ე.წ. კოკაინის საქმეზე პროკურატურის განცხადება ვრცელდება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 18 მარტი 2016 18:46

ალეკო ელისაშვილის საქმის გამოძიება დასრულლდა. - პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადებით კორუფციის ფაქტი არ დასტურდება.

უწყებამ ე.წ. კოკაინის საქმეზე განცხადება ცოტა ხნის წინ გაავრცელა, რომელსაც "ნიუსდეი" უცვლელად გთავაზობთ:

"საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დაასრულა გამოძიება ე.წ. ,,კოკაინის საქმეზე“ ჩადენილ შესაძლო კორუფციულ ფაქტზე, რაც ჩატარებული გამოძიებით არ იქნა დადასტურებული. 

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ზეგავლენით ვაჭრობის ნიშნებით გამოძიება 2015 წლის 8 დეკემბერს დაიწყო  საქართველოს სსკ-ის 3391-ე მუხლის მეორე ნაწილით. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო ალექსანდრე ელისაშვილის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებები, რომლის თანახმადაც, შეწყალების საკითხთა კომისიის თავმჯდომარეობის პერიოდში, მას მობილურ ტელეფონზე სისტემატიურად უკავშირდებოდნენ კონკრეტული პოლიტიკოსები, უგზავნიდნენ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს, გამოხატავდნენ არაჯანსაღ დაინტერესებას და მისგან მოითხოვდნენ ე.წ. „კოკაინის საქმეზე’’ მსჯავრდებული პირების შეწყალების საკითხის დადებითად გადაწყვეტას. შემდგომში, საქმეზე მოწმის სახით დაკითხულმა ალექსანდრე ელისაშვილმა დააკონკრეტა, რომ ეს პოლიტიკოსები არიან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე - მანანა კობახიძე და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე - ეკა ბესელია. ამასთან, ალექსანდრე ელისაშვილი მის მიერ გაკეთებულ საჯარო განცხადებაში საუბრობდა ერთ-ერთი თანამდებობის პირის შესახებაც, რომლისგანაც მისთვის ცნობილი გახდა, რომ იმავე პოლიტიკოსებს მსჯავრდებულთა შეწყალების სანაცვლოდ წინასწარ ქრთამის სახით მიღებული ჰქონდათ 200 000 აშშ დოლარი, ხოლო საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში საერთო ჯამში მიიღებდნენ მილიონ-ნახევარ აშშ დოლარს. მისივე განცხადებით, იგი გამოძიებას დაუსახელებდა ამ თანამდებობის პირის ვინაობას. 
მედია საშუალებებში გაკეთებული მისი ასეთი განცხადებების შემდეგ, გამოძიებას ჰქონდა მოლოდინი, რომ ალექსანდრე ელისაშვილი სრულად ითანამშრომლებდა და ხელს შეუწყობდა საქმის გამოძიებას, მაგრამ საგამოძიებო ორგანოში მისი ოთხჯერ დაკითხვის მიუხედავად, მან კორუფციული ფაქტის შესახებ არსებული ინფორმაციის წყაროს დასახელებაზე უარი განაცხადა და განმარტა, რომ ხსენებული ინფორმაცია მიღებული ჰქონდა როგორც ჟურნალისტს, რაც მას ათავისუფლებდა ინფორმაციის გაცემის ვალდებულებისგან, შესაბამისად მან გამოძიებას არ გაუმხილა იმ თანამდებობის პირის ვინაობა, რომელმაც მისი გადმოცემით იცოდა ხსენებული კორუფციული გარიგების შესახებ. (იხ. ა.ელისაშვილის ჩვენება №1; იხ. ა.ელისაშვილის ჩვენება №2; იხ. ა.ელისაშვილის ჩვენება №3; იხ. ა.ელისაშვილის ჩვენება №4; იხ.ზ.ქორიძის ჩვენება №1; იხ. ზ.ქორიძის ჩვენება №2).
საქმეზე სრულყოფილი და ობიექტური გამოძიების ჩატარების და ალექსანდრე ელისაშვილის მიერ დასახელებული ფაქტების გადამოწმების მიზნით, გამოძიება  ინტენსიურ რეჟიმში წარიმართა, ჩატარდა ასზე მეტი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედება, მოწმის სახით დაიკითხა 47 პირი, მათ შორის დაიკითხნენ  შეწყალების საკითხთა კომისიის მოქმედი თავმჯდომარე ზვიად ქორიძე, კომისიის წევრი ეკა გიგაური, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გამოთხოვილი იქნა მსჯავრდებულთა შეწყალების საქმეები და მასთან დაკავშირებული სრული დოკუმენტაცია, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტიდან გამოთხოვილ იქნა  ე.წ. „კოკაინის“ საქმეზე მსჯავრდებულებთან ვიზიტორების შესახებ ინფორმაცია, დათვალიერდა მედია საშუალებებში გავრცელებული სიუჟეტები და ჩატარდა სხვა საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებები. ასევე გამოძიებამ მოწმის სახით დაკითხა ე.წ. „კოკაინის საქმეზე“ მსჯავრდებული პირები, მათი ოჯახის წევრები, ადვოკატები, პენიტენციური დაწესებულებების ხელმძღვანელები, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე - მანანა კობახიძე და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე - ეკა ბესელია. დასახელებულმა პირებმა მათ მიერ მიცემულ ჩვენებებში კატეგორიულად უარყვეს რაიმე სახის კორუფციულ გარიგებაში მონაწილეობის ფაქტი. (იხ. ე.ბესელიას დაკითხვის ოქმიიხ. მ.კობახიძის დაკითხვის ოქმიიხ. ჟ.მ.-ს დაკითხვის ოქმიიხ. ე.მ.-ს დაკითხვის ოქმიიხ. ა.ზ.-ს დაკითხვის ოქმი).
გარდა ამისა, ალექსანდრე ელისაშვილმა გამოძიებას წარმოუდგინა მობილური ტელეფონი, რომელშიც მისი მტკიცებით ინახებოდა პოლიტიკოსებისგან მიღებული მოკლე ტექსტური შეტყობინებები. 
ალექსანდრე ელისაშვილის მონაწილეობით მოხდა მისი მობილური ტელეფონის დათვალიერება, სადაც არ აღმოჩნდა მანანა კობახიძისა და ეკა ბესელიას კუთვნილი ტელეფონის სააბონენტო ნომრიდან განხორციელებული ზარები და მოკლე ტექსტური შეტყობინებები, რასთან დაკავშირებითაც მან განმარტა, რომ მანანა კობახიძის და ეკა ბესელიას მოკლე ტექსტური შეტყობინებები ელექტრონული ან არაელექტრონული ფორმით ცალკე არ შეუნახავს, რამაც წარმოშვა მობილური ტელეფონის მეხსიერებიდან მოკლე ტექსტური შეტყობინებების აღდგენის მიზნით ექსპერტიზის ჩატარების აუცილებლობა.(იხ. მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმი). 
ამ მიზნით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩატარდა კომპიუტერული ექსპერტიზა, რომლის დასკვნის თანახმად, ალექსანდრე ელისაშვილის მიერ წარმოდგენილი მობილური ტელეფონის მეხსიერებაში არ დაფიქსირდა ეკა ბესელიასა და მანანა კობახიძის სატელეფონო ნომრებთან განხორციელებული ზარები და მიმოწერა. 
ექსპერტიზით ასევე დადგინდა, რომ წარმოდგენილ მობილურ ტელეფონს არ გააჩნია მოკლე ტექსტური შეტყობინებების ავტომატურ რეჟიმში წაშლის ფუნქცია. გამოკვლევის მომენტისთვის მობილურ ტელეფონში შენახული აღმოჩნდა 1596 მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომელსაც ტელეფონის შიდა მეხსიერებიდან დაკავებული ჰქონდა 7,5 მეგაბაიტი, ხოლო გამოკვლევის მომენტისთვის ტელეფონის შიდა მეხსიერებიდან თავისუფალი იყო 131 მეგაბაიტი, რაც ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შესაძლებელი იყო გამოყენებულიყო მოკლე ტექსტური შეტყობინებების შესანახად. აქედან გამომდინარე, ჩატარებული გამოძიებით ირკვევა, რომ ალექსანდრე ელისაშვილის მიერ წარმოდგენილ მობილურ ტელეფონში რომელიმე მოკლე ტექსტური შეტყობინების არარსებობა შესაძლებელია  გამოწვეული იყოს მხოლოდ მომხმარებლის მიერ  მისი მექანიკური წაშლით.  რაც შეეხება წაშლილი მოკლე ტექსტური შეტყობინებების აღდგენას, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ხელთ არსებული ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებების გამოყენებით, გამოსაკვლევი ტელეფონის მეხსიერებიდან ინფორმაციის აღდგენა ვერ განხორციელდა. 
აღნიშნულთან დაკავშირებით ექსპერტიზის ბიურომ დახმარებისთვის მიმართა მობილური ტელეფონებიდან წაშლილი ინფრომაციის აღმდგენი მოწყობილობების მწარმოებელ მსოფლიოში ერთ-ერთ ლიდერ შვედურ კომპანია ,,MSAB“-ს (კომპანია დაფუძნებულია 1984 წელს; ოფიციალური ვებ-გვერდი www.msab.com), თუმცა თავად მწარმოებელ კომპანიასაც კი არ აღმოაჩნდა გამოსაკვლევად წარმოდგენილი მოდელის მობილური ტელეფონიდან წაშლილი ინფრომაციის აღდგენისთვის საჭირო მოწყობილობა და პროგრამული უზრუნველყოფა. (იხ. კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნა N1; იხ. ექსპერტ გ.შარაბიძის დაკითხვის ოქმი).
გამოძიების მიმდინარეობის პროცესში, კომპიუტერული ექსპერტიზა ასევე ჩატარებული იქნა შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ მთავარ სამმართველოში, სადაც ასევე ვერ მოხერხდა მობილური ტელეფონის მეხსიერებიდან წაშლილი ინფორმაციის აღდგენა, ამ მოდელის ტელეფონისთვის განკუთვნილი სათანადო პროგრამულ-ტექნიკური საშუალებების არარსებობის გამო. (იხ. კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნა N2
იმის გათვალისწინებით, რომ ალექსანდრე ელისაშვილის სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონიდან ვერ განხორციელდა წაშლილი ინფორმაციის აღდგენა, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში მანანა კობახიძის თანხმობით ჩატარდა 2013-2014 წლებში მის სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონის კომპიუტერული ექსპერტიზა, რომლის დასკვნის თანახმად, მობილური ტელეფონის მეხსიერებაში არ ფიქსირდება ალექსანდრე ელისაშვილის სააბონენტო ნომერთან განხორციელებული სატელეფონო ზარები და მოკლე ტექსტური შეტყობინებები. რაც შეეხება წაშლილ სატელეფონო ზარებს და მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს, მობილური ტელეფონის მეხსიერებიდან ვერ იქნა აღდგენილი ალექსანდრე ელისაშვილის სააბონენტო ნომერთან სატელეფონო კავშირის შესახებ ინფორმაცია, მათ შორის მოკლე ტექსტური შეტყობინებების სახით. (იხ. კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნა N3). ასევე, ალექსანდრე ელისაშვილის მონაწილეობით დათვალიერდა, მის მიერვე წარმოდგენილი საკუთარი სააბონენტო ნომრის სატელეფონო ზარებისა და მოკლე ტექსტური შეტყობინებების ნუსხა. დათვალიერებით დადგინდა, რომ ა. ელისაშვილის თავმჯდომარეობით ჩატარებული შეწყალების საკითხთა კომისიის სხდომების წინ მისი მობილური ტელეფონის ნომერზე საერთოდ არ ფიქსირდება ეკა ბესელიასა და მანანა კობახიძის სატელეფონო ზარები და მოკლე ტექსტური შეტყობინებები.    
ნუსხის მიხედვით, ალექსანდრე ელისაშვილის სააბონენტო ნომერზე მანანა კობახიძის მოკლე ტექსტური შეტყობინება ფიქსირდება მხოლოდ 2014 წლის 30 აპრილს, მაშინ, როდესაც 2014 წლის 28 აპრილიდან ალექსანდრე ელისაშვილს შეწყვეტილი ჰქონდა შეწყალების საკითხთა კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილება, ხოლო მისი კომისიის თავმჯდომარეობის პერიოდში საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალების შესახებ ბოლო განკარგულება გამოცემული იყო 2014 წლის 17 აპრილს. (იხ. სატელეფონო ზარებისა და მოკლე ტექსტური შეტყობინებების ნუსხის დათვალიერების ოქმი; იხ. პრეზიდენტის ბრძანებულება).
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ საჯარო განცხადებების გაკეთებამდე ალექსანდრე ელისაშვილმა 2014-2015 წლებში 12-ჯერ მიმართა წერილობით საქართველოს მთავარ პროკურატურას სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, თუმცა არცერთხელ არ შეუტყობინებია ინფორმაცია მასზე განხორციელებული ზეწოლისა და შეწყალების საკითხებთან დაკავშირებული კორუფციული გარიგებების შესახებ. 
ამრიგად, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით არ დადასტურდა ე.წ. „კოკაინის საქმეზე’’ მსჯავრდებულ პირებსა და ალექსანდრე ელისაშვილის მიერ დასახელებულ პოლიტიკოსებს შორის შეწყალების საკითხებთან დაკავშირებით კორუფციული გარიგების ფაქტი, რის გამოც საქართველოს პროკურატურამ საქმეზე შეწყვიტა გამოძიება."

წაკითხულია 536 ჯერ

Related items

  • ორი არასრუწლოვანი გერის გაუპატიურებისთვის ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
    თბილისის საქალაქო  სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვანი გერების გაუპატიურებაში ბრალდებული გ.ფ დამნაშავედ ცნო.
    სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ, გ.ფ წლების განმავლობაში ძალადობის გამოყენებით სექსუალურ კავშირს ამყარებდა ორ არასრულწლოვან გერთან.
    სამართალდამცველებმა გ.ფ თბილისში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  111,138-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ გაუპატიურება, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 
    თბილისის საქალაქო  სასამართლომ გ.ფ დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
  • მალხაზ კობაურს უვადო თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა
    გორის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გაუპატიურებისა და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობისთვის ბრალდებული მალხაზ კობაური ერთხმად სცნო დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“, მეორე ნაწილის ,,ბ“ და მესამე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით.
    ბრალდების მხარემ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებულ სასამართლო სხდომებზე ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები გამოიკვლია. დაიკითხა ათობით მოწმე, გამოკვლეული იქნა დოკუმენტალური და ნივთიერი მტკიცებულებები, მათ შორის მკვლელობის იარაღი - სანადირო თოფი, რომელზეც მსხვერპლის და ბრალდებულის დნმ იქნა აღმოჩენილი.
    სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 4 ივლისს, შუადღის საათებში, მალხაზ კობაურმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ორი გასროლით მოკლა რ.ს., რის შემდეგაც იარაღი თავზე მიაბჯინა მის 4 წლის შვილს ქ.ს.-ს და ისე გაისროლა მისი მიმართულებით. აღნიშნული დანაშაულის ჩადენის შემდგომ, მან ძალადობის გზით  სექსუალური კონტაქტი დაამყარა ლ.ს.-სთან, ხოლო შემდეგ წყალში დაახრჩო. მომხდარიდან რამდენიმე დღეში სათანადო მტკიცებულებების საფუძველზე სამართალდამცავებმა მალხაზ კობაური დააკავეს. დაკავებულს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.  
    ნაფიცი მსაჯულების მიერ ერთხმად მიღებული გამამტყუნებელი ვერდიქტის საფუძველზე სასამართლომ მალხაზ კობაური დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და   სასჯელის სახედ შეუფარდა უვადო თავისუფლების აღკვეთა.
  • შსს-მ საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ”კოკაინის”, ”ჰეროინის” და ”სუბუტექსის” გავრცელება აღკვეთა

    შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს ქვეყანაში ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის და გავრცელების წინააღმდეგ აქტიურ ბრძოლას. გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია პოლიციის მიერ ბოლო პერიოდში აღკვეთილი, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის საქართველოში უკანონო შემოტანის, შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტების შესახებ.

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქობულეთში ნარკოდანაშაულისთვის 2 პირი დააკავა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება კოკაინი ამოიღო.

    სამართალდამცველებმა 1978 წელს დაბადებული თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე - ა.ჯ. და 1994 წელს დაბადებული საქართველოს მოქალაქე - ნ.კ. დააკავეს, რომლებსაც დიდი ოდენობით და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში ედებათ ბრალი. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    პოლიციამ, თურქეთის მოქალაქის პირადი ჩხრეკისას, დაახლოებით, 1 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“ ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული ნარკოტიკი ბრაზილიიდან ნ.კ.-ს სახელზე ამანათით გამოიგზავნა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

    ასევე, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, 1984 წელს დაბადებული გ.ვ. დააკავეს. სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, „ბუპრენორფინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალების 274 აბი ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

    გარდა ამისა, პოლიციამ, საქართველოს ფოსტასთან თანამშრომლობით, თბილისში დააკავა დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები - წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი 2 პირი - დ.კ. და ზ.შ., რომლებმაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება იტალიიდან საქართველოში, საფოსტო გზავნილის სახით გამოგზავნეს. დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა წინასწარი შეთანხმებით, იტალიაში ველოსიპედი შეიძინეს, მასში სპეციალურად მოწყობილ სამალავში ნარკოტიკული საშუალება „სუბუტექსი“ მოათავსეს და ფოსტის მეშვეობით საქართველოში გამოგზავნეს. სამართალდამცველებმა, ერთ-ერთი ბრალდებულის - დ.კ.-ს დაკავებისას ნივთმტკიცებად ამოიღეს ფოსტიდან ახლად გამოტანილი ველოსიპედი, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება „სუბუტექსის“ 268 აბი და 10 ნატეხი იყო მოთავსებული. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" და მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტებით, ასევე, 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" და მე-4 ნაწილის "ა" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანას ან ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვას გულისხმობს.

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის უკანონო შეძენა-შენახვისთვის კიდევ ერთი პირი დააკავა. ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, რუსთავში დაკავებულია 1996 წელს დაბადებული რუსეთის მოქალაქე - გ.ჯ. პოლიციამ, დაკავებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, 48 შეკვრად დაფასოებული და ასევე, დასაფასოებლად გამზადებული ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ამოიღო. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

  • სასამართლომ ტრეფიკინგში ბრალდებულს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

    თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორგანიზებული ჯგუფის მიერ სამი პირის მიმართ ჩადენილ ადამიანით ვაჭრობაში (ტრეფიკინგში) ბრალდებული ხ.ჯ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431-ე  მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით.

    სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ხ.ჯ-მ თავის მეგობარ თ.ნ-სთან ერთად, ორგანიზებულად შეიმუშავა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) გეგმა. აღნიშნულმა პირებმა, სარგებლის მიღების და ექსპლუატაციის მიზნით, მოტყუებით, ხ.ჯ.-ს მიერ  გარდაბნის რაიონში ნაქირავებ ბარის ტიპის ფართში კარგი სამუშაო პირობების დაპირებით, 2016 წლის ივნისსა და ნოემბერში გადაიბირეს, შეიფარეს და მიიღეს ჩ.ს, მ.ს. და შ.შ., რომლებზეც 2017 წლის 18 მაისამდე ახორციელებდნენ ფსიქოლოგიურ ძალადობას და მუქარას. ამყოფებდნენ მათ გაუსაძლის, მონობასთან გათანაბრებულ პირობებში, უზღუდავდნენ თავისუფლად გადაადგილებას და სექსუალურ ექსპლუატაციას უწევდნენ, ხოლო აღნიშნული გზით მიღებულ თანხას ისაკუთრებდნენ. ხ.ჯ. დაზარალებულებს, მათი ნების საწინააღმდეგოდ, მუდმივად აკისრებდა სხვადასხვა სახის არარეალურ ვალებს, ხოლო შემდგომ, თითქოსდა აღნიშნული ვალების დაფარვის მიზნით, აიძულებდა მონობასთან გათანაბრებულ პირობებში ყოფნას და მის სასარგებლოდ კლიენტებისთვის სექსუალური მომსახურების გაწევას, ხოლო მიღებულ თანხებს ისაკუთრებდა. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადასტურდა, რომ ხ.ჯ-ს მეგობარი თ.ნ. უზრუნველყოფდა დაზარალებულების  ტრანსპორტირებას კლიენტებთან და მათ უკან, ბარში დაბრუნებას. ასევე მათზე ახორციელებდა მუდმივ მეთვალყურეობას და კონტროლს, ავალდებულებდა მისი ტაქსის მომსახურებით სარგებლობას, რითაც მათგან შემოსავალს იღებდა, რაც შეთანხმებული, დაგეგმილი და კოორდინირებული იყო ხ.ჯ-სთან.
    სამართალდამცველებმა ხ.ჯ. და თ.ნ. 2017 წლის 19 მაისს გარდაბნის რაიონში დააკავეს. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1431-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი), ესე იგი მოტყუებით ადამიანის გადაბირება, შეფარება და მიღება ექსპლუატაციის მიზნით, აგრეთვე ადამიანის სექსუალური ექსპლოატაცია ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობით, იძულებით, დაშინებით და მუქარით, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ სამი პირის მიმართ) წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახით  პატიმრობა შეეფარდათ.
    თ.ნ.-მ საქმის სასამართლო განხილვის ეტაპზე დანაშაული აღიარა და მხარეთა შორის საპროცესო შეთანხმების საფუძველზე მას 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. 
     თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად ხ.ჯ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 15 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
  • პროკურატურამ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე მარნეულის მერი დააკავა
    საქართველოს პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ქ.მარნეულში მოქალაქე ელჩინ ალახვერდიევის მიმართ განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე ბრალდებულად იქნა დაკავებული მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ აბაზოვი, ხოლო ამავე მოქალაქის ცემის ფაქტზე, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო საქართველოს პარლამენტის წევრის, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ - აზერ სულეიმანოვის, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, პარტია „ქართული ოცნებიდან“ - რამინ ალახვერდიევის და მარნეულის მერის ნათესავის, მოქალაქე  ე.გ-ს მიმართ. 
    საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის 10 ივნისს, ელჩინ ალახვერდიევი იმყოფებოდა ქ. თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, სადაც მარნეულის მუნიციპალიტეტის მერზე, თემურ აბაზოვზე განაწყენებულმა, სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ მეშვეობით განახორციელა პირდაპირი ვიდეოჩართვა, რა დროსაც, თემურ აბაზოვის მეუღლეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. იმავე დღეს, ღამის საათებში, მას დაუკავშირდა პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რაგიმ ასკეროვი, რომელმაც სთხოვა შეხვედრა. რ.ასკეროვის მოთხოვნით ისინი შეხვდნენ ერთმანეთს პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მარნეულის ოფისში, რომელიც მდებარეობს ქ. მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე. ოფისში ასევე იმყოფებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ აზერ სულეიმანოვი, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, პარტია „ქართული ოცნებიდან“ რამინ ალახვერდიევი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის ნათესავი ე.გ და სხვა პირები. პარლამენტის წევრმა აზერ სულეიმანოვმა ელჩინ ალახვერდიევს მოსთხოვა აეხსნა, ვისი დავალებით განახორციელა სოციალური ქსელის პირდაპირ ეთერში ზემოაღნიშნული ვიდეოჩართვა, რის შემდეგაც აზერ სულეიმანოვმა, რამინ ალახვერდიევმა და მოქალაქე ე.გ-მ ელჩინ ალახვერდიევს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. აღნიშნულის შემდეგ, ელჩინ ალახვერდიევი მარნეულის საკრებულოს წევრებმა ჯეიხუნ ჩოიდაროვმა და რამინ ალახვერდიევმა წაიყვანეს ქ.მარნეულში, ე.წ. "ჟეჟებეს" რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მათ ელოდებოდა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ აბაზოვი. მისვლისთანავე თემურ აბაზოვმა ელჩინ ალახვერდიევს შეაფურთხა სახეში და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, შემდეგ აიძულა ჩართულიყო ფეისბუქის პირდაპირ ეთერში, მოეხადა ბოდიში და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიეყენებინა საკუთარი ცოლისთვის, ბოლოს კი მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა თემურ აბაზოვმა ძალადობით, ღირსების შელახვის მუქარით, ელჩინ ალახვერდიევი აიძულა მოეშარდა ჭიქაში და შარდით მოებანა სახე.
    თემურ აბაზოვი დაკავებულია საქართველოს სსკ-ს 1443 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით 5-დან 10 წლამდე ვადით;
    რამინ ალახვერდიევის და მოქალაქე ე.გ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით.
    საქართველოს პარლამენტის წევრის აზერ სულეიმანოვის მიმართ გამოტანილი იქნა დადგენილება საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, რომელიც წარედგინება საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესებისა და ვადების დაცვით. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით.
    საქმეზე ტარდება ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულში მონაწილე სხვა შესაძლო პირთა დადგენა - მხილების მიზნით.  

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური