საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთს ეწვევა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 19 აპრილი 2016 17:43

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პირველი ლედი მაკა ჩიჩუა ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთს 20 აპრილს ეწვევიან.

გიორგი მარგველაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს ფრანსუა ოლანდს ელისეის სასახლეში შეხვდება. საქართველოს პრეზიდენტის პატივსაცემად პარიზში, ინვალიდების ისტორიულ სასახლეში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება.  

 ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები შედგება ასევე, საფრანგეთის სენატის თავმჯდომარე ჟერარდ ლარშერთან,  „იუნესკოს“ გენერალურ დირექტორთან ირინა ბოკოვასთან,  გიორგი მარგველაშვილი საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტში IFRI  საექსპერტო წრეების წარმომადგენლებს შეხვდება და შეკითხვებს უპასუხებს.

ვიზიტის მიზანი საფრანგეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავებაა.

ვიზიტის ფარგლებში, გიორგი მარგველაშვილი პირველ ლედისთან ერთად, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს პირველი რესპუბლიკის დიპლომატიური არქივის გამოფენას დაათვალიერებს,  სახელმწიფოს მეთაური და პირველი ლედი  ლევილის ქართულ მამულსაც ეწვევიან და მამულიშვილთა საფლავებს ყვავილებით შეამკობენ, გიორგი მარგველაშვილი ლევილის მამულში  საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის წევრების შთამომავლებსაც შეხვდება და საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით  განახლებულ ბიბლიოთეკასაც მოინახულებს.

საქართველოს პრეზიდენტი პირველ ლედისთან ერთად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ მიღებასაც დაესწრება და შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართავს.

საქართველოს პრეზიდენტი საფრანგეთს დელეგაციასთან ერთად ეწვევა. დელეგაციის შემადგენლობაში არიან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა,  დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე, საქართველოს ელჩი საფრანგეთში ეკა სირაძე-დელონი, საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე და პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე.

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი საფრანგეთში 23 აპრილს დასრულდება.

წაკითხულია 760 ჯერ

Related items

  • საქართველოს პრეზიდენტი - ჩვენს ქვეყანას სჭირდება შიდა სტაბილურობა, შერიგება და დიალოგი!

    საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან პირისპირ შეხვედრა გამართა, რის შემდეგაც სალომე ზურაბიშვილმა და შარლ მიშელმა ერთობლივი განცხადებები გააკეთეს. ამ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

    საქართველოს პრეზიდენტი - ამ ქვეყანას, როგორც არასოდეს, სჭირდება სწორედ შიდა სტაბილურობა, შერიგება, დიალოგი, ეს არის ჩვენი ერთადერთი გზა, იმისთვის რომ საქართველომ მიიღოს ყველა ის დივიდენდი, რაც ევროკავშირის გზაზეა

    საქართველოს პრეზიდენტი: მინდა დიდი მადლობა მოვახსენო ბატონ პრეზიდენტს საქართველოში ჩამოსვლისთვის. მე გავიხსენებ ორი თვის წინ ჩემს ვიზიტს ბრიუსელში, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო როგორც პირველი პოსტკოვიდვიზიტი და მაშინაც ძალიან კარგი საუბარი გვქონდა.

    დღეს პრეზიდენტის საქართველოში ჩამოსვლა ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირი არსად წასულა, ის აქ არის და როგორც არასდროს, ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია საქართველომ გააგრძელოს თავისი ევროპული, დემოკრატიული გზა და ამ გზაზე არაფერმა შეუშალოს ხელი. 

    როგორც არასოდეს ეს მნიშვნელოვანია გამომდინარე იქიდან, რომ ამ რეგიონში ვითარება შეიცვალა, საჭიროა, რომ (ის რაც იყო და არის) საქართველო - როგორც სტაბილურობისა და დემოკრატიის კუნძული კიდევ უფრო გაძლიერდეს და გამყარდეს. ანუ, ევროკავშირს ჩვენგან სჭირდება მეტი სტაბილურობა, მეტი დემოკრატია და მეტი ეკონომიკური განვითარება. 

    ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ევროკავშირთან ერთად ვიმუშაოთ პოსტკრიზისულ გეგმაზე.

    ჩვენ საუბრისას (და როგორც შეამჩნიეთ ეს საუბარი გაგვიგრძელდა) ძალიან დეტალურად ვისაუბრეთ პოლიტიკურ ვითარებაზე, შევთანხმდით ერთ რამეზე, რომ ამ ქვეყანას, როგორც არასოდეს, სჭირდება სწორედ შიდა სტაბილურობა, შერიგება, დიალოგი. ეს არის ჩვენი ერთადერთი გზა, იმისთვის რომ საქართველომ მიიღოს ყველა ის დივიდენდი, რაც ევროკავშირის გზაზეა. ჩვენ უნდა შევძლოთ და დროზე მივხვდეთ, რომ ეს ყველაფერი ჩვენს ხელშია, ჩვენს საზოგადოებას უნდა ეს და სხვა არაფერი. 

    პოლიტიკური პასუხისმგებლობა ყველა მხრიდან იმას ნიშნავს, რომ შესრულდეს საზოგადოების მოთხოვნა და იმ გზაზე წაიყვანოს საქართველო, რომელიც საზოგადოების მიერაა მოთხოვნილი.

    დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ბატონო პრეზიდენტო, ჩვენი ურთიერთობა მყარი და მუდმივია!

  • ორბელიანების სასახლის ეზოში, საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო დროშა დაეშვა

    საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის სასახლის ეზოში სახელმწიფო დროშა დაეშვა.

    25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ საქართველოს პარლამენტმა 2010 წელს  გამოაცხადა.

    შეგახსენებთ, რომ 25 თებერვალი არის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. 

  • პარლამენტში პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო სხდომა გაიმართა

    საქართველოს პარლამენტში პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო სხდომა გაიმართა.

    სხდომა მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ გახსნა და საზოგადოებას პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილე მიულოცა. მისი თქმით, ზუსტად 100 წლის წინ, 1921 წლის 21 თებერვალს, საბჭოთა ოკუპაციის საფრთხის ფონზე, საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ ქვეყნის პირველი კონსტიტუცია მიიღო.

    „ზუსტად 100 წლის წინ, 1921 წლის 21 თებერვალს, საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ, საბჭოთა ოკუპაციის საფრთხის, თავდადებული ბრძოლებისა და ქვემეხების სროლის ფონზე მიიღო ქვეყნის პირველი კონსტიტუცია, რომელიც თავისი დროის ერთ-ერთ ყველაზე პროგრესულ იურიდიულ დოკუმენტად მიიჩნეოდა და ევროპის სამართლებრივ სივრცეში წარუშლელი კვალი დატოვა“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. მისივე თქმით, საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქცია სწორედ პირველი რესპუბლიკის კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობას ეფუძნება.

    „ნიშანდობლივია, რომ საქართველოს კონსტიტუციის დღეს მოქმედი რედაქცია ქართული კონსტიტუციონალიზმის საუკუნოვან ტრადიციას აგრძელებს. იგი ადამიანის ღირსებისა და თავისუფლების დაცვას უზენაეს ღირებულებად აცხადებს, ხოლო ეროვნულ დამოუკიდებლობას − უმთავრეს მიზნად.

    მჯერა, ქართული სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარების ამ მნიშვნელოვან ეტაპზე, როდესაც ევროკავშირში წევრობაზე განაცხადის შეტანისთვის ვემზადებით, საქართველოს კონსტიტუცია კვლავ დააკავშირებს ჩვენი ქვეყნის წარსულსა და მომავალს“, - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას პარლამენტის თავმჯდომარემ.

    საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, პირველი კონსტიტუცია იქცა იმის სიმბოლოდ, თუ როგორი უნდა ყოფილიყო დამოუკიდებელი და დემოკრატიული საქართველო და ის იყო ერთ-ერთი პროგრესული კონსტიტუცია ევროპის კონტინენტზე. მისივე თქმით, სწორედ პირველ კონსტიტუციაში ასახული ფასეულობები შემოინახა ჩვენმა ისტორიულმა მეხსიერებამ და ისინი ვერ წაშალა საბჭოთა ოკუპაციის ხანგრძლივმა წნეხმა.

    ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერმინისტრობის კანდიდატი, ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობებისა და უზენაესი საბჭოების თავმჯდომარეები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, თბილისის მერი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, საპატრიარქოსა და რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები, ასევე, ექვთიმე თაყაიშვილის შთამომავლები ესწრებოდნენ.

    „მართალია, პირველი რესპუბლიკის კონსტიტუციამ ვერ დაიცვა დამოუკიდებლობა, თუმცა მომავალ თაობებს გადასცა დამოუკიდებელი სახელმწიფოს აღდგენის სამართლებრივი საყრდენი“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

  • საქართველოს პრეზიდენტი - საჭიროა სიტუაციის დაუყოვნებლივ დეესკალაცია და დაძაბულობის განმუხტვა, რომელსაც პირველ რიგში სჭირდება ნამდვილი კონსტრუქციული დიალოგი

    საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ:

    "ცხრა თვის წინ მივიღე ჩემთვის უმძიმესი და საზოგადოებისთვის მტკივნეული გადაწყვეტილება, რომელიც განპირობებული იყო მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო სტაბილურობის შენარჩუნებით და ემსახურებოდა პოლიტიკური კრიზისის დაძლევასა და დეპოლარიზაციას.

    სამწუხაროდ, ქვეყანაში დღითიდღე იზრდება პოლარიზაცია, დაძაბულობა და დაპირისპირება. ლეგიტიმურად ცნობილი არჩევნების შედეგების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება, დაუმორჩილებლობის ყველა ფორმის გამოყენება, საზოგადოებრივ-სოციალური პროტესტის წაქეზება მიზნად ისახავს ქვეყნის დასუსტებასა და დესტაბილიზაციას.

    ამას შეიძლება მოჰყვეს უმძიმესი შედეგები, დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ საზოგადოებაში ნდობის დაკარგვა, არა თუ ჩვენთვის, არამედ ჩვენზე ძლიერი დემოკრატიული ქვეყნებისთვის გამანადგურებელი პრეცედენტის შექმნას უდრის. არჩევნების შედეგის პატივისცემა და წაგების აღიარება ხომ დემოკრატიის ქვაკუთხედია! ამ დემოკრატიული პრინციპების უარყოფა კი, აწყობს მხოლოდ იმ ძალებს, ქვეყნის შიგნით და გარეთ, ვინც საკუთარ პოლიტიკურ ამბიციებს ქვეყნის ინტერესებზე მაღლა აყენებს და ვინც რეგიონში საქართველოს სტაბილურობასა და დემოკრატიულობას საფრთხედ აღიქვამს.

    დღეს შეხვედრა გავმართე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან და დეტალურად განვიხილეთ შექმნილი ვითარება. მიმაჩნია, რომ საჭიროა სიტუაციის დაუყოვნებლივ დეესკალაცია და დაძაბულობის განმუხტვა, რომელსაც პირველ რიგში სჭირდება ნამდვილი კონსტრუქციული დიალოგი, რათა ამ პროცესებმა არ დააზიანოს ქვეყნის სტაბილურობა და საერთაშორისო იმიჯი.

    ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, მზად ვარ ყველა ფორმის დიალოგს მხარი დავუჭირო, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ დათმობის პოლიტიკა მხოლოდ მაშინ ამართლებს, თუ ორივე მხარე კონსტრუქციული დიალოგისთვის მზადაა და არა, როცა დათმობა აღქმულია სისუსტედ, ან უფრო მეტიც, როდესაც ეს შეიძლება ვინმემ საკუთარ გამარჯვებად წარმოაჩინოს. ასევე, კონსტრუქციულ დიალოგს ეწინააღმდეგება წინაპირობების წაყენება და პროცესების რადიკალიზაცია.

    მე, როგორც ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ევროპულობის, დემოკრატიული განვითარებისა და მაშასადამე სტაბილურობის გარანტი, გამოვდივარ ქვეყნისა და მისი ყველა მოქალაქის ინტერესებიდან და მჯერა, რომ ქვეყნის დაწყნარებით და განვითარებით ყველა გამარჯვებული დარჩება.

    ვიმედოვნებ, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი და მომავალი მთავრობა შეძლებს ამ მძიმე პროცესების შეჩერებას და არ დაუშვებს, რომ ვინმემ საკუთარი პოლიტიკური ამბიციები ქვეყნის ინტერესებზე მაღლა დააყენოს და საფრთხე შეუქმნას ქვეყნის იმ ინსტიტუტებს, რომლებიც დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს საყრდენია", - ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში.

  • საქართველოს პოლიციის ატაშეების ჩართულობით, იტალიასა და საფრანგეთში დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები - საქართველოს მოქალაქეები დააკავეს

    საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აქტიური მონაწილეობით, საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს პოლიციის ატაშეების ჩართულობით, იტალიასა და საფრანგეთში სხვადასხვა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები - საქართველოს მოქალაქეები დააკავეს.

    2021 წლის 9 თებერვალს, იტალიაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ატაშეს უშუალო ჩართულობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, იტალიის რესპუბლიკის შსს-ს ცენტრალური ოპერატიული სამსახურის, იტალიის რესპუბლიკის შსს-ს საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტის რეჯიო ემილიას სამხარეო პოლიციისა და ინტერპოლის თანამშრომლებმა, რამდენიმეთვიანი ინტენსიური ოპერატიული, სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოპერაცია „კანონიერი ქურდის“ ფარგლებში, გამოავლინეს და დააკავეს იტალიის რესპუბლიკის ტერიტორიაზე - 23, პოლონეთში - 2, საბერძნეთში - 1, ბელგიაში 1 და სლოვენიაში - საქართველოს 1 მოქალაქე, რომლებიც იტალიის რესპუბლიკისა და ევროკავშირის ტერიტორიაზე აქტიურად სჩადიოდნენ დანაშაულებრივ ქმედებებს.

    გამოძიებით დადგენილია, რომ დაკავებული საქართველოს მოქალაქეები ჩრდილოეთ იტალიაში ბინებს ქურდავდნენ, მოპარულ ნივთებს, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, კონკრეტულ ადგილებზე აბარებდნენ, ნაქურდალი ნივთების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხით კი იტალიის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგალური ბიზნესსაქმიანობის წამოწყებას ცდილობდნენ.

    აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებების გამო, იტალიის რესპუბლიკის საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტმა საქართველოს მოქალაქეების მიმართ საქმე აღძრა იტალიის სისხლის სამართლის კოდექსის 416-ე, 624-ე და 648-ე მუხლებით, რაც გულისხმობს კრიმინალური დაჯგუფების ჩამოყალიბებას, ქურდობას, ასევე, ფულის გათეთრებას და მაქსიმალური სანქციის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7 წლამდე ვადით.

    ოპერაცია „კანონიერი ქურდის“ ფარგლებში, ქართველმა სამართალდამცველებმა, 6-თვიანი თანამშრომლობის შედეგად, იტალიურ მხარესთან საქართველოს შსს-ს პოლიციის ატაშეს უშუალო მონაწილეობით, არაერთხელ გაცვალეს ოპერატიული ინფორმაცია საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით, რომლებიც ხსენებულ დანაშაულებში მონაწილეობდნენ.

    საქართველოს მოქალაქეები, იტალიური საპოლიციო ძალებისათვის კვალის არევის მიზნით, აქტიურად იყენებდნენ გაყალბებულ მონაცემებსა და დოკუმენტაციას. ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებებისა და საქართველოს შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის აქტიური ჩართულობით მოხდა ყველა პიროვნების იდენტიფიცირება, რომლებიც ხსენებულ დანაშაულებში მონაწილეობდნენ.

    ოპერაცია „კანონიერი ქურდი“ მხოლოდ ნაწილია იმ მასშტაბური ღონისძიებების, რომლებსაც ქართველი და იტალიელი სამართალდამცველები ერთობლივად ახორციელებენ.

    ასევე, 2021 წლის 9 თებერვალს, საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ატაშესა და სამინისტროს მიერ საფრანგეთის ეროვნულ პოლიციაში მივლენილი ქართველი მეკავშირე ოფიცრის უშუალო ჩართულობით, რამდენიმეთვიანი ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ერთობლივი ოპერაცია „BRATVA-35“ ჩატარდა.

    ოპერაციის ფარგლებში, საფრანგეთის რესპუბლიკის ქალაქებში: როშ-სურ-იონში, ნუარში, ანჟერში, ბორდოსა და რენში ქართული წარმოშობის „კანონიერი ქურდი“ - კ.ა. და საქართველოს 17 მოქალაქე დააკავეს.
    ფრანგი სამართალდამცველების მიერ დაკავებული პირები ორგანიზებული დაჯგუფების წევრები იყვნენ და საფრანგეთისა და ევროკავშირის სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე აქტიურად ეწეოდნენ დანაშაულებრივ საქმიანობას. კერძოდ, მათ ბრალად ედებათ საფრანგეთის რესპუბლიკის სსკ-ის 131-ე, 132-ე, 311-ე, 321-ე, 450-ე მუხლებითა და საბაჟო კოდექსის 414-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულები: ორგანიზებული ჯგუფის მიერ საფრანგეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ სავაჭრო ობიექტებში ჩადენილი ქურდობის არაერთი ეპიზოდი, ორგანიზებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებაში მონაწილეობა, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენა/გასაღება და კონტრაბანდული თამბაქოს ნაწარმით უკანონო ვაჭრობა, რაც მაქსიმალური სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 10 წლის ვადით და ჯარიმას 375 ათასი ევროს ოდენობით.

     შსს-ს პრეს-ცენტრი

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აპრილი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური