შს მინისტრი უნგრეთში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს მართავს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 28 აპრილი 2016 16:25

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, უნგრეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, შს სამინისტროს დელეგაცასთან ერთად, ევროპული პოლიციის კოლეჯს (CEPOL) ეწვია და კოლეჯის პრეზიდენტს - ფერენც ბანფის შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა, გლობალური გამოწვევების ფონზე, საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის გაძლიერებასა და განათლების დონის სისტემატური ამაღლების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ფერენც ბანფის თქმით, ევროპული პოლიციის კოლეჯის მესვეურთ კარგად აქვთ გააზრებული გლობალური პარტნიორობის გაღრმავების აუცილებლობა, მათ შორის, საპოლიციო განათლებისა და ერთობლივი ტრენინგების განხორციელების კუთხით. „ჩვენმა კოლეჯმა მჭიდრო ურთიერთობები დაამყარა ინტერპოლთან და ევროპოლთან. შევიმუშავეთ ორი მიმართულება - რეგიონალური და გლობალური მიდგომა, რაც, უწინარეს ყოვლისა, ევროკავშირის უსაფრთხოებას ემსახურება. ამ დინამიურად ცვალებად სამყაროში მუდმივად გვიხდება ჩვენი შესაძლებლობებისა და სტრატეგიის განახლება. მოხარული ვიქნებით, კიდევ უფრო გავაღრმავოთ თანამშრომლობა ქართველ კოლეგებთან. ჩვენთვის პატივი იქნება, თუკი კოლეჯში არსებულ მკვლევარებისა და ლექტორების ბაზაში საქართველოს წარმომადგენლებიც შევლენ“, - განაცხადა ევროპული პოლიციის კოლეჯის პრეზიდენტმა.

თავის მხრივ, გიორგი მღებრიშვილმა საქართველოს შსს-ს აკადემიაში განხორციელებული სიახლეების შესახებ ისაუბრა და ევროპული პოლიციის კოლეჯის პრეზიდენტს აკადემიის ბაზაზე რეგიონული სასწავლო ცენტრის დაფუძნების პროექტი გააცნო. „სამართალდამცავ სფეროში განხორციელებული ნებისმიერი რეფორმის მდგრადობის გარანტს კარგად მომზადებული და შესაბამისი უნარებით აღჭურვილი თანამშრომლები წარმოადგენენ. შესაბამისად, მაღალი, დასავლური სტანდარტის საპოლიციო განათლების ხელშეწყობა ჩემი საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა. მე არ ვარ მინისტრი, რომელიც მხოლოდ ხელს აწერს დოკუმენტებს და შეთანხმება ქაღალდზე რჩება. მე სწრაფი მოქმედების მომხრე ვარ. ჩვენ მზად ვართ, დასავლელ კოლეგებთან ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადავიდეთ. გლობალური გამოწვევების წინააღმდეგ, უმნიშვნელოვანესია პარტნიორი ქვეყნების მიერ ერთიანი მიდგომებისა და მეთოდოლოგიის შემუშავება. მაღალკვალიფიციური და განათლებული პოლიციელი ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ უსწრებს კრიმინალს“,- აღნიშნა საქართველოს შს მინისტრმა.

მხარეები, ევროპული პოლიციის კოლეჯსა და საქართველოს შსს-ს აკადემიას შორის სამომავლო მჭიდრო თანამშრომლობის მიზნით, კონკრეტულ სამოქმედო გეგმებზე შეთანხმდნენ.

გიორგი მღებრიშვილი ბუდაპეშტში სამართალდამცველთა საერთაშორისო აკადემიასაც (ILEA) ესტუმრა და აკადემიის დირექტორს - ჯონ ტერპინას შეხვდა.

შეხვედრაზე საქართველოში, უნგრეთის საერთაშორისო აკადემიის მსგავსად, სამართალდამცველთა რეგიონული სასწავლო ცენტრის დაფუძნების საკითხი განიხილეს. აღნიშნული ცენტრის ფუნქციონირება ხელს შეუწყობს, როგორც საპოლიციო განათლების სტანდარტის ამაღლებას საქართველოსა და მთლიანად რეგიონში, ამავდროულად, სამართალდაცვით სფეროში რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას.

„დღეს სამხრეთ კავკასიის რეგიონში, საპოლიციო საქმიანობის სფეროში, საქართველო არის ლიდერი. თუმცა, ჩვენ არ შეიძლება დავჯერდეთ მიღწეულს და უნდა გავაგრძელოთ სწრაფვა პროგრესისაკენ,“- განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

უნგრულმა მხარემ საქართველოს შს სამინისტროს აღნიშნული ინიციატივის განხორციელებაში სრული მხარდაჭერა აღუთქვა. როგორც ჯონ ტერპინამ გიორგი მღებრიშვილთან საუბრისას აღნიშნა, სამართალდამცველთა საერთაშორისო აკადემია (ILEA) მზადაა, საქართველოს შსს-ს აკადემიის წარმომადგენლებს გამოცდილება და იდეები გაუზიაროს. ამ მიზნით, უახლოეს მომავალში ორმხრივი შეხვედრები გაიმართება, სადაც ერთობლივ პროგრამებზე იმსჯელებენ.

წაკითხულია 339 ჯერ

Related items

  • შს მინისტრი ამალი-დევდორაკის ხეობაში გადაუდებელ ღონისძიებებს კოორდინაციას უწევს

    შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ამალი-დევდორაკის ხეობაში არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო და გადაუდებელ ღონისძიებებს კოორდინაცია გაუწია.

    ხეობაში შს მინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი მინდია ჯანელიძე, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, ინფრასტრუქტურის განვითარების სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

    23 ივნისს, მოვარდნილმა ღვარცოფმა მდინარე თერგის კალაპოტის შეცვლა გამოიწვია. ადიდებულმა მდინარის წყალმა საავტომობილო გზის თბილისი-მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის 134კმ-135კმ მონაკვეთი დააზიანა.

    ხეობაში მოხდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო და სამაშველო სამსახურების მობილიზება, რომლებმაც სახელმწიფოს სხვადასხვა შესაბამის უწყებასთან ერთად კოორდინირებულად განახორციელეს საჭირო ღონისძიებები. ღვარცოფის მოვარდნისთანავე, შსს-ს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მყისიერი რეაგირება მოახდინეს და სტიქიის ზონიდან მოქალაქეების და ავტომანქანების გამოყვანა უსაფრთხოდ შეძლეს.

    მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა დაიკეტა. ავტომანქანების გადაადგილება ნებადართულია სოფელ გველეთამდე. მომხდართან დაკავშირებით, სასაზღვრო-გამშვები პუნქტი „დარიალი“ ორივე მიმართულებით დაკეტილია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი ვეტმფრენი უკვე ჩაერთო სამაშველო ღონისძიებაში.

  • შსს-ს აკადემიაში კარიერული განვითარების ფორუმი გაიმართება

    დღეს  შსს-ს აკადემიაში კარიერული განვითარების ფორუმი გაიმართება. ფორუმში მონაწილეობას მიიღებს 13 უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის 200-მდე სტუდენტი. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი და მთავრობის სხვა წევრები დაესწრებიან. 

  • ასეთი მუხანათური მკვლელობა დაუსჯელი არ დარჩება, - გიორგი მღებრიშვილი

    „ეს არის ცინიზმით და სისასტიკით ჩადენილი მკვლელობა. ასეთი მუხანათური მკვლელობა დაუსჯელი არ დარჩება და დამნაშავე აუცილებლად დაისჯება,“ -  განაცხადა შს მინისტრმა  გიორგი მღებრიშვილმა  ხურჩაში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით. 

  • შს მინისტრის პირველი მოადგილე აზერბაიჯანელ კოლეგებს შეხვდა

    შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ბესიკ ამირანაშვილი ბაქოში აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა მინისტრ რამილ უსუბოვს და მინისტრის პირველ მოადგილე ვილაეტ ეივაზოვს შეხვდა.

    შეხვედრაზე საქართველოსა და აზერბაიჯანის სამართალდამცავ სტუქტურებს შორის მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

    მხარეებმა რეგიონის უსაფრთხოების მიზნით განხორციელებულ ერთობლივ ღონისძიებებზე, ასევე, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრეს, მათ შორის, ორმხრივი ურთიერთობების, პოლიციის ატაშეებისა და ინტერპოლის მეშვეობით.

    შეხვედრაზე ხაზი გაესვა ტრანსსასაზღვრო დანაშაულისა და კრიმინალის პრევენციისათვის ინფორმაციის ინტენსიურ რეჟიმში გაცვლის აუცილებლობას და ამ კუთხით, საქართველოსა და აზერბაიჯანის პოლიციის ატაშეების წარმატებულ საქმიანობას.

    საქართველოს შს სამინისტროს ინიციატივით, საფუძველი ჩაეყარა მოსაზღვრე რეგიონების პოლიციის ხელმძღვანელების ყოველწლიურ შეხვედრებს. პირველი შეხვედრა საქართველოში, 2016 წლის ივნისში შედგება, მომდევნო შეხვედრები კი წელიწადში ერთხელ, როტაციის პრინციპით გაგრძელდება.

  • შს მინისტრის ვიზიტი რუმინეთში გრძელდება

    საქართველოს შს მინისტრის ოფიციალური ვიზიტი რუმინეთში გრძელდება. ვიზიტის ფარგლებში, შს სამინისტროს დელეგაცია, შს მინისტრის მოადგილეების - ბესიკ ამირანაშვილისა და შალვა ხუციშვილის ხელმძღვანელობით, ბუქარესტში ოფიციალურ შეხვედრებს მართავს.

    ქართული დელეგაცია რუმინეთის საზღვრის დაცვის პოლიციის გენერალურ ინსპექტორატს ეწვია. შს სამინისტროს წარმომადგენლებს სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელებმა უწყების საქმიანობის ამსახველი პრეზენტაცია წარუდგინეს და საზღვრის ელექტრონული მართვის ცენტრი დაათვალიერებინეს.

    შეხვედრაზე საქართველოსა და რუმინეთში არსებული სასაზღვრო კონტროლის სისტემები განიხილეს და საზღვრის შესაძლებლობების გაძლიერება-მოდერნიზაციის მნიშვნელობაზე იმსჯელეს. მხარეებმა არალეგალურ მიგრაციასთან ერთობლივი ბრძოლის სამომავლო გეგმები დასახეს, უწყებებს შორის გამოცდილების გაზიარებასა და არსებული წარმატებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.

    ქართული დელეგაცია ბუქარესტში A.I. CUZA-ს პოლიციის აკადემიასაც ესტუმრა. აკადემიის ხელმძღვანელმა, დოქტორმა ტორიე დენიელ-კოსტელიმ სტუმრებს რუმინეთის პოლიციის აკადემიის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. თავის მხრივ, შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა საქართველოს შსს-ს აკადემიის შესაძლებლობების განვითარებასა და მის რეგიონულ საგანმანათლებლო ცენტრად ჩამოყალიბების გეგმებზე ისაუბრა. მხარეებმა უწყებებს შორის სამომავლო თანამშრომლობის აქტუალური საკითხები განიხილეს.

    საქართველოს შს სამინისტროს წარმომადგენლებმა შეხვედრები საერთაშორისო პოლიციის თანამშრომლობის ცენტრშიც გამართეს. ქართული დელეგაცია რუმინეთის ევროპოლისა და ინტერპოლის მუშაობის სპეციფიკას გაეცნო. შეხვედრაზე, გლობალური გამოწვევების ფონზე, საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე იმსჯელეს, გამოცდილების გაზიარებასა და ურთიერთობების განვითარებაზე შეთანხმდნენ.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური