საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ლიტველ კოლეგას შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 07 აპრილი 2016 11:03

საგარეო საქმეთა მინისტრი ლიტვის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. მიხეილ ჯანელიძე უკვე შეხვდა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრ ლინას ლინკევიჩიუსს. 

შეხვედრაზე განიხილეს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობებისა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხები. მინისტრები მიესალმნენ ლიტვა-საქართველოს შორის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კომისიის ფორმატის არსებობას და კმაყოფილება გამოთქვეს, რომ კომისიის მორიგი სხდომა ვილნიუსში, სწორედ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხელ ჯანელიძის ვიზიტის ფარგლებში გაიმართება.

საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ასევე ეწვევა ვილნიუსის  უნივერსიტეტს, სადაც წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე - „საქართველოს ევროპული გზა“.

წაკითხულია 321 ჯერ

Related items

  • საქართველოს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ეწვია

    30 მაისს საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვია. სომხეთის რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაციის დახვედრის ოფიციალური ცერემონია თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა. 
    საქართველოს მხრიდან სომხეთის პრემიერ-მინისტრს ვიცე-პრემიერი,  საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე დახვდა. მისი შეფასებით, აღნიშნული ვიზიტი განავითარებს საქართველო-სომხეთის ურთიერთობებს ყველა მიმართულებით. „მივესალმებით სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ბატონი ფაშინიანის  ვიზიტს საქართველოში, განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ის პირველი ორმხრივი ოფიციალური ვიზიტით ეწვია საქართველოს. ეს ხაზს უსვამს სურვილს, რომ განვითარდეს ყველა მიმართულებით ორმხრივი ურთიერთობები საქართველოსა და სომხეთს შორის. რა თქმა უნდა პოტენციალი დიდია ბევრი მიმართულებით და ჩვენ განვიხილავთ ამ ვიზიტისას საკითხებს, რომლებიც ეხება ჩვენს სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, ეხება კულტურულ კავშირებს, ჩვენს პოლიტიკურ დიალოგს და თანამშრომლობას სხვადასხვა ფორმატებში, დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვიზიტი იქნება ახალი შედეგების მომტანი ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისთვის,“-განაცხადა მინისტრმა.
    სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის  პრემიერ-მინისტრი საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება. ასევე საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრები თბილისის საკრებულოში, სომხეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრებიან.  სომხეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოში სამთავრობო დელეგაციასთან ერთად იმყოფება, ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ზოჰრაბ მნაცაკანიანის შეხვედრა.

  • მ. ჯანელიძემ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის 2017 წლის საქმიანობა შეაჯამა

    საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის 2017 წლის საქმიანობა შეაჯამა. ღონისძიება, რომელსაც სამთავრობო უწყებების, სამოქალაქო სექტორის, დიპლომატიური კორპუსისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, საინფორმაციო ცენტრში გაიმართა.
    ვიცე-პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას განსაკუთრებით ხაზი გაუსვა ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ წარმატებებში საზოგადოების მხარდაჭერის მნიშვნელობას და აღნიშნა ამ მიმართულებით საინფორმაციო ცენტრის როლი და ძალისხმევა.
    „საინფორმაციო ცენტრმა ძალიან დიდი როლი შეასრულა საგარეო პრიორიტეტების და განსაკუთრებით ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების კომუნიკაციაში. ცენტრი წლების განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით აწარმოებს აქტიურ საინფორმაციო კამპანიას და ანტიდასავლურ პროპაგანდას უპირისპირებს ცოდნის და სწორი ინფორმაციის გავრცელებას. მინდა მადლობა გადავუხადო ცენტრის თითოეულ თანამშრომელს გაწეული შრომისთვის. დღეს, ჩვენ ნადვილად გვაქვს საზოგადოების მხრიდან ევროპული და ევროატლანტიკური პროცესებისადმი მტკიცე მხარდაჭერა და დარწმუნებული ვართ, რომ ეს მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება“ - აღნიშნა მინისტრმა.
    სამომავლო გეგმებზე საუბრისას მინისტრმა ყურადღება გაამახვილა რამდენიმე ძირითად მიმართულებაზე, რაზეც კონცენტრირდება საინფორმაციო ცენტრის სამომავლო საქმიანობა და ასევე სახელმწიფოს მხრიდან ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე  საზოგადოებასთან კომუნიკაცია. უმთავრეს პრიორიტეტად დასახელდა ანტი-დასავლური პროპაგანდის მიმართულებით აქტიური ქმედებების გატარება.
    „ჩვენი მიზანია მივაწოდოთ სწორი და ამომწურავი ინფორმაცია ჩვენს საზოგადოებას იმ სიკეთეების შესახებ, რასაც ნატოსა და ევროკავშირში ქვეყნის ინტეგრაცია გვთავაზობს. საინფორმაციო კამპანია კიდევ უფრო რთული ხდება ბოლო პერიოდში ძალიან გააქტიურებული ანტი-დასავლური პროპაგანდის გამო. როგორც ვხედავთ ანტი-დასავლური პროპაგანდა გააქტიურებულია მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. ჩვენი მიზანია, რომ უნდობლობა, რომელსაც ანტი-დასავლური პროპაგანდა თესავს საქართველოს მოსახლეობაში გავაქარწყლოთ და შევინარჩუნოთ ნდობა ამ პროცესისადმი“ -  განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. 
    მისივე ინფორმაციით განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ვიზალიბერალიზაციის საინფორმაციო კამპანიის მესამე ფაზას, რომელიც მიზნად ისახავს ევროკავშირის/შენგენის ზონაში უვიზო გადაადგილების წესების დარღვევისა და თავშესაფრის მოპოვების პროცედურების ბოროტად გამოყენების პრევენციას. მინისტრის განცხადებით განსაკუთრებით გააქტიურდება მუშაობა საქართველოს რეგიონებში.
    ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ხელძღვანელმა ნინო ბოლქვაძემ ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას 2017 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა და ვრცლად ისაუბრა ჩატარებულ პროექტებზე, მიღწეულ შედეგებსა და 2018 წლის პრიორიტეტებზე. 
    ღონისძიების დასასრულს ცენტრის საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საპატიო ჯილდო - „საინფორმაციო ცენტრის ვერცხლის ფარი“ გადაეცათ ექსპერტებს: ირაკლი მენაღარიშვილს, მიხეილ მირზიაშვილს, გიორგი გოგუაძეს, გოგიტა ღვედაშვილს, ლევან მახაშვილს, თორნიკე შარაშენიძეს და ლევან დოლიძეს.

  • გიორგი კვირიკაშვილი დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. მთავრობის მეთაური შვეიცარიის კონფედერაციას 22-24 იანვარს ეწვევა. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვა დისკუსიაზე - Strategic Outlook - Eurasia. დაგეგმილია გიორგი კვირიკაშვილის ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკურ ლიდერებთან, ევროკომისიის ხელმძღვანელ პირებსა და მსხვილი საერთაშორისო კომპანიების დამფუძნებლებთან. საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე და „თანაინვესტირების ფონდის" აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი არიან

  • საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებში მცხოვრები ბავშვებისთვის საგარეო საქმეთა სამინისტრო საახალწლო შეხვედრას უმასპინძლებს

    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით 2018 წლის 17 იანვარს, თბილისს, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებში მცხოვრები ბავშვები ეწვევიან. მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში მათთვის საახალწლო ღონისძიება გაიმართება, რომლის ფარგლებშიც საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით ბავშვებს სახალისო-სამეცნიერო შოუზე უმასპინძლებენ და საახალწლო საჩუქრებს გადასცემენ. 
    ქარელისა და გორის მუნიციპალიტეტიდან ჩამოსულ ბავშვებს  საგარეო საქმეთა მინისტრი  მიხეილ ჯანელიძე და  მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე შეხვდებიან.
    საახალწლო ღონისძიების ფარგლებში, ბავშვები ასევე ესტუმრებიან სახალისო მეცნიერებათა მუზეუმს „ექსპერიმენტარიუმ“-ს, სადაც დაათვალიერებენ ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის   80-მდე ექსპონატს და მონაწილეობას მიიღებენ სპეციალურად მათთვის გამართულ აზოტის  შოუში.
    ღონისძიება საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანამანათლებლო რესურს-ცენტრებისა და მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ჩართულობით ხორცილედება.
    ღონისძიების ფარგლებში  ბავშვებს ასევე გადაეცემათ  ქ. ნიუ-იორკში საქართველოს გენერალური საკონსულოსა და ქართული დიასპორის წარმომადგენლების მიერ სპეციალურად მათთვის შეგროვებული საჩუქრები.
    აღსანიშნავია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ბავშვებისთვის სხვადასხვა აქტივობების გამართვა უკვე ტრადიციულ ხასიათს ატარებს.

  • მიხეილ ჯანელიძე ლტოლვილთა საკითხებში გაერო-ს უმაღლესი კომისრის წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში იოჰანეს ვან დერ კლაუსს შეხვდა

    საქართველოს ვიცე პრემიერ-მინისტრმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა ლტოლვილთა საკითხებში გაერო-ს უმაღლესი კომისრის (UNHCR) წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიაში, იოჰანეს ვან დერ კლაუსთან.
      
    შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ რთულ ჰუმანიტარულ ვითარებაზე. შეშფოთება გამოითქვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის დისკრიმინაციასთან, თავისუფალი გადაადგილებისა და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლებების შეზღუდვასთან დაკავშირებით.
     
    შეხვედრაზე ყურადღება ასევე  გამახვილდა იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა თავიანთ საცხოვრებლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების აუცილებლობაზე. UNHCR-ის წარმომადგენლის მხრიდან, აღინიშნა საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები, თავიანთ სახლებში დაბრუნებამდე, დევნილთა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
     
    შეხვედრის დასასრულს, ქართულმა მხარემ UNHCR-ის ოფისს მადლობა გადაუხადა აქტიური თანამშრომლობისა და საქართველოში მიმდინარე ჰუმანიტარული პროექტებისთვის, რომლებიც მიზნად ისახავს ოკუპირებული რეგიონებიდან დევნილთა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი მოსახლეობის დახმარებას.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ნოემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური