (კავშირგაბმულობის) და უსაფრთხოების თვალსაზრისით.
     
    საქართველოს პრეზიდენტმა კრიზისის შემდგომ ტურიზმის გახსნასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრა, რაზეც ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ იგი მხარს უჭერს უსაფრთხო ტურიზმის კონცეფციას და მიესალმება საქართველოსთან ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას.  
     
    სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ კრიზისზე და ბორდერიზაციის პროცესის განახლების შესახებ ესაუბრა. საქართველოს პრეზიდენტმა კონფლიქტის გადაჭრის პროცესში საერთაშორისო თანამეგობრობის მაღალ პოლიტიკურ დონეზე ჩართულობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

  • "ჩვენ ერთად უნდა ვიზრუნოთ რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნებასა და მშვიდობის განმტკიცებაზე"

    საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში, საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა.

    პრეზიდენტმა და სომხეთის პრემიერმა პირისპირ შეხვედრაზე საქართველო - სომხეთის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებისვის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. აღინიშნა, რომ სომხეთის პრემიერის ვიზიტი ხელს შეუწყობს საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული კეთილმეზობლური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას. ,,ჩვენ ერთად უნდა ვიზრუნოთ რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნებასა და მშვიდობის განმტკიცებაზე“, - აღინიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

  • ხვალიდან ორბელიანების სასახლეში ემიგრანტებთან რეგულარული შეხვედრები დაიწყება

    საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, ორბელიანების სასახლეში 18 თებერვლიდან დაიწყება ემიგრანტებთან რეგულარული შეხვედრები. შეხვედრები ყოველი კვირის სამშაბათსა და ხუთშაბათს გაიმართება.
    უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები შეძლებენ მათთვის საინტერესო საკითხებზე ინფორმაციის მიღებას, როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორის საქმეთა დეპარტამენტის წარმომადგენლებისგან.
    ასევე, 18 თებერვალს პრეზიდენტის სასახლეში გაიხსნება სივრცე ემიგრანტების და უცხოეთის დიასპორების წარმომადგენელთა შეხვედრებისთვის.

  • ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას გააგრძელოს კონსულტაციები

    ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ გააგრძელოს კონსულტაციები და მიაღწიოს შეთანხმებას საარჩევნო სისტემის საკითხზე, - ამის შესახებ სტრასბურგში ვიზიტით მყოფმა საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, პარლამენტის ყოფილმა სპიკერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

    ირაკლი კობახიძე იმედს გამოთქვამს, რომ კონსულტაციების საფუძველზე შეთანხმება მიღწეული იქნება.

    „პირდაპირი ტექსტით ეწერა პროექტში, რომ უნდა შეთანხმებულიყვნენ პოლიტიკური პარტიები 2020 წელს პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით. სიტყვა“პროპორციული“ იქნა ამოღებული, გამომდინარე იქიდან, რომ საარჩევნო სისტემის შერჩევა არის სახელმწიფოს სუვერენული უფლება. მოგვიწოდებენ, რომ გავაგრძელოთ ჩვენ კონსულტაციები და მივაღწიოთ შეთანხმებას საარჩევნო სისტემის საკითხზე. იმედი გვაქვს, რომ კონსულტაციების საფუძველზე შევთანხმდებით“, - აღნიშნა საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა.

    შეგახსენებთ, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, „ქართულ ოცნებას“ მიმართავს.

    რეზოლუციაში, რომელიც ასამბლეამ მიიღო, ევროსაბჭო მმართველ პარტიას მოუწოდებს, 2020 წლის არჩევნებამდე უზრუნველყოს ისეთი საარჩევნო სისტემა, რომელიც ყველა მხარის ნდობითა და მხარდაჭერით ისარგებლებს.

    ავთანდილ ოთინაშვილი, სტრასბურგი

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური