ხელბურთელ გოგონათა ნაკრები IHF/EHFის ქალთა თასზე ითამაშებს

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 07 მარტი 2016 10:24

ხელბურთელ ქალთა ნაკრებს 8-13 მარტს  სერიოზული გამოცდა აქვს. თბილისის  ახალ სპორტის სასახლეში იმართება საერთაშორისო ტურნირი: IHF/EHF ქალთა თასი 

ხელბურთში. ითამაშებს 8 ნაკრები: საქართველო, ბელგია, ლატვია, ფარერები, 
კვიპროსი, ესტონეთი, ალბანეთი და სომხეთი
.

IHF/EHF ქალთა თასს მსოფლიოსა და ევროპის ხელბურთის ფედერაციები ატარებენ  ე.წ. განვითარებად ქვეყნებს შორის. თავდაპირველად ტურნირს მხოლოდ ხელბურთის  ევროპული ფედერაცია, EHF აწყობდა და მას ჩელენჯ ტროფი ეწოდებოდა. სულ  გაიმართა 5 შეჯიბრება, 2000-2008 წლებში და იქ ორჯერ ითამაშა საქართველოს  ქალთა ნაკრებმა - 2006 წელს მეოთხე ადგილი დაიკავა, 2002 წელს - მეხუთე.

2010 წლიდან საქმეში ჩაერთო ხელბურთის საერთაშორისო ფედერაცია, IHF.  თავდაპირველად ტარდება რეგიონული ტურნირები 5 კონფედერაციაში: ევროპა,  აზია, აფრიკა, ამერიკა და ოკეანია, ხოლო გამარჯვებულები თამაშობენ უკვე ინტერკონტინენტალურ, მსოფლიო თასზე.

პირველი ფინალური ტურნირი 2011 წელს გაიმართა ყაზახეთში და მოიგო ფინეთის ქალთა ნაკრებმა. მეორე და მესამე შეჯიბრება, 2013 წელს მექსიკაში და 2015 წელს, ბულგარეთში, უკვე ერთობლივად, ქალთა და  კაცთა გუნდებს შორის მოეწყო. 2013 წელს ქალებში გაიმარჯვა ბულგარეთმა, 2015 წელს - გვადელუპეს 
ნაკრებმა.

ამ ფორმატით, IHF/EHF ქალთა თასი რიგით მეოთხეა. თბილისში გაირკვევა 2016  წლის ევროპის საუკეთესო გუნდის ვინაობა და ის 2017 წელს ითამაშებს  ინტერკონტინენტალურ თასზე, რომლის გამართვის ადგილი რეგიონული ჩემპიონების გამოვლენის შემდეგ გაირკვევა.

მეოთხე ევროპული ტურნირისთვის ევროპის ხელბურთის ფედერაციამ მოწვევა გაუგზავნა 22 ქვეყანას, მიიღო 12 განაცხადი და აქედან ამოარჩია 7 მონაწილე, ხოლო ტურნირის მასპინძლად საქართველოს ხელბურთის ფედერაცია 2015 წლის ნოემბერში დასახელდა.

პირველი ორი გათამაშება ეროვნულ ნაკრებებს შორის იყო, მესამეში მონაწილეთა ასაკი შეზღუდული იყო 21 წლით, ხოლო ამჟამად ცხრამეტწლამდელები, ანუ  1997 წელს და გვიან დაბადებულები თამაშობენ.

***
საქართველოს ნაკრებს პირველი ოფიციალური შეჯიბრებები შარშან ჰქონდა - ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირი ქუთაისში და თბილისი 2015 - ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალი. ორივე ეს ტურნირი ჩვიდმეტწლამდელ გოგონებს შორის იმართებოდა, 2016 წლიდან კი ნაკრები ახალ ასპარეზზე გადის.

წლეულს სამი მნიშვნელოვანი შეჯიბრება გვაქვს. IHF/EHF ქალთა თასზე ქვემოთ დაწვრილებით ვისაუბრებთ, ამ ტურნირის შემდეგ გუნდი მიემგზავრება მონტენეგროში, მსოფლიოს ოცწლამდელთა ჩემპიონატის კვალიფიკაციის სათამაშოდ (18-20 მარტი, მონტენეგრო, უკრაინა, საქართველო), ივლისის დასაწყისში კი შვედეთში, გიოტებორგში გველის ევროპის ღია პირველობა. ეს არის უდიდესი სახელბურთო ფესტივალის, პარტილეს თასის მთავარი შეჯიბრება, სადაც უძლიერესი ნაკრებები გამოვლენ და ევროპის ფაქტობრივი ჩემპიონატი იქნება 
თვრამეტწლამდელებში, ყველა უძლიერესი ნაკრების მონაწილეობით რადგანაც ევროპის ჩემპიონატი 17 და 19-წლამდელებს შორის იმართება. ჯგუფში მეტოქეებად გვერგო საფრანგეთი, ჰოლანდია, ავსტრია და ფინეთი.

რამდენიმე წელიწადში 1998-99 წლებში დაბადებულთა ნაკრებმა ეროვნული გუნდების დონეზე უნდა დაიწყოს თამაში და ამაში ხელბურთის ფედერაციისგან, სპორტის სამინისტროსა და ოლიმპიური კომიტეტისგან სრული მხარდაჭერა და ხელშეწყობა აქვს. ხელბურთის ფედერაციის ერთ-ერთი ამოცანა სწორედ კონკურენტუნარიანი ქალთა ნაკრების შექმნაა, რომელიც მსოფლიო ხელბურთში ანგარიშგასაწევ ძალად იქცევა.

რა თქმა უნდა, ეს არ მოხდება ერთ-ორ წელიწადში. არასოდეს არავის ხელის ერთი მოსმითა არ შეუქმნია ნაკრები გუნდი, რომელშიც მხოლოდ ერთი თაობის სპორტსმენები არიან. ამისათვის რამდენიმე თაობის ერთობლივი გარჯაა აუცილებელი, მაგრამ საფუძველი უკვე ჩაყრილია და გუნდი ეტაპობრივად მიიწევს მთვარი მიზნისკენ.

პირველი ეტაპი სწორედ 2015  წლის ორი ტურნირი იყო, სადაც  საქართველოს ნაკრებმა ყველა თამაში წააგო ძალიან ძლიერ გუნდებთან, მაგრამ თბილისის ახალგაზრდულ ფესტივალზე ყველას მოაწონა თავი -  ყველა თამაშში იბრძოლა ბოლო წამამდე, ყველა ბურთისთვის და მიაღწია მაქსიმუმს, რისი მიღწევაც იმ დროისათვის საქართველოს ხელბურთის ქალთა ნაკრებს შეეძლო. ანუ იმ ქვეყნის გუნდს, სადაც ხელბურთს იმ დროისათვის ასიოდე გოგონა თამაშობდა, ხოლო მეტოქეებად ჰყავდა ევროპის 7 საუკეთესო ნაკრები.

ახლა დადგა იმის დრო, რომ გუნდმა თამაშების მოგებაც დაიწყოს, ამისათვის კი IHF/EHF ქალთა თასი სწორედ შესაბამისი შეჯიბრებაა. რა თქმა უნდა, ეს არაა იმ დონის ტურნირი, როგორიც თბილისის ახალგაზრდობის ფესტივალი იყო, მაგრამ, ძალიან მნიშვნელოვანია ყველა მონაწილისთვის.

თუ არ ჩავთვლით სომხეთსა და ალბანეთს, თბილისში ჩამოდის 5 ძალიან კვალიფიციური გუნდი და ხუთივე ამ ქვეყანაში (ლატვია, ესტონეთი, ბელგია, ფარერის კუნძულები, კვიპროსი) ქალთა ხელბურთი მინიმუმ იმ დონეზეა განვითრებული როგორც საქარველოში. და ეს ძალიან რბილი ნათქვამია რადგანაც ლატვიასა და ესტონეთში გუნდური სახეობები ყველაზე პოპულარულია, ხოლო ფარერებზე, როგორც სკანდინავიის სხვა ქვეყნებში, ხელბურთი პირველი სახეობაა.

ერთი სიტყვით, IHF/EHF ქალთა თასი სწორედ ის შეჯიბრებაა, რომელიც ჩვენი ქალთა ხელბურთის დღევანდელ დონეს სჭირდება და საქართველოს ნაკრები მის მოსაგებად ყველაფერს იღონებს. ასაკობრივი კატეგორიაც ყველაზე შესაფერისია - ჩვენს გუნდში ყველაზე უფროსი 1998 წელსაა დაბადებული, ანუ მხოლოდ ერთი წლით უფროს მეტოქეებთან მოგვიწევს თამაში.

IHF/EHF ქალთა თასის ისტორია
--
მესამე გათამაშება, 2014-15
2015, მსოფლიო. ბულგარეთში, 22-26 ოქტომბერს. 1.გვადელუპე 2. ბულგარეთი  3. 
უზბეკეთი  4. სენეგალი  5. ზელანდია
2014, ევროპა. საბერძნეთში, 26-30 მარტს. ფინალები.  1-2 ბულგარეთი-ისრაელი 
34-23,  3-4 საბერძნეთი-ბელგია 23-16, 5-6 ლატვია-ესტონეთი 22-19, 7-8 
მოლდოვა-სომხეთი 27-20
--
მეორე გათამაშება, 2012-13
2013, მსოფლიო. მექსიკაში, 26-30 ნოემბერს, 1.ბულგარეთი  2. დ.რ. კონგო  3. 
კანადა  4. ავსტრალია  5. თაილანდი
2012, ევროპა. ბულგარეთში, 22-25 მარტს. ფინალები. 1-2 ბულგარეთი - 
ფარერები 36-27, 3-4 ისრაელი-ლატვია 29-28, 5-6 ესტონეთი-მოლდოვა 28-24, 
7-8. სომხეთი-მალტა 22-10
--
პირველი გათამაშება, 2010-11
2011, მსოფლიო. ყაზახეთში, 4-7 ნოემბერს. 1.ფინეთი  2. ყაზახეთი  3. კონგო  
4. კუბა
2010, ევროპა. A ჯგუფი. ესტონეთში, 2-4 აპრილს  1. ფინეთი 5 ქულა, 2. 
ფარერები 4, 3. მოლდოვა 3, 4. ესტონეთი 0 - B ჯგუფი. ისრაელში, 19-21 მარტს 
, 1. ისრაელი 6 2. კვიპროსი 4 3. სომხეთი 2 4. მალტა 0 - ფინალი. დანიაში, 
11 დეკემბერს.  ფინეთი-ისრაელი 28-26
--
ქალთა ჩელენჯ ტროფი, ევროპა.
პირველი 5 გათამაშება
2008, კვიპროსში, 26-30 მარტს. ფინალები:  1-2 ფინეთი-ფარერები 25-17, 3-4 
ბოსნია-ბრიტანეთი 23-16, 5-6 კვიპროსი-ესტონეთი 20-19 7-8 ისრაელი-მალტა 
35-9
2006, ბოსნიაში, 5-9 აპრილს. ფინალები:  1-2 ბოსნია-ფარერები 40-24, 3-4 
კვიპროსი-საქართველო 23-18, 5-6 ესტონეთი-სომხეთი 22-18, 7-8 
ინგლისი-ალბანეთი 35-13
2004, იტალიაში, 28 აპრილი-2 მაისი. ფინალები: 1-2 იტალია-ფარერები 30-22, 
3-4 ფინეთი-ისრაელი 29-23, 5-6 ლატვია-ბელგია 25-23, 7-8 
ლუქსემბურგი-ბელგია 30-27
2002, აზერბაიჯანში, 7-12 მაისს. ფინალები: 1-2 აზერბაიჯანი-საბერძნეთი 
26-18, 3-4 ბელგია-ისრაელი 19-18
5-6 საქართველო-მოლდოვა 35-18
2000, ბელგიაში, 23-28 მაისს. ფინალი: ბოსნია-ბელგია 30-26, 3.ფინეთი 4. 
ლატვია 5. ისრაელი 6. კვიპროსი

წაკითხულია 486 ჯერ

Related items

  • ხელბურთი: ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატი - საქართველო 21:39 ნორვეგია

    საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის ფლეი-ოფში ნორვეგიასთან 21:39 წააგო. ხვალ, 17 აგვისტოს, ბექა ორჯონიკიძის გაწვრთნილი გუნდი ბრაზილიას დაუპირისპირდება, რომელიც პარალელურ მატჩში სერბეთთან 26:27 დამარცხდა.

    პრეზიდენტის თასს, რომელიც ჯგუფებში მეხუთე ადგილზე გასულ გუნდებს შორის თამაშდება, ნორვეგიის ან სერბეთის ნაკრები აღმართავს, ქართველ ჭაბუკებს კი შანსი აქვთ სადებიუტო მსოფლიო ჩემპიონატზე მე-19 ადგილი დაიკავონ.

    მასპინძლებმა პირველი ტაიმი 12:17 წააგეს, მეორე ნახევარი კი უფრო დიდი სხვაობით - 9:22. საქართველოს ნაკრები პირველ ტაიმში ასე თუ ისე ახერხებდა წინააღმდეგობის გაწევას, თუმცა დაიწყო თუ არა მეორე ნახევარი, სკანდინავიელებმა ზედიზედ ოთხი შეტევა დააგვირგვინეს ზუსტი ტყორცნით და მას შემდეგ მხოლოდ ზრდიდნენ უპირატესობას. მეკარე სანდრო ხანდოლიშვილი, რომელიც უდავოდ საუკეთესო იყო პირველ ტაიმში - ათამდე შეტევა მოიგერია, მეორე ტაიმში ნორვეგიელთა ზუსტ ტყორცნებს ვეღარ უმკლავდებოდა. ნათელია: საქართველოს ნაკრების დაცვამ კიდევ ერთი შეხვედრა ჩააგდო, ასეთ დროს კი მეკარეზე აუგის თქმა შეცდომაა.

    ქართველმა ჭაბუკებმა პირველ ტაიმში ვერაფერი მოუხერხეს ნორვეგიელთა მარცხენა მცველს, მე-8 ნომერით მოთამაშე სინდრე ჰელდალს. ნორვეგიელთა ჩვიდმეტი გოლიდან რვა მისი იყო. გოლების უმეტესობა ჰელდალმა ერთი და იმავე კომბინაციის შემდეგ გაიტანა: მოგერიებული შეტევის შემდეგ ის უმალ წინ გარბოდა და ხანდოლიშვილის კართან კუთხიდან შეჭრილი, გრძელ გადაცემებს ბურთის ზუსტი ტყორცნით აგვირგვინებდა. შესვენების შემდეგ ლიდერის როლი მე-10 ნომერმა, ოლაფ რიხტერ ჰოფსტადმა იტვირთა - მან შეხვედრა თერთმეტი გოლით დაასრულა.

    მატჩის საუკეთესო მოთამაშეებად ნორვეგიის ნაკრების მეკარე ემილ ხერი იმსგარდი და მასპინძელთა ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გიორგი ტიელიძე დაასახელეს. ტიელიძემ ექვსი გოლი გაუტანა სტუმრებს.

    „ჩილესთან წაგების შემდეგ გაგვიჭირდა სათამაშოდ განწყობა, თან ტრავმებმაც შეგვაწუხა... ამ თამაშზე ბევრს ვერაფერ ვიტყვი, წავაგეთ და ეს საწყენია... ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ის გამოცდილება მგონია, რომელსაც ბიჭები მსოფლიო ჩემპიონატით იღებენ. იცით, რომ ჩვენი გუნდი პირველად მონაწილეობს ასეთ მნიშვნელოვან შეჯიბრებაში... ჩვენ მსოფლიო ხელბურთის საუკეთესო გუნდებს ვხვდებით, ეს კი უკვე მიღწევაა", - განაცხადა საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბექა ორჯონიკიძემ.

    „აუცილებლად უნდა შევაქო ჩვენი მცველები, მათ დღეს დიდებულად ითამაშეს, განსაკუთრებით მეორე ტაიმში. მთლიანობასი მეორე ნახევარი გაცილებით კარგად ჩავატარეთ, რამაც განაპირობა კიდეც დიდი ანგარიშით გამარჯვება. ვეცდებით პრეზიდენტის თასი მოვიგოთ, ამ წუთიდან ჩვენი მთავარი მიზანი სწორედ ესაა", - ასეთი იყო ნორვეგიის ნაკრების თავკაცის ანსტეინ ენგრავსლიას მატჩისშემდგომი კომენტარი.

  • ხელბურთი: ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატი - საქართველო 28:24 ალჟირი

    8 აგვისტოს ჭაბუკ ხელბურთელთა მსოფლიოს მეშვიდე ჩემპიონატი დაიწყო. ტურნირის გახსნის საზეიმო ცერემონიას თბილისის ოლიმპიური სასახლის მთავარმა დარბაზმა უმასპინძლა. სანახაობა ანსამბლ სუხიშვილების მიერ შესრულებულმა ხორუმმა დაამშვენა.

    მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის ცერემონიას ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი დოქტორი ჰასან მუსტაფა, საერთაშორისო ფედერაციის მაღალჩინოსნები, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, სამინისტროს და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მესვეურები, სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელები და გულშემატკივრები დაესწრნენ.

    გახსნის ცერემონიის შემდეგ საქართველოს ნაკრები, რომელიც ამ ტურნირის დებიუტანტია, ალჟირს დაუპირისპირდა. ბექა ორჯონიკიძის გაწვრთნილმა გუნდმა, რომელიც B ჯგუფშია გერმანიასთან, ჩილესთან, ისლანდიასთან და იაპონიასთან ერთად, პირველი შეხვედრა 28:24 მოიგო.

    „ეს არის პირველი დიდი ტურნირი, რომელშიც ჩვენი ჭაბუკთა ნაკრები მონაწილეობს. ბედნიერი ვარ, რომ გავიმარჯვეთ და გულშემატკივარი გავახარეთ. ალჟირის ნაკრები სუსტი გუნდი ნამდვილად არ არის და მათთან გამარჯვება ჩვენს ბიჭებს მომდევნო მატჩებისთვის უსათუოდ დადებითად დამუხტავს. ყველას ვულოცავ ამ გამარჯვებას და გპირდებით არც მომავალში დავიშურებთ ძალ-ღონეს ქომაგების გასახარებლად", - ეს კომენტარი საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბექა ორჯონიკიძემ ალჟირთან გამარჯვების შემდეგ გააკეთა.

    როდესაც 10 მაისს, ბაზელში გამართულ წილისწყრაზე გაირკვა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ჩვენი ნაკრების ერთ-ერთი მეტოქე ალჟირის გუნდი იქნებოდა და თან მათთან სასტარტო შეხვედრაში მოგვიწევდა დაპირისპირება ყველანი სამწვრთნელო შტაბი ოპტიმისტურად იყო განწყობილი. აფრიკელებთან იოლი მატჩი რომ არ გველოდა ეს ისედაც ცხადი იყო. შეხვედრა ორივე გუნდმა თავიდანვე ფრთხილად დაიწყო და ალბათ, ამიტომაც იყო ვერცერთმა გუნდმა გოლის გატანა სამი წუთის მანძილზე რომ ვერ მოახერხა, ბოლოს კი ნავსი ლუკა ბულბულაშვილმა გატეხა და აქედან მოყოლებული ალჟირის ნაკრები მუდამ მდევრის როლში იმყოფებოდა.

    საქართველოს ნაკრების ხელბურთელები თავდაჯერებულად გამოიყურებოდნენ, თუმცა დაკვირვებული თვალი შეატყობდა, რომ ბიჭები მაინც ღელავდნენ. ნელ-ნელა ნერვიულობამაც იკლო და ჩვენმა გუნდმაც მარწუხებს მოუჭირა. მე-18 წუთისთვის უკვე 8 ბურთიანი უპირატესობით ვიგებდით, ხოლო პირველი ტაიმი 7 ბურთიანი ჰანდიკაპით დავასრულეთ.

    მეორე ნახევარიც ქართველთა შეტევებით დაიწყო და უპირატესობასაც მეთოდურად ვიმტკიცებდით. გუნდის ლიდერობა ერეკლე არსენიშვილმა და ირაკლი კბილაშვილმა იტვირთეს. მეტოქეს პირველმა 9, ხოლო მეორემ 7 ბურთი გაუტანეს. ერეკლე არსენიშვილი კი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დამსახურებულადაც დასახელდა.

    საქართველოს ნაკრებს მცირე ჩავარდნა მატჩის დასრულებამდე ათი წუთით ადრე მოუვიდა, როდესაც ალჟირს 9 ბურთიანი სხვაობით ამარცხებდნენ. ბექა ორჯონიკიძის შეგირდები მოდუნდნენ, უხეშობასაც უმატეს და ერთდროულად ორი მოთამაშეც ორი წუთით გაგვიძევეს. აფრიკელებმა ამით ისარგებლეს და სხვაობა ოთხ ბურთამდე შეამცირეს.

    ჯგუფის მეორე შეხვედრას საქართველოს 19 წლამდე ნაკრები დღეს, 9 აგვისტოს იაპონიის წინააღმდეგ გამართავს.

  • ხელბურთი: მსოფლიო ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის პრესკონფერენაცია

    ჭაბუკ ხელბურთელთა მსოფლიო ჩემპიონატისადმი მიძღვნილ პრესკონფერენციას დღეს სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიამ უმასპინძლა. 19-წლამდელ ხელბურთელთა მსოფლიო ჩემპიონატს 8-20 აგვისტოს თბილისის ახალი სპორტის სასახლე მიიღებს.

    მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით თბილისს ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენლები ესტუმრნენ, რომლებმაც 21-22 ივნისს თამაშების მასპინძელი არენა შეამოწმეს და საორგანიზაციო კომიტეტის მუშაობას გაეცნენ. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის საშეჯიბრო კომიტეტის თავმჯდომარე, დანიის ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტი პერ ბერტელსენი და მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალური დელეგატები - პოლონელი მარეკ გურალჩიკი და იტალიელი მარკო ტოზი ბრანდი.

    პრესკონფერენციაზე საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენლებმა, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და საქართველოს ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზურაბ კაკაბაძემ ისაუბრეს.

    „პირველ რიგში მსურს მადლობა გადავუხადო ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციას ასეთი დიდი ნდობისთვის - მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობა ნამდვილად არაა იოლი, მაგრამ დარწმუნებული ვარ ჩვენი ხელბურთის ფედერაცია, ტურნირის საორგანიზაციო კომიტეტი ამ დიდ ნდობას გაამართლებს და დაკისრებულ ამოცანას უმაღლეს დონეზე გაართმევს თავს. საქართველომ ბოლო წლებში არაერთ დიდ საერთაშორისო შეჯიბრებას უმასპინძლა, 2017 წელი კი ამ კუთხით უდავოდ გამორჩეულია. საქართველოში სტუმრობით ჯერ არავინ დარჩენილა უკმაყოფილო და ამიტომაც მჯერა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე 23 ქვეყნის გუნდისთვის აქ გატარებული დღეები სასიამოვნო იქნება და კარგ მოგონებად იქცევა. ასევე ვიმედოვნებ, რომ ბევრ მათგანს საქართველოში დაბრუნების და ერთობლივი საწვრთნელი შეკრების მოწყობის სურვილი ექნება. საქართველოს მთავრობა, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ქართული სპორტის, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი ჩვენი ხელბურთის მთავარი პარტნიორია და მსურს კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩვენი მზაობა ყველა საინტერესო ინიციატივის მხარდასაჭერად. ჩვენი სურვილია, რომ საქართველო რეგიონში სპორტულ ცენტრად ჩამოყალიბდეს, მსოფლიო ჩემპიონატების უმაღლეს დონეზე მიღება კი სწორედ ამ მიზანს ემსახურება. და ბოლოს, მსურს მივმართო გულშემატკივრებს, რომ 8-20 აგვისტოს მობრძანდნენ ახალ სპორტის სასახლეში, ისიამოვნონ ამ ლამაზი სახეობით და მხარი დაუჭირონ ჭაბუკ ხელბურთელებს", - განაცხადა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

    „მას შემდეგ, რაც საქართველო მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლად დასახელდა, არაერთი სამუშაო შეხვედრა გაიმართა და ყველა მათგანის დროს იგრძნობოდა საქართველოს მთავრობის დაინტერესება და მხარდაჭერა. მსურს ვისარგებლო შემთხვევით და ბატონ მინისტრს მადლობა გადავუხადო იმ დიდი ყურადღებისთვის, რასაც პირადად ის და მთლიანად სამინისტრო იჩენს მოახლოებული მსოფლიო ჩემპიონატისადმი. 24 გუნდის მიღება ნამდვილად არაა იოლი და დიდ ძალისხმევას მოითხოვს, თუმცა საქართველოს ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ბატონ ზურაბ კაკაბაძის და მისი გუნდის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მოსამზადებელი პროცესი ჩინებულად, ყოველგვარი შეფერხების გარეშე მიმდინარეობს. ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის მხრიდან ეს ბოლო საკონტროლო ვიზიტი იყო. ჩვენ კმაყოფილები ვართ ნანახით და გვჯერა, რომ მსოფლიო ჩემპიონატი უმაღლეს დონეზე იქნება ორგანიზებული", - განაცხადა საერთაშორისო ფედერაციის საშეჯიბრო კომიტეტის თავმჯდომარემ პერ ბერტელსენმა.

    ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელის ქეთევან კობერიძის თქმით, მონაწილე გუნდებთან ყველა საკითხი შეთანხმებულია, საერთაშორისო ფედერაციასთან კი კონსულტაციები ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

    მსოფლიო ჩემპიონატში 24 გუნდი მიიღებს მონაწილეობს. A ჯგუფში მოხვდნენ: საფრანგეთი, დანია, შვედეთი, ბაჰრეინი, ეგვიპტე, ნორვეგია; B ჯგუფი: გერმანია, ისლანდია, საქართველო, ჩილე, იაპონია, ალჟირი; C ჯგუფი: ხორვატია, არგენტინა, ბრაზილია, პორტუგალია, ვენესუელა, კორეა; D ჯგუფი: სლოვენია, ესპანეთი, სერბეთი, ტუნისი, რუსეთი, მექსიკა.

    8-14 აგვისტოს ჯგუფური ტურნირის მატჩები გაიმართება; 16-17 აგვისტოს მერვედფინალები და მეოთხედფინალები, ასევე „პრეზიდენტის თასი" მე-17-24 ადგილებისთვის;  19 აგვისტოს ნახევარფინალები და მატჩები მე-5-8 ადგილებისთვის, 20 აგვისტოს, ფინალურ დღეს კი ჩემპიონი, მე-3, მე-5 და მე-7 ადგილოსნები გამოვლინდებიან.

    18-20 აგვისტოს ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის საბჭოს სხდომა გაიმართება. თბილისს მსოფლიო ხელბურთის ელიტა ესტუმრება: პრეზიდენტი, დოქტორი ჰასან მუსტაფა, ასევე ვიცე-პრეზიდენტები, აღმასრულებელი კომიტეტის წევრები და ხუთივე კონტინენტური კონფედერაციის ხელმძღვანელები.

    საქართველომ ჭაბუკ ხელბურთელთა მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება 2013 წელს მოიპოვა.

  • ჭაბუკ ხელბურთელთა მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე გუნდები ცნობილია

    გაირკვა ჭაბუკ ხელბურთელთა მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე ყველა გუნდი. ტურნირი 2017 წლის 8-20 აგვისტოს გაიმართება თბილისის ოლიმპიური სასახლეში. ამერიკის კონფედერაციიდან 5 საგზური მოიპოვეს არგენტინის, ბრაზილიის, ჩილეს, ვენესუელისა და მექსიკის გუნდებმა. 

    შეჯიბრების წილისყრა გაიმართება 11 მაისს, ბაზელში, ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის ოფისში. უკვე ცნობილია განთესვაც. საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები მესამე კალათაშია სერბეთის, ბრაზილიისა და შვედეთთან ერთად. ამ ოთხ გუნდს ბოლოს უყრიან წილს და მასპინძელ ფედერაციას ჯგუფის არჩევის საშუალება ექნება.


    სრული განთესვა ასეთია:
    1 კალათი: საფრანგეთი, ხორვატია, გერმანია, სლოვენია
    2 კალათი: დანია, ესპანეთი, ისლანდია, არგენტინა
    3 კალათი: საქართველო, სერბეთი, ბრაზილია, შვედეთი
    4 კალათი: პორტუგალია, რუსეთი, ბაჰრეინი, ტუნისი
    5 კალათი: ეგვიპტე, იაპონია, კორეა, ჩილე
    6 კალათი: ვენესუელა, ალჟირი, მექსიკა, ნორვეგია
     

    ამერიკის ჭაბუკთა ჩემპიონატი ამ უქმეებზე დასრულდა სანტიაგოში, ჩილე. მსოფლიო ჩემპიონატის 4 მონაწილე უკვე ჯგუფური ეტაპის შემდეგ გაირკვა - მას შემდეგ, რაც არგენტინა, ბრაზილია, ჩილე და ვენესუელა ნახევარფინალში გავიდნენ. მეხუთე საგზურისთვის გამართულ პლეიოფში მექსიკამ მოუგო კანადას  (28-25), ურუგვაიმ - პარაგვაის (28-25), ხოლო გადამწყვეტ მატჩში მექსიკამ დაამარცხა ურუგვაი (25-15) და მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო საგზური მოიპოვა. მომდევნო ადგილებზე გავიდნენ კანადა, პარაგვაი, კოსტა რიკა, პუერტო  რიკო და აშშ. ამერიკის ჩემპიონი გახდა არგენტინა, ვინც ფინალში 22-21 მოუგო ბრაზილიას, მესამე ადგილისთვის ჩილემ დაამარცხა ვენესუელაა, 35-20.

    5 ამერიკული გუნდის გარდა, მსოფლიო ჩემპიონატის საგზური შარშანდელი ევროპის ჩემპიონატის შედეგების მიხედვით მიიღო 11 ქვეყანამ, აფრიკისა და აზიის სამ-სამმა საუკეთესო გუნდმა. ოკეანიის წარმომადგენლის ადგილი ერგო ევროპის მეთორმეტე გუნდს, ნორვეგიას, ხოლო ტურნირის 24-ე მონაწილეა მასპინძელი, საქართველოს ჭაბუკთა ნაკრები.

    საქართველოს ხელბურთის ფედერაციამ ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება მოიპოვა 2013 წელს, ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის (IHF) კონგრესზე, დოჰაში. შეჯიბრება ორ წელიწადში ერთხელ ეწყობა და ფორმატით ზუსტად ემთხვევა მსოფლიოს ჩემპიონატს ქალთა და კაცთა გუნდებს შორის. მოფლიო ჩემპიონატი ახალგაზრდულ, 21-წლამდელთა ასაკობრივ კატეგორიაში, ივლისში გაიმართება ალჟირში.

    მთელი ტურნირი, 92 მატჩი გაიმართება  თბილისის ოლიმპიური სასახლის ორ დარბაზში. სავარჯიშო არენებია: სპორტკომპლექს არენას 2 დარბაზი, ფრენბურთის ოლიმპიური არენის ორი კორტი, სპორტის სამინისტროს დარბაზი და დინამოს საკალათბურთო ბაზა. მსოფლიო ჩემპონატის ოფიციალური სასტუმრო იქნება რედისონ ბლუ, სადაც იცხოვრებს ასამდე მსაჯი, დელეგატი და ყველა ოფიციალური პირი. ხუთასზე მეტ სპორტსმენსა და მწვრთნელს მიიღებენ სასტუმრო ჰუალინგი (12 გუნდი), ბომონდ გარდენი (4), გოლდენ პალასი (4) და კრუიზი (4).

    18-20 აგვისტოს, ჩემპიონატის გადამწყვეტი მატჩების დროს, თბილისში გაიმართება IHF საბჭოს სხდომაც.


    მსოფლიო ჩემპიონატი ჭაბუკებში (19წ). 8-20 აგვისტო, თბილისის ოლიმპიური სასახლე
    8-14 აგვისტო - ჯგუფური ტურნირი (4 ჯგუფი 6-6 გუნდით)
    15 აგვისტო - დასვენების დღე
    16, 17 აგვისტო - მერვედფინალი, მეოთხედფინალი და პრეზიდენტის თასი 17-24 ადგილებისთვის
    18 აგვისტო: დასვენების დღე
    19 აგვისტო: ნახევარფინალი, 1-4, 5-8 ადგილები
    20 აგვისტო, ფინალები 1, 3, 5, 7 ადგილებისთვის

    წილისყრა: 11 მაისს ბაზელში, შვეიცარია

  • ხელბურთის ეროვნულმა ნაკრებმა მეორე მატჩიც წააგო

    ხელბურთის ეროვნულმა ნაკრებმა მეორე მატჩიც წააგო ლუქსემბურგთან, ამჯერად მეტოქის მოედანზე - 29:35. ევრო 2020-ის მთავარ შესარჩევ რაუნდში გასასვლელად ამ ჯგუფიდან, 11 და 15 იანვარს, იტალია და ლუქსემბურგი იბრძოლებენ, ხოლო საქართველო იმავე მიზნის მიღწევას ივნისში, ჩელენჯ ტროფიდან შეეცდება.

    ლუქსემბურგში ნაკრებმა უკვე აუღო ალღო მეტოქის 3-2-1 დაცვას და ჩვენმა ხაზის მოთამაშემ, შოთა გრიშიკაშვილმა 6 გოლიც გაიტანა, მაგრამ ლუქსემბურგელთა პივოტმა შრიოდერმაც შეგვიგდო 7, ხოლო დაცვაში პრობლემების გამო მეტოქე თავიდანვე გავუშვით წინ, განსხვავებით პირველი მატჩისგან, როცა ბოლო მეოთხედამდე თანაბარი ბრძოლა იყო.

    მასპინძლებმა 18:13 მოიგეს პირველი ტაიმი, შესვენების შედეგ თამაშში კარგად ჩაერთო მეკარე ტორონჯაძე, რამაც საშუალება მოგვცა, ორჯერ სამამდე შეგვემცირებინა სხვაობა (23:26, 27:30), მაგრამ მეტი ვეღრ მოვახერხეთ.

    ჩელენჯ ტროფი გაიმართება 2017 წლის ივნისში და გათამაშდება ევრო-2020-ის მთავარი შესარჩევი ეტაპის ბოლო საგზური. უკვე განვლილ შესარჩევ რაუნდში ტრავმების გამო დაგვაკლდნენ ლიდერები, რუსია და მსხვილიძე, ხოლო იტალიასთან ორი მარცხის შემდეგ აქცენტი ახალგაზრდებზე გაკეთდა, რადგანაც ჩელენჯ ტროფიზე მოთამაშეთა ასაკი 25 წლით იქნება შეზღუდული.

    7 იანვარი, 2017. ევრო 2020 - შესარჩევი მატჩი. ლუქსემბურგი, დე კოკის ცენტრი. 800
    29:35 ლუქსემბურგი
    ლუქსემბურგი: სტივ მორეირა, ქრის ოჟე, ივან პავლოვიჩი - მაქს კოლი (7), ერიკ შრიოდერი (7), დანი სხოლტენი (6), იან ჰოფმანი (4), მარტინ მიულერი (3), ტომი ვირცი (3), ქრისტიან ბოკი (2), ანტუან ბილი (1), ჯიმი ჰოფმანი (1), ალენ ზეკანი (1), საშა მარზადორი, ლუკა ტომასინი
    მწვრთნელი: ადრიან სტოტი
    საქართველო: შოთა თევზაძე, გიგა ტორონჯაძე - რევაზ ჭანტურია (7), შოთა გრიშიკაშვილი (6), თემურ ორჯონიკიძე (5), ირაკლი ჩიქოვანი (5), ირაკლი კბილაშვილი (2), ხაზეინ რუსტამოვი (2), რატი წითელიშვილი (1), ზურაბ აბრამიშვილი (1), გიორგი დიხამინჯია (2), ზურაბ სიმონია, გიორგი მიქავა
    მწვრთნელი: ბექა ორჯონიკიძე
    მსაჯები: მარტინ ლილეპეა, მარიონ კული (ესტონეთი)

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური