სენაკში ახალი ქარხანა აშენდება

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 19 აპრილი 2016 11:19

სენაკში სრული ციკლის, თანამედროვე, „ევრო 4“ სტანდარტის შესაბამისი ცემენტის მწარმოებელი ქარხანა აშენდება. პროექტის დეტალები საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ბიზნესმენ ცეზარ ჩოჩელის შეხვედრაზე განიხილეს.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, პროექტი ჩინურ კომპანიასთან ერთად ხორციელდება და მისი საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 100 მილიონი დოლარია. მშენებლობა მიმდინარე წლის ივნისის თვეში დაიწყება და მასზე 500 ადამიანი დასაქმდება. ცეზარ ჩოჩელის განმარტებით, ამავე რაოდენობის მუშახელი დასაქმდება ქარხანაში მისი ამოქმედების შემდეგ. სენაკში წარმოებული ცემენტი ორიენტირებული იქნება, როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე საექსპორტოდ.

ცეზარ ჩოჩელმა პრემიერთან შეხვედრაზე სხვა საინვესტიციო გეგმებზეც ისაუბრა. ბიზნესმენი ახლო მომავალში აპირებს ეთერზეთების გადამამუშავებელი და ექსტრაქტების დამამზადებელი ქარხნების მშენებლობას. გიორგი კვირიკაშვილმა, მთავრობის სახელით, ბიზნესმენს მხარდაჭერა აღუთქვა აღნიშნული პროექტების განხორციელებაში და ხაზი გაუსვა ინვესტიციების მნიშვნელობას ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და დასაქმების ხელშეწყობის კუთხით.

წაკითხულია 1454 ჯერ

Related items

  • საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებაზე ისაუბრეს

    ჩვენ ვაფასებთ თურქეთთან განსაკუთრებულ ურთიერთობას და მივესალმებით სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუსთან შეხვედრისას განაცხადა.

    საუბრისას, ხაზი გაესვა საქართველოს, თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ სამმხრივ ფორმატს და აღინიშნა, რომ სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების რიგით მე-8 შეხვედრა თბილისში, რომელზეც სხვადასხვა სექტორში თანამშრომლობა განიხილება, ამ ფორმატის უნიკალურობას ადასტურებს.

    საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრისას, ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მორიგ სხდომაზე, რომელიც მომავალი წლის დასაწყისში ანკარაში გაიმართება.

    საუბარი ასევე შეეხო ერთობლივ პროექტებს ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროში, მათ შორის სამხრეთის გაზის დერეფანს, რომლის ნაწილის - ტრანსანატოლიური გაზსადენის (TANAP) ინაუგურაცია თურქეთში ახლახან გაიმართა, ასევე - ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მნიშვნელობას.

    მთავრობის მეთაურმა თურქეთის რესპუბლიკას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

    საუბრისას, ასევე აღინიშნა კულტურის სფეროში საქართველო-თურქეთის თანამშრომლობის მნიშვნელობა და ხაზი გაესვა ორმხრივი მაღალი დონის ვიზიტების დინამიკას, რაც ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ ერთი ხაზგასმაა.  

    პრემიერ-მინისტრის პრეს-სამსახური

  • აშხაბადში გაიხსნა მსოფლიოში პირველი ქარხანა, რომელიც ბუნებრივი აირიდან ეკოლოგიურად სუფთა საწვავს მიიღებს

    28 ივნისს, აშხაბადში, საზეიმო ვითარებაში გაიხსნა მსოფლიოში პირველი ქარხანა, რომელიც ბუნებრივი გაზიდან გადაამუშავებს და მიიღებს ეკოლოგიურად სუფთა ბენზინის საწვავს ECO -93. ქარხნის გახსნის ცერემონიამდე ბიზნეს ცენტრში ,,მიზანი’’ გაიმართა საზეიმო სხდომა, რომელსაც  თურქმენეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი გურბანგული ბერდიმუხამედოვი უძღვებოდა.

    თავის გამოსვლაში თურქმენეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ქვეყნის განვითარების სწრაფი ეკონომიკური კურსი სწორი მიმართულებით მიედინება და უახლოეს მომავალში მიაღწევს დიდ წარმატებას. მან ასევე ისაუბრა სხვადასხვა ქვეყნებთან ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ, უცხოური ინვესტიციების შემოდინებაზე, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაზე, სატრანსპორტო დერეფნის განვითარებასა და საბაზრო რეფორმების მიმდინარეობის ახალ ეტაპზე. ,,თურქმენეთის ეკონომიკური მოდელი დაფუძნებულია მსოფლიო გამოცდილების საუკეთესო მოდელზე, რომელიც ემყარება სახელმწიფოებრივ, ეროვნულ ინტერესებს, ასევე რეგიონალურ და გლობალურ მდგრად განვითარებას. ამიტომ ჩვენმა ქვეყანამ თავი გამოიჩინა როგორც პასუხისმგებელმა პარტნიორმა ყველა სფეროში. გარდა დიდი რაოდენობით ბუნებრივი რესურსებისა თურქმენეთი ასევე არის ქვეყანა პერსპექტიული და გავლენიანი მოთამაშის იმიჯით  რეგიონალურ ბაზარზე. ამაზე მეტყველებს თურქმენეთის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ)ს სწრაფი ზრდის ტემპი, ქვეყნის აქტიური ინტეგრაცია მსოფლიო ეკონომიკის ერთიან სისტემაში, მათ შორის სატრანსპორტო სატრანზიტო დერეფნების შექმნით და ახალი ეკონომიკური მაჩვენებლების ზრდით ინოვაციურ ინდუსტრიულ სფეროში’’, - აღნიშნა თურქმენეთის სახელმწიფოს მეთაურმა.

    თურქმენეთის პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა თურქმენეთის მიერ ,,ღია კარის“ განვითარების პოლიტიკის მნიშვნელობას. რომელიც წარმოადგენს ძირითად პირობას ქვეყნის ეკონომიკური აღმავლობის გზაზე, მისი კონკურენტუნარიანობის განმტკიცებას, საიმედო პარტნიორის რეპუტაციის დამკვიდრებას, დიპლომატიური ავტორიტეტის მოპოვებას მსოფლიო არენაზე. ,,ამჟამად მსოფლიოში მიმდინარეობს მეოთხე ინდუსტრიული რევოლუცია და თურქმენეთი ჩართულია ამ პროცესში ტექნოლოგიების გაცვლის, ნოუ-ჰაუს, ინტელექტუალური სისტემის დანერგვის და ეკონომიკის ყველა დარგების ციფრული ტრანსფორმაციის დახმარებით. ციფრულ ეკონომიკაზე გადასვლის შემთხვევაში, დაიწყება ქვეყნის ინდუსტრიალიზაციის ახალი ეტაპი, სტრუქტურული და საბაზრო რეფორმების განხორციელება. შესაბამისად, ქვეყნის ეკონომიკური დარგების დივერსიფიკაცია დაეხმარება თურქმენეთს გახდეს მსხვილი ეკონომიკური ქვეყანა რეგიონში’’, - დასძინა გურბანგული ბერდიმუხამედოვი. 

    თურქმენეთის პრეზიდენტმა გურბანგული ბერდიმუხამედოვმა ასევე დაამატა რომ, აღნიშნული მასშტაბური პროექტის რეალიზაცია, ახალი გაზო- ქიმიური თანამედროვე კომპლექსის ექსპლუატაციაში ჩაშვება გააფართოებს თურქმენეთის საექსპორტო შესაძლებლობებს. ქარხნის პროდუქციის საზღვარგარეთ მიწოდებისთვის არსებობს ყველანაირი ინფრასტრუქტურა. ეს გახლავთ: ავტომაგისტრალი, რკინიგზა და საზღვაო პორტი თურქმენბაში, რომელიც დაეხმარება პროდუქციის ევროპისკენ გაგზავნაში. პრეზიდენტის თქმით, თანამედროვე ქარხნის მიერ წარმოებული პროდუქციით უკვე დაინტერესდნენ რიგი წამყვანი ევროპული ქვეყნები.

    შეხვედრაზე ასევე გამოვიდნენ უცხოელი სტუმრებიც: იაპონიის სახელმწიფო მინისტრი ვაჭრობისა და განვითარების დარგში იოშიხიკო ისოზაკი და იაპონიის ლიბერალ- დემოკრატიული პარტიის საგარეო საქმეთა დეპარტამენტის დირექტორი, იაპონია თურქმენეთის საერთაშორისო მეგობრების ჯგუფის თავჯდომარე მაცუშიტა შიმპეი, რომლებმაც აღნიშნეს აღნიშნული პროექტის ძალიან დიდი მნიშვნელობა. სტუმრებს ასევე აჩვენეს ვიდეო მასალა თურქმენეთის ნავთობგადამამუშავებელი დარგის შესახებ.

    საზეიმო ცერემონია გაგრძელდა ბუნებრივი გაზიდან ბენზინის გადამამუშავებელი ქარხნის სერთიფიკატების მინიჭების ცერემონიალით. კომკპანია World Records-მა  სერთიფიკატი მიანიჭა მსოფლიოში პირველ გაზისაგან ბენზინის გადამამუშავებელ ქარხანას, ამერიკის შეერთებული შტატების გარემოს დაცვის ფონდმა გადასცა ,,ეკოლოგიურად სუფთა’’ სერთიფიკატი, ხოლო შვეიცარიულმა ფედერალურმა ტექნოლოგიურმა ინსტიტუტმა - სერთიფიკატი ,,ინოვაციური ტექნოლოგიები’’. ამის შემდეგ სტუმრებს მიაწოდეს სრული ინფორმაცია აღნიშნული თანამედროვე კომპლექსის შესახებ.

    ქარხანა, რომელიც ბუნებრივი გაზიდან გადაამუშავებს და მიიღებს ეკოლოგიურად სუფთა ბენზინის საწვავს ECO -93, აღჭურვილია თანამედროვე მოწყობილობებით და მოწინავე ტექნოლოგიებით ისეთი ქვეყნებიდან როგორებიც არიან აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ნიდერლანდები, შვედეთი, იაპონია, სამხრეთ კორეა, ინდოეთი და სხვა. ეს გაზო-ქიმიური თანამედროვე კომპლექსი წაროადგენს უნიკალურ ობიექტს რიგი მახასიათებლებით. აქ პირველად მსოფლიო პრაქტიკაში განხორციელდება ბუნებრივი გაზიდან გადამუშავება საწვავზე სამრეწველო მაშტაბით. 

    თურქმენეთს ვერ წარმოუდგენია თავისი ენერგოდამოუკიდებლობის მიღწევა ეკოლოგიური საკითხის მოგვარების გარეშე. ასე მაგალითად აღნიშნული ქარხანა დღეისათვის ერთადერთია მსოფლიოში რომელიც აწარმოებს ეკოლოგიურად სუფთა სინთეთიკურ ბენზინს ბუნებრივი აირიდან. თურქმენეთის სინთეთიკური ბენზინი თავისი მახასიათებლებით ძლიერ განსხვავდება ჩვეულებრივი ბენზინისგან, რომელსაც ნავთობის გადამუშავების შედეგად მიიღებენ. ახალ პროდუქტში არ არის აზოტის შემცველი ორგანული შენაერთები, რაც მავნებელია გარემოს დაბინძურებისათვის.

    პროექტი GTG (Gas to gasoline), რომელიც დაფუძნებულია დანიური კომპანიის Haldor Topsoe TIGAS ტექნოლოგიაზე, შესაძლებლობას იძლევა გადამუშავდეს მაღალ ხარისხიანი ბენზინის საწვავი, მინიმალური ენერგო დანაკარგებით და გარემოზე ზემოქმედების უმცირესი შედეგებით. ქარხანა ყოველწლიურად გადაამუშავებს 1,78 მილიარდ კუბურმეტრ გაზს (ცისფერს საწვავს) საიდანაც მიიღება 600 ათასი ტონა ეკოლოგიურად სუფთა ECO – 93 მარკის ბენზინი, აგრეთვე 12  ათასი ტონა გასუფთავებული დიზელის საწვავი და 115 ათასი ტონა თხევადი გაზი. ქარხანაში დასაქმებული 800 -მდე ადგილობრივი მაცხოვრებელი.

    თურქმენეთის პრეზიდენტის გურბანგული ბერდიმუხამედოვის ბრძანების თანახმად, პირველი 60 ტონა ეკოლოგიურად სუფთა საწვავი საჩუქრად გაეგზავნება ავღანელ ხალხს ჰუმანიტარული დახმარების სახით.

    შეგახსენებთ, რომ ქარხნის მშენებლობა დაიწყო 2014 წლის 26 აგვისტოს. მშენებლობა მიმდინარეობდა გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც დაიდო სახელმწიფო კონცერნ ,,თურქმენგაზსა’’ და  იაპონურ-თურქულ კონსორციუმ Kawasaki Heavy Industries Ltd - ს შორის.

    პროექტის საერთო ღირებულება დაახლოებით 1,7 მილიარდ დოლარს შეადგენს. რაც შეეხება გადამუშავებული, ეკოლოგიურად სუფთა ბენზინის ფასს, იგი 2 თურქმენულ მანათი (დაახლოებით 60 ცენტი) ეღირება.  

    ავთანდილ ოთინაშვილი

    აშხაბადი-თბილისი

  • ნოდარ თათვიძე პრემიერს შეხვედრას სთხოვს

    საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელმა და საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის დამფუძნებელმა ნოდარ თათვიძემ დაიწყო პროექტი სტატუსშეჩერებულ სტუდენტთა მხარდასაჭერად, რომელთან დაკავშირებითაც პრემიერ-მინისტრს შეხვედრის სურვილით მიმართა.

    ''როგორც მოგეხსენებათ დავიწყე თანამოაზრეებთან ერთად სტატუსშეჩერებულ სტუდენტთა ხელშეწყობის ფონდის ჩამოყალიბება, რომელიც მიზნად ისახავს იმ სტატუსშეჩერებული სტუდენტების სტატუსის აღდგენას რომლებიც მაღალი აკადემიური მოსწრებით გამოირჩეოდნენ უმაღლეს სასწავლებლებში, მაგრამ უსახსრობის გამო სწავლა ვერ განაგრძეს.

    მივმართავ თხოვნით ბატონ მამუკა ბახტაძეს, გამოიჩინოს, ინიციატივა და დაგვეხმაროს ფონდის ჩამოყალიბებაში. როგორც მოგეხსენებათ ფონდის იურიდიულ დაკანონებას რამდენიმე თვე სჭირდება, დრო კი არ ითმენს მაშინ როდესაც დაახლოებით 15 000 სტატუსშეჩერებული სტუდენტია საქართველოში თანხის გადაუხდელობის გამო. ეს ციფრი ნამდვილად საგანგაშოა და გამონაკლისის სახით აუცილებლებლობას წარმოადგენს ფონდის სწრაფად ჩამოყალიბება.

    ბატონ მამუკას მივმართავთ რომ შეგვხვდეს, რადგან ერთად განვიხილოთ პროექტთან დაკავშირებული დეტალები და ჩვენთან ერთად დაიწყოს ახალმა პრემიერმა ახალგაზრდებისთვის კეთილი საქმის კეთება.

    ვფიქრობთ რომ კომპანიების, საჯარო დაწესებულებებისა და თითოეული ადმიანის გაერთიანებით ფონდი წარმატებული იქნება და სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს ერთად აღვუდგენთ სტუდენტის სტატუსს. ველით პრემიერის პასუხს.'' - აცხადებს ნოდარ თათვიძე.

     

  • სენაკში დაკარგულ ბავშვს მდინარეში ეძებენ
    რამდენიმე დღის წინ სენაკში დაკარგულ 8 წლის მოზარდს ამ წუთებში მდინარე ტეხურაში ეძებენ. არსებული ინფორმაციით, ბავშვი ჯართის შეგროვების დროს მდინარეში ჩავარდა. როგორც შსს-ში აცხადებენ, ამ საქმეზე დაკავებულია ერთი პირი. მის წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 129-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სისხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფი პირისთვის დახმარების არაღმოჩენას გულისხმობს. შსს-ს ცნობითვე სამძებრო სამუშაოები ამ დროისთვის ინტენსიურად მიმდინარეობს. დაკარგული ბავშვის მშობლების მტკიცებით, მათი შვილი ერთ-ერთმა ადგილობრივმა მოკლა, შემდეგ კი მდინარე ტეხურაში გადააგდო. ისინი დამნაშავის უმკაცრესად დასჯას ითხოვენ.
  • „ბუნდოვანი დარჩა, არის თუ არა პრემიერი გადაწყვეტილების მიღების უნარიანი“ - გია ხუხაშვილი (ვიდეო)

    „გამომდინარე იქიდან, რომ ძალოვან სისტემას გიორგი კვირიკაშილი არ შეხებია და ძალოვანი სისტემის მინისტრები მის გუნდად არ მოიაზრებიან, ბუნდოვანება დარჩა იმის შესახებ, თუ სად არის ძალის ცენტრი, სად მიიღება გადაწყვეტილებები, პრემიერ-მინისტრი არის თუ არა გადაწყვეტილების მიღების უნარიანი და შესაბამისად, არის თუ არა პროცესებზე პასუხისმგებელი.“ - განაცხადა პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „სტარვიზიის“ ეთერში. უყურეთ „სტარვიზიაზე“ და უსმინეთ რადიო star fm-ზე, „აქტუალური თემის“ შეკითხვებს გია ხუხაშვილი პასუხობს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური