სპორტის მინისტრმა მოფარიკავეთა ნაკრებს წარმატება მიულოცა

გამოქვეყნებულია სპორტი
სამშაბათი, 10 მაისი 2016 12:56

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი სპორტის სამინისტროში, საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრებს შეხვდა და ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული წარმატება მიულოცა. ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში გამართულ 23-წლამდელ მოფარიკავეთა ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრების ლიდერმა სანდრო ბაზაძემ  ხმლით ფარიკაობაში ოქროს მედალი მოიპოვა.

სანდრო ბაზაძემ წარმატებით გაიარა საკვალიფიკაციო ეტაპი და ასევე მაღალ დონეზე ჩაატარა გადამწყვეტი შეხვედრები. ქართველმა სპორტსმენმა ნახევარფინალში დაძაბულ ბრძოლაში 15:13 დაამარცხა რუსი ალექსანდრ ტრუშაკოვი, ფინალში კი ხუთქულიანი უპირატესობით აჯობა იტალიელ ფრანჩესკო დ'არმიენტოს - 15:10.

აღსანიშნავია, რომ სანდრო ბაზაძე მესამედ გახდა ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული. ბაზაძემ 2013 წელს ევროპის ჩემპიონატი იუნიორებში მოიგო,  2014 და 2016 წლებში კი 23-წლამდელებში გაიმარჯვა. ამასთან, ახლახანს რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიაც მოიპოვა და საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციასთან ერთად აგვისტოში ოლიმპიადაზე გამოვა. 

პლოვდივში ინდივიდუალური პირველობის დასრულების შემდეგ გუნდური შეჯიბრება გაიმართა, რომელშიც საქართველოს 23-წლამდელ ხმლით მოფარიკავეთა ნაკრებმა, პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ევროპის ვიცე-ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრა. ახალგაზრდული ნაკრების ბიჭებმა ნახევარფინალში ბელარუსს სძლიეს 
45:42, მანამდე კი უკრაინა 45:38, ჩემპიონატის ფავორიტი, პირველ ნომრად განთესილი იტალია კი 45:42 დაამარცხეს. გუნდური შეჯიბრის ფინალი კი რუსეთის ნაკრებთან 38:45 დათმეს.

წაკითხულია 389 ჯერ

Related items

  • FIE-ს არბიტრი თათია აფციაური ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე ოფიციალურად მიიწვიეს

    ქართული ფარიკაობის კიდევ ერთი დიდი საერთაშორისო აღიარება. FIE-ს არბიტრი თათია აფციაური ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე ოფიციალურად მიიწვიეს.
    28 წლის თათია აფციაური, ხმლით ფარიკაობაში ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი და თასის მფლობელი, 2013 წლიდან FIE-ს არბიტრი, პირველი ქართველი მსაჯია, რომელიც პარალიმპიურ თამაშებზე ეტლით ფარიკაობაში გამართულ შეხვედრებს იმსაჯებს.
    იაპონიის დედაქლაქი პარალიმპიურ თამაშებს, 2020 წლის 26 აგვისტოდან 6 სექტემბრის ჩათვლით უმასპინძლებს, ეტლით ფარიკაობა 26-30 აგვისტოს ტოკიოს მაკუჰარი მესსეს საგამოფენო ცენტრში ჩატარდება.

    საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრესსამსახური

  • მინისტრმა ახალგაზრდა ძიუდოისტებს ისტორიული წარმატება მიულოცა

    განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, მოადგილე შალვა გოგოლაძესთან ერთად, მსოფლიო ჩემპიონატიდან წარმატებით დაბრუნებულ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრებს სამინისტროში შეხვდა და ისტორიული გამარჯვება მიულოცა.

    მაროკოს ქალაქ მარაკეშში გამართულ მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, ახალგაზრდა ქართველმა ძიუდოისტებმა ინდივიდუალურ შეჯიბრში 3 ოქროს, 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს და მედლების რაოდენობით გუნდურ ჩათვლაში იაპონიის შემდეგ მეორე ადგილი დაიკავეს. გუნდურ ტურნირში ჩვენი გუნდი ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

    აღსანიშნავია, რომ პირველად ისტორიაში, ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ეთერ ლიპარტელიანმა (-57 კგ) მოიპოვა და პირველი ქართველი მსოფლიო ჩემპიონი ქალი ძიუდოისტი გახდა. მსოფლიო ჩემპონის ტიტულს ვლადიმერ ახალკაცი (-81 კგ) და ლაშა ბექაური (-90 კგ) დაეფლნენ, ილია სულამანიძე (-100 კგ) ვერცხლის, ტატო გრიგალაშვილი (-81 კგ) კი ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ.

    მინისტრთან შეხვედრას ახალგაზრდული ნაკრების წევრებთან და მწვრთნელებთან ერთად, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი და ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ხაბარელი დაესწრნენ.

    შეხვედრაზე ახალგაზრდებთან ერთად იმყოფებოდნენ ვეტერანი ძიუდოისტებიც, რომლებმაც ასევე მარაკეშში გამართულ ვეტერანთა მსოფლიო ჩემპიონატზე მოიპოვეს წარმატება.

     

    მსოფლიო ჩემპიონატი ახალგაზრდა ძიუდოისტთა შორის
    მარაკეში, მაროკო 

     

    ოქრო - ეთერ ლიპარტელიანი (-57 კგ)

    ოქრო - ვლადიმერ ახალკაცი (-81 კგ)

    ოქრო - ლაშა ბექაური (-90 კგ)

    ვერცხლი - ილია სულამანიძე (-100 კგ)

    ბრინჯაო - ტატო გრიგალაშვილი (- 81 კგ)

    ბრინჯაო - საქართველოს ნაკრები (გუნდური)

  • სანდრო ბაზაძე ბრინჯაოს მედლის მფლობელია

    საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მეორე მედალი მოიპოვა - თეოდორა კახიანის ოქროს, დღეს რიოს ოლიმპიური თამაშების მონაწილემ და საქართველოს ნაკრების ლიდერმა სანდრო ბაზაძემ ბრინჯაოს მედალი შემატა , ახალი თბილისის ტერიტორიაზე მდებარე ტანვარჯიშის დარბაზში მიმდინარე ევროპირველობაზე სანდრო ბაზაძემ ხმლით ფარიკაობაში გამოსვლა დამაჯერებლად დაიწყო და ნახევარფინალში გავიდა, სადაც მომავალ ჩემპიონთან გერმანიის წარმომადგენელ მაქს ჰარტუნგთან  11:15  დამარცხდა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

    12 ივნისს, ახალი თბილისის ტერიტორიაზე მდებარე ტანვარჯიშის დარბაზში გაიმართა ფარიკაობის ევროპის ჩემპიონატის ოფიციალური გახსნის ცერემონიალი. ევროპის ჩემპიონატი 12-17 ივნისს Check in Georgia-ს ფარგლებში ჩატარდება და მასში მონაწილეობას მიიღებს 40 ქვეყნის 408 სპორტსმენი (235 ვაჟი, 173 ქალი).

    ევროპირველობის გახსნის ცერემონიალს დაესწრო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, რომელმაც ტურნირში მონაწილე სპორტსმენებს წარმატება უსურვა. ევროპირველობის გახსნის ცერემონიალს ასევე ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი და გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი.

    თბილისში ჩემპიონატზე დასაწრებად ჩამოვიდა ევროპის ფარიკაობის კონფედერაციის პრეზიდენტი სტანისლას პოზდნიაკოვიც. მოგვიანებით, ტარიელ ხეჩიკაშვილმა არჩილ გოგელიას, რომელიც წლების მანძილზე ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტი იყო სპორტის რაინდის წოდება გადასცა.

    აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა წარმატებით დაიწყო - თეოდორა კახიანმა ხმლით ფარიკაობაში ოქროს მედალი მოიპოვა! ქართველმა მოფარიკავემ ნახევარფინალური შეხვედრა უნგრელ ლიზა პუსტალს 15:12 მოუგო, ფინალურ დაპირისპირებაში კი იტალიელი როსელა გრეგორიო 15:8 დაამარცხა. ამ დრომდე ფარიკაობაში ევროპის ჩემპიონი არ გვყოლია! თეოდორა კახიანმა ისტორიული ოქროს მედალი მოიპოვა!  

    საერთო ჯამში, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე 22 სპორტსმენით წარდგება.მედლები ინდივიდუალურ და გუნდურ შეჯიბრებაში, ხმლით და რაპირით ფარიკაობაში გათამაშდება. საქართველოს ნაკრების ლიდერი, რიოს ოლიმპიური თამაშების მონაწილე სანდრო ბაზაძე ბილიკზე 15 ივნისს გავა და მედლისთვის ხმლით ფარიკაობაში იბრძოლებს. ევროპირველობის პარალელურად თბილისი ევროპის ფარიკაობის კონფედერაციის კონგრესსაც უმასპინძლებს, რომელშიც 44 ქვეყნის წარმომადგენელი ჩაერთვება.

     

  • ნინა თიბილაშვილი პარაფარიკაობაში 23-წლამდელთა შორის მსოფლიო თასის გამარჯვებული გახდა

    ჰოლანდიის ქალაქ სტადსკანალში, 23-წლამდელთა მსოფლიო თასის გათამაშებაში, ოქროს მედალი მოიპოვა და მსოფლიო თასის გამარჯვებული გახდა ქართველი პარამოფარიკავე ნინა თიბილაშვილი.

    ნინა თიბილაშვილმა რაპირით ფარიკაობაში საწყის ეტაპზე 5 შეხვედრიდან 4-ის მოგება შეძლო, პლეი-ოფში პოლონელი და თურქი სპორტსმენები 15:11 და 15:12 დაამარცხა, ფინალში კი ფრანგ პარამოფარიკავეს 15:12 აჯობა. აღსანიშნავია, რომ 23-წლამდელთა შორის ნინა თიბილაშვილმა კიდევ ერთ სახეობაში - დაშნაშიც იასპარეზა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

  • ტარიელ ხეჩიკაშვილმა მოფარიკავეებს წარმატება მიულოცა

    ბელარუსის დედაქალაქ მინსკში გამართულ ევროპის ახალგაზრდულ პირველობაზე, საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრები 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონი გახდა ხმლით ფარიკაობაში.

    ახალგაზრდა ქართველმა მოფარიკავეებმა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად მოიგეს ხმლით ფარიკაობაში გუნდური ჩემპინატი 23-წლამდელებს შორის. ფინალში საქართველოს ნაკრებმა იტალიას 45:36 სძლია, 1/2 ფინალში კი რუსეთის 23-წლამდელთა ნაკრები 45:41 დაამარცხა. რუსეთის დამარცხებამდე, ქართველმა მოფარიკავეებმა ბულგარეთს 45:34 და რუმინეთს 45:31 მოუგეს. 

    აღსანიშნავია ასევე ინდივიდუალურ გამოსვლებში, 23-წლამდელთა შორის, საქართველოს ნაკრების წევრის ლუკა ღაღანიძის მიერ ასევე პირველად ისტორიაში, რაპირით ფარიკაობაში მოპოვებული ბრინჯაოს მედალი.

    ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნების შემდეგ, საქართველოს ეროვნული და 23-წლამდე მოფარიკავეთა ნაკრების წევრებს, ფედერაციის პრეზიდენტ ზაზა მჭედლიძესთან და მწვრთნელებთან ერთად, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი ფარიკაობის დარბაზში შეხვდა და წარმატება მიულოცა. შეხვედრას მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე და სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე, ასევე ფარიკაობის ფედერაციის ოფიციალური პარტნიორის - ვი თი ბი ბანკის ვიცე-პრეზიდენტი გიორგი ბარკალაია ესწრებოდნენ. 

    ვულოცავთ ჩვენს ახალგაზრდა სპორტსმენებს ამ მართლაც გმირულ გამარჯვებას. გვიხარია და განსაკუთრებით ამაყები ვართ, რომ ევროპაში საუკეთესო გუნდი გვყავს 23-წლამდელებს შორის. ბოლო წლებია, ერთობლივი ძალისხმევით, როგორც ფედერაციის და სპორტსმენების, ასევე სამინისტროს აქტიური ჩართულობით შევძელით და ავაღორძინეთ სპორტის ეს სახეობა. 

    ზედიზედ მეორე წელია ჩვენი ახალგაზრდა მოფარიკავეები ევროპის ჩემპიონატის ფინალში ახერხებენ გასვლას, წელს ევროპის ჩემპიონობაც ვიზეიმეთ და გვაქვს ასევე წარმატებები ინდივიდუალურ გამოსვლებშიც. ასევე კარსაა მომდგარი ევროპის ჩემპიონატი უფროსებს შორის, რომელსაც თბილისი ივნისის თვეში უმასპინძლებს, სადაც ასევე წარმატების დიდი იმედი გვექნება. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მოფარიკავეები სამომავლოდ კიდევ არაერთხელ გაგვახარებენ და ნამდვილად გვაქვს წარმატების მოლოდინი 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე" - განაცხადა სპორტსმენებთან შეხვედრისას ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

    საქართველოს 23-წლამდელთა ნაკრები ხმლით ფარიკაობაში ევროპის ჩემპიონატზე გუნდურ შეჯიბრში ასეთი შემადგენლობით ასპარეზობდა - მიხეილ მარდალეიშვილი, საბა სულამანიძე, ნიკა შენგელია, ვაჟა რეჭია.

    აღსანიშნავია, რომ წლევანდელი წლის მთავარ ტურნირს, ევროპის ჩემპიონატს 11-17 ივნისს საქართველოს დედაქალაქი თბილისი უმასპინძლებს. ევროპის ჩემპიონატი ფარიკაობაში პროექტ - Check in Georgia-ს ფარგლებში ტარდება.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური