პერსონალურ მონაცემთა დაცვის გაძლიერება საქართველოში
თბილისი. 12 აპრილი 2016 - 12 აპრილს, იუსტიციის სახლში, გაიმართა სამუშაო შეხვედრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) შორის. შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები პერსონალურ მონაცემთა დაცვის გაძლიერებისა და ამ მიმართულებით სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინსტიტუციური შესაძლებლობების გაზრდის სფეროში.
შემდგომი სამი წლის მანძილზე გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) დაეხმარება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ მთელ რიგ საკითხებში, რომელთა შორისაა: თანამშრომელთა გადამზადება, პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით არსებული ბიზნეს პრაქტიკის რისკების ანალიზი, ცვლილებების შეტანა პერსონალურ მონაცემთა დაცვის მარეგულირებელ სამართლებრივ დოკუმენტებში “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის შესაბამისად და ინფორმაციის გავრცელება პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ.
„სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, როგორც ქვეყანაში მოსახლეობის უმსხვილესი მონაცემთა ბაზის მფლობელი და საქართველოში საიდენტიფიკაციო დოკუმენტების გამცემი ორგანო, სრულად აცნობიერებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის უზრუნველყოფის მნიშვნელობას. ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ საკუთარი შესაძლებლობების გაძლიერებაზე, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით საზოგადოების ინფორმირებულობაზე“,- განაცხადა შეხვედრის გახსნაზე სახელმწიფო სერვისების სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი პატარიძემ.
2016 წლისათვის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ წარმატებით შეასრულა პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული მოთხოვნები, რომლებიც ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმითაა გათვალისწინებული, და ამჯერად განაგრძობს სააგენტოში მიმდინარე პროცესების დახვეწას.
„გაეროს დახმარების მიზანია საქართველოს ეროვნული შესაძლებლობების გაზრდა ადამიანის უფლებათა დაცვის იმ სფეროებში, რომლებიც განისაზღვრა ევროკავშირისა და საქართველოს შეთანხმებით. პირადი ცხოვრებისა და პირადი მონაცემების ხელშეუხებლობის უზრუნველყოფა ამ დახმარების მნიშვნელოვანი შემადგენელია“, - თქვა ნათია ნაცვლიშვილმა, UNDP-ის პროგრამული ნაწილის ხელმძღვანელმა.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელშეწყობა ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, გაეროს ერთობლივი პროგრამის „ადამიანის უფლებები ყველასათვის“ ფარგლებში, რომელშიც ჩართულია გაეროს ოთხი სააგენტო - გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარიატი (OHCHR) და შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO).