51-ე ბატალიონის სრული შემადგენლობა საქართველოში დაბრუნდა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ორშაბათი, 20 აპრილი 2015 12:35

საქართველოს შეიარაღებული ძალების V ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონის სრული შემადგენლობა უკვე საქართველოშია. ბატალიონის ბოლო ნაკადი, 126 სამხედრო მოსამსახურის შემადგენლობით, ავღანეთიდან სამშობლოში გუშინ საღამოს დაბრუნდა.

ალექსეევკის სამხედრო აეროდრომზე სამშვიდობოებს საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის შტაბის უფროსი, პოლკოვნიკი ჯამბულ ზალოშვილი და V ქვეითი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი ჯონი ტატუნაშვილი დახვდნენ. მათ ჯარისკაცებს სამშობლოში დაბრუნება მიულოცეს და „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის წარმატებით შესრულებისთვის მადლობა გადაუხადეს.

51-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე 6 თვის განმავლობაში მსახურობდნენ. მათი მთავარი ამოცანა ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა იყო.

51-ე ბატალიონი, როტაციის წესით, IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონმა ჩაანაცვლა. V ქვეითი ბრიგადის სამხედროები საქართველოში უდანაკარგოდ დაბრუნდნენ.

წაკითხულია 733 ჯერ

Related items

  • ვასილ ყულჯანიშვილის სახელობის მარათონი რუსთავში

    დღეს, ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესრულებისას პირველი კლასის რიგითის, ვასილ ყულჯანიშვილის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა. საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის ინიციატივით, სოფელ გამარჯვების გადასახვევიდან ქალაქ რუსთავის მიმართულებით  ვასილ ყულჯანიშვილის სახელობის მარათონი გაიმართა. გარბენში მონაწილეობა IV მექანიზირებული ბრიგადის, I ქვეითი და I საარტილერიო ბრიგადების, V ქვეითი და საინჟინრო ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა და სამოქალაქო პირებმა მიიღეს მონაწილეობა.

    მარათონი  საერთაშორისო მისიებში დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას მიეძღვნა. 12 კილომეტრიან გარბენში  212 სამხედრო მოსამსახურე იყო ჩართული.

    მარათონში გამარჯვებული სამხედროები სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის სარდალმა, პოლკოვნიკმა შავლეგო ტაბატაძემ და საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ზურაბ ხვიჩიამ სიმბოლური მედლებით და საჩუქრებით დააჯილდოვეს.

    პირველი კლასის რიგითი ვასილ ყულჯანიშვილი საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონში 2013 წლიდან მსახურობდა. ვასილ ყულჯანიშვილი 2015 წლის 22 სექტემბერს, ავღანეთში, სამოქმედო არეალში პატრულირებისას მეამბოხეების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად გმირულად დაიღუპა.

  • მიღება ამერიკულ სამხედრო ავიამზიდზე

    საბერძნეთში, სოუდას ყურეში, კუნძულ კრეტასთან ამერიკულ სამხედრო ავიამზიდზე „ჰარი ტრუმანი“ მაღალი რანგის სტუმრებისთვის სპეციალური მიღება გაიმართა. აშშ-ის საზღვაო ძალების ავიამზიდზე მოწყობილ ღონისძიებებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და მისი მოადგილე პოლკოვნიკი ნიკოლოზ აგლაძე დაესწრნენ. მიღებაზე იმყოფებოდნენ ასევე, საქართველოში აშშ-ის სამხედრო ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი უილიამ ჯ. კონერი, ბულგარეთის თავდაცვის მინისტრი, შტაბის უფროსი, მალტას შინაგან საქმეთა და ეროვნული უსაფრთხოების მინისტრი და სხვა ოფიციალური პირები.

    სტუმრებმა ავიამზიდის საგემბანო ავიაცია და მასზე განთავსებული ტექნიკა დაათვალიერეს, გაეცნენ სამხედრო ხომალდის მუშაობის პრინციპს და სპეციალურად მათთვის მოწყობილ ავიაშოუსაც დაესწრნენ. 

    ღონისძიებების დასასრულს „ჰარი ტრუმანის“ წარმომადგენელმა ქართველ სტუმრებს პარტნიორობისა და თანამშრომლობისთვის სამახსოვრო საჩუქარი გადასცა.  

     

  • საარტილერიო სწავლება ორფოლოს პოლიგონზე

    ორფოლოს პოლიგონზე საარტილერიო სწავლება გაიმართა. საველე სროლებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის სარდალი, პოლკოვნიკი შალვა ჯაბახიძე დაესწრნენ.

    გეგმურ საარტილერიო სწავლებაში დასავლეთ სარდლობის  II  საარტილერიო ბრიგადის 122 მმ-იანი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა RM-70 ტიპის საარტილერიო დანადგარები მონაწილეობდნენ.

    „იმ საერთაშორისო სწავლებების გარდა, სადაც ძალიან აქტიურად ვმონაწილეობთ,  ყველა ჩვენს სარდლობას და დანაყოფს აქვს თავისი გეგმური წვრთნები და სწავლებები. დღეს ვიმყოფებით რეაქტიული არტილერიის დანაყოფის სწავლებაზე. როგორც წესი, ხელმძღვანელი არ უნდა იყოს ყოველთვის ბოლომდე კმაყოფილი სროლებით, თუმცა,  ეს ის შემთხვევაა, როდესაც ნამდვილად კმაყოფილი ვარ და ნამდვილად ძალიან კარგად ისროლეს - არც კი ველოდი, ისე  წარმატებულად  განხორციელდა აღნიშნული კურსი... მინდა,  მადლობა გადავუხადო პირად შემადგენლობას, სარდლობას და თითოეულ მეთაურს, რომლებმაც საკმაოდ კარგად გაართვეს თავი დასმულ ამოცანას. შემიძლია ვთქვა, რომ ამოცანა 100%-ით შესრულებულია“, - განაცხადა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ. 

    ბატარეის და ბატალიონის შემადგენლობაში ტაქტიკური სწავლება საბრძოლო სროლებით ორფოლოს პოლიგონზე ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. გეგმურ წვრთნებში 18 ერთეული ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემის დანადგარი იყო ჩართული.   

     

  • „ვაფასებთ საქართველოს მთავრობის ჩართულობას საგამოძიებო პროცესში,“ - აფრიკელი პროკურორი

    საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საგამოძიებო ჯგუფმა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში უშუალო საგამოძიებო საქმიანობის დაწყებამდე შეხვედრები ადგილობრივი სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებთან გამართა. მოლაპარაკებების პროცესში საგამოძიებო ჯგუფს მნიშვნელოვანი დახმარება საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ეთიოპიაში, საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა აფრიკის კავშირში ვახტანგ ჯაოშვილმა გაუწია.

    „სრულ მზადყოფნას გამოვთქვამთ საგამოძიებო საქმიანობაში დახმარებისთვის. მნიშვნელოვანი იქნება სავარაუდო მსხვერპლს შევხვდეთ. ეს საკითხი ჩვენც ისევე გვაღელვებს, როგორც თქვენ“ - ამ სიტყვებით დაიწყო ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის გენერალურმა პროკურორმა გრისლენ გეზენგემ ქართულ მხარესთან შეხვედრა. აფრიკელმა პროკურორმა საქართველოს დელეგაციას გამოძიების ადგილზე წარმართვისთვის სრული მხარდაჭერა აღუთქვა და აღნიშნა, რომ საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელიც საგამოძიებო საქმიანობის ადგილზე ჩატარებით დაინტერესდა. მან განსაკუთრებით გაამახვილა ყურადღება პროცესში საქართველოს თავდაცვის მინისტრის ჩართულობაზე და ბანგიში საგამოძიებო საქმიანობის ჩატარების მოთხოვნისთვის მადლობა გადაუხადა.

    მხარეებმა ტექნიკური დეტალებიც გაიარეს და შეთანხმდნენ, რომ საგამოძიებო საქმიანობა სავარაუდო დაზარალებულებთან გამოკითხვის, ფოტოსურათებით ამოცნობისა და ჩვენების ადგილზე შემოწმებით წარიმართება.

    უშუალოდ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებამდე საქართველოს საგამოძიებო ჯგუფმა შეხვედრა  ადგილობრივი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთანაც გამართა. გაეროს ბავშვთა ფონდის (UNISEF), ქალ იურისტთა ასოციაციისა და ორგანიზაცია „ტაიდის“ მდგრადი განვითარების ცენტრის წარმომადგენლები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ბავშვთა უფლებების დაცვაზე მუშაობენ და, სწორედ, მათ მიერ გავრცელდა ინფორმაცია უცხოელი სამხედროების მიერ არასრულწლოვანთა მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ.  

    ქართულმა მხარემ აფრიკული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ქართული კანონმდებლობა გააცნო. მხარეებმა საერთაშორისო სამართლის ნორმებიც განიხილეს და შეთანხმდნენ, რომ შესაძლო დაზარალებულების დაკითხვის პროცესი ბავშვთა უფლებების სრული დაცვითა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განხორციელდებოდა. ქართულმა მხარემ აფრიკელ არასამთავრობოებს გარანტიაც მისცა, რომ შესაძლო დაზარალებულების დაკითხვის პროცესი მაქსიმალურად კომფორტულ გარემოში ჩაივლიდა. სწორედ, ამ მიზნით საგამოძიებო ჯგუფის შემადგენლობაში ფსიქოლოგი და საერთაშორისო სამართლის ექსპერტი შედიან.

    ბავშვთა უფლებების დაცვაზე მომუშავე აფრიკული არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა შეკითხვები, ძირითადად, დაკითხვის მსვლელობას შეეხებოდა. მათ ასევე აინტერესებდათ, ჰქონდათ თუ არა ქართველ გამომძიებლებს როდესმე  დაზარალებულ ბავშვებთან ურთიერთობა. არასამთავრობოების მთავარი  მოთხოვნა კი, შესაძლო დაზარალებულთა დაკითხვის პროცესის დახურულად წარმართვა იყო.

    ქართულმა მხარემ ბანგიში გაეროს მისიის წარმომადგენლებთანაც შეხვედრა გამართა და ადგილზე ჩასატარებელი საგამოძიებო მოქმედებების გეგმა გააცნო. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საგამოძიებო მოქმედებები გაეროს მისიისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წინასწარ შერჩეულ სპეციალურ ადგილზე ჩატარდებოდა, რომელიც დაზარალებულთა კანონიერი ინტერესების მაქსიმალურ დაცვას ითვალისწინებს. 

  • „საქართველო IV-ის" ფარგლებში მორიგი სწავლება მიმდინარეობს

    საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო საინჟინრო ბრიგადის EOD ასეულის სამხედრო მოსამსახურეებისთვის „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ სატრასტო ფონდის პროექტ „საქართველო IV“-ის ფარგლებში მორიგი სწავლება მიმდინარეობს.

    კურსი, რომელსაც ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები ატარებენ, დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალების განადგურების მეთოდების დაუფლებას ისახავს მიზნად და მასში EOD ასეულის 10 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს.

    დღეს საჩვენებელი სწავლება ვაზიანის სასროლეთზე გაიმართა. სამკვირიანი სწავლებიდან პირველი კვირა თეორიულ სწავლებას დაეთმო, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში კი ტრენინგში ჩართული სამხედრო მოსამსახურეებისთვის პრაქტიკული მეცადინეობებია გათვალისწინებული. პრაქტიკული სწავლების ნაწილი ინსტრუქტორების მხრიდან მითითებების მიღებას, შემდეგ კი მიღებული ცოდნის პრაქტიკაში განხორციელებას გულისხმობს.

    სწავლება 30 მაისს დაიწყო და 17 ივნისს დასრულდება. ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები საქართველოში ტრენინგს პირველად ატარებენ.

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური