ტარიელ ხეჩიკაშვილმა ხელბურთელ გოგონებს წარმატება უსურვა

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 07 მარტი 2016 15:09

საქართველოს ხელბურთელ ქალთა ნაკრებს 8-13 მარტს  სერიოზული გამოცდა ელის. თბილისის ახალ სპორტის სასახლეში იმართება საერთაშორისო ტურნირი: IHF/EHF ქალთა თასი ხელბურთში 19 წლამდელთა შორის. ითამაშებს 8 ნაკრები: საქართველობელგიალატვიაფარერებიკვიპროსი,ესტონეთიალბანეთი და სომხეთი.

საქართველოს 19-წლამდელ გოგონათა ნაკრები A ჯგუფში ითამაშებს კვიპროსის, ლატვიისა და ალბანეთის წინააღმდეგ, პირველ შეხვედრას გუნდი 8 მარტს 18:00 საათზე კვიპროსის 19-წლამდელ გოგონათა ნაკრების წინააღმდეგ გამართავს, ტურნირის გახსნითი მატჩი კი14:00 საათზე ფარერის კუნძულებსა და ესტონეთს შორის გაიმართება.  

ქალთა თასი 2016-ის ორგანიზებასთან დაკავშირებით, 7 მარტს სასტუმრო ქორთიარდ მერიოტში ოფიციალური პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც მედიის წარმომადგენლებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, ევროპის ხელბურთის ფედერაციის აღმასკომის წევრი ლეოპოლდ კალინი და საქართველოს ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტიზურაბ კაკაბაძე შეხვდნენ.

IHF/EHF ქალთა თასს მსოფლიოსა და ევროპის ხელბურთის ფედერაციები ატარებენ ე.წ. განვითარებად ქვეყნებს შორის. თავდაპირველად ტურნირს მხოლოდ ხელბურთის ევროპული ფედერაცია, EHF აწყობდა და მას ჩელენჯ ტროფი ეწოდებოდა. სულ გაიმართა 5 შეჯიბრება, 2000-2008 წლებში და იქ ორჯერ ითამაშა საქართველოს  ქალთა ნაკრებმა - 2006 წელს მეოთხე ადგილი დაიკავა, 2002 წელს - მეხუთე.

2010 წლიდან საქმეში ჩაერთო ხელბურთის საერთაშორისო ფედერაცია, IHF. თავდაპირველად ტარდება რეგიონული ტურნირები 5 კონფედერაციაში: ევროპა, აზია, აფრიკა, ამერიკა და ოკეანია, ხოლო გამარჯვებულები თამაშობენ უკვე ინტერკონტინენტალურ, მსოფლიო თასზე. ამ ფორმატით, IHF/EHF ქალთა თასი რიგით მეოთხეა. თბილისში გაირკვევა 2016 წლის ევროპის საუკეთესო გუნდის ვინაობა და ის 2017 წელს ითამაშებს ინტერკონტინენტალურ თასზე, რომლის გამართვის ადგილი რეგიონული ჩემპიონების გამოვლენის შემდეგ გაირკვევა.

წაკითხულია 391 ჯერ

Related items

  • ხელბურთი: ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატი - საქართველო 21:39 ნორვეგია

    საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის ფლეი-ოფში ნორვეგიასთან 21:39 წააგო. ხვალ, 17 აგვისტოს, ბექა ორჯონიკიძის გაწვრთნილი გუნდი ბრაზილიას დაუპირისპირდება, რომელიც პარალელურ მატჩში სერბეთთან 26:27 დამარცხდა.

    პრეზიდენტის თასს, რომელიც ჯგუფებში მეხუთე ადგილზე გასულ გუნდებს შორის თამაშდება, ნორვეგიის ან სერბეთის ნაკრები აღმართავს, ქართველ ჭაბუკებს კი შანსი აქვთ სადებიუტო მსოფლიო ჩემპიონატზე მე-19 ადგილი დაიკავონ.

    მასპინძლებმა პირველი ტაიმი 12:17 წააგეს, მეორე ნახევარი კი უფრო დიდი სხვაობით - 9:22. საქართველოს ნაკრები პირველ ტაიმში ასე თუ ისე ახერხებდა წინააღმდეგობის გაწევას, თუმცა დაიწყო თუ არა მეორე ნახევარი, სკანდინავიელებმა ზედიზედ ოთხი შეტევა დააგვირგვინეს ზუსტი ტყორცნით და მას შემდეგ მხოლოდ ზრდიდნენ უპირატესობას. მეკარე სანდრო ხანდოლიშვილი, რომელიც უდავოდ საუკეთესო იყო პირველ ტაიმში - ათამდე შეტევა მოიგერია, მეორე ტაიმში ნორვეგიელთა ზუსტ ტყორცნებს ვეღარ უმკლავდებოდა. ნათელია: საქართველოს ნაკრების დაცვამ კიდევ ერთი შეხვედრა ჩააგდო, ასეთ დროს კი მეკარეზე აუგის თქმა შეცდომაა.

    ქართველმა ჭაბუკებმა პირველ ტაიმში ვერაფერი მოუხერხეს ნორვეგიელთა მარცხენა მცველს, მე-8 ნომერით მოთამაშე სინდრე ჰელდალს. ნორვეგიელთა ჩვიდმეტი გოლიდან რვა მისი იყო. გოლების უმეტესობა ჰელდალმა ერთი და იმავე კომბინაციის შემდეგ გაიტანა: მოგერიებული შეტევის შემდეგ ის უმალ წინ გარბოდა და ხანდოლიშვილის კართან კუთხიდან შეჭრილი, გრძელ გადაცემებს ბურთის ზუსტი ტყორცნით აგვირგვინებდა. შესვენების შემდეგ ლიდერის როლი მე-10 ნომერმა, ოლაფ რიხტერ ჰოფსტადმა იტვირთა - მან შეხვედრა თერთმეტი გოლით დაასრულა.

    მატჩის საუკეთესო მოთამაშეებად ნორვეგიის ნაკრების მეკარე ემილ ხერი იმსგარდი და მასპინძელთა ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გიორგი ტიელიძე დაასახელეს. ტიელიძემ ექვსი გოლი გაუტანა სტუმრებს.

    „ჩილესთან წაგების შემდეგ გაგვიჭირდა სათამაშოდ განწყობა, თან ტრავმებმაც შეგვაწუხა... ამ თამაშზე ბევრს ვერაფერ ვიტყვი, წავაგეთ და ეს საწყენია... ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ის გამოცდილება მგონია, რომელსაც ბიჭები მსოფლიო ჩემპიონატით იღებენ. იცით, რომ ჩვენი გუნდი პირველად მონაწილეობს ასეთ მნიშვნელოვან შეჯიბრებაში... ჩვენ მსოფლიო ხელბურთის საუკეთესო გუნდებს ვხვდებით, ეს კი უკვე მიღწევაა", - განაცხადა საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბექა ორჯონიკიძემ.

    „აუცილებლად უნდა შევაქო ჩვენი მცველები, მათ დღეს დიდებულად ითამაშეს, განსაკუთრებით მეორე ტაიმში. მთლიანობასი მეორე ნახევარი გაცილებით კარგად ჩავატარეთ, რამაც განაპირობა კიდეც დიდი ანგარიშით გამარჯვება. ვეცდებით პრეზიდენტის თასი მოვიგოთ, ამ წუთიდან ჩვენი მთავარი მიზანი სწორედ ესაა", - ასეთი იყო ნორვეგიის ნაკრების თავკაცის ანსტეინ ენგრავსლიას მატჩისშემდგომი კომენტარი.

  • ხელბურთი: ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატი - საქართველო 28:24 ალჟირი

    8 აგვისტოს ჭაბუკ ხელბურთელთა მსოფლიოს მეშვიდე ჩემპიონატი დაიწყო. ტურნირის გახსნის საზეიმო ცერემონიას თბილისის ოლიმპიური სასახლის მთავარმა დარბაზმა უმასპინძლა. სანახაობა ანსამბლ სუხიშვილების მიერ შესრულებულმა ხორუმმა დაამშვენა.

    მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის ცერემონიას ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი დოქტორი ჰასან მუსტაფა, საერთაშორისო ფედერაციის მაღალჩინოსნები, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, სამინისტროს და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მესვეურები, სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელები და გულშემატკივრები დაესწრნენ.

    გახსნის ცერემონიის შემდეგ საქართველოს ნაკრები, რომელიც ამ ტურნირის დებიუტანტია, ალჟირს დაუპირისპირდა. ბექა ორჯონიკიძის გაწვრთნილმა გუნდმა, რომელიც B ჯგუფშია გერმანიასთან, ჩილესთან, ისლანდიასთან და იაპონიასთან ერთად, პირველი შეხვედრა 28:24 მოიგო.

    „ეს არის პირველი დიდი ტურნირი, რომელშიც ჩვენი ჭაბუკთა ნაკრები მონაწილეობს. ბედნიერი ვარ, რომ გავიმარჯვეთ და გულშემატკივარი გავახარეთ. ალჟირის ნაკრები სუსტი გუნდი ნამდვილად არ არის და მათთან გამარჯვება ჩვენს ბიჭებს მომდევნო მატჩებისთვის უსათუოდ დადებითად დამუხტავს. ყველას ვულოცავ ამ გამარჯვებას და გპირდებით არც მომავალში დავიშურებთ ძალ-ღონეს ქომაგების გასახარებლად", - ეს კომენტარი საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბექა ორჯონიკიძემ ალჟირთან გამარჯვების შემდეგ გააკეთა.

    როდესაც 10 მაისს, ბაზელში გამართულ წილისწყრაზე გაირკვა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ჩვენი ნაკრების ერთ-ერთი მეტოქე ალჟირის გუნდი იქნებოდა და თან მათთან სასტარტო შეხვედრაში მოგვიწევდა დაპირისპირება ყველანი სამწვრთნელო შტაბი ოპტიმისტურად იყო განწყობილი. აფრიკელებთან იოლი მატჩი რომ არ გველოდა ეს ისედაც ცხადი იყო. შეხვედრა ორივე გუნდმა თავიდანვე ფრთხილად დაიწყო და ალბათ, ამიტომაც იყო ვერცერთმა გუნდმა გოლის გატანა სამი წუთის მანძილზე რომ ვერ მოახერხა, ბოლოს კი ნავსი ლუკა ბულბულაშვილმა გატეხა და აქედან მოყოლებული ალჟირის ნაკრები მუდამ მდევრის როლში იმყოფებოდა.

    საქართველოს ნაკრების ხელბურთელები თავდაჯერებულად გამოიყურებოდნენ, თუმცა დაკვირვებული თვალი შეატყობდა, რომ ბიჭები მაინც ღელავდნენ. ნელ-ნელა ნერვიულობამაც იკლო და ჩვენმა გუნდმაც მარწუხებს მოუჭირა. მე-18 წუთისთვის უკვე 8 ბურთიანი უპირატესობით ვიგებდით, ხოლო პირველი ტაიმი 7 ბურთიანი ჰანდიკაპით დავასრულეთ.

    მეორე ნახევარიც ქართველთა შეტევებით დაიწყო და უპირატესობასაც მეთოდურად ვიმტკიცებდით. გუნდის ლიდერობა ერეკლე არსენიშვილმა და ირაკლი კბილაშვილმა იტვირთეს. მეტოქეს პირველმა 9, ხოლო მეორემ 7 ბურთი გაუტანეს. ერეკლე არსენიშვილი კი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დამსახურებულადაც დასახელდა.

    საქართველოს ნაკრებს მცირე ჩავარდნა მატჩის დასრულებამდე ათი წუთით ადრე მოუვიდა, როდესაც ალჟირს 9 ბურთიანი სხვაობით ამარცხებდნენ. ბექა ორჯონიკიძის შეგირდები მოდუნდნენ, უხეშობასაც უმატეს და ერთდროულად ორი მოთამაშეც ორი წუთით გაგვიძევეს. აფრიკელებმა ამით ისარგებლეს და სხვაობა ოთხ ბურთამდე შეამცირეს.

    ჯგუფის მეორე შეხვედრას საქართველოს 19 წლამდე ნაკრები დღეს, 9 აგვისტოს იაპონიის წინააღმდეგ გამართავს.

  • შეხვედრა ოლიმპიური ფესტივალის მედალოსნებთან

    საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართა  შეხვედრა 2017 წლის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მედალოსნებთან, მწვრთნელებთან, სპორტული ფედერაციების წარმომადგენლებთან.

    საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის ხელმძღვანელმა,  სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა გაიხსენა ფესტივალის პერიპეტიები, შეაფასა ჩვენი  გუნდის მიერ ნაჩვენები შედეგები და ცალკეული სპორტსმენების გამოსვლა, მადლობა გადაუხადა მედალოსნებს და მათს მწვრთნელებს ნაყოფიერი შრომისა და უნგრეთში მიღწეული წარმატებისთვის.

    „ამ ფესტივალზე ჩვენ ძალიან კარგი შედეგი ვაჩვენეთ, უფრო უკეთესი, ვიდრე მოლოდინი გვქონდა. რა თქმა უნდა, საუკეთესოდ გამოვიდნენ ძიუდოისტები _ როგორც ბიჭები, ასევე გოგონები.  სპორტულ  ოსტატობასთან ერთად, მათ გამოავლინეს ბოლომდე ბრძოლის უნარი, რაც ბევრ ჩვენს სპორტსმენს  აკლია. სასიხარულოა, რომ გოგონები ტოლს არ უდებენ ბიჭებს. მათ თბილისში ჩატარებული ფესტივალის მსაგავსად, ამჯერადაც ოქროს ორი მედალი აიღეს. როგორც იცით, ოლიმპიური თამაშების პროგრამაში დამატებით შეიტანეს ძიუდოისტთა  შერეული გუნდური შეჯიბრება, ასე რომ, ჩვენს გოგონებს მომავალში შანსი ეძლევათ არა მარტო პირად ტურნირში, არამედ გუნდთან ერთადაც გამოიჩინონ თავი. კარგია, რომ მედალოსანთა რიგებში მოხვდა ჩვენი ერთი კანოისტი.  ისიც უნდა ითქვას, რომ სპორტის ბევრ სახეობაში ჩამოვრჩებით ევროპის წამყვან ქვეყნებს, რაც ამ ფესტივალზეც თვალნათლივ გამოჩნდა. ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად დიდი შრომა გვმართებს,"  _ განაცხადა ლერი ხაბელოვმა.

    შეკრებილებს მიესალმნენ და ფესტივალზე წარმატებული გამოსვლა მიულოცეს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ოლიმპიურმა ჩემპიონმა შოთა ხაბარელმა.

    ბოლოს, ოლიმპიური კომიტეტის სპონსორის, დეველოპერული კომპანია „სვეტის" გენერალურმა დირექტორმა თორნიკე ჯანელიძემ  ფესტივალის გამარჯვებულებს და მედალოსნებს ფულადი ჯილდოები გადასცა.

    შეგახსენებთ, რომ უნგრულ გიორში გამართულ ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ქართველმა სპორტსმენებმა ოქროს 4, ვერცხლის 1 და ბრინჯაოს 4 მედალი მოიპოვეს, გუნდურ ჩათვლაში კი  მე-11 ადგილზე გავიდნენ.

    მომავალი, მე-15 ოლიმპიური ფესტივალი 2019 წელს ბაქოში ჩატარდება.

  • ხელბურთი: მსოფლიო ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის პრესკონფერენაცია

    ჭაბუკ ხელბურთელთა მსოფლიო ჩემპიონატისადმი მიძღვნილ პრესკონფერენციას დღეს სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიამ უმასპინძლა. 19-წლამდელ ხელბურთელთა მსოფლიო ჩემპიონატს 8-20 აგვისტოს თბილისის ახალი სპორტის სასახლე მიიღებს.

    მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით თბილისს ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენლები ესტუმრნენ, რომლებმაც 21-22 ივნისს თამაშების მასპინძელი არენა შეამოწმეს და საორგანიზაციო კომიტეტის მუშაობას გაეცნენ. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის საშეჯიბრო კომიტეტის თავმჯდომარე, დანიის ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტი პერ ბერტელსენი და მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალური დელეგატები - პოლონელი მარეკ გურალჩიკი და იტალიელი მარკო ტოზი ბრანდი.

    პრესკონფერენციაზე საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენლებმა, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და საქართველოს ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზურაბ კაკაბაძემ ისაუბრეს.

    „პირველ რიგში მსურს მადლობა გადავუხადო ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციას ასეთი დიდი ნდობისთვის - მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობა ნამდვილად არაა იოლი, მაგრამ დარწმუნებული ვარ ჩვენი ხელბურთის ფედერაცია, ტურნირის საორგანიზაციო კომიტეტი ამ დიდ ნდობას გაამართლებს და დაკისრებულ ამოცანას უმაღლეს დონეზე გაართმევს თავს. საქართველომ ბოლო წლებში არაერთ დიდ საერთაშორისო შეჯიბრებას უმასპინძლა, 2017 წელი კი ამ კუთხით უდავოდ გამორჩეულია. საქართველოში სტუმრობით ჯერ არავინ დარჩენილა უკმაყოფილო და ამიტომაც მჯერა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე 23 ქვეყნის გუნდისთვის აქ გატარებული დღეები სასიამოვნო იქნება და კარგ მოგონებად იქცევა. ასევე ვიმედოვნებ, რომ ბევრ მათგანს საქართველოში დაბრუნების და ერთობლივი საწვრთნელი შეკრების მოწყობის სურვილი ექნება. საქართველოს მთავრობა, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ქართული სპორტის, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი ჩვენი ხელბურთის მთავარი პარტნიორია და მსურს კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩვენი მზაობა ყველა საინტერესო ინიციატივის მხარდასაჭერად. ჩვენი სურვილია, რომ საქართველო რეგიონში სპორტულ ცენტრად ჩამოყალიბდეს, მსოფლიო ჩემპიონატების უმაღლეს დონეზე მიღება კი სწორედ ამ მიზანს ემსახურება. და ბოლოს, მსურს მივმართო გულშემატკივრებს, რომ 8-20 აგვისტოს მობრძანდნენ ახალ სპორტის სასახლეში, ისიამოვნონ ამ ლამაზი სახეობით და მხარი დაუჭირონ ჭაბუკ ხელბურთელებს", - განაცხადა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

    „მას შემდეგ, რაც საქართველო მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლად დასახელდა, არაერთი სამუშაო შეხვედრა გაიმართა და ყველა მათგანის დროს იგრძნობოდა საქართველოს მთავრობის დაინტერესება და მხარდაჭერა. მსურს ვისარგებლო შემთხვევით და ბატონ მინისტრს მადლობა გადავუხადო იმ დიდი ყურადღებისთვის, რასაც პირადად ის და მთლიანად სამინისტრო იჩენს მოახლოებული მსოფლიო ჩემპიონატისადმი. 24 გუნდის მიღება ნამდვილად არაა იოლი და დიდ ძალისხმევას მოითხოვს, თუმცა საქართველოს ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ბატონ ზურაბ კაკაბაძის და მისი გუნდის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მოსამზადებელი პროცესი ჩინებულად, ყოველგვარი შეფერხების გარეშე მიმდინარეობს. ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის მხრიდან ეს ბოლო საკონტროლო ვიზიტი იყო. ჩვენ კმაყოფილები ვართ ნანახით და გვჯერა, რომ მსოფლიო ჩემპიონატი უმაღლეს დონეზე იქნება ორგანიზებული", - განაცხადა საერთაშორისო ფედერაციის საშეჯიბრო კომიტეტის თავმჯდომარემ პერ ბერტელსენმა.

    ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელის ქეთევან კობერიძის თქმით, მონაწილე გუნდებთან ყველა საკითხი შეთანხმებულია, საერთაშორისო ფედერაციასთან კი კონსულტაციები ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

    მსოფლიო ჩემპიონატში 24 გუნდი მიიღებს მონაწილეობს. A ჯგუფში მოხვდნენ: საფრანგეთი, დანია, შვედეთი, ბაჰრეინი, ეგვიპტე, ნორვეგია; B ჯგუფი: გერმანია, ისლანდია, საქართველო, ჩილე, იაპონია, ალჟირი; C ჯგუფი: ხორვატია, არგენტინა, ბრაზილია, პორტუგალია, ვენესუელა, კორეა; D ჯგუფი: სლოვენია, ესპანეთი, სერბეთი, ტუნისი, რუსეთი, მექსიკა.

    8-14 აგვისტოს ჯგუფური ტურნირის მატჩები გაიმართება; 16-17 აგვისტოს მერვედფინალები და მეოთხედფინალები, ასევე „პრეზიდენტის თასი" მე-17-24 ადგილებისთვის;  19 აგვისტოს ნახევარფინალები და მატჩები მე-5-8 ადგილებისთვის, 20 აგვისტოს, ფინალურ დღეს კი ჩემპიონი, მე-3, მე-5 და მე-7 ადგილოსნები გამოვლინდებიან.

    18-20 აგვისტოს ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის საბჭოს სხდომა გაიმართება. თბილისს მსოფლიო ხელბურთის ელიტა ესტუმრება: პრეზიდენტი, დოქტორი ჰასან მუსტაფა, ასევე ვიცე-პრეზიდენტები, აღმასრულებელი კომიტეტის წევრები და ხუთივე კონტინენტური კონფედერაციის ხელმძღვანელები.

    საქართველომ ჭაბუკ ხელბურთელთა მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება 2013 წელს მოიპოვა.

  • ფარიკაობის ევროპის ჩემპიონატმა უმაღლესი შეფასება მიიღო

    20 ივნისს სასტუმრო „ბილტმორში" საქართველოს ფარიკაობის ფედერაციამ თბილისში დასრულებული ევროპის ჩემპიონატი პრესკონფერენციაზე შეაჯამა. პრესკონფერენციას ესწრებოდნენ და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტმა ზაზა მჭედლიძემ, გენერალურმა მდივანმა დავით სახვაძემ და ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მერაბ ბაზაძემ.ზაზა მჭედლიძემ აღნიშნა, რომ ევროპის ფარიკაობის კონფედერაციამ თბილისში ჩატარებულ ჩემპიონატს უმაღლესი შეფასება მიანიჭა. მისივე თქმით, მომავალში დაგეგმილია მსოფლიო ფარიკაობის კონგრესის ჩატარება ჩვენს დედაქალაქში.

    ფარიკაობის ნაკრების წევრებს წარმატებული გამოსვლა მიულოცა ტარიელ ხეჩიკაშვილმა. მან სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ქართულ ფარიკაობას და წარმატებები უსურვა სპორტსმენებს მსოფლიოს ჩემპიონატსა და ოლიმპიურ თამაშებზე.

    ახლახან დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა 2 მედალი მოიპოვა. თეოდორა კახიანმა ქართული ფარიკაობის ისტორიაში საქართველოს პირველი ოქროს მედალი მოუტანა, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორი სანდრო ბაზაძე გახდა. ჩემპიონატის ფარგლებში ჩატარდა ევროპის ფარიკაობის კონფედერაციის კონგრესი, რომელზეც დავით სახვაძე კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს.

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური