შეხვედრა კორპორაცია „ჰუალინგის“ პრეზიდენტთან

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 09 მაისი 2016 16:42

მსხვილი ჩინური კორპორაცია „ჰუალინგი" საქართველოში რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ინვესტირებას გეგმავს, - ახალი საინვესტიციო პროექტების შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და კორპორაციის პრეზიდენტმა მი ენჰუამ დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრეს.
ბუნებრივი გაზსაცავი, სასწავლო დაწესებულებები, საავადმყოფო, ავიაკომპანიის გახსნა და ჩაის მრეწველობისა და ტურიზმის განვითარება, - ეს ის პროექტებია, რომელთა განხორციელებით ინვესტორები არიან დაინტერესებულნი.
"ჩვენ უკვე რამდენიმე წელია, საქართველოში მსხვილ ინვესტიციებს ვახორციელებთ. კორპორაციის დამფუძნებელს ძალიან უყვარს საქართველო და ჩვენ ვგეგმავთ, განვაგრძოთ ინვესტირება ახალ პროექტებში, ენერგეტიკისა და განათლების სფეროებში. საუბარია როგორც ბუნებრივი გაზსაცავის მშენებლობაში მონაწილეობაზე, ასევე ჩაის მრეწველობისა და ტურიზმის განვითარებაზე. გარდა ამისა, „ჰუალინგმა" ჩინეთში შეისყიდა ავიაკომპანია, რომელიც საქართველოს ბაზარზე შემოდის", - განაცხადა შეხვედრის შემდეგ „ჰუალინგის" რეგიონული დირექტორის მოადგილე ვანგ ჰინფუმ.
საქართველოს მთავრობა ინვესტორებს პროექტების განხორციელებაში მხარს მაქსიმალურად დაუჭერს.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „ჰუალინგ ჯგუფს" შემოჰყავს ახალი ავიაკომპანია, რომელიც უკვე დარეგისტრირდა საქართველოში. „ბოინგ 737" ტიპის ორი ბორტი, რომელსაც მოგვიანებით „ბოინგ 777" ტიპის ბორტი დაემატება, საქართველოდან შეასრულებს რეისებს ევროპისა და აზიის მიმართულებით, ხოლო შემდგომში განვიხილავთ აშშ-ის მიმართულებით რეისების დანიშვნის შესაძლებლობას. გარდა ამისა, მათ აქვთ ძალიან კონკრეტული გეგმები, ჩაის პლანტაციების აღორძინების, ასევე, კულტურის და ტურიზმის მიმართულებით, რათა ორ ქვეყანას შორის ტურისტული მიმოსვლა გაიზარდოს", - განაცხადა შეხვედრის შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 

წაკითხულია 1106 ჯერ

Related items

  • საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ არმენ სარქისიანს შეხვდა.

    პირისპირ შეხვედრისას ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ კეთილმეზობლურ ურთიერთობებსა და სხვადასხვა სფეროში წარმატებულ თანამშრომლობას.

    პრემიერ-მინისტრმა სომხეთის პრეზიდენტს საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციაზე სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა.

    მხარეებმა ასევე განიხილეს სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარების კუთხით არსებული პოტენციალი და საკითხები, რომლებზე მსჯელობაც ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის ფარგლებში იგეგმება.

    საუბრისას ყურადღება დაეთმო განათლებისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობას.

    საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის პირისპირ შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. 

  • გიორგი კვირიკაშვილი თანამდებობიდან გადადგა

    საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა დაკავებული თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში რამდენიმე წუთის წინ მან საგანგებო ბრიფინგზე გაკეთდა. 
    გ. კვირიკაშვილმა გადადგომის მიზეზად მასსა და მმართველ გუნდს შორის არსებული აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა. 

    "ჩემსა და მმართველ გუნდს შორის გამოიკვეთა გარკვეული მიმართულებებით აზრთა სხვადასხვაობა, კონკრეტულად ჩემი მეთაურობით მთავრობის მიერ გატარებულ ეკონომიკურ პოლიტიკასთან დაკავშირებით. მინდა აუცილებლად აღვნიშნო, რომ ბოლო თვეების განმავლობაში განსაკუთრებულად იყო რიგი ფუნდამენტური საკითხებისა, რომელშიც პარტიის თავმჯდომარესთან მქონდა განსხვავებული მოსაზრებები. ვფიქრობ, დღეს არის მომენტი, როცა პარტიის თავმჯდომარეს უნდა მიეცეს საშუალება, რომ გუნდი დააკომპლექტოს იმ შეხედულებებიდან გამომდინარე, რომელიც მას გააჩნია"- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

    გუშინ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში მმართველი გუნდის საგანგებო სხდომა გაიმართა. სხდომას პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დაესწრო.

    შეხვედრის დაწყებამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია სამთავრობო ცვლილებების შესახებ, თუმცა შეხვედრის დასრულების შემდეგ მმართველი პარტიის წევრებმა გააკეთეს განცხადება, რომ მათ "გაერო"-ს კვლევის შედეგებთან დაკავშირებით იმსჯელეს.

    პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შედეგად, მთელი მთავრობა გადამდგარია. საქართველოს კონსტიტუციის გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის გადადგომა ან მისი უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტა მთავრობის სხვა წევრთა უფლებამოსილების შეწყვეტას იწვევს. 

    ამასთან, პრეზიდენტმა, შვიდი დღის ვადაში, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად საპარლამენტო უმრავლესობის მიერ შერჩეული კანდიდატი უნდა წარადგინოს, ხოლო თავის მხრივ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ასევე შვიდი დღის ვადაში შეარჩევს მინისტრთა კანდიდატურებს და პარლამენტს მთავრობის შემადგენლობას ნდობის მისაღებად წარუდგენს. 

    პარლამენტი მთავრობის შემადგენლობის წარდგენიდან შვიდი დღის ვადაში განიხილავს და კენჭს უყრის ნდობის გამოცხადების საკითხს. მთავრობის შემადგენლობასთან ერთად პარლამენტს დასამტკიცებლად სამთავრობო პროგრამაც წარედგინება. 

    მთავრობის ახალი შემადგენლობის შექმნამდე, ძველ შემადგენლობას მოვალეობის შესრულება ეკისრება. 

  • დიმიტრი ქუმსიშვილი ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის წევრებს შეხვდა

    პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა, რომლის დროსაც საუბარი წარიმართა საქართველოში არსებულ ბიზნეს და საინვესტიციო გარემოზე, აგრეთვე საქართველოსა და თურქეთს შორის არსებულ სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაზე. 

    აღინიშნა, რომ საქართველოსთვის თურქეთი უმსხვილესი სავაჭრო და რიგით მეორე ინვესტორი ქვეყანაა. ინტენსიური სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის მიუხედავად, ქვეყნების ბიზნეს წრეებს შორის კავშირები ვითარდება, ხოლო საქართველოში თურქული კაპიტალის მოცულობა იზრდება. 

    შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი და სსიპ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი. 

  • ზაზა სარალიძე - გიორგი კვირიკაშვილს მარტო არ შევხვდები, ულტიმატუმებს ნუ მიყენებენ

    ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე მთავრობის ადმინისტრაციასთან მივიდა, თუმცა აცხადებს, რომ მარტო პრემიერ-მინისტრს არ შეხვდება. 

    მისი თქმით, ერთი საათის განმავლობაში დაელოდება გადაწყვეტილებას შეხვედრის ფორმატთან დაკავშირებით. 

    როგორც სარალიძემ განაცხადა, მედიის წარმომადგენლებმა დატოვონ მიკროფონები და კამერები და მათთან ერთად შევა პრემიერთან შესახვედრად.
    მისი თქმით, მიუღებელია განცხადებები იმის თაობაზე, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილთან ან პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან ერთად პრემიერთან შეხვედრაზე არ შეუშვებენ.

    „ულტიმატუმებს ნუ მიყენებენ. აქ მე მარტო ჩემი შვილის სახელით აღარ ვლაპარაკობ. ჩვენს გვერდში არის მალხაზ მაჩალიკაშვილი და ყველა შვილმოკლული მშობელი. 
    რაც შეეხება განცხადებას იმის თაობაზე, რომ მარტო მიმიღებენ შეხვედრაზე, დაველოდები ერთი საათის განმავლობაში და თუ არ შემიშვებენ იმ მოთხოვნებით, რაც მე მაქვს, კარგად ბრძანდებოდნენ. მარტო პრემიერს არ შევხვდები. 6 თვე ვეხვეწე და ახლა რა უნდათ, ულტიმატუმებს აქეთ მიყენებენ? - განაცხადა ზაზა სარალიძემ. 

  • ნავთობისა და გაზის კორპორაცია ჩინელ პარტნიორებთან ერთად საქართველოში ბუნებრივ აირზე დამყარებული პეტროქიმიის შესაძლებლობებს შეისწავლის

    “ურთიერთგაგების მემორანდუმის თანახმად, ნავთობისა და გაზის კორპორაცია და ჩინური კორპორაცია „China Tianchen Engineering Corporation” საქართველოში ბუნებრივ აირზე დამყარებული პეტროქიმიის შესაძლებლობებს შეისწავლიან. შესწავლის ბოლოს, ჩვენ პოზიტიურ შედეგს მივიღებთ, რაც მოგვცემს ახალი საწარმოო მიმართულებების განვითარების შესაძლებლობას, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია,“ - ასე შეაფასა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მემორანდუმი, რომელსაც დღეს, 30 მაისს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორმა დავით თვალაბეიშვილმა და CHINA TIANCHEN ENGINEERING CORPORATION (CNCEC)-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ დაი ჰეგენმა მოაწერეს ხელი. 

    მემორანდუმის საფუძველზე, საქართველოში ქიმიური საწარმოს მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით მხარეები განაგრძობენ საქართველოში სამრეწველო ქიმიკატებისა და მინერალური სასუქების ქარხნის პროექტთან დაკავშირებული თანამშრომლობის შესაძლებლობების შესწავლას. ჩინურმა კორპორაციამ მზადყოფნა გამოთქვა, დეტალურად განიხილოს და მხარი დაუჭიროს ამგვარ პროექტებს, რომელთა განხორციელებაც საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიერ იგეგმება.

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური