საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის ჩარჩო შეთანხმებას

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 13 მაისი 2016 14:53

დღეს   „საქართველოს მთავრობასა და  საუდის არაბეთის სამეფოს მთავრობას შორის თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო“ შეთანხმებას  ხელი მოეწერა. შეთანხმების ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა. დოკუმენტს  საქართველოს მხრიდან  ხელი მოაწერა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ, ხოლო საუდის არაბეთის მხრიდან საქართველოში საუდის არაბეთის სამეფოს ელჩმა, მესაად იბრაჰიმალ-სულაიმმა.

აღნიშნული ჩარჩო შეთანხმება წარმოადგენს ორ ქვეყანას შორის სახელშეკრულებო-სამართლებრივი ბაზის საფუძველს, რომელსაც შემდგომში მოჰყვება ორმხრივი შეთანხმებების გაფორმება სხვადასხვა სფეროებში.  დოკუმენტი ხელს შეუწყობს საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის თანამშრომლობის განვითარებას მრავალი მიმართულებით, მათ შორის ისეთი სფეროებში, როგორიც არის ვაჭრობა და ინვესტიცია, ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი და სხვა.  

საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით აღნიშნული ხელშეკრულება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობაში. საქართველოსა და საუდის არაბეთს  შორის არსებობს ურთიერთობის განვითარების პოტენციალი სხვადასხვა სფეროებში. განსაკუთრებით საყურადღებოა საქართველოში საუდის არაბეთის ინვესტიციების მოზიდვის, ისევე როგორც საუდის არაბეთში საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტის ზრდის კუთხით არსებული დიდი პოტენციალი. ასევე, საკმაოდ წარმატებულია ტურისტულ სფეროში თანამშრომლობა. ამ კუთხით აღსანიშნავია 2015 წელს საუდის არაბეთიდან საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობის 80%-იანი ზრდა.

ქვეყნებს შორის გაფორმებული ჩარჩო შეთანხმება ძალაში შევა მხარეთა მიერ შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შემდგომ.

ხელმოწერის ცერემონიამდე მხარეებს შორის  გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც განხილულ იქნა საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული საკითხები და თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივები.

ყურადღება გამახვილდა უკანასკნელ პერიოდში მნიშვნელოვნად გააქტიურებულ პარტნიორობაზე მრავალი მიმართულებით. აღინიშნა მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის დინამიკა, ეკონომიკური და ბიზნეს სექტორების თანამშრომლობის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებები,   თანამშრომლობა სოფლის მეურნეობის დარგში და ასევე ხალხთაშორისი კავშირების გაფართოება.
 
აღსანიშნავია, რომ უკანასკნელ პერიოდში საქართველოსა და საუდის არაბეთის სამეფოს შორის თანამშრომლობის გააქტიურებას დიდად შეუწყო ხელი 2014 წელს რიადში საქართველოს საელჩოს გახსნამ და 2015 წელს საუდის არაბეთის მხარის მიერ საქართველოში პირველი არა-რეზიდენტი ელჩის  (რეზიდენციით ქ. ბაქო) დანიშვნამ.

წაკითხულია 763 ჯერ

Related items

  • საგარეო საქმეთა მინისტრმა დ. ზალკალიანმა სატელეფონო საუბარი გამართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა ახლადდანიშნულ მინისტრთან ჯ. ბაირამოვთან

    საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა  დავით ზალკალიანმა სატელეფონო საუბარი გამართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის  საგარეო საქმეთა ახლადდანიშნულ მინისტრთან,  ჯეიჰუნ ბაირამოვთან. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური იტყობინება.

    დავით ზალკალიანმა  აზერბაიჯანელ კოლეგას საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში. მინისტრებმა გამოთქვეს მზადყოფნა აქტიურად იმუშაონ ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრობისა და სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებისთვის.
     
    დავით ზალკალიანი დაინტერესდა აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე მიმდინარე ესკალაციით და კოლეგისგან მოისმინა ინფორმაცია შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით.

    მინისტრმა კიდევ ერთხელ გამოთქვა წუხილი ვითარების ესკალაციის გამო და აღნიშნა, რომ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირებას ალტერნატივა არ გააჩნია.

    მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ საერთაშორისო მექანიზმების, კერძოდ, ეუთო-ს მინსკის ჯგუფის აქტიური ჩართულობით შესაძლებელი იქნება სამშვიდობო მოლაპარაკების პროცესში დაბრუნება და სიტუაციის განმუხტვა.

  • ს. ზურაბიშვილი - საქართველომ დემოკრატიის ტესტები ჩააბარა და ახლა უმთავრესი სამართლიანი არჩევნების ჩატარებაა

    საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ფასილიტატორ ელჩებს შეხვდა. ამის შესახებ პრეზიდენტის პრეს-სამსახური იუწყება.

    საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა ფასილიტატორ ელჩებს პროცესში ჩართულობისათვის, რომელიც ორიენტირებული იყო ქვეყანაში სტაბილურობის გამყარებისკენ.

    როგორც საქართველოს პრეზიდენტმა დიპლომატებთან ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე აღნიშნა, საქართველომ დემოკრატიის ტესტები უკვე ჩააბაარა, მაგრამ ეს პროცესი უნდა დასრულდეს და ახლა უმთავრესი მშვიდობიანი და სამართლიანი არჩევნების სამაგალითოდ ჩატარებაა.

    ,,როგორც აქამდე, მე ვიქნები სტაბილურობის გარანტი. შეწყალებასთან დაკავშირებით მიღებული ჩემი გადაწყვეტილება სწორედ ამით იყო განპირობებული.

    სტაბილურობისა და დეპოლარიზაციისათვის მშვიდი გარემოს უზრუნველსაყოფად, მიუღებელია ფეიკნიუსები, დეზინფორმაცია, სიძულვილის ენა, ჩვენს პარტნიორებზე და სხვადასხვა ორგანიზაციებზე, მაგალითად, ლუგარის ცენტრზე თავდასხმები.

    იმისათვის, რომ საქართველომ კიდევ ერთი გამოცდა წარმატებით ჩააბაროს და სტაბილურობას არაფერი დაემუქროს, გვმართებს მეტი ყურადღება, რადგან როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ არის სხვადასხვა სახის მცდელობები. და სწორედ ამ პერიოდში უცხოელი პარტნიორების ჩართულობა და მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

    შეხვედრას ესწრებოდნენ: ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი კრისტიან ურსე, აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, გერმანიის ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში

  • დავით ზალკალიანმა უნგრელ კოლეგას მადლობა გადაუხადა COVID-19-ის პანდემიის პერიოდში გამოვლენილი სოლიდარობისთვის

    2020 წლის 6 ივლისს, საქართველოს ვიზიტით ეწვია უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო. ვიზიტის ფარგლებში, უნგრელ კოლეგას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი შეხვდა. შეხვედრაზე მინისტრებმა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხების ფართო სპექტრი განიხილეს. ამის შესახებ საგარეოს პრეს-სამსახური იტყობინება.

    დავით ზალკალიანმა უნგრელ კოლეგას მადლობა გადაუხადა COVID-19-ის პანდემიის პერიოდში გამოვლენილი სოლიდარობისთვის და საქართველოში ვიზიტის განხორციელებისათვის, რაც, პანდემიის დაწყების შემდეგ, ქვეყანაში პირველ მაღალი დონის ვიზიტს წარმოადგენს.

    მინისტრებმა განსაკუთრებით აღნიშნეს პანდემიის დროს საქარათველოსა და უნგრეთს შორის აქტიური და წარმატებული თანამშრომლობა და ურთიერთდახმარება. უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა ვირუსთან ბრძოლაში საქართველოს მნიშვნელოვან წარმატებას. მინისტრებმა აღნიშნეს არსებული პოზიტიური სურათის შენარჩუნების აუცილებლობას და ფრთხილ მიდგომებს.

    “საქართველომ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია COVID-19 პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში; ევროპაში ინფიცირებულების ყველაზე მცირე რაოდენობა სწორედ საქართველოზე მოდის. მინდა საქართველოს მივულოცო ეს წარმატება. უნგრეთიც წარმატებულია პანდემიასთან ბრძოლაში და ვფიქრობ, იმისათვის, რომ ორივე ქვეყანამ მომავალშიც შეინარჩუნოს ეს მიღწევა, ფრთხილი ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რადგან ადამიანების ჯანმრთელობა არის უმთავრესი. დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ საზღვრის გახსნის შესაძლებლობასთან დაკავშირებული საკითხები. სავსებით გვესმის, რომ საქართველომ გაახანგრძლივა ამ მხრივ შეზღუდვა. გამომდინარე იქიდან, რომ ორივე ქვეყანას წარმატებები გვაქვს ამ სფეროში, ორივე ქვეყანა ვდგამთ ფრთხილ ნაბიჯებს ამ მიმართულებით. ბევრი უნგრელია ვისაც სურს საქართველოში ჩამოსვლა. შევთანხმდით,რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც მუდმივად გაცვლის ინფორმაციას ამ მიმართულებით” - აღნიშნა პიტერ სიიარტომ შეხვედრის შემდგომ მედიისთვის გაკეთებულ განცხადებაში.

    მინისტრებმა ხაზი გაუსვეს უნგრეთის მხრიდან საქართველოს ღია და მკაფიო მხარდაჭერას, რომელსაც ქვეყანა აფიქსირებს ყველა მნიშვნელოვან საკითხში, როგორც ორმხრივ, ისე საერთაშორისო ფორუმებზე.
    თავის მხრივ, დავით ზალკალიანმა მადლიერებით აღნიშნა, რომ უნგრეთი არის საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდამჭერი. არ არსებობს არცერთი მაღალი დონის კონფერენცია, ღონისძიება, სადაც უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არ გამოხატავს მკაფიო მხარდაჭერას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. ბოლო პერიოდში ამის ნათელი მაგალითებია ნატოს მინისტერიალი და აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალი.
    შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხს. დავით ზალკალიანმა უნგრელ კოლეგას გააცნო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაცია და შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობა.
    შეხვედრაზე აღინიშნა ორი ქვეყნის წარმატებული თანამშრომლობა განათლების სფეროში, ქართველი სტუდენტებისთვის სტიპენდიის მინიჭების თვალსაზრისით და კულტურული თანამშრომლობის კუთხით.

  • დავით ზალკალიანი საქართველოში დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებს შეხვდა

    საგარეო საქმეთა სამინისტროში საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დავით ზალკალიანმა გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჰუბერტ კნირში, საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიეგო კოლასი და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩის მოადგილე ბენჯამინ ლაკოკი მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესის დეპარტამენტი ავრცელებს.

    შეხვედრაზე განხილული იქნა COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლის თემატიკა, მათ შორის ხაზი გაესვა ერთობლივი ძალისხმევის გაძლიერებისა და კოორდინაციის აუცილებლობას და გამოიხატა მადლიერება პარტნიორების მხრიდან საქართველოსათვის აღმოჩენილი დახმარების გამო. აღინიშნა, რომ პანდემიასთან მიმართებაში საქართველოში არსებული პოზიტიური ვითარების გათვალისწინებით, ახლო მომავალში შესაძლებელი იქნება საქართველოს, ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის, მოქალაქეთა მიმოსვლის აღდგენის თაობაზე საგნობრივი საუბარი საზღვრების გახსნის კონკრეტული ვადების განსაზღვრის მიზნით.

    საუბარი ასევე შეეხო სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობისა და საერთაშორისო დღის წესრიგის საკითხებს.

  • საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის კომენტარი რუსეთის ფედერაციის განცხადებაზე ლუგარის ცენტრთან დაკავშირებით

    26 მაისს, როდესაც დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველო იღებდა მეზობელი და პარტნიორი ქვეყნების მილოცვებს, გავრცელდა რუსეთის ფედერაციის საგარეო უწყების ინფორმაციის დეპარტამენტის მორიგი ცრუ ბრალდებები საქართველოში რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით.

    ხსენებული დეზინფორმაცია განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს იმ პირობებში, როდესაც ცენტრის საქმიანობა მიჩნეულ იქნა ერთ-ერთ გადამწყვეტ ფაქტორად საქართველოს მთავრობის წარმატებულ ბრძოლაში ახალი კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ და ცენტრის ფუნქციონირება ძალზე პოზიტიურად ფასდება საქართველოს საზოგადოებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან.

    საქართველოს შესაბამისი უწყებების მხრიდან არაერთხელ გაკეთდა განმარტებები ცენტრის სტატუსსა და ფუნქციონირების დეტალებზე, თუმცა რუსეთის გამუდმებული პროვოკაციები გვაიძულებს კვლავ შევეხოთ ამ საკითხს, რითაც პირველ რიგში გვსურს მივიპყროთ საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება რუსეთის უხეში მცდელობების მიმართ დააკნინონ წარმატებული ინსტიტუციის როლი საქართველოს და რეგიონალური უსაფრთხოების საქმეში.

    რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი ფუნქციონირებს როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ლაბორატორიული ერთეული. ობიექტმა ფუნქციონირება დაიწყო 2013 წელს და იგი არის დაავადებათა ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის ლაბორატორიული ქსელის უმაღლესი დონის დაწესებულება, რომელიც წარმოადგენს საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის რეფერალურ ცენტრს.

    ობიექტის მშენებლობა დაიწყო 2004 წელს, აშშ-საქართველოს მთავრობებს შორის 1997 წელს ხელმოწერილი ჩარჩო ხელშეკრულებისა და 2002 წელს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული შეთანხმების „ბიოლოგიური იარაღის განვითარებასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების, პათოგენების და გამოცდილების გავრცელების თავიდან აცილების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“, საფუძველზე.

    ლუგარის ცენტრი, მთელი აღჭურვილობით, სრულად გადმოცემულია საქართველოს მთავრობის საკუთრებაში, ხოლო 2018 წლიდან ლუგარის ცენტრის და ლაბორატორიული ქსელის სრულ დაფინანსებას უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობა. სტრუქტურულად, ლუგარის ცენტრი წარმოადგენს დავადებათა ცენტრის ქვედანაყოფს და შედის საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ინსტიტუციებში.
    ლუგარის ცენტრი აერთიანებს თანამედროვე დონეზე აღჭურვილ ბიოუსაფრთხოების მე–2 და მე–3 დონის ლაბორატორიებს,  რომელთა მიზანია ადამიანისა და ცხოველთა საშიშ დაავადებათა გამომწვევი პათოგენების დროული აღმოჩენა და იდენტიფიკაცია „ერთიანი ჯანმრთელობის“ პრინციპით.

    ცენტრში ფუნქციონირებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მიერ აკრედიტირებული 3 ვირუსოლოგიური ლაბორატორია (პოლიომიელიტის, გრიპის, წითელა–წითურას), გარდა ამისა, საერთაშორისო ხარისხის კონტროლით ფუნქციონირებს შემდეგი ლაბორატორიები: როტა ვირუსების, ინვაზიური მენინგიტების, მალარიის, ანტიბიოტიკორეზისტენტობის, დიფთერიისა და სალმონელოზების დიაგნოსტიკაში. ცენტრს გააჩნია საერთაშორისო ISO აკრედიტაცია კლინიკურ ლაბორატორიულ კვლევებში. 

    ლუგარის ცენტრის ლაბორატორიული შესაძლებლობებით ასევე სარგებლობენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია (LMA) და ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტი. დამატებით, ცენტრის შესაძლებლობებს ფართოდ იყენებენ სხვადასხვა ქვეყნების, მათ შორის მეზობელი სახელმწიფოების შესაბამისი უნივერსიტეტების მაგისტრანტები და დოქტორანტები სამეცნიერო კვლევების განხორციელების მიზნით.

    ამდენად, ცენტრის ინფრასტრუქტურაზე ნებისმიერ კვლევას თუ საქმიანობას ახორციელებენ შესაბამისი ექსპერტები მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს კომპეტენტური უწყებების კოორდინაციით. ცენტრის ამოცანების დასახვაში, ამერიკელ პარტნიორებს არანაირი როლი და ფუნქცია არ გააჩნიათ, მით უმეტეს მათ არ აქვთ რამე სახის დამოუკიდებელი კვლევის ჩატარების საშუალება.

    საქართველო პირნათლად ასრულებს ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის კონვენციის შესაბამისად, მათ შორის ბიოლოგიური ლაბორატორიების საქმიანობის წარმართვაზე კონვენციის მოთხოვნებისა და დებულებების შესაბამისად. მე-7 გადასახედი კონფერენციის ფარგლებში წევრ-სახელმწიფოების მიერ შემუშავდა გამჭვირვალობისა და ნდობის ამაღლების მექანიზმი, რომელიც გვევლინება ტრანსპარენტულობის ერთდადერთ  ინსტრუმენტად.
    სწორედ ამ მექანიზმის ფარგლებში და რიჩარდ ლუგარის სახელობის ცენტრის ტრანსპარენტულობის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველომ უმასპინძლა საერთაშორისო ვარჯიშს მოცემულ ობიექტზე 2018 წლის 14-15 ნოემბერს. აღნიშნული ღონისძიება ჩატარდა საქართველოსა და გერმანული მხარეების ორგანიზებით და მასში მონაწილეობა მიიღო უსაფრთხოებისა და ბიო-ექსპერტებმა 20-მდე ქვეყნიდან. საგულისხმოა, რომ მონაწილეობაზე შეთავაზება მიეწოდა ასევე რუსეთის მხარეს, თუმცა მიღებულ იქნა კატეგორიული უარი რუსი ექსპერტების ჩართულობაზე, რაც ნათლად ცხადყოფს რუსეთის მოჩვენებით დაინტერესებას ლაბორატორიის ფუნქციონირებით.
    იმავე წლის 4-7 დეკემბერს, გაერო-ს ჟენევის ოფისში გაიმართა ბიოლოგიური იარაღის კონვენციის წევრი სახელმწიფოების შეხვედრა, სადაც ლუგარის სახელობის ცენტრის შესახებ საერთაშორისო ექსპერტთა დასკვნამ სრული მოწონება და მხარდაჭერა დაიმსახურა.

    ამის სანაცვლოდ, რუსეთის საგარეო უწყება ეჭვის ქვეშ აყენებს წამყვანი ექსპერტების დასკვნებს, ცენტრის მონახულების შემდეგ და, რაც უფრო შემაშფოთებელია ცრუ ბრალდებები ეფუძნება გაუგებარი „ექსპერტების“ დეზინფორმაციას, რაც აქტიურად ვრცელდება მხოლოდ რუსეთის მედიის საშუალებებით და ნათლად ისახება მათი არგუმენტაციისა თუ საფუძველის არაკომპეტენტურობა და აგრესიულობა.
    რაც შეეხება, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის დეპარტამენტის კომენტარის დებულებას რუსეთის ფედერაციის ექსპერტების მიერ ლუგარის სახელობის ცენტრის მონახულების თაობაზე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო, როგორც ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის კონვენციის პასუხიმგებელი წევრი, მზად არის მომავალში და მზად იყო წინა წლებშიც მიიღოს კომპეტენტური რუსი ექსპერტები, რომლებსაც გააჩნიათ დაშვება შესაბამისი უსაფრთხოების ლაბორატორიების ინფრასტრუქტურაზე, თუმცა ხსენებული ვიზიტები შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ კონვენციის ფარგლებში არსებული მექანიზმების შესაბამისად. ამის შესაძლებლობა იყო 2018 წელს, თუმცა საკითხის განმეორებითი ინიცირების შემთხვევაში, საქართველო მზადაა განიხილოს შესაბამისი ვარჯიშის/ვიზიტის მოდალობები კონვენციის წევრ-ქვეყნებთან ერთად.

    რუსეთის უხეში და აგრესიული დეზინფორმაციის ფონზე, რომელთა ერთადერთი მიზანი შეიძლება იყოს დააკნინოს ლუგარის ცენტრის ფუნქციონირება და მის ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული კვლევები, საქართველო ვერ ხედავს ცენტრში ცალმხრივი ვიზიტის განხილვის შესაძლებლობას.

    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, პირველ რიგში ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის კონვენციის მონაწილეებს, მოწოდებით შეაფასონ რუსეთის ოფიციალური უწყების აგრესიული განცხადებები საქართველოს მიმართ, დაგმონ აშკარა დეზინფორმაცია და არ დაუშვან რეგიონში სამაგალითო ინსტიტუტის წარმატებული ფუნქციონირების ეჭვის ქვეშ დაყენება. ამ მიზნით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთთან არანაირი ორმხრივი იურიდიული ვალდებულება ამ საკითხზე არ გააჩნია, საქართველო, გამოთქვამს მზადყოფნას უმასპინძლოს მორიგ ვარჯიშს/ვიზიტს ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის კონვენციის ფარგლებში, მათ შორის რუსი ექსპერტების მონაწილეობით.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური