სახელმწიფო პროგრამა სამუშაოს მაძიებელთათვის

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 27 მაისი 2016 17:18

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მინისტრთა კაბინეტმა სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამას განიხილა. პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, აღნიშნული პროგრამა მთავრობის 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმის შემადგენელი უმნიშვნელოვანესი ნაწილია. 
საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მთავრობის წევრებს პროგრამის შესახებ ინფორმაცია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მიაწოდა.
„პროგრამას ახასიათებს რამდენიმე საკვანძო საკითხი: პირველი, ეს არ არის უბრალო შუამავლობა დამსაქმებელს და სამუშაოს მაძიებელს შორის, არამედ ეს არის კერძო, სახელმწიფო თანამშრომლობაზე, პარტნიორობაზე დაფუძნებული მოდელი, რომელიც მოიცავს მნიშვნელოვან ფაქტორებს. ერთ-ერთი მათგანი არის ის, რომ პოტენციური დამსაქმებელი აქტიურ მონაწილეობას მიიღებს კადრების გადამზადებაში, მათი სასწავლო ცენტრების საშუალებით, რაშიც ასევე ჩართული იქნება სახელმწიფო."ჩვენი შეფასებით, ეს იქნება ძალიან მაღალი წარმატების პროექტი, რომელსაც რეალური შესაძლებლობები ექნება და ეს პროექტი თავის შინაარსით ცალსახა თანხვედრაშია მთავრობის 4 სტრატეგიულ რეფორმასთან“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.
სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის მიზანია შრომის ბაზრის მოთხოვნად პროფესიებში სამუშაოს მაძიებელთა კონკურენტუნარიანობის ამაღლება (მოხდება მათი პროფესიული მომზადება-გადამზადება და სამუშაო ადგილებზე შემდგომი სტაჟირება) და ამ გზით სამუშაოს მაძიებელთა დასაქმების ხელშეწყობა.

წაკითხულია 625 ჯერ

Related items

  • პერსონალის გაცვლის პროგრამა ქუთაისს საინვესტიციო პორტფოლიოს შემუშავებაში ეხმარება

    ქუთაისი, საქართველო, 2019 წლის 21 აგვისტო- ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტმა ნიდერლანდების სამეფოს ქ. დელფტიდან კოლეგას უმასპინძლა. იგი საქართველოში ევროკავშირის ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ პერსონალის გაცვლის ხუთდღიანი პროგრამის ფარგლებში იმყოფება და მისი ვიზიტის მიზანი „ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმის“ (LEDP) ერთ-ერთი საკვანძო კომპონენტის - ქალაქის საინვესტიციო პორტფოლიოს შემუშავებაში ქუთაისისთვის დახმარების აღმოჩენაა.

    პერსონალის გაცვლის პროგრამის მონაწილე ნიდერლანდებიდან, ბატონი გიდო ტენ დოლე, რომელიც ქ. დელფტის ურბანული და ეკონომიკური განვითარების პორტფოლიოს ხელმძღვანელობს, შეხვდა ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებსა და საკრებულოს წევრებს, აგრეთვე, კერძო სექტორის, თავისუფალი ინდუსტრიული ზონებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებს. მათ განიხილეს ქუთაისის ურბანული და ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობები. ამასთან, ბატონმა ტენ დოლემ კოლეგებს გაუზიარა თავისი ცოდნა პოლიტიკის სტრატეგიებისა და ეკონომიკური ზრდის სფეროებში.

     „ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმის“ მიხედვით, ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მიზანია ინვესტორების მოზიდვა, ქალაქის საერთაშორისო ცნობადობის ამაღლება და ინკლუზიური ეკონომიკის განვითარება. ამ მიზნების მისაღწევად, პერსონალის გაცვლის ხუთდღიანი პროგრამის გამოცდილების საფუძველზე, ქუთაისის მუნიციპალიტეტმა შეიმუშავა საინვესტიციო პორტფელიოს კონცეფცია ახალი ხედვით, რომელიც ყურადღებას ამახვილებს ტურიზმის, ინდუსტრიული ზონებისა და უმაღლესი განათლების სფეროებზე. პორტფოლიოს საბოლოო ვერსიის შემუშავებას ქუთაისი 2019 წლის ბოლომდე გეგმავს.

    ქუთაისის მერის მოადგილემ, ქალბატონმა ნინო თვალავაძემ განაცხადა, რომ „ქუთაისისთვის ძალიან შედეგიანი იყო ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ პერსონალის გაცვლის პროგრამაში მონაწილეობა. ვმუშაობთ ჩვენი ქალაქის ეკონომიკური განვითარების გეგმაზე და ამ ეტაპზე ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო პროფესიული რჩევები ქუთაისის როგორც საინვესტიციო შესაძლებლობის წარმოჩენის შესახებ. ქ. დელფტმა შეძლო საუნივერსიტეტო სექტორის დახმარებით საკუთარი საინვესტიციო პორტფოლიოს წარმატებით შემუშავება და განხორციელება. ამ მხრივ ჩვენ მსგავსი შესაძლებლობები გვაქვს. აქედან გამომდინარე, ბატონი გიდო ტენ დოლეს ექსპერტიზა განსაკუთრებით საინტერესო და პროდუქტიული იყო“.

    თავის მხრივ, ქ. დელფტის ურბანული და ეკონომიკური განვითარების დირექტორმა, ბატონმა გიდო ტენ დოლემ აღნიშნა: „შეგვიძლია, თვალი გადავავლოთ განვლილ ძალიან ინტენსიურ კვირას, რომლის განმავლობაშიც ვესტუმრეთ ბევრ ადგილს და წარმოებას; გვქონდა სიღრმისეული დისკუსია მერის მოადგილესთან, საკრებულოს რამდენიმე წევრთან, დამსაქმებლების ორგანიზაციებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან; განვიხილეთ საინვესტიციო პორტფოლიოს შემუშავების საუკეთესო მეთოდები. გვაქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი იდეა სამომავლო ნაბიჯების შესახებ. ქუთაისს აქვს დამატებითი ინვესტიციების მოზიდვის დიდი პოტენციალი. წარმატებისთვის აუცილებელი იქნება ამ მხრივ მეტი კონცენტრირება და პრიორიტეტების მკაფიოდ გამოკვეთა“.

    აღნიშნული გაცვლითი ვიზიტის შეფასებისას, ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ კოორდინატორმა საქართველოსა და აზერბაიჯანში, ბატონმა ზვიად არჩუაძემ განაცხადა, რომ „ქუთაისი საქართველოდან უკვე მეორე ხელმომწერია, რომელმაც წელს ამ პროგრამაში მიიღო მონაწილეობა. მოხარულები ვართ, რომ პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს და რომ ქუთაისში გამართული შეხვედრები ძალიან პროდუქტიული იყო. პერსონალის გაცვლის პროგრამის შეხვედრებისა და გამოცდილების გაზიარების წყალობით, ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტი მალე შეძლებს ახალი საინვესტიციო პორტფოლიოს მომზადებას და ამ გზით ქალაქის ეკონომიკურ განვითარებაში დამატებითი წვლილის შეტანას.“

    პერსონალის გაცვლის პროგრამა, რომელიც ევროკავშირის ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ფარგლებში ფუნქციონირებს, ევროკავშირის ქვეყნების მუნიციპალიტეტების თანამშრომლებს აგზავნის პროგრამის მონაწილეებთან თავიანთი გამოცდილების გაზიარებისა და დახმარების აღმოსაჩენად. ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ პერსონალის გაცვლის პროგრამაში ქუთაისამდე ივლისში, პოლონეთის ქ. კოსტრჟინის დელეგაცია ბაღდათის მუნიციპალიტეტს სტუმრობდა ბაღდათის, როგორც ტურისტული დანიშნულების ადგილის, წახალისების სფეროში თავიანთი ქართველი კოლეგების დახმარების მიზნით.

    ინიციატივა  „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“

    ევროკავშირის ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ (M4EG) განხორციელება 2017 წელს აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს სახელმწიფოში დაიწყო. მისი მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობების შესაძლებლობების გაძლიერება ადგილობრივი ეკონომიკის ზრდის სტიმულირების და სამუშაო ადგილების შექმნისთვის. 2019 წლის ზაფხულის მონაცემებით, ინიციატივას უკვე შეუერთდა 300 ადგილობრივ ადმინისტრაციაზე მეტი. მათი უმრავლესობა „უმცროსიდან“ „მოქმედ“ წევრად დაწინაურდა მას შემდეგ, რაც მათ შეიმუშავეს და დაიწყეს „ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმების“ განხორციელება. მოქმედი წევრების დასახმარებლად, ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ სამდივნომ დანერგა „პერსონალის გაცვლის პროგრამა“, რომლის ფარგლებშიც ევროკავშირის ქვეყნებიდან მუნიციპალიტეტების გამოცდილი თანამშრომლები ერთკვირიანი მისიით სტუმრობენ შერჩეულ მოქმედ წევრებს გამოცდილების გაზიარებისა და დახმარების აღმოჩენის მიზნით.

  • მაია ცქიტიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დედაქალაქ პეკინში სამუშაო ვიზიტით იმყოფება

    საქართველოს ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით, ქართული დელეგაცია  ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დედაქალაქ პეკინში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. 

    ვიზიტის ფარგლებში, მაია ცქიტიშვილი მონაწილეობას მიიღებს „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ფორუმში და  სიტყვით გამოვა „ეკონომიკურ და სავაჭრო თანამშრომლობის ზონალურ ფორუმზე“. 

    ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტრანსპორტის სამინისტროში მაია ცქიტიშვილი და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრი ლი სიაოპენგი ხელს მოაწერენ 2019 წლის 5-6 მარტს მხარეების მიერ პარაფირებულ შეთანხმებას „საქართველოსა და ჩინეთის მთავრობებს შორის საერთაშორისო სახმელეთო ტვირთების გადაზიდვისა და მგზავრთა ტრანსპორტირების შესახებ“. 

    დაგეგმილია შეხვედრა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამშენებლო კორპორაციის თავმჯდომარესთან. 

    ვიზიტისას განხილული იქნება ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხები. ყურადღება გამახვილდება საქართველოს ეკონომიკურ და სავაჭრო პოტენციალზე და ამ მიმართულებით სახელმწიფოს მიდგომებსა და გეგმებზე. 

    ქართული დელეგაციის შემადგენლობაში არიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი დავით ფერაძე.

  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება ტერაქტთან დაკავშირებით

    უცხოურ მედიაში გამოქვეყნდა ახალ ზელანდიაში მომხდარი ტერორისტული აქტის დროს გამოყენებული ცეცხლსასროლი იარაღის მჭიდების ფოტოსურათები. მათზე დატანილი იყო სიმბოლოები და წარწერები სხვადასხვა ენაზე, მათ შორის ქართულ ენაზეც. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში, რომელიც დღეს გავრცელდა.

    საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უკვე თანამშრომლობს სტრატეგიულ პარტნიორებთან, რათა მოხდეს დეტალური ინფორმაციის მიღება მომხდარი ტერორისტული აქტის დროს დაკავებული პირებისა და ამოღებული იარაღის შესახებ.  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უსამძიმრებს ახალი ზელანდიის მოსახლეობას მომხდარი ტერორისტული აქტის გამო, - აღნიშნულია განცხადებაში.

    შეგახსენებთ, რომ ახალ ზელანდიაში კრაისტჩერჩში ორ მეჩეთზე თავდასხმა გუშინ მოხდა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 50-მდე ადამიანი. ათეულობით  კი, დაიჭრა.  ორივე თავდასხმასთან დაკავშირებით ოთხი ადამიანია დაკავებული, მათ შორის ერთ-ერთი ავსტრალიის მოქალაქეა. ამასთან, ინტერნეტში გავრცელდა, ახალ ზელანდიაში მეჩეთზე თავდამსხმელის შაშხანის მჭიდის ფოტო, რომელზეც დავით აღმაშენებლისა და დავით სოსლანის სახელები ქართულად წერია.

    https://ssg.gov.ge/news/452/saxelmtsifo-usafrtxoebis-samsaxuris-gancxadeba 

  • შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამამ რეაკრედიტაცია 7 წლის ვადით მიიღო

    2019 წლის 29 იანვარს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამამ რეაკრედიტაცია 7 წლის ვადით მიიღო.

    ექსპერტთა დასკვნის თანახმად, პროგრამა საგანამანათლებლო სტანდარტის ხუთივე მოთხოვნას სრულად აკმაყოფილებს. დასკვნის დოკუმენტში საუკეთესო პრაქტიკიცაა აღნიშნული. 

    ჟურნალისტიკის პროგრამა “პრაქტიკოსი ჟურნალისტის მომზადებაზეა ორიენტირებული. საუკეთესო პრაქტიკად მიგვაჩნია, რომ საწარმოო პრაქტიკა ხორციელდება სხვადასხვა მედიასაშუალებებში... რაც ხელს უწყობს სტუდენტებში პრაქტიკული უნარების განვითარებას და პროფესიულ ზრდას რეალურ ჟურნალისტურ გარემოში პროფესიონალი ჟურნალისტების სამუშაო პროცესზე დაკვირვებით”, ვკითხულობთ დასკვნაში. 

    პროგრამა სექტემბრიდან სტუდენტთა ახალ ნაკადს ელოდება. კურსდამთავრებულთა პირველი ნაკადი პროგრამამ 2018 წლის ივნისში გამოუშვა.

  • PSP ჯგუფმა 2018 წლის შედეგები შეაჯამა

    2018 წელი PSP ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის წარმატებული იყო. ჯგუფში შემავალმა ყველა კომპანიამ ზრდას განაგრძო. განსაკუთრებული ზრდა ექსპორტის მიმართულებით აღინიშნა.  მხოლოდ გასულ წელს PSP ჯგუფმა სახელმწიფო ბიუჯეტში 41 500 000 ლარი გადაიხადა. ძირითადად, ეს გადასახადები  საშემოსავლო გადასახადის სახით დაფიქსირდა. აღნიშნული თანხა ქვეყნის ბიუჯეტის  ჯამური საგადასახადო შემოსავლების 0.4%-ია.

    PSP ფარმაში 2018 წლის ბოლოს მმართველობითი ცვლილებები განხორციელდა. 2019 წლის დასაწყისიდან კომპანიის გენერალურ დირექტორად ვაჟა ოქრიაშვილი, ხოლო კომერციულ დირექტორად დავით მდივანი დაინიშნა. PSP ჯგუფის პრეზიდენტის პოსტი კი გოჩა გოგილაშვილმა დაიკავა.  

    PSP ჯგუფი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დამსაქმებელია. დღეის მდგომარეობით ჯგუფში 5000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური