საქართველოს პრეზიდენტი ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვედა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 09 მაისი 2016 14:23

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, დღეს, ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის - ბულგარეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს დანიელ მიტოვს და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილეს, გაბრიელა ბატაინი-დრაგონის შეხვდა.
საქართველოს პრეზიდენტმა ევროსაბჭოს უმაღლეს წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოს ქვეყნების მინისტრების მოადგილეების კომიტეტის დადგენილების გამო, რომელიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს მიუთითებს და რუსეთის ფედერაციას პირდაპირ აკისრებს ვალდებულებას, რომ დაიცვას იქ ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის უფლებები, როგორც ქართულ ენაზე განათლების მიღების, ისე საკუთრებისა და ადმინისტრაციულ ხაზზე გადაადგილების კუთხით.
ხაზგასმით აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, ევროსაბჭოსა და საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში საქართველოს თემატიკა აქტუალურად იყოს წამოწეული - განსაკუთრებით ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული საკითხები, რადგან როგორც ცნობილია, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არცერთ საერთაშოისო ორგანიზაციას ეძლევა ადგილზე შესაბამისი მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა.
საუბარი ასევე შეეხო საქართველოსთვის 2016-2019 წლების ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმას, რომელიც ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ 2016 წლის მარტში საქართველოს ხელისუფლებასა და ევროპის საბჭოს შორის კონსულტაციების შედეგად დამტკიცდა. მისი მიზანია გაგრძელდეს საქართველოს მხარდაჭერა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და პრეცედენტული სამართლის ეროვნულ დონეზე გატარების მიზნით, ასევე ხელი შეუწყოს ქვეყანას ინსტიტუტებისა და მათი საქმიანობის ევროპის საბჭოს სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანაში. ევროსაბჭოს დელეგაციის მიერ აღინიშნა, რომ საქართველომ წარმატებით შეასრულა ევროპის საბჭოს საქართველოსთვის დამტკიცებული წინა სამოქმედო გეგმა. თავის მხრივ, ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების ევროპეიზაციისა და დემოკრატიზაციის პროცესში ამ თანამშრომლობის განსაკუთრებული მნიშვნელობა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე საქართველოში არსებულ წინასაარჩევნო გარემოს, დემოკრატიული რეფორმების მიმდინარეობას, მედიის მდგომარეობას და საქართველოს მიერ ევროსაბჭოს წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულების საკითხს.

წაკითხულია 667 ჯერ

Related items

  • პოლიტიკური დიალოგის ფასილიტატორების ერთობლივი განცხადება საარჩევნო სისტემის ცვლილებების მიღებასთან დაკავშირებით

    დღეს გამოქვეყნდა ევროპის საბჭოს პოლიტიკური დიალოგის ფასილიტატორების ერთობლივი განცხადება საარჩევნო სისტემის ცვლილებების მიღებასთან დაკავშირებით. "ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ ამ განცხადებას:

    "გულითადად ვულოცავთ საქართველოს პარლამენტს დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას, რომლებიც მიზნად ისახავს პარლამენტში პლურალიზმის გაზრდასა და უფრო ფართო წარმომადგენლობას საკანონმდებლო ორგანოში. ვაღიარებთ, რომ ეს ცვლილებები ასახავს იმ კომპრომისებს, რომელთა მისაღწევად საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს სირთულეების გადალახვა დასჭირდათ და მივესალმებით მათ, ვინც უზრუნველყო ამ ცვლილებების წარმატებით დასრულება. ვწუხვართ, რომ 8 მარტის შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებული განსხვავებული დამოკიდებულების გამო, ზოგიერთმა პარტიამ არ მიიღო მონაწილეობა [კენჭისყრაში].

    ამჯერად, ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, ჩაერთონ ეუთო/ოდირის საარჩევნო რეფორმების რეკომენდაციების მიღებასა და შესრულებაში. ეს უაღრესად საჭირო რეფორმები ხელს შეუწყობს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო გარემოს შექმნას, რომელშიც საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ საარჩევნო ყუთებთან ხმის თავისუფლად მიცემას.

    8 მარტის შეთანხმების ვალდებულებების შესრულება, რაც გულისხმობს ისეთი ქმედებების მოგვარებას, რაც შეიძლება აღქმულ იქნას, როგორც სასამართლოსა და საარჩევნო პროცესების უმართებულო პოლიტიზაცია, კვლავაც გადამწყვეტია ქვეყანაში გამართული დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მისაღწევად, განსაკუთრებით საარჩევნო პერიოდში. ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ ამ ვალდებულებების შესრულებაზე დაკვირვებას, განსაკუთრებით, ოქტომბრის წინასაარჩევნო პერიოდში.

    დაბოლოს, გვსურს, ყველა მხარემ პატივი სცეს ჩვენს, როგორც ამ პროცესში ჩართული ფასილიტატორების როლსა და კეთილსინდისიერებას", - ნათქვამია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის განცხადებაში.

  • ევროსაბჭო მაყურებელს ქართული ფილმების კვირეულს ონლაინ რეჟიმში სთავაზობს

    ახალი კორონავირუსის /COVID-19/ პანდემიის გამო, ევროპის საბჭო მაყურებელს ქართული ფილმების ონლაინ-კვირეულს სთავაზობს. ამ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.

    „2019 წლის 27 ნოემბერს საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. ამასთან დაკავშირებით სტრასბურგმა არაერთ კულტურულ ღონისძიებას უმასპინძლა. მათ შორის იყო ქართული ფილმების რეტროსპექტივა, რომელიც მარტის თვეში კინოთეატრ „ოდისეში“ გაიმართა.

    ამჯერად, COVID-19-ის პანდემიის გამო, ევროპის საბჭო მაყურებელს ქართული ფილმების კვირეულს ონლაინ რეჟიმში სთავაზობს“, – აცხადებენ ეროვნულ კინოცენტრში.

    მათივე ინფორმაციით, 15 მაისის ჩათვლით მოცემულ ვებგვერდზე კინომოყვარულები შემდეგი ქართული ფილმების ნახვას შესძლებენ:

    ლანა ღოღობერიძის „ოქროს ძაფი“
    ზაზა ხალვაშის „ნამე
    ნუცა ალექსი-მესხიშვილის „კრედიტის ლიმიტი“
    ნინო ჟვანიას „აღლუმი“
    ლევან თუთბერიძის „მოირა
    ლევან კოღუაშვილის „შემთხვევითი პაემნები“
    დიმიტრი ცინცაძის „ჩაისუნთქე-ამოისუნთქე
    სალომე ჯაშის „დაისის მიზიდულობა“
    რატი ონელის „მზის ქალაქი“

  • ემანუელ მაკრონმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მიერ კორონავირუსთან ბრძოლაში განხორციელებულ ღონისძიებებს

    საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მიერ კორონავირუსთან ბრძოლაში განხორციელებულ ღონისძიებებს - საფრანგეთის პრეზიდენტი მიესალმება პანდემიის შემდგომ პერიოდში საქართველოსთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობას ტურიზმისა და ჯანდაცვის სფეროებში

    საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ტელეფონით საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს საქართველოსა და საფრანგეთში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ მდგომარეობაზე ესაუბრა.
     
    ემანუელ მაკრონმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მიერ ვირუსთან ბრძოლის პროცესში გატარებულ ეფექტიან ზომებს. 
     
    საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, დღეს პანდემიასთან დაკავშირებით შექმნილმა ვითარებამ ყველას დაანახა, რომ საქართველოს მაღალი დონის და ძლიერი ჯანდაცვის სისტემა აქვს და ეს სისტემა საფრანგეთთან თანამშრომლობით კიდევ უფრო გაძლიერდება. 
     
    საფრანგეთის პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტის აღნიშნულ წინადადებას საინტერესო უწოდა და განაცხადა, რომ ამ საკითხზე აქტიური მუშაობა გაგრძელდება.
     
    პრეზიდენტებმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი განიხილეს. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, პანდემიით გამოწვეული კრიზისის მიუხედავად, ევროკავშირმა საქართველოსთან მჭიდრო პარტნიორობა უნდა გააგრძელოს. ევროკავშირთან პარტნიორობისა და თანამშრომლობის გაღრმავების კონტექსტში საუბარი შეეხო ასევე, ევროპისათვის შავი ზღვის სტრატეგიულ მნიშვნელობას ტრანსპორტირების, საკაბელო სისტემების (კავშირგაბმულობის) და უსაფრთხოების თვალსაზრისით.
     
    საქართველოს პრეზიდენტმა კრიზისის შემდგომ ტურიზმის გახსნასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრა, რაზეც ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ იგი მხარს უჭერს უსაფრთხო ტურიზმის კონცეფციას და მიესალმება საქართველოსთან ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას.  
     
    სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ კრიზისზე და ბორდერიზაციის პროცესის განახლების შესახებ ესაუბრა. საქართველოს პრეზიდენტმა კონფლიქტის გადაჭრის პროცესში საერთაშორისო თანამეგობრობის მაღალ პოლიტიკურ დონეზე ჩართულობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

  • ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის პრეზიდენტის განცხადება ევროპის საბჭოს დაფუძნების 71–ე წლისთავთან დაკავშირებით

    5 მაისს, აღინიშნა ევროპის საბჭოს ათი წევრი ქვეყნის მიერ, ქ. ლონდონში ევროპის საბჭოს დამფუძნებელი წესდების ხელმოწერის 71–ე წლისთავი.
     
    ეს ისტორიული მოვლენა წარმოადგენს პირველ საერთო ევროპულ მცდელობას, მშვიდობიანი თანაცხოვრების ხელშეწყობის, კონფლიქტების თავიდან აცილების და ევროპის მკვიდრი უკლებლივ ყველა ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად. 
     
    ევროპის საბჭო, 47 წევრ ქვეყანასთან ერთად მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის საერთო სტანდარტების დამკვიდრებაში შვიდი ათწლეულის მანძილზე. ნება მიბოძეთ, ხაზი გავუსვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ფუნდამენტურ როლს, რომელიც 70 წლის წინ, 1950 წელს, ახლად შექმნილი ევროპის საბჭოს მიერ შემუშავდა და რამაც საშუალება მისცა ადამიანის უფლებათა დაცვის უნიკალური სისტემის შექმნას, რაც, თავის მხრივ, ევროპული თანამშრომლობის ქვაკუთხედს წარმოადგენს. იმედი მაქვს, რომ ახალი ათწლეული მოგვიტანს ადამიანის უფლებების დასაცავად ისეთივე სიმტკიცეს, როგორიც 70 წლის წინ კონვენციის ავტორებს გააჩნდათ. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენს საერთო ევროპულ სივრცეში 800 მილიონზე მეტ ადამიანს აქვს უფლება მიმართოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს.    
     
    ეს მნიშვნელოვანი წლისთავი დაემთხვა COVID-19-ის პანდემიის მიერ გამოწვეულ უპრეცედენტო გლობალურ კრიზისს. გულწრფელ მწუხარებას ვუცხადებთ მათ, ვინც დაკარგა ახლობლები, ოჯახის წევრები და მეგობრები. ამ კრიტიკულ გზაჯვარედინზე, ჩვენ, ყველანი უნდა გავერთიანდეთ და გავაკეთოთ რაც შეიძლება მეტი იმისთვის, რომ მალე დავძლიოთ ეს კრიზისი.

    70 წელზე მეტია ევროპის საბჭო ემსახურება მშვიდობის, დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვას, ამ ხნის მანძილზე მან არაერთ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია, მაგრამ კიდევ ბევრი რამ არის განსახორციელებელი. ისე როგორც არასდროს მნიშვნელოვანია, რომ მომავალ წლებში, გაორმაგდეს ჩვენი ძალისხმევა ადამიანის უფლებებისადმი პატივისცემის გასაძლიერებლად.

  • ინფორმაცია ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მიერ მომზადებული დოკუმენტის: “დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა პატივისცემა COVID-19-ის სანიტარული კრიზისის პირობებში“ შესახებ

    ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივნმა, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა მოამზადა საინფორმაციო დოკუმენტი – “დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა პატივისცემა COVID-19-ის სანიტარული კრიზისის პირობებში, ინსტრუმენტების წყება წევრი სახელმწიფოებისთვის“, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენს დაეხმაროს წევრი სახელმწიფოების მთავრობებს, რათა ახალი კორონავირუსით წარმოქმნილი კრიზისის მართვისას მოხდეს დემოკრატიის ფუნდამენტური ფასეულობების, სამართლის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვა.   

    ამასთანავე, დოკუმენტი, უპრეცედენტო და მასობრივი მასშტაბის მიმდინარე კრიზისთან გასამკლავებლად, მთავრობებს უზრუნველყოფს ინსტრუმენტებით, რომლებიც ითვალისწინებენ დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა ძირითადი ღირებულებების პატივისცემას.

    https://rm.coe.int/sg-covid-crisis-toolkit-geo-/16809e380e

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური