საქართველო აზერბაიჯანიდან დამატებით 500 მილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიიღებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 04 მარტი 2016 14:42

საქართველო აზერბაიჯანიდან დამატებით 500 მილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიიღებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის და აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია „სოკარის“ პრეზიდენტ როვნაგ აბდულაევის შეხვედრაზე ითქვა.

მხარეებმა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და კომპანია „სოკარს“ შორის მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგები შეაჯამეს და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს.

"მოხარულები ვართ, რომ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და მივედით გადაწყვეტილებამდე, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდება, რაზეც არანაირი ეჭვის საფუძველი არ არსებობდა. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ "სოკარს" გაუჩნდა დამატებითი მოცულობის ბუნებრივი აირის მოწოდების ტექნიკური შესაძლებლობა," – აღნიშნა პრემიერმა შეხვედრაზე.

აღინიშნა, რომ დღეს ხელი ეწერება საქართველოს მთავრობასა და კომპანია „სოკარს“ შორის ხელშეკრულებათა პაკეტს, რომლის თანახმად, საქართველო დამატებით 500 მილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიიღებს. ამასთან, სოკარმა გამოთქვა მზადყოფნა, 1000 კუბ.მ-ზე 35-40 აშშ დოლარით შეამციროს გაზგასამართი სადგურებისთვის კომერციული გაზის ფასი.

წაკითხულია 356 ჯერ

Related items

  • საქართველოში მეხსიერების ჩემპიონატი 2019 ჩატარდა

    პირველ დეკემბერს საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში საქართველოს მეხსიერებითი სპორტის ფედერაციის, მეხსიერების აკადემიისა და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ორგანიზებით, ინოვაციური გონებრივი შეჯიბრი - მეხსიერების ჩემპიონატი ჩატარდა.

    ინტელექტუალური შეჯიბრი ახალგაზრდული ცენტრების ასოციაციისა და წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის საქველმოქმედო ფონდის მხარდაჭერით გაიმართა.
    გამარჯვებულები კატეგორიებისა და საერთო შედეგების მიხედვით გამოვლინდნენ. საპრიზო ადგილებზე გასული მონაწილეები დაჯილდოვდნენ მედლებით, სერტიფიკატებითა და ფასიანი საჩუქრებით.
    მეხსიერების ჩემპიონატის გამარჯვებული საერთო შედეგების გათვალისწიებით გახდა მე-11 კლასის მოსწავლე სერაფიმე მეტრეველი, რომელმაც 201 ქულა დააგროვა.

    მეხსიერების ჩემპიონატი წარმოადგენს მსოფლიოში ფართოდ გავრცელებულ შეჯიბრს, რომელშიც მონაწილეები ერთმანეთს ეჯიბრებიან ციფრების, სიტყვების, ადამიანების სახელებისა და სახეების, გეომეტრიული ფიგურებისა და თარიღების დამახსოვრებაში.

    მეხსიერების ჩემპიონატის ფარგლებში დამყარდა ეროვნული რეკორდი ტელეფონის ნომრების ზეპირად დასახელებაში. გივი კაველიძემ 3 წუთში 23 ნომრის დასახელება შეძლო. 2-გზის მსოფლიო რეკორდსმენმა, ვაკო მარჩილაშვილმა კი მასტერკლასი ჩაატარა რუბიკის კუბის ბრმად (დამახსოვრებით) აწყობაში.

    აღსანიშნავია, რომ მეხსიერების ჩემპიონატი 1991 წლიდან იღებს სათავეს და ამჟამად უკვე 50-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული - ყოველწლიურად იმართება ეროვნული, კონტინენტური, საერთაშორისო და მსოფლიო ჩემპიონატები.მეხსიერების ჩემპიონატი საქართველოში წელს მეორედ ჩატარდა.

  • საქართველო და იაპონია განათლების სფეროში მჭიდროდ ითანამშრომლებენ

    საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, რომელიც ოფიციალური ვიზიტით იაპონიაში იმყოფება, იაპონიის საერთაშორისო კოოპერაციის სააგენტოს ხელმძღვანელობას (JICA) შეხვდა, სადაც მხარეებმა განათლების სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

    მიხეილ ჩხენკელმა იაპონურ მხარეს მადლობა გადაუხადა მასპინძლობისთვის და საქართველოს განთლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები გააცნო. მან ხაზი გაუსვა, რომ განათლება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია და მთლიანი შიდა პროდუქტის 6 პროცენტი სწორედ განათლების სისტემას მოხმარდება.

    ორმხრივ შეხვედრაზე მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის მთავარი გამოწვევა და პრიორიტეტი პროფესიული განათლებაა. ამასთანავე, ზოგადი განათლების მიმართულებით უზარმაზარი როლი ენიჭება მასწავლებლის პროფესიას, მისი პრესტიჟის ამაღლებას და მათ პროფესიულ განვითარებას, რაც ასევე განათლების რეფორმის პრიორიტეტია.

    შეხვედრაზე მიხეილ ჩხენკელმა ხაზი გაუსვა, რომ განათლების სისტემის დახვეწის პროცესში ქართული მხარისთვის იაპონელი ექსპერტების ჩართულობა მეტად მნიშვნელოვანია. ამ მიზნით, თანამშრომლობის გასაღრმავებლად, ქართული ენის შესწავლის მიზნით, მიხეილ ჩხენკელმა იაპონურ მხარეს იაპონიაში ქართული ცენტრების დაარსება შესთავაზა. იაპონური ენის სწავლებისათვის კი, განიხილეს ინიციატივა საქართველოში მოხალისე მასწავლებლების ჩამოსვლის თაობაზე.

    იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს წარმომადგენლებთან მინისტრმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მნიშვნელობაზეც ისაუბრა, რომელიც მომავალ წელს ფუნქციონირებას დაიწყებს. ამ მიმართულებით, მიხეილ ჩხენკელმა მასპინძელ მხარეს იაპონიის წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორების ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აკადემიურ და სამეცნიერო საქმიანობაში ჩართვა შესთავაზა.

    იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს ხელმძღვანელობამ (JICA) რომელიც საქართველოსთან განათლების სფეროში თანამშრომლობით დაინტერესებულია, შეხვედრის დასასრულს მზაობა გამოთქვა აქტიურ თანამშრომლობაზე როგორც სტუდენტების, ასევე პროფესორების გაცვლითი პროგრამების მიმართულებებით.

  • საქართველოსა და თურქმენეთს შორის საკონსულო კონსულტაციები გაიმართა

    1 ნოემბერს თბილისში საქართველოსა და თურქმენეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების დელეგაციებს შორის საკონსულო კონსულტაციები პირველად გაიმართა. ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობდა საკონსულო დეპარტამენტის დირექტორი, გიორგი ტაბატაძე, ხოლო თურქმენეთის დელეგაციას, საკონსულო დეპარტამენტის დირექტორი, ანამურატ ალტიევი.

    შეხვედრის ფარგლებში განიხილეს საქართველოსა და თურქმენეთს შორის საკონსულო სფეროში მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები და მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობის საკითხები ორი ქვეყნის სამართალდამცავ და იუსტიციის ორგანოებს შორის. განსაკუთრებული მნიშვნელობით აღინიშნა თანამშრომლობა მიგრაციულ საკითხებში, ასევე სამართლებრივი დახმარების აღმოჩენა სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებში.

    მხარეებმა გაცვალეს ინფორმაცია მოქალაქეობის მიღებისა და მოქალაქეობიდან გასვლის პროცედურებთან დაკავშირებით.

    განხილული იქნა, სატვირთო ავტოტრანსპორტის მძღოლებისთვის,  საქართველოს რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის თანამშრომელთათვის, ასევე ქართული ბიზნესის წარმომადგენელთათვის თურქმენეთის ვიზების მიღების პროცედურების გამარტივების საკითხი.

    საკონსულო კონსულტაციების დასრულების შემდეგ გაფორმდა ოქმი. მხარეები შეთანხმდნენ, ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, ორ ქვეყანას შორის საკონსულო სფეროში ყოველწლიური შეხვედრების გამართვაზე. 

  • აზერბაიჯანმა მონაწილეობა მიიღო თბილისი მარათონი 2019-ში

    თბილისის მერვე მარათონი საქართველოს დედაქალაქში გაიმართა. მასში მონაწილეობას 2700 ადამიანი იღებდა. საქართველოს გარდა მარათონში წარმოდგენილი იყო აზერბაიჯანი, ყაზახეთი, უკრაინა, სომხეთი და სხვა ქვეყნები. აზერბაიჯანიდან თბილისის მარათონს 2019 წელს დაახლოებით 30 მონაწილე დაესწრო. მოყვარულთა შორის იყვნენ აზერბაიჯანის ელჩი საქართველოში დურსუნ ჰასანოვი და საელჩოს თანამშრომლები. აზერბაიჯანელმა მონაწილეებმა მადლობა გადაუხადეს გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის.

  • საქართველოსა და პარაგვაის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს უვიზო მიმოსვლის შეთანხმებას

    საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და პარაგვაის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო რივას პალასიოსმა გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში გამართული შეხვედრისას ხელი მოაწერეს შეთანხმებას საქართველოსა და პარაგვაის ორდინალური პასპორტების მქონე მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შესახებ.

    როგორც მინისტრებმა აღნიშნეს შეთანხმება ხელს შეუწყობს როგორც ხალხთაშორისი კონტაქტების, ასევე ტურიზმისა და ბიზნესის განვითარებას.  მინისტრებმა დადებითად შეაფასეს საქართველო-პარაგვაის ორმხრივი ურთიერთობები და ასევე ქვეყნების თანამშრომლობა მრავალმხრივ ფორმატებში. გამოითქვა დაინტერესება,  კიდევ უფრო გაძლიერდეს სავაჭრო-ეკონომიკური კონტაქტები და სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობა იმ დიდი პოტენციალის გათვალისწინებით, რაც ორივე ქვეყანას გააჩნია ამ მიმართულებით.

    მინისტრებმა გამოხატეს მზადყოფნა ხელი შეუწყონ ქვეყნებს შორის მაღალი დონის ვიზიტების გაცვლას და ყველა მიმართულებით კომუნიკაციის გააქტიურებას.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური