გაეროს ადამიანის უფლებათა ექსპერტი ოფიციალური ვიზიტით ეწვია საქართველოს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 12 აპრილი 2016 19:19

ჟენევა / თბილისი – გაეროს სპეციალური მომხსენებელი ბავშვთა გაყიდვის, ბავშვთა პროსტიტუციისა და ბავშვთა პორნოგრაფიის საკითხებში მო დე ბოერ-ბუკიკიო 2016 წლის 11-18 აპრილს საქართველოში მონიტორინგის ვიზიტით ჩამოვა.

„ჩემი ამოცანაა, შევაფასო საქართველოში ბავშვთა გაყიდვისა და ექსპლუატაციის მხრივ არსებული მდგომარეობის მასშტაბი, ასევე ქვეყნის მიერ ამ პრობლემის მოგვარების გზაზე მიღწეული წარმატება და მის წინაშე მდგომი გამოწვევები“, - განაცხადა დამოუკიდებელმა ექსპერტმა, რომელსაც გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ მიანიჭა მანდატი, გაავრცელოს ბავშვთა გაყიდვის, ბავშვთა პროსტიტუციისა და ბავშვთა პორნოგრაფიის თავიდან აცილებისა და ბრძოლის სტრატეგიები და წარმოადგინოს რეკომენდაციები მსხვერპლ ბავშვებზე ზრუნვის, მათი რეაბილიტაციისა და რეინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებით.

„მე ვაპირებ შევხვდე სასტიკად მოპყრობის, ძალადობისა და ექსპლუატაციის მსხვერპლ ბავშვებს, ასევე  მძიმე პირობებში მყოფ ბავშვებს - ბავშვებზე ზრუნვის დაწესებულებებში მოთავსებულ და დევნილთათვის განკუთვნილ დასახლებებში მცხოვრებ ბავშვებს, და გავითვალისწინებ მათ მოსაზრებებს მთავრობისა და სხვა დაინტრესებული მხარეების მისამართით მომზადებულ რეკომენდაციებში“, - განაცხადა ქ-ნმა დე ბოერ-ბუკიკიომ, რომელიც ქვეყანაში მთავრობის მოწვევით ჩამოდის.

თავისი რვადღიანი ვიზიტის განმავლობაში ადამიანის უფლებათა ექსპერტი ეწვევა თბილისს, რუსთავსა და ბათუმს. იგი შეხვდება აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების, ადგილობრივი მმართველობის ორგანოების, სახალხო დამცველის ოფისის, ბავშვთა უფლებების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების, ბიზნესის სექტორის, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობისა და ახალგაზრდების წარმომადგენლებს.

სპეციალური მომხსენებელი ასევე მოინახულებს ბავშვებზე ზრუნვის სხვადასხვა ცენტრს და წეროვანის დევნილთა დასახლებას.

თავისი ვიზიტის ბოლოს ქ-ნი დე ბოერ-ბუკიკიო შეხვდება მედიის წარმომადგენლებს და გაუზიარებს მათ თავის წინასწარ დაკვირვებებს პრესკონფერენციაზე, რომელიც გაიმართება ორშაბათს, 2016 წლის 18 აპრილს, 12:30 საათზე, სასტუმროში „თბილისი მერიოტი“, რუსთაველის გამზ. №13, თბილისი. პრესკონფერენციას მხოლოდ ჟურნალისტები დაესწრებიან.

სრულ ანგარიშს ვიზიტის შესახებ სპეციალური მომხსენებელი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 2017 წლის მარტში წარუდგენს.

მო დე ბოერ-ბუკიკიო (ნიდერლანდები) ბავშვთა გაყიდვის, ბავშვთა პროსტიტუციისა და ბავშვთა პორნოგრაფიის საკითხებში სპეციალურ მომხსენებლად გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ 2014 წლის მაისში დაინიშნა. 2002-2012 წლებში იგი ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილედ მუშაობდა. ქ-ნი დე ბოერ-ბუკიკიო სათავეში ედგა სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისაგან ბავშვთა დაცვის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის მიღების პროცესს. იგი დაკარგული და ესპლუატირებული ბავშვების ევროპის ფედერაციის პრეზიდენტია. დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს: http://www.ohchr.org/EN/Issues/Children/Pages/ChildrenIndex.aspx

სპეციალური მომხსენებლები ადამიანის უფლებათა საბჭოს სპეციალური პროცედურების მექანიზმის ნაწილს შეადგენენ. სპეციალური პროცედურები, დამოუკიდებელ ექსპერტთა ყველაზე დიდი უწყება გაეროს ადამიანის უფლებათა სისტემაში, ზოგადი სახელწოდებაა საბჭოს ფარგლებში არსებული სიტუაციის შემსწავლელი და მონიტორინგის დამოუკიდებელი მექანიზმებისა, რომლებიც იხილავენ ან კონკრეტულ ქვეყნებში არსებულ მდგომარეობას, ან თემატურ საკითხებს მსოფლიოს ყველა ნაწილში. სპეციალური პროცედურების ექსპერტები მოხალისეებად მუშაობენ, ისინი არ არიან გაეროს თანამშრომლები და საკუთარი მუშაობისათვის ხელფასს არ ღებულობენ. ისინი დამოუკიდებლები არიან ნებისმიერი მთავრობის თუ ორგანიზაციისგან და საკუთარი სახელით ეწევიან საქმიანობას.

 

 

წაკითხულია 970 ჯერ

Related items

  • ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე ქართულმა მხარემ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავებაზე ისაუბრა

    2019 წლის 12 დეკემბერს, ვენაში, ეუთო-ს მუდმივ საბჭოზე საქართველოს ელჩმა დავით დონდუამ ადამიანის უფლებათა დღესთან დაკავშირებით, განცხადება გააკეთა.

    ადამიანის უფლებათა დღე მსოფლიოს მასშტაბით 10 დეკემბერს აღინიშნება. სწორედ ამ დღეს, 1948 წელს, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია. 

    დავით დონდუამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართული მხარის მზაობა დაიცვას ადამიანის უფლებები და ფუნდამენტური თავისუფლებები. მან ასევე დეტალურად ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რომლებიც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციიდან მომდინარეობს.

    ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში, უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა მდგომარეობა სულ უფრო მძიმდება. ადგილი აქვს ადამიანთა გატაცებას, წამებას, უკანონო დაკავებას, ქონების ხელყოფასა და ეთნიკური ნიშნით დევნას. ამასთან, ხელოვნური ბარიერების აღმართვისა და ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვით, იზღუდება თავისუფალი მიმოსვლის უფლება. ხოლო ათიათასობით იძულებით ადგილნაცვალ პირს, კვლავაც არ ეძლევა თავიანთ სახლებში უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნების საშუალება - აღნიშნა მან.

    საქართველოს წარმომადგენელმა ეუთო-ს მუდმივი საბჭოს წევრებს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ საქართველოს ორთოპედთა და ტრავმატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს გატაცებულ იქნა საოკუპაციო ძალების მიერ და იგი ამ დრომდე რჩება უკანონო პატიმრობაში.

    სხდომის ფარგლებში, ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა საერთაშორისო თანამეგობრობას, როგორც ორმხრივ, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში გამოხატული მტკიცე მხარდაჭერისთვის.

  • ჩინეთის სამთავრობო დელეგაციის წევრები ტვირთების მონიტორინგის პროცესს გაეცნენ

    ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის მიერ საქართველოსთვის ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტების გასაცნობად და სამომავლო თანამშრომლობის საკითხების განხილვისთვის,  საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაცია, რომელსაც საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს თავმჯდომარე ვანგ ქსიაოტაო ხელმძღვანელობს.

    აღსანიშნავია, რომ ჩინეთის მთავრობის ტექნიკური დახმარების ერთ-ერთი მიმართულება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო ინფრასტრუქტურის აღჭურვასა და საინსპექციო სისტემების გაძლიერებას ითვალისწინებს. 

    დღეს სტუმრებმა ერთ-ერთი ასეთი აღჭურვილობა - სატვირთო საავტომობილო სტაციონალური რენტგენო სკანერი და ტვირთების მონიტორინგის პროცესი  ყაზბეგის მუნიციპალიტეტში დაათვალიერეს.

    ინსპექტირების სისტემის გაცნობის შემდეგ, საუბარი სამუშაო შეხვედრის ფორმატში გაგრძელდა, რომელსაც საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი ქალბატონი ლი იანი, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი, შემოსავლების სამსახურის უფროსი ვახტანგ ლაშქარაძე, საბაჟო დეპარტამენტის უფროსი მამუკა ჯანგულაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი სამსონ ურიდია დაესწრნენ.

    შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: აღმოსავლეთ - დასავლეთის სატრანზიტო დერეფანი, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების ხელშეწყობა და ეკონომიკური პარტნიორობის განმტკიცების მექანიზმები. 

    შეხვედრის მსვლელობისას, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ვახტანგ ლაშქარაძემ სტუმრებს საბაჟო დეპარტამენტში მიმდინარე რეფორმებისა და თანამედროვე ინფრასტრუქტურული სიახლეების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.

    მისი თქმით, თანამედროვე საბაჟო აღჭურვილობა საზღვარზე პოტენციური საფრთხეების თავიდან არიდების მიზნით, უზრუნველყოფს მიზნობრივი საბაჟო კონტროლის სწრაფად განხორციელებას, ხელს უწყობს უსაფრთხოების დაცვასა და იმავდროულად, ამცირებს საბაჟო შემოწმების პროცედურების ხანგრძლივობას.

    „საქონლის ფიზიკურ დათვალიერებას სჭირდება საშუალოდ 5 საათზე მეტი დრო. საქონლის სპეციფიკიდან გამომდინარე, დათვალიერება შესაძლებელია რამდენიმე დღეც კი გაგრძელდეს. ტვირთის ამდენი ხნით, დაყოვნება წარმოუდგენლ ზიანს მიაყენებს გლობალურ ვაჭრობას და მასში ჩართულ ყველა სატრანსპორტო კომპანიას. დათვალიერების თანამედროვე ტექნოლოგიის გამოყენება შესაძლებლობას იძლევა  მნიშვნელოვნად შემცირდეს საბაჟო კონტროლისთვის აუცილებელი დრო, საშუალოდ 4 წუთიდან - 7 წუთამდე, ნაცვლად 2 საათისა ან რამდენიმე დღისა. ამასთან, რენტგენო ინსპექტირება მნიშვნელოვნად ამცირებს დათვალიერბისთვის საჭირო ადამიანურ რესურსს და ამაღლებს რისკის შემცველი ტვირთების იდენტიფიცირების პროცესს“,  - აღნიშნა ვახტანგ ლაშქარაძემ.

    შემოსავლების სამსახურის უფროსმა მადლობა გადაუხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დელეგაციის წევრებს მხარდაჭერისთვის და კიდევ ერთხელ, ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის თანამშრომლობის მნიშვნელობას.

    აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის თებერვალში, საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ხელმოწერილია ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება, 5 საბაჟო გამშვები პუნქტის  უახლესი სტაციონარული რენტგენის სკანერით აღჭურვისთვის ითვალისწინებს 100 მილიონი იუანის (დაახლოებით 15 მილიონი აშშ დოლარი) გამოყოფას.

    ამჟამად, საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების ეკონომიკურ ზონებსა და საბაჟო გამშვებ პუნქტებზე (სარფი, ვალე, ნინოწმინდა, სადახლო, წითელი ხიდი, ლაგოდეხი, ყაზბეგი, ფოთის პორტი, თბილისის გაფორმების ეკონომიკური ზონა, ასევე სარკინიგზო ინსპექტირების სისტემები ფოთის პორტსა და გარდაბანში) 46 სხვადასხვა დანიშნულების სტაციონალური სკანერი ფუნქციონირებს. ამასთან, 5 წლიანი გრანტის ფარგლებში, იგეგმება კიდევ 9 ერთეული ახალი რენტგენო სკანერის გადმოცემა.

    აღსანიშნავია, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის მიერ საქართველოსთვის ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის ფარგლებში, 2005 წლიდან დღემდე, გრანტების სახით უკვე გამოყოფილია, დაახლოებით, 62 მლნ აშშ დოლარი, ხოლო შეღავათიანი სასაქონლო კრედიტის სახით - დაახლოებით 4.3 მლნ აშშ დოლარი.

     ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური

  • თბილისს ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტი ეწვევა

    გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი საქართველოს მეუღლესთან, ელკე ბიუდენბენდერთან ერთად 6 ოქტომბერს ესტუმრება. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტის ოფიციალური დახვედრის ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება, სადაც შედგება შეხვედრები პრეზიდენტთან პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში.

    საქართველოს და გერმანიის პრეზიდენტები მედიისათვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს შეხვდება და საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტი თბილისში ქართველ ბიზნესმენებს შეხვდება, კახეთს ეწვევა და რამდენიმე ადგილობრივ ღვინის ქარხანას დაათვალიერებს. ოფიციალური ვიზიტის კულტურული პროგრამის ფარგლებში, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ალავერდის მონასტერსა და ერეკლე მეფის მუზეუმს დაათვალიერებს. ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის ვიზიტი 8 ოქტომბერს დასრულდება.

  • არჩილ თალაკვაძე საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა

    პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივ წარმომადგენელს, ლუიზა ვინტონს შეხვდა. 

    არჩილ თალაკვაძემ მადლობა გადაუხადა ლუიზა ვინტონს იმ დახმარებისთვის, რომელსაც UNDP საქართველოს პარლამენტს უწევს, მათ შორის ინსტიტუციური რეფორმის კუთხით. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ UNDP-მ, ასევე დიდი წვლილი შეიტანა პარლმენტის კვლევითი ცენტრის დაარსებაში.

    მხარეებმა ისაუბრეს ახალ პროექტზეც, რომელიც შემოდგომაზე დაიწყება და UNDP კვლავ გააგრძელებს საპარლამენტო რეფორმების მხარდაჭერას.

    პარლამენტის თავმჯდომარე სტუმარს სასამართლო რეფორმის მიმდინარეობაზე, ასევე საარჩევნო რეფორმაზე და იმ კანონმდებლობაზე ესაუბრა, რომელსაც პარლამენტის მიიღებს.

    შეხვედრის ერთ-ერთი თემა იყო დეცენტრალიზაციის სტრატეგია და ამ სტრატეგიის მიღების აუცილებლობის საკითხი.

     

     

  • გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო საქართველოსა და 44 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია

    2019 წლის 4 ივნისს, ქ. ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 73-ე სესიის ფარგლებში, მიიღო საქართველოსა და 44 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“.

    გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე აღნიშნულ რეზოლუციას საქართველო 2008 წლის მაისიდან წარადგენს, რითაც განამტკიცებს დევნილთა ფუნდამენტურ უფლებებს, უპირველესად - საკუთარ საცხოვრებელ ადგილებზე ნებაყოფლობითი, უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლებას.

    აღსანიშნავია, რომ წელს გაეროს წევრ ქვეყნებს პირველად მიეცათ შესაძლებლობა, გამხდარიყვნენ რეზოლუციის თანაავტორები და ამ გზით კიდევ უფრო აქტიურად ჩართულიყვნენ ამ მნიშვნელოვანი საკითხის მოგვარებისადმი მიმართულ საყოველთაო ძალისხმევაში. მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან რეზოლუციის თანასპონსორთა რიგებს გაერო-ს წევრი 44 ქვეყანა შეუერთდა. შესაბამისად, წლევანდელი რეზოლუცია წარმოადგენს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ უკვე 44 მეტი ქვეყნის ერთობლივ ინიციატივას. თანასპონსორობით აღნიშნული რეზოლუცია ერთგვარად  უფრო წონადი გახდა, რადგან იგი უკვე არა მხოლოდ საქართველოს, არამედ 44 ქვეყნის სახელითაა, და მას უმრავლესობის მხარდაჭერა აქვს.

    რეზოლუცია გმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, ადასტურებს დევნილთა უფლებას, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ და ხაზს უსვამს მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას. ამასთან, რეზოლუცია ხაზს უსვამს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში ჰუმანიტარული საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების გადაუდებელ საჭიროებას.

    ჰუმანიტარული კონტექსტის გარდა რეზოლუციას აქვს პრაქტიკული დატვირთვა, ვინაიდან ის გაერო-ს გენერალურ მდივანს საქართველოში მცხოვრები დევნილი მოსახლეობის მდგომარეობისა და რეზოლუციის შესრულების თაობაზე ყოველწლიური ანგარიშის მომზადებას ავალებს. აღნიშნული განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მძიმე ვითარებისა და საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების არარსებობის ფონზე, რაც კიდევ ერთ დაბრკოლებას წარმოადგენს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების გზაზე.

    აღსანიშნავია, რომ რეზოლუცია მოუწოდებს ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს, გაააქტიურონ ძალისხმევა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნების პროცესს.

    რეზოლუციის წარდგენისას, გაეროსთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ბატონმა კახა იმნაძემ აღნიშნა, რომ რეზოლუცია ეფუძნება იძულებით გადაადგილების შესახებ გაეროს სახელმძღვანელო პრინციპებს. ბატონმა იმნაძემ,   ხაზგასმით განაცხადა, რომ უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკიდურესად შემაშფოთები რჩება. მოსახლეობას უწევს გატაცების, უკანონო დაპატიმრების, საკუთრების ხელყოფის, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვის, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვისა და ასევე, ეთნიკურ ნიადაგზე დისკრიმინაციის მოთმენა. საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ გენერალური მდივნის უახლესი ანგარიშის ნახვა დიდ გულისტკივილს იწვევს, სადაც აღწერილია ქართველი იძულებით გადაადგილებული პირების „ტრაგიკული დაღუპვა“ საოკუპაციო ძალის მიერ დაკავებისას. ასეთი შემთხვევები ხშირია: ბაშარული, ოთხოზორია, ტატუნაშვილი, კვარაცხელია.

    სხდომაზე აგრეთვე გაკეთდა შემდეგი მხარდამჭერი განცხადებები: სუამ-ის ქვეყნების სახელით ისაუბრა უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა; ჩრდილო ევროპული და ბალტიის ქვეყნების სახელით განცხადება გააკეთა ლიტვის მუდმივმა წარმომადგენელმა, რომელსაც მიუერთდნენ ბულგარეთი, ჩეხეთი, ირლანდია, ლუქსემბურგი, მალტა, მოლდოვის რესპუბლიკა, მონტენეგრო, ნიდერლნდები, პოლონეთი და სლოვენია. მხარდამჭერი ეროვნული განცხადებები გააკეთეს აშშ-ს, კანადის, დიდი ბრიტანეთისა და უკრაინის მუდმივმა წარმომადგემლებმა.

    მნიშვნელოვანია, ხაზი გაესვას, რომ გაერო-ს გენერალურ ასამბლეის მიერ რეზოლუციის მიღებით საქართველოს საკითხი კვლავ რჩება მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფორუმის დღის წესრიგში.

    საქართველოს დიპლომატიური სამსახური მომავალშიც არ დაიშურებს ძალისხმევას საერთაშორისო ასპარეზზე ეთნიკური წმენდის შედეგად დევნილი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების დასაცავად, რადგან აღნიშნული საკითხი, მის საბოლოო გადაჭრამდე, რომელიც გულისხმობს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების სრულ დეოკუპაციას და აღნიშნული რეგიონებიდან იძულებით გამოდევნილი მოსახლეობის საკუთარ საცხოვრებელ ადგილებზე უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებას, არის და იქნება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. 

    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მადლობას უხდის ყველა იმ სახელმწიფოს, რომელმაც მხარი დაუჭირა რეზოლუციას და გახდა ინიციატივის თანაავტორი. აღნიშნული გადაწყვეტილებით თითოეულმა ქვეყანამ კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილთა დაბრუნების უფლებას და თანდგომა გამოუცხადა თითოეულ დევნილს.

ბიზნეს ნიუსი

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით, ერთის წინააღმდეგ ...

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური