უკრაინის პრემიერ-მინისტრი არსენი იაცენიუკი თანამდებობას ტოვებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
კვირა, 10 აპრილი 2016 18:31

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა არსენი იაცენიუკმა თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო და ამის შესახებ ვიდეო-მიმართვაში განაცხადა.
არსენი იაცენიუკმა სატელევიზიო გადაცემაში „10 წუთი პრემიერ-მინისტრთან ერთად“ მიიღო მონაწილეობა და აღნიშნა, რომ იგი ტოვებს უკრაინის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას. „სამშაბათს, 12 აპრილს ჩემი გადაწყვეტილება უკრაინის უმაღლეს რადას წარედგინება“ - დასძინა არსენი იაცენიუკმა.
იაცენიუკის თქმით, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი ხელოვნურად გამოიწვიეს, რადგან ერთი ადამიანის გადაყენების სურვილმა პოლიტიკოსები დააბრმავა. მისივე განცხადებით, სახალხო ფრონტი უკრაინის პარლამენტში კოალიციის შემადგენლობაში დარჩება.
„დღეიდან ჩემს უფრო ფართო ამოცანებს ვხედავ, ვიდრე მთავრობის მეთაურის უფლებამოსილებაა. ყველაფერი კეთდება უკრაინის სტაბილურობისთვის“, - განაცხადა არსენი იაცენიუკმა.

წაკითხულია 723 ჯერ

Related items

  • „დიალოგისკენ“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოწოდებას ოპოზიციაში პასუხობენ

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 23 თებერვალს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში „ყველა ჯანსაღად მოაზროვნე ოპოზიციურ ძალას“ პარლამენტში შესვლისა და საკანონმდებლო ორგანოს დისკუსიის პლატფორმად გამოყენებისკენ მოუწოდა.

    მანვე დაამატა, რომ მმართველი გუნდი მზად არის „ნამდვილი დიალოგისთვის ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ფორმატში“. პრემიერმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ მელიას დაკავება და კანონის აღსრულება პოლიტიკაში რადიკალიზმის შემცირებისა და სამართლიანი ურთიერთობების აუცილებელი პირობა იყო.

    „სამოქალაქო საქართველო“ პრემიერ-მინისტრის განცხადებაზე ოპოზიციის საპასუხო გამოხმაურებას გთავაზობთ.

    ზაალ უდუმაშვილი – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა: „მზად ვართ, დიალოგის მაგიდას მივუსხდეთ, ოღონდ იმ პირობით, რომ ამ მაგიდის ერთ მხარეს უნდა იჯდეს ნიკა მელია, ესაა ერთ-ერთი მთავარი პირობა და მეორე, როდესაც საუბრობენ პარლამენტში შესვლაზე, ამასაც გააჩნია კონკრეტული ფასი და ეს ფასი არის – ახალი არჩევნები საქართველოში. აი, ამ შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ დავსხდეთ დიალოგის მაგიდასთან და განვიხილოთ კონკრეტული თარიღი, როდის უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები“. 

    გიგა ბოკერია – ევროპული საქართველო: „მორიგი სიტყვების სროლაა. რომელი დიალოგის მომხრეა კაცი, რომელიც ღიად აცხადებს, რომ ყველა, ვინც ოპონენტია უნდა განადგურდეს. აი, როდესაც ის აზრზე მოვა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე და ვადამდელ არჩევნებზე ისაუბრებს, ეგ იქნება სხვა ამბავი. იქამდე ეგ სიტყვები არასერიოზულია“.

    ბადრი ჯაფარიძე – ლელო საქართველოსთვის: „ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში, მე როგორც წავიკითხე, საუბარი იყო, რომ ჩვენ დავაპატიმრეთ მელია და კმაყოფილები ვართ, ამავდროულად შემობრძანდით პარლამენტში და იქ გავაგრძელოთ მუშაობა. აქ მე ვერ დავინახე, ვერანაირი ნიშანწყალი იმის, რომ მათ მართლა სურთ სიტუაციის ნორმალიზება“.

    ზურა ჯაფარიძე – გირჩი-მეტი თავისუფლება: „ეს არის რუსული და კრიმინალური სამყაროს მიდგომა – მოდი, მე ჯერ ქეჩოში ჩაგავლებ ხელს, ციხეში შეგაგდებ, დაგჩაგრავ და მერე გეტყვი, მოდი, მოდი, დავილაპარაკოთ. ეგეთი რამ არ გამოუვათ. პირობა არის, რომ უნდა შეწყდეს პოლიტიკური დევნა, პოლიტიკური პატიმრები გათავისუფლდნენ და ჩატარდეს ახალი არჩევნები“.

    ხატია დეკანოიძე: "ამის იქით არის უფსკრული და ჩვენ ამაზე ვაფრთხილებდით ხელისუფლებას, რომ არ შეიძლება მთავარი ოპოზიციური ძალის ლიდერის დაკავება და ძალისმიერი შტურმი შენობაზე, ამიტომ ჩვენი წინადადება, რომელიც არის საჯარო, რომელიც გადავეცით საერთაშორისო პარტნიორებს, არის შემდეგი - განთავისუფლდეს მელია და საუბარი დაიწყოს ვადამდელ და რიგგარეშე არჩევნებზე. ეს არის ის ორი ძირითადი პირობა, რომელსაც ჩვენ ვაყენებთ. რა თქმა უნდა, ვადამდელი და რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარდეს ახალი წესებით და 8 მარტის შეთანხმება ბოლომდე უნდა შესრულდეს, რაც გულისხმობს გიორგი რურუას გათავისუფლებას. სხვა რაიმე სახის ფორმულა რა თქმა უნდა არ განიხილება".

    22 თებერვალს, პრემიერობის კანდიდატის რანგში საპარლამენტო მოსმენისას, ირაკლი ღარიბაშვილმა ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციას სახელმწიფოს წინააღმდეგ „მიზანმიმართულ საბოტაჟში“ დაადანაშაულა და ხელახალ არჩევნებზე რაიმე სახის დიალოგი „კატეგორიულად გამორიცხა.

    წყარო: https://civil.ge/ka/archives/400738

     

  • ჩვენ ერთად უნდა ვიზრუნოთ ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და დამოუკიდებლობის განმტკიცებაზე - აცხადებს ი. ღარიბაშვილი

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაავრცელა განცხადება, რომელსაც "ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: "საქართველო დღეს დგას უმნიშვნელოვანესი გამოწვევების წინაშე. პანდემიამ კიდევ უფრო გაართულა ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების ისედაც რთული ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა. ასევე, გვაქვს სერიოზული გეოპოლიტიკური გამოწვევები და საგარეო-პოლიტიკური მიზნები.

    ამ გამოწვევებისა და მიზნების გარშემო ყველა ერთად უნდა დავდგეთ, განურჩევლად ჩვენი პოლიტიკური რწმენისა თუ შეხედულებებისა.

    საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დაკარგვიდან და საქართველოს გასაბჭოებიდან 100 წლის თავზე, ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ, რომ სახელმწიფო და მისი დამოუკიდებლობა თითოეული ჩვენგანისთვის ყველაზე დიდი მონაპოვარია. ჩვენი სახელმწიფოებრიობა საქართველოს დასავლური ინტეგრაციის აუცილებელი პირობაცაა. ამიტომ, სახელმწიფოს და მისი კანონების დაცვა თითოეული ჩვენგანის ვალი და პასუხისმგებლობაა.

    გუშინ საქართველოს პარლამენტში წარვადგინე მთავრობის სამომავლო ხედვა. თუმცა, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების, ჩვენი გმირი პოლიციელების მიმართ მიზანმიმართული შეურაცხმყოფელი კამპანიის ფონზე, გარდა საერთო მიზნებისა და გამოწვევებისა, დიდწილად ოპოზიციის დესტრუქციულ ქმედებებზეც მომიწია საუბარი.

    საქართველოს პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით. აღნიშნულ განცხადებას "ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ:

    "დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღასრულა კანონი, რაც იყო აუცილებელი პირობა პოლიტიკაში რადიკალიზმის შესამცირებლად და სამართლიანი ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად.

    კანონის აღსრულებაზე ჩვენი ხალხის რეაქციამ დაადასტურა, რომ ქართული საზოგადოებისთვის უმთავრესი პრიორიტეტი სამართლისა და კანონის უზენაესობაა. თუმცა, ჩვენ არ ვითვლით მანიფესტაციაზე დღეს შეკრებილი ადამიანების რაოდენობას, ვინაიდან ჩვენთვის ძვირფასია ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე.

    დღეს, როდესაც აღსრულდა კანონი და სახელმწიფო დადგა თავის სიმაღლეზე, მინდა, მოვუწოდო ყველა პოლიტიკურ ძალას, ვისთვისაც ძვირფასია ჩვენი ქვეყანა, გავხსნათ ნამდვილი და გულწრფელი დიალოგი, ვისაუბროთ არა იმაზე, თუ რა გვყოფს, არამედ იმაზე, თუ რამ უნდა გაგვაერთიანოს.

    ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევების ფონზე, არა დაპირისპირების, არამედ დიალოგის დროა. ვთავაზობ ყველა ჯანსაღად მოაზროვნე ოპოზიციურ ძალას, შევიდნენ პარლამენტში და ჩვენი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო გამოვიყენოთ მთავარ პლატფორმად დისკუსიისთვის. როგორც გუშინაც აღვნიშნე, ჩვენ მზად ვართ ნამდვილი დიალოგისთვის ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ფორმატში.

    ჩვენ ერთად უნდა ვიზრუნოთ ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და დამოუკიდებლობის განმტკიცებაზე, დემოკრატიული სისტემის შემდგომ გაძლიერებაზე, ეკონომიკური და სოციალური პრობლემების დაძლევაზე, ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს საბოლოო ინტეგრაციაზე.

    ჩვენს სამშობლოს დასაკარგი დრო აღარ აქვს.

    დღეს არა დაყოფის, არამედ გაერთიანების დროა.

    ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!, - აცხადებს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი.

  • „ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა

    „ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა. ამის შესახებ გადაწყვეტილება პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.

    როგორც პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, ი. ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დასახელების შესახებ გადაწყვეტილება პოლიტსაბჭომ ერთხმად მიიღო.

    „დღეს გაიმართა პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა, სადაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის დასახელების შესახებ. ჩემი, როგორც პარტიის თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე, პოლიტსაბჭომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილის დასახელების თაობაზე. ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი არის „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და ერთ-ერთი ლიდერი, რომელსაც ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს პერიოდში ეკავა, თავდაპირველად, შინაგან საქმეთა მინისტრის, ხოლო შემდეგ – პრემიერ-მინისტრის თანამდებობა, ახლა კი მას ეკავა თავდაცვის მინისტრის პოზიცია. მისი მინისტრობისა და პრემიერ-მინისტრობის პერიოდში განხორციელდა უმნიშვნელოვანესი რეფორმები. ის არის გამორჩეული გამოცდილების მქონე პროფესიონალი, რომელსაც შეუძლია, წარმატებით გაუძღვეს მთავრობის საქმიანობას და იზრუნოს იმ გამოწვევების დაძლევაზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას. მინდა, წარმატებები ვუსურვო ირაკლის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე. მთავრობის ახალი შემადგენლობა დამტკიცდება კანონით გათვალისწინებულ უმოკლეს ვადებში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

    პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის დასახელება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც გიორგი გახარიამ თანამდებობა დატოვა. გადადგომის შესახებ გახარიამ განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში დღევანდელ ბრიფინგზე გააკეთა.

    ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2013 წლის 20 ნოემბრიდან 2015 წლის 24 დეკემბრამდეც იკავებდა.

  • პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის განცხადება

    პოლიტიკური გაერთიანება  „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადება პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით. აღნიშნულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

    "როგორც მოგეხსენებათ, პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მიიღო გადაწყვეტილება თანამდებობიდან გადადგომის შესახებ. გიორგი გახარია იყო ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრი. სამწუხაროა, რომ მან მიიღო ასეთი გადაწყვეტილება.

    ჩვენს პოლიტიკურ გუნდში ნამდვილად იყო დისკუსია ნიკანორ მელიას მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ვადებთან დაკავშირებით. გიორგი გახარიას ჰქონდა გუნდის სხვა წევრებისგან განსხვავებული პოზიცია ამ საკითხზე. თუმცა, სამწუხაროდ, არგუმენტები, რომლებიც გაამყარებდა მის პოზიციას, ჩვენ ვერ მოვისმინეთ. წყალგამყოფი იყო საკითხი, სახელმწიფომ უნდა აჩვენოს მყარად თავისი სახე, როგორც სახელმწიფომ, თუ არა. გუნდის დანარჩენი წევრებისთვის ამ კითხვაზე პასუხი იყო ერთმნიშვნელოვანი. ქვეყანა, სადაც არ არის უზრუნველყოფილი კანონის აღსრულება, მით უმეტეს, იმ პირობებში, როდესაც მას დამნაშავეები ასეთი უხეში გამოწვევის წინაშე აყენებენ, ვერ შედგება როგორც სახელმწიფო. უფრო მეტიც, სწორედ კანონის სათანადოდ არაღსრულებაა ის, რაც ხელს უწყობს პოლიტიკურ რადიკალიზაციასა და პოლარიზაციას ქვეყანაში. ჩვენი, როგორც ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, მყარად და მკაცრად დავიცვათ სახელმწიფოს ღირსება.

    პრემიერ-მინისტრის გადადგომის ფონზე, შინაგან საქმეთა მინისტრმა მიიღო სრულიად ლოგიკური გადაწყვეტილება ნიკანორ მელიას დაკავების პროცესის დროებით გადადების შესახებ.

    ახლა ჩვენი პოლიტიკური გუნდის ყურადღება მთლიანად იქნება კონცენტრირებული ახალი მთავრობის ფორმირებაზე.

    მოვუწოდებთ ნიკანორ მელიას, დაემორჩილოს კანონს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელისუფლება უზრუნველყოფს კანონის აღსრულებას და მის დაპატიმრებას.

    მთავრობის ფორმირება დაიწყება და დასრულდება კანონით გათვალისწინებულ უმოკლეს ვადებში", - ნათქვამია განცხადებაში.

  • საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაკავებული თანამდებობიდან საკუთარი სურვილით გადადგა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დაკავებული თანამდებობიდან საკუთარი სურვილით გადადგა. ამის შესახებ გ. გახარიამ განცხადება რამდენიმე წუთის წინ პირდაპირ ეთერში გააკეთა.

    გ. გახარიას თქმით, მას გაუმართლებლად მიაჩნია ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის დიდი საფრთხე.

    მისივე განცხადებით, გადადგომის მიზეზია ის, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით გუნდთან საერთო შეთანხმებას ვერ მიაღწია.

    „იქიდან გამომდინარე, რომ სამწუხაროდ, ვერ მივაღწიე ერთობლივ აზრს ჩემს გუნდთან ერთად ამ საკითხთან დაკავშირებით, მივიღე გადაწყვეტილება გადავდგე დაკავებული თანამდებობიდან. მინდა მჯეროდეს, რომ ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ სივრცეში პოლარიზაციის შემცირებას, რამეთუ დარწმუნებული ვარ, რომ პოლარიზაცია და დაპირისპირება ჩვენს შორის ჩვენი ქვეყნის მომავლის ყველაზე დიდი რისკია“, - აღნიშნა გ. გახარიამ პირდაპირ ეთერში გამოსვლისას.

    შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრს გადადგომისთანავე უფლებამოსილება უწყდება. გადამდგარია მთავრობაც, რომელიც მოვალეობის შესრულებას ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნამდე განაგრძობს.

    პარლამენტს კი, ორკვირიანი ვადა აქვს, რომ ნდობა ახალ პრემიერ- მინისტრს და მის მიერ შეთავაზებულ კაბინეტს გამოუცხადოს. ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა.

    თუ პარლამენტმა მთავრობას დადგენილ ვადაში ნდობა არ გამოუცხადა, პრეზიდენტი დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« February 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური