2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიამონიტორინგი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 20 მაისი 2016 13:23

ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) იწყებენ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიამონიტორინგს. 20 მაისს გამართულ პრეს კონფერენციაზე, მონიტორინგის დაწყების შესახებ განაცხადეს იანოშ ჰერმანმა - ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, და შომბი შარპმა - გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მოქმედმა ხელმძღვანელმა საქართველოში.   
„ხაზი მინდა გავუსვა მედიის თავისუფლებისა და ხარისხიანი გაშუქების მნიშვნელობას არჩევნების პერიოდში. ჩვენთვის საამაყოა ხელი შევუწყოთ სანდო და პროფესიულ მედიამონიტორინგს, რომელიც შექმნის მედიის შესახებ ღია დიალოგის შესაძლებლობას და წვლილს შეიტანს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაში“, - განაცხადა იანოშ ჰერმანმა, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში.
ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) 2010 წლიდან ხელს უწყობენ მედიამონიტორინგის ჩატარებას საქართველოში. 2016 წელს, ისევე როგორც წინა წლებში, მედიამონიტორინგს განახორციელებენ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები - საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, ინტერნიუს - საქართველო და სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი.
არჩევნების დაბალანსებული, მიუკერძოებელი და პროფესიული გაშუქების თვალსაზრისით შეფასდება ორმოცზე მეტი ტელეკომპანია, რადიო, ბეჭდური და ონლაინ მედია საშუალება.
„მოხარული ვარ, რომ ვთანამშრომლობთ მედიამონიტორების ასეთ გამოცდილ გუნდთან. დარწმუნებული ვარ, რომ მედიამონიტორინგი დაეხმარება ქართველ ჟურნალისტებს, შეასრულონ თავისი პროფესიული მოვალეობა არჩვენების გაშუქებისას, და ხელს შეუწყობს საზოგადოებრივ მსჯელობას დემოკრატიულ საზოგადოებაში მედიის როლის შესახებ“, - თქვა შომბი შარპმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მოქმედმა ხელმძღვანელმა საქართველოში.
საპარლამენტო არჩვენების მედიამონიტორინგი ჩატარდება 2016 წლის მაისიდან ნოემბრამდე. მონიტორინგის ანგარიშები ხელმისაწვდომი იქნება ვებ გვერდზე: www.MediaMonitor.ge და სოციალურ მედიაში: www.facebook.com/MediaMonitor.ge

წაკითხულია 546 ჯერ

Related items

  • დავით ზალკალიანმა სატელეფონო საუბარი გამართა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან

    საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სატელეფონო საუბარი გამართა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინისთან. 

    სატელეფონო საუბრისას მხარეებმა განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება.  განსაკუთრებული  ყურადღება გამახვილდა ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებულ რთულ გარემოზე.

    საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ევროკავშირის უმაღლეს  წარმომადგენელს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საოკუპაციო ხაზზე ბოლო განვითარებების შესახებ, მათ შორის გორის რ-ნის სოფელ გუგუტიანთკარში ხელოვნური ბარიერების აღმართვის და ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის თავისუფლად გადაადგილების უფლების შეზღუდვის ფაქტებზე.
     
    სატელეფონო საუბრისას კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა კონფლიქტის დარეგულირების სამშვიდობო პოლიტიკის განხორციელებაში ევროკავშირის მნიშვნელოვან როლს, განსაკუთრებით აღინიშნა ევროკავშირის მხრიდან საერთაშორისო დღის წესრიგში საქართველოს საკითხის მაღალ დონეზე შენარჩუნების აუცილებლობა.
     
    საოკუპაციო ხაზზე ბოლო პერიოდში გახშირებული ინციდენტების გათვალისწინებით, ხაზი გაესვა აღნიშნული საკითხების განხილვის აუცილებლობას, როგორც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებზე, ასევე ჟენევის მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდის ფარგლებში. ამ კონტექსტში აღინიშნა ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის საქართველოში ჩამოსვლისა და ვითარების ადგილზე გაცნობის მნიშვნელობა.
     
    საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა უმაღლეს წარმომადგენელს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობისთვის, რომელიც ადგილზე არსებული საერთაშორისო მონიტორინგის ერთადერთი მექანიზმია და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ვითარების დეესკალაციისა და უსაფრთხოების შემდგომი უზრუნველყოფისთვის.
     
    უმაღლესმა წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.

  • ევროკავშირის პრესმდივანი: „რუსეთსა და საქართველოს ურთიერთობებში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა შესაძლოა უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს ორივე ქვეყნის მოქალაქეებზე“

    „რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს ურთიერთობებში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა შესაძლებელია უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს ორივე ქვეყნის მოქალაქეებზე“, აღნიშნა ევროკავშირის პრესმდივანმა 3 ივლისს გამოქვეყნებულ განცხადებაში. „ჩვენ ვთვლით, რომ რუსეთის გადაწყვეტილება 8 ივლისიდან საქართველოს მიმართულებით ფრენების აკრძალვასთან დაკავშირებით გაუმართლებელი და არაპროპორციულია“.
    პრესმდივანმა ასევე აღნიშნა, რომ 27 ივნისიდან აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთის ორ პუნქტზე დაწესებული შეზღუდვები ძალზე უარყოფითად მოქმედებს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლებაზე და დამატებით სირთულეებს უქმნის მას.
    დასკვნის სახით ევროკავშირის პრესმდივანმა ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირის მზაობა საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მიმართ „ისეთივე ძლიერია, როგორც ყოველთვის“.

  • ბიძინა ივანიშვილის განცხადება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ

    პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, ფართომასშტაბიანი პოლიტიკური რეფორმის ინიციატივით გამოდის: 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ნულოვანი, ვიმეორებ, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში.

    საზოგადოებას მოეხსენება, რომ სწორედ „ქართული ოცნება“ იყო იმ საკონსტიტუციო რეფორმის ინიციატორი, რომლის ფარგლებშიც გადაწყდა, რომ საპარლამენტო დემოკრატიის პირობებში, არჩევნების პროპორციული სისტემა უკეთ პასუხობს ხელისუფლებაში მრავალპარტიული, და შესაბამისად, პლურალისტური პოლიტიკური წარმომადგენლობის ევროპულ სტანდარტს.

    თუმცა, იქვე დადგინდა, რომ ამ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა უფრო სწორი 2024 წელს იქნებოდა, რადგან პარტიების გაძლიერებას, მათ კრისტალიზაციას ღირებულებების გარშემო, მეტ კონსოლიდაციას და კონკურენტუნარიანობის გაზრდას გარკვეული წლები კიდევ სჭირდებოდა. სწორედ ამიტომ განისაზღვრა კონსტიტუციით გარანტირებული საარჩევნო რეფორმის ოპტიმალურ ვადად 2024 წელი, მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც დღეს მოქმედი შერეული საარჩევნო სისტემა არის აბსოლუტურად დემოკრატიული, გამართული და აპრობირებულია არაერთ ტრადიციული დემოკრატიის ქვეყანაში.

    მაგრამ ცხოვრებას თავისი კორექტივები შეაქვს ყველაფერში და ნებისმიერი პასუხისმგებლიანი მმართველი პოლიტიკური ძალის ვალია, იყოს ადეკვატური ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევებისა და რაც მთავარია, ესმოდეს საზოგადოების მაჯისცემა.

    დღეს ყველა ვხედავთ, რომ საზოგადოება ცვლილებებს ითხოვს. ჩვენი ინიციატივა კი სწორედ ფართომასშტაბიანი პოლიტიკური ცვლილების საფუძველს იძლევა.

    იმავდროულად, საზოგადოებრივ მოთხოვნას უნდა მოჰყვეს, და დარწმუნებული ვარ მოჰყვება კიდეც, სამართლებრივი შედეგებიც.

    უნდა დაისაჯოს ის, ვინც მასობრივი ძალადობის ორგანიზება მოახდინა და ისიც, ვინც ძალას გადაამეტა.

    რაც შეეხება დღევანდელ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, უპირველესი მიზეზი, რამაც ამისკენ გვიბიძგა, არის ჩვენი საზოგადოების და განსაკუთრებით, ახალგაზრდობის სურვილი და მზაობა, აქტიურად ჩაერთოს ქვეყნის მართვაში, და საკუთარ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა.

    საზოგადოების ამ სულისკვეთებასთან თანხვედრაშია ჩვენი პოლიტიკური გუნდის სურვილიც, ნებაყოფლობით ვთქვათ უარი იმ სასტარტო უპირატესობაზე, რაც შერეული საარჩევნო სისტემის პირობებში ბუნებრივად აქვს „ქართულ ოცნებას“.

    შუალედური არჩევნების შედეგებმა ყველა დაარწმუნა, რომ ქართული ოცნების ნებისმიერი კანდიდატი, პრაქტიკულად უკონკურენტოა. ფაქტია, რომ პოპულარულ ადამიანებს კვლავ „ქართული ოცნების“ ეგიდით სურთ პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლა და თუ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდა, მაღალი ალბათობით, „ქართული ოცნება“ თითქმის ყველა მაჟორიტარულ ოლქს მოიგებს, რითაც უკიდურესად შეამცირებს მრავალპარტიული პარლამენტის ფორმირების რესურსს. ეს შესაძლოა ემსახურებოდეს ჩვენს პარტიულ ინტერესს, მაგრამ ვეღარ პასუხობს ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს.

    და კიდევ ერთი მიზეზი, რაც საფუძვლად დაედო ჩვენს დღევანდელ გადაწყვეტილებას, არის ის მზარდი, გლობალური თუ ლოკალური ხასიათის, პოლიტიკური და ეკონომიკური გამოწვევები, რომლის წინაშეც დგას ჩვენი ქვეყანა და რომლებთანაც გამკლავებას სულ უფრო ხშირად დასჭირდება ფართო საზოგადოებრივი და პოლიტიკური კონსენსუსი, ერთიანობა და პასუხისმგებლობის გაზიარება, რაც მხოლოდ მაქსიმალურად პლურალისტურ გარემოშია შესაძლებელი;

    ამიტომ, ჩვენ გთავაზობთ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას. იმავდროულად, ნულზე ჩამოგვყავს, ანუ სრულად ვაუქმებთ დღეს არსებულ პროცენტულ ბარიერს და იმედი გვაქვს, რომ ამ გზით, 2020 წელს მივიღებთ პარლამენტს, სადაც თითქმის ყველა პოლიტიკური აქტორი და ამ ქვეყნის მთელი ინტელექტუალური პოტენციალი იქნება წარმოდგენილი. არავის დასჭირდება ვინმესთან მიკედლება, ხელოვნური გაერთიანება და ხშირად საკუთარ პრინციპებზე უარის თქმა, რათა თავისი წვლილი შეიტანოს ქვეყნის განვითარებასა და წინსვლაში.

    ჩვენი პოლიტიკური გუნდი მზადაა, მიმდინარე სასესიო კვირის დასრულებისთანავე, დაიწყოს ფართო კონსულტაციები, საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკურ პარტიებთან. ყველასთან, ვინც მზად არის კონსტიტუციისა და კანონის უპირობო პატივისცემის ფარგლებში ეწეოდეს აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას.

  • ევროკავშირის რეაქცია საქართველოში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებზე

    21 ივნისს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ და აშშ-ს საელჩომ თბილისში შემდეგი განცხადება გააკეთეს ქვეყანაში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებზე:
    „ძალიან დიდი ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენებს საქართველოს პარლამენტთან თბილისში ამ საღამოს“, ნათქვამია განცხადებაში. „ჩვენ ვაცნობიერებთ იმ ტკივილს, რომელსაც დღეს გრძნობს უამრავი ადამიანი“.
    „მოვუწოდებთ მხარეებს შეინარჩუნონ სიმშვიდე, გამოავლინონ თავშეკავება და მუდმივად იმოქმედონ კონსტიტუციის ფარგლებში“, აღნიშნულია განცხადებაში დასკვნის სახით.

  • შილდის ღვინის ქარხანა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის მდგრადი ენერგეტიკის კონკურსის გამარჯვებულად გამოცხადდა

    18 ივნისს ევროკავშირმა გამოაცხადა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის მდგრადი ენერგეტიკის კონკურსის გამარჯვებული დაჯილდოვების ცერემონიაზე ბრიუსელში. კონკურსის პირველი სერიის გამარჯვებულია შილდის ენერგოეფექტური მეღვინეობა საქართველოდან.

    2014 წელს დაარსებული შილდის მეღვინეობა კახეთში, საქართველოს მეღვინეობის წამყვან რეგიონში მდებარეობს. ევროკავშირის და ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის მიერ მხარდაჭერილ კავკასიის ენერგოეფექტურობის პროგრამაში (ენერგოკრედიტი საქართველო) მონაწილეობით, კომპანიამ დაიწყო ღვინის წარმოების ენერგოეფექტური ეკოლოგიური პროცესი, რამაც ის რეგიონში პირველ ეკოლოგიურ ღვინის მწარმოებლად აქცია. დღეს, ღვინის ქარხანა 60%-ით ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარს, ხოლო მისი ყოველწლიური დანაზოგი ელექტროენერგიის ხარჯზე 60,000 ევროზე მეტს შეადგენს.

    აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის ჩატარებული ევროკავშირის მდგრადი ენერგეტიკის კონკურსის პირველ ტურში მონაწილეობდა 50-ზე მეტი განაცხადი 6 ქვეყნიდან, რაც მოიცავდა ძალზე მრავალფეროვან შემოქმედებით, მაღალეფექტურ გადაწყვეტილებებს ენერგოეფექტურობის და განახლებადი ენერგიის გამოყენების კუთხით საზოგადოებისა და ბიზნესის სასარგებლოდ. ჟიურიმ 6 ფინალისტი შეარჩია, მათ შორის: ბიომასით გათბობის გადაწყვეტილებები სასოფლო განვითარებისთვის (სომხეთი), განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარება ნოვოგრუდოკის რაიონში (ბელარუსი), ბიომასა და ენერგოეფექტურობა „პრიჩინდელის“ საბავშვო ბაღში ბუსილაში (მოლდოვის  რესპუბლიკა), შპს ქართული ღვინო და ღვინის მწარმოებელი კომპანია - მეღვინეობა შილდა (საქართველო), ენერგიის მოხმარების და CO2-ის ემისიის შემცირება დოლინაში (უკრაინა), ტრენინგი უმაღლეს ინჟინერიაში ეკოლოგიურად მდგრადი სამრეწველო განვითარებისთვის (უკრაინა).

    შერჩეული 6 ფინალისტი მონაწილეობდა საჯარო კენჭისყრაში, რომელიც ონლაინ რეჟიმში, ორი კვირის განმავლობაში, 2019 წლის 28 აპრილიდან 9 მაისამდე მიმდინარეობდა. ყველა ხმა იქნა დათვლილი და დადასტურებული. მოქმედი ხმები დაემატა ჟიურის ხმებს საბოლოო გამარჯვებულის გამოსავლენად.

    ევროპის მდგრადი ენერგეტიკის კონკურსი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის ტარდება ევროკავშირის მდგრადი ენერგეტიკის კვირეული 2019-ის (EUSEW) ფარგლებში და მონაწილეობის მისაღებად პირველად იყო მიწვეული აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყანა (აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვის რესპუბლიკა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა). კონკურსის მიზანია ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი წარმატებული პროექტების გამოვლენა ენერგოეფექტურობის და განახლებადი ენერგიის სფეროში, რომლებიც უშუალოდ ეხმარება მოქალაქეებს და საზოგადოებას ენერგიის დაზოგვაში ან ენერგიის მდგრად წყაროებზე გადასვლაში.

    დამატებითი ინფორმაციისთვის: http://bit.ly/2KYV25C 

    ***

    ინიციატივა EU4Energy მოიცავს ევროკავშირის მთლიან მხარდაჭერას, რომლის მიზანია ენერგომომარაგების, ენერგეტიკული უსაფრთხოების და კავშირის გაუმჯობესება, ასევე ენერგოეფექტურობის მხარდაჭერა და განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში - აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვის რესპუბლიკაში, საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში. აღნიშნულს ინიციატივა ახორციელებს პროექტების და პროგრამების დაფინანსებით, რომლებიც ხელს უწყობს ენერგეტიკის ბაზრების რეფორმირებას, ქვეყნების ენერგოდამოკიდებულების და ენერგიის მოხმარების შემცირებას. გრძელვადიან პერსპექტივაში ენერგომომარაგება გახდება უფრო საიმედო, გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი, რაც შეამცირებს ენერგეტიკულ დეფიციტს და ენერგიაზე ხარჯებს როგორც მოქალაქეების, ისე კერძო სექტორისთვის.

    დამატებითი ინფორმაცია: www.EU4Energy.eu

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური