ევროსაბჭოს გენერალური მდივნისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრეს-კონფერენცია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 20 აპრილი 2016 20:15

საქართველოსა და ევროსაბჭოს თანამშრომლობა ბოლო პერიოდში სულ უფრო უმჯობესდება, - ამის შესახებ ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა, ტორბიორნ იაგლანდმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.
ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა სამოქმედო გეგმის მნიშვნელობასა და საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ისაუბრა.
„ევროსაბჭოს სურს მხარდაჭერა, რათა მიიღოს წვდომა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში არსებულ ვითარებაზე. ამ მხრივ ჩვენ გარკვეული ზომების განხორციელებას ვგეგმავთ, რაშიც საქართველოს მთავრობა გვეხმარება. ევროსაბჭომ უნდა შეძლოს ყველა ინსტრუმენტის გამოყენება ამ რეგიონებში მცხოვრები ადამიანების უფლებების დასაცავად“, - აღნიშნა გენერალურმა მდივანმა.
თავის მხრივ თბილისში ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ვიზიტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ტორბიორნ იაგლანდისა და მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარის, ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრ დანიელ მიტოვის ვიზიტი თბილისში, 2016 წლის მაისში, საქართველოს ახალი, 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელების დაწყებას ისახავს მიზნად, რაც თანამშრომლობას ახალ ეტაპზე გადაიყვანს.
„განვიხილეთ ჩვენი თანამშრომლობის საკითხები და ხაზგასმით აღვნიშნეთ იმ ამბიციური და კომპლექსური რეფორმების მნიშვნელობა, რომლებიც 2012 წლის შემდეგ განახორციელა საქართველოს მთავრობამ, როგორც ჩვენს ქვეყანაში ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი. განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვასთან დაკავშირებულ სიტუაციას. ჩვენ დავაყენეთ მოსახლეობისთვის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების საკითხი, ასევე ცხინვალის რეგიონში შესაძლო რეფერენდუმი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილმა ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მზად არის, განაგრძოს რეფორმები, ადამიანის უფლებების, სასამართლო სისტემისა და დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის მიმართულებით.
ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტების კითხვებსაც უპასუხეს.
გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, გუშინ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერთან, რომელმაც გამოხატა მზადყოფნა, მხარი დაუჭიროს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციას არსებული ჩარჩოს ფარგლებში.
საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს ევროპარლამენტის კომიტეტი დადებითად შეაფასებს.
„ჩვენ განვაგრძობთ ორმხრივ რეჟიმში თანამშრომლობას ევროპელ პარტნიორებთან, წევრ ქვეყნებთან, რათა მოხდეს ძალისხმევის კონსოლიდაცია სავიზო საკითხებზე მომდევნო შეხვედრისთვის, რომელიც მაისის დასაწყისში გაიმართება. ჩვენ ამ პროცესისადმი ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილი და განვაგრძობთ სვლას ამ მიზნისკენ“, - დასძინა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა, საქართველოში წინასაარჩევნო გარემო პოზიტიურად შეაფასა. ამ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ ტორბიორნ იაგლანდმა აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრისგან მიიღო ინფორმაცია დაგეგმილი არჩევნების შესახებ. მისი თქმით, საქართველომ უკვე მიიწვია საერთაშორისო დამკვირვებლები, მათ შორის ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომლებიც ხმის მიცემის პროცედურას დააკვირდებიან.
პრესკონფერენციაზე ასევე დაისვა კითხვა მთიან ყარაბაღში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. გიორგი კვირიკაშვილმა კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ ხაზგასმით დააფიქსირა.
პრემიერის თქმით, საქართველო გულწრფელად არის დაინტერესებული სამხრეთ კავკასიაში მშვიდობით და გამოთქვამს მზადყოფნას, მხარეებს მშვიდობიანი მოლაპარაკებებისთვის საკუთარი ტერიტორია შესთავაზოს.
„მოხარული ვართ, რომ ბოლო პერიოდში შეინიშნება დეესკალაცია და ველოდებით კონფლიქტის მშვიდობიან გადაწყვეტას“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ასევე უპასუხა რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტის მიერდასმულ კითხვას, საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე ხვალინდელ გამოსვლასთან დაკავშირებით.
გიორგი კვირიკაშვილი გამოსვლაში, ქვეყანაში მიღწეულ პროგრესსა და დაგეგმილ რეფორმებზე გაამახვილებს ყურადღებას.
„გამოქვეყნდა ახალი რეიტინგი „ჟურნალისტები საზღვრებს გარეშე“, რომლის თანახმად, საქართველომ, 2012 წლის შემდეგ, 36 საფეხურით გაიუმჯობესა გამოხატვის თავისუფლების საერთაშორისო რეიტინგი და ამ თვალსაზრისით უსწრებს არაერთ ევროპულ ქვეყანას. საქართველო, 180 ქვეყანას შორის, 64-ე ადგილზეა, მაგრამ ეს არ არის ის, რითაც უნდა ვიყოთ კმაყოფილები. ჩვენ უნდა განვაგრძოთ რეფორმები ადამიანის უფლებათა დაცვის, კანონის უზენაესობისა და ევროპული ინსტიტუტების მშენებლობის კუთხით. სწორედ ამიტომ ვიმყოფებით აქ და ვიხილავთ საქართველოს სამოქმედო გეგმას, რათა საქართველო ვაქციოთ ჭეშმარიტად ევროპულ ქვეყნად, ევროპული ინსტიტუციებით, სადაც იქნება ადამიანის უფლებების დაცვის, კანონის უზენაესობის და დემოკრატიული ინსტიტუტების უმაღლესი ხარისხი. ხვალ ვისაუბრებ გატარებულ და მომავალ რეფორმებზე, რათა განვამტკიცოთ განცდა ჩვენს ევროპელ პარტნიორებში, რომ საქართველო ნამდვილად არის ევროპული ქვეყანა და ჩვენთვის ამ რეფორმების გატარება უმაღლესი პრიორიტეტია“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

ავთანდილ ოთინაშვილი, სტრასბურგი

წაკითხულია 593 ჯერ

Related items

  • პრემიერ-მინისტრსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს შორის შემდგარი სატელეფონო საუბარი ადასტურებს ორი ქვეყნის სტრატეგიულ მოკავშირეობას

    „პრემიერ მინისტრსა და ამერიკის სახელმწიფო მდივანს შორის შემდგარი სატელეფონო საუბარი კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა, რომ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან მრავალმხრივი ურთიერთობა და სტრატეგიული პარტნიორობა  გვაკავშირებს, რომელიც  ღრმავდება ყოველდღიურად, ამერიკა კვლავაც განსაკუთრებულად უდგას ჩვენს ქვეყანას გვერდით.“- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და აშშ-ს სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შეფასებისას განაცხადა.

    საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, სატელეფონო საუბრისას განხილული იქნა ორმხრივი ურთიერთობის ყველა ძირითადი მიმართულება, მათ შორის   სახელმწიფო მდივანმა განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი და საქართველოს ხელისუფლების ეფექტიან მუშაობას პანდემიასთან ბრძოლის კუთხით.

    მისივე თქმით,  საუბრისას განხილული იქნა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხი და ადგილზე ტერიტორიებზე არსებული მძიმე მდგომარეობა, რა დროსაც მინისტრის განცხადებით მაიკლ პომპეომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. „პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი განიხილა, რომელიც ეხება ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, უსაფრთხოებას და პანდემიით გამოწვეულ კრიზისთან გამკლავებას. ხაზი გაესვა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებას მთელი რიგი მიმართულებებით. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს და შავი ზღვის უსაფრთხოების როლს რეგიონის და ზოგადად ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში. პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ საქართველო წარმოადგენს აშშ-ს, ნატოსა და  ევროკავშირის საიმედო პარტნიორს შავი ზღვის რეგიონში.“- აღნიშნა მინისტრმა.

    ზალკალიანის თქმით, საუბრისას ყურადღება დაეთმო ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ წარმატებით განხორციელებულ საარჩევნო რეფორმებსა და მომავალ საპარლამენტო არჩევნებს. “არჩევნები იქნება თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე, რომელსაც წარმატებით ჩავატარებთ. „- განაცხადა დავით ზალკალიანმა. მინისტრის ინფორმაცით, მართლმსაჯულების  რეფორმაზე საუბრისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ქართული მხარე მზადაა გააგრძელოს  ძალისხმევა, რომელიც მიმართულია მარლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლბის გასაძლიერებლად.
    მინისტრის ინფორმაციით სატელეფონო საუბრისას გიორგი გახარიამ და მაიკლ პომპეომ ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებაზეც ისაუბრეს. აღინიშნა, რომ ამერიკულ კომპანიებს მზარდ ინტერესი აქვთ საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებისადმი, რომლითაც დღემდე უკვე 300-ზე მეტმა კომპანიამ ისარგებლა. ასევე საუბარი წარიმართა სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიაზე, რომლის პლენარული სესია, რომელიც გიორგი გახარიასა და მაიკლ პომპეოს ხელმძღვანელობით ვაშინგტონში უნდა გამართულიყო, სწორედ პანდემიის გამო გადაიდო,  დავით ზალკალიანის ინფორმაციით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ პლენარული სხდომა წლის ბოლომდე გაიმართება. საუბრისას  ასევე აღინიშნა,აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის მნიშვნელოვანი წვლილი აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობებისა და სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებაში, რაც  მინისტრის თქმით, უმნიშვნელოვანესია საარჩევნო პროცესის გაუმჯობესებისთვის.

  • არჩილ თალაკვაძემ ევროსაბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან, კრისტიან ურსესთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.

    შეხვედრაზე პარლამენტსა და ევროპის საბჭოს შორის არსებული ურთიერთობისა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

    არჩილ თალაკვაძემ კრისტიან ურსეს მადლობა გადაუხადა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში შეტანილი პერსონალური წვლილისთვის და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

  • საპარლამენტო ასამბლეის წევრები არ აპირებენ ჩაერიონ დებატებში, რომლებიც არჩევნების გარშემო იმართება საქართველოში-რიკ დემსი

    ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რიკ დემსი საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მიმდინარე ონლაინ შეხვედრაში მონაწილეობს.

    შეხვედრაზე, რომლის სახელწოდებაცაა „დემოკრატიული არჩევნების გამართვა პანდემიის ფონზე“, რიკ დემსმა თავდაპირველად საქართველოს პარლამენტს მიულოცა, რომ საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუციების მუშაობა გაუმჯობესდა.

    „მინდა, მადლობა გადავუხადო იურდიული კომიტეტის თავმჯდომარეს, კოლეგებს საპარლამენტო ასამბლეის წევრებს ამ შეხვედრის გამართვისთვის. მიხარია, რომ ამ შეხვედრაში მივიღე მონაწილეობა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სახელით. ჩვენ იმ მოდალურობაზე ვსაუბრობთ, რომელიც შეიტანა ჩვენს საქმიანობაში „კოვიდ-19“-ის პანდემიამ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

    მინდა, საქართველოს პარლამენტს მივულოცო არა მხოლოდ რეფორმების გამო, რომელიც ახლახან ჩაატარეთ, რომელიც ჩატარდა ფართო კონსენსუსის საფუძველზე, არამედ იმისთვის, რომ გაუმჯობესდა დემოკრატიული ინსტიტუციების მუშაობა. მინდა, აგრეთვე საქართველოს პარლამენტს მივულოცო, თქვენ ხართ პირველი, რომლებსაც ჰყავთ საპარლამენტო ასამბლეის ექსპერტები.

    ვცდილობთ, ევროსაბჭოში ჩვენ წევრ ქვეყნებს მივაწოდოთ ინსტრუმენტები, რომელშიც შედის გარკვეული, ასევე ვთქვათ, გემოვნებები გამომდინარე ადამიანის უფლებათა დაცვის პოზიციებიდან, სტამბოლის კონვენციიდან.

    ეს გახლავთ სწორედ ჩვენი საპარლამენტო ასამბლეის სახელმძღვანელო დოკუმენტი, თუ შეიძლება ასე ითქვას და ე.წ. კონვენცია, ხელშეკრულება – ერთი, რომელიც არის საერთაშორისო კონვენცია და მასში შედის სწორედ მონაცემთა მართვის ინსტრუმენტები. ამათი არ იზღუდება ჩვენი თანამშრომლობა. არის კიდევ უამრავი სხვა საკითხი, რომელთა თაობაზეც ჩვენ ვთანამშრომლობთ, რაც მთლიანად შეადგენს ექსპერტულ გამოცდილებას მთელ ევროსაბჭოში“, – განაცხადა რიკ დემსმა.

    ამასთან, მან აღნიშნა, რომ საპარლამენტო ასამბლეის წევრები ნამდვილად არ აპირებენ, ჩაერიონ იმ დებატებში, რომლებიც არჩევნების გარშემო იმართება საქართველოში.

    „მინდა, ძალიან მკაფიოდ ვთქვა, რომ ჩვენი საპარლამენტო ასამბლეის წევრები ნამდვილად არ აპირებენ, რომ ჩაერიონ იმ დებატებში, რომლებიც არჩევნების გარშემო იმართება საქართველოში, არამედ ჩვენი მიზანი და დანიშნულებაა, მოგაწოდოთ საექსპერტო გამოცდილება, რომელიც ამ მიმართულებით გაგვაჩნია.

    ჩვენ ვართ გარკვეულად მომსახურების მომწოდებელი ამ კონკრეტულ შემთხვევაში. დიდი მადლობა, რომ ჩაგვრთეთ ამ საქმიანობაში.

    რაც შეეხება ვენეციის კომისიას, რა თქმა უნდა, ცნობილია, რომ ის გახლავთ მაღალი დონის იურისტებისგან შემდგარი ჯგუფი, რომელსაც დიდ პატივს ვცემთ და ფაქტობრივად, სწორედ ამ კომისიამ დაადგინა საარჩევნო ტანდარტები მთელ ევროპულ სივრცეში და ძალიან მადლიერები ვართ“, – განაცხადა რიკ დემსმა.

    წყარო: https://1tv.ge/news/rik-demsi-chveni-saparlamento-asambleis-wevrebi-ar-apireben-chaerion-debatebshi-romlebic-archevnebis-garshemo-imarteba-saqartveloshi-chveni-mizania-saeqsperto-gamocdileba-mogawodot/

  • სომხეთის პრემიერ-მინისტრს კორონავირუსი დაუდგინდა

    სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი დაუდასტურდა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ფეისბუქ-ლაივში თავად განაცხადა.

    გავრცელებული ინფორმაციით, ინფიცირებული არიან პრემიერის ოჯახის წევრებიც.

    ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ მას ვირუსის არც ერთი სიმპტომი არ აღენიშნება. ”ოფიციანტმა, რომელმაც ჭიქები დააწყო მაგიდაზე, ეს გააკეთა ხელთათმანების გარეშე. მე ვთხოვე მას, რომ შეეცვალა ეს ჭიქები, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ოფიციანტი ამას ხელთათმანების გარეშე ადრეც აკეთებდა. გარკვეული დროის შემდეგ, ოფიციანტს ასევე დაადასტურა კოროვირუსი”, - აღნიშნა სომხეთის მთავრობის მეთაურმა.

    ფაშინიანის თქმით, ვიდრე ამის შესაძლებლობა ექნება, იგი მუშაობას რეზიდენციიდან გააგრძელებს.

    ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა სომხეთში 9282-ია. COVID-19– ით დაღუპული პაციენტების რიცხვი ვირუსის აღმოჩენის შემდეგ 131-მდე გაიზარდა. ამ დროის განმავლობაში, სხვა მიზეზით კიდევ 50 პაციენტი გარდაიცვალა.

  • საქართველოს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობამ ორგანიზება გაუწია მთელ რიგ ღონისძიებებს-მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი

    მინდა, მივულოცო საქართველოს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის წარმატებით დასრულება. ეს თავმჯდომარეობა დაემთხვა ჩვენს ორგანიზაციაში საქართველოს გაწევრიანების მე-20 წლისთავს, რაც მნიშვნელოვანი ნიშანსვეტია, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა განაცხადა.

    როგორც მარია ბურიჩმა აღნიშნა, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში საქართველოს თავმჯდომარეობამ ორგანიზება გაუწია ღონისძიებათა ფართო სპექტრს მთელ რიგ მნიშვნელოვან სფეროებში, როგორიცაა მოქალაქეთა ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულება, განათლება და ახალგაზრდობა.

    „განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ადამიანის უფლებებსა და გარემოს დაცვის საკითხებზე ჩატარებულ კონფერენციას, რადგან მან საფუძველი მოუმზადა ამ უაღრესად მნიშვნელოვან სფეროში გადაწყვეტილებების მისაღებად დებატების დაწყებას. „კოვიდ-19“-ის პანდემია ყველა ჩვენგანისათვის მთავარ გამოწვევად რჩება. საქართველოს თავმჯდომარეობამ ამ გამოწვევას ძალიან ეფექტიანად გაართვა თავი და ორგანიზაციისთვის ახალი სამუშაო მეთოდები დანერგა. მინისტრთა კომიტეტის სხდომები იმართებოდა ვიდეოკონფერენციების ფორმატში, რაც უზრუნველყოფდა ჩვენი საქმიანობის უწყვეტობას“, – განაცხადა მარია ბურიჩმა.

    მარია ბურიჩის განცხადების თარგმანს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური